ბესო შენგელია: კობა ნარჩემაშვილი „ოცნებისგან“ დავალებულია და ამიტომაც მონაწილეობს არჩევნებში!

bn

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, შს ყოფილი მინისტრის, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის _ კობა ნარჩემაშვილისა და ხელისუფლების საეჭვო კავშირებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლება ხალხის ფულით ინახავს ნარჩემაშვილს და მის კომპანიას ტენდერებს აგებინებს.

„ქრონიკა+“-ს ბესო შენგელია ესაუბრება:

_ 2014 წლის 6 ივნისს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდა შპს „ბიოლაინ ჯორჯია“. კომპანიის იურიდიული მისამართი არის თბილისი, გიორგი ისაკაძის #4, დირექტორი კი გახლავთ გიორგი ქსოვრელი. ამავე კომპანიას, ქსოვრელის გარდა, კიდევ სამი მოწილე-დამფუძნებელი ჰყავს და თავად ქსოვრელი იქ მხოლოდ 30%-იან წილს ფლობს. 10%-იან წილს ფლობს მირიან მდივანი, კობა თაბაგარი _ 30%-იანს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც არის მეოთხე პირი, ასევე 30%-იანი წილის მფლობელი კობა ნარჩემაშვილი _ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ქუთაისში.

_ მხოლოდ ნარჩემაშვილის მოწილეობის გამო გახდა ეს კომპანია თქვენი ინტერესის საგანი?

_ ყველაფერს მოგახსენებთ: დაარსებიდან ორ თვეში, 8 აგვისტოს, ამ კომპანიაში ხდება ცვლილება და წილები სხვაგვარად ნაწილდება. კობა ნარჩემაშვილი კომპანიიდან ქრება და მისი წილი გადადის თაბაგარზე. ის ინიშნება კომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად, ხოლო ქსოვრელი და მდივანი ინაწილებენ 20-20%-ს, დირექტორად რჩება კვლავ ქსოვრელი. კომპანია მისამართსაც იცვლის. ამჯერად შარტავას #70-ში რეგისტრირდება. მას შემდეგ, რაც მოწილეების სიიდან ნარჩემაშვილის გვარი ქრება, შპს „ბიოლაინ ჯორჯია“ ხდება ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი, ანუ მიმწოდებელი თბილისის მერიისთვის კვების თვალსაზრისით.

_ იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ, ეს რას ნიშნავს?

_ ის ამარაგებდა გარკვეულ დაწესებულებებს კვების პროდუქტებით. ეს ხდებოდა სწორედ იმ დროს, როცა თბილისის ბაღების კვებაზე დიდი ამბები იყო ატეხილი და ხალხი იქ შეტანილ საკვებს უჩიოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ საკვები იქ, თურმე, კობა ნარჩემაშვილის კომპანიას შეჰქონდა.

_ ხომ მითხარით, ნარჩემაშვილმა წილი სხვას გადასცაო და მისი კომპანია როგორღაა?

_ „ბიოლაინ ჯორჯიამ“ თბილისის მერიაში ბაღების კვების არაერთი ტენდერი მოიგო: 659, 2013-ლარიანი; 755 702 ლარიანი; 248 183 ლარიანი და ა. შ. ჯამში, 1 940 482 ლარი და 78 თეთრი შემოსავალი აქვს ნარჩემაშვილის კომპანია „ბიოლაინ ჯორჯიას“ მარტო თბილისის ბაღების კვებაში ერთ წელიწადსა და რამდენიმე თვეში მიღებული. ტენდერი საკვებ პროდუქციაზე ცხადდებოდა და ამ თანხებს ამისთვის იგებდნენ. 248 ათასი მან მოიგო ბაღებში ხილის შეტანისთვის. როცა ეს ხილი ამოიწურა, კიდევ მოიგო ხილის შეტანის ტენდერი და ასე გრძელდებოდა. ამჯერად გესაუბრებით მხოლოდ თბილისის მერიის ტენდერებზე, რომელიც ბაღებში პროდუქციის შეტანას უკავშირდება. გარდა ამისა, ეს კომპანია სხვა ტენდერებშიც მონაწილეობს, რომელსაც ვიკვლევთ. მის მიერ მოგებული ერთ-ერთი ტენდერი ასევე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში კვების პროდუქტების შეტანას. ის, ძირითადად, ხილ-ბოსტნეულს აწვდის სხვადასხვა ობიექტს. როდესაც ნარჩემაშვილმა ეს კომპანია შექმნა, მთავრობაში ვიღაც შეჰპირდა, რომ ტენდერებს მოაგებინებდნენ და ამით არჩენდნენ, მაგრამ დაარიგეს, შენ არ გამოჩნდეო. ამიტომაც „დატოვა“ რამდენიმე თვეში წილი კომპანიაში. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა მართლაც აკეთებს ყველაფერს, რომ მისი კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიკვებოს. მარტო ნარმანიას 2 მილიონი აქვს ჩარიცხული ამ კომპანიისთვის.

როცა კობა ნარჩემაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა ქუთაისის ოლქში, აპელირებდნენ, თითქოს მას შევარდნაძის მინისტრობის შემდგომ პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია და დიდი თხოვნების შემდგომ გადადგა ეს ნაბიჯი. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან კი მტკიცდება, რომ ეს ასე არ ყოფილა და ნარჩემაშვილი, ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ ხელისუფლების ხელშეწყობით ცხოვრობდა _ ბიუჯეტიდან საზრდოობდა. კობა ნარჩემაშვილს საქართველოს მთავრობამ მხოლოდ თბილისის მერიიდან აშოვნინა 2 მილიონი და პოლიტიკასთან მეტი შეხება რაღა არის?!

მკითხველებს შეუძლიათ გაიხსენონ, რომ ყველა ტელევიზიაში, მათ შორის, თქვენს გაზეთშიც, გაშუქდა პრობლემა ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით. კვების ხარისხი, საკვების ნაკლებობა, ბაღის დირექტორების პრეტენზიები, ეს კარგად გვახსოვს, მაგრამ ამ ყველაფერში, თურმე, ედიკას დროინდელი შს მინისტრის ხელი ურევია, რომელიც ახლა მაჟორიტარობაზე იყრის კენჭს. ამ კომპანიის 6 მოგებული ტენდერის დოკუმენტაცია მაქვს, სადაც 200 ათას ლარს სცდება გადარიცხული თანხა. არის 700-ათასიანი ტენდერებიც.

ამ ფაქტზე ბევრი კითხვა გვაქვს მერიასთან და მთავრობასთან, რომელსაც მონიტორინგის დასრულების შემდგომ აუცილებლად მივართმევთ.

_ რა უნდა ჰკითხოთ მერიას, იქნებ, ჩვენც გვითხრათ?

_ რამდენიმე თვის შექმნილი კომპანია როგორ იგებდა ტენდერებს, როცა ტენდერის პირობებში ერთ-ერთ მოთხოვნად წერია, რომ ამ საქმეში რამდენიმე წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჰქონდეს? სწორედ ამის გამო ბევრ კომპანიას უარი ეთქვა სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობაზე და „ბიოლაინ ჯორჯია“ რატომ გახდა გამორჩეული? თანაც, იგებს არაერთ ტენდერს და ეს ყველაფერი როგორ მოხდა, თუ არ იყო საქართველოს მთავრობასა და შევარდნაძის მინისტრს შორის გარკვეული შეთანხმება და გარიგება? თუ ნარჩემაშვილს ამ კომპანიასთან შეხება არ აქვს და წილი რეალურად დატოვა, როგორ „იკრიშება“ კომპანია ხელისუფლებისგან? კიდევ არაერთი კითხვა არსებობს. ნარმანია ვალდებულია, პასუხი გაგვცეს. შპს 2015 წელს იღებს გრანტებს, ანუ როცა 2016 წლის არჩევნები კარზეა მოსული. ერთ-ერთი ტენდერი 2015 წლის დეკემბერშიც მოიგო, 2016 წელს ნარჩემაშვილი მაჟორიტარად სახელდება და კითხვის ნიშნები, ცხადია, ამ ყველაფერზე ჩნდება.

_ ეს, ალბათ, უფრო თქვენი ეჭვებია, ვიდრე დასაბუთებული რეალობა. რით ამტკიცებთ, რომ ნარჩემაშვილს წილიდან გასვლის შემდგომ ამ კომპანიასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია?

_ როცა „ბიოლაინ ჯორჯიას“ რეგისტრაცია განხორციელდა, იურიდიულ მისამართად დაფიქსირდა ნარჩემაშვილის სახლის მისამართი, მოწილეთა ცვლილების შემდეგ კი, როცა ნარჩემაშვილი გადის კომპანიიდან, იურიდიულ მისამართად აფიქსირებენ თაბაგარის საცხოვრებელს. კობა ნარჩემაშვილი ის ჩიტი არ არის, უცხო ადამიანებთან გაეკეთებინა ბიზნესი და მერე 30%-იანი წილი უპრობლემოდ დაეთმო. ყველა ეს ადამიანი არის მისი ახლობელი. ამიტომაც თაბაგარი 60%-იანი წილის მფლობელი ხდება, ქსოვრელი და მდივანი კი იყოფენ 20-20%-ს.

თუ მოგებული ტენდერები ნარჩემაშვილის სახელს არ უკავშირდება და მართლაც აფერულად არ მოხდა წილების გადათამაშება და მისი მოცილება ხალხის თვალისგან, ამ კომპანიამ ტენდერები რატომ არ მოიგო მანამ, სანამ იქიდან ყოფილი მინისტრი წამოვიდოდა? სავარაუდოდ, ის კომპანიაში ყოფნის დროს სახელისუფლებო კულუარებში ალაგებდა ამ საქმეს, რათა „ბიოლაინ ჯორჯიას“ შემოსავალი ჰქონოდა, მერე კი თვალთახედვიდან სპეციალურად გაქრა, რომ არ ეთქვათ, აგერ, ნარჩემაშვილის კომპანიას მოაგებინესო. აი, ეს მოხდა სინამდვილეში. კობა ნარჩემაშვილი „ოცნებისგან“ დავალებულია და ამიტომაც მონაწილეობს არჩევნებში.

_ როგორც ცნობილია, ნარჩემაშვილმა „ოცნებას“ თავად გადაურიცხა გარკვეული თანხა, თქვენ კი ამბობთ, მათგან იღებდა ფულსო და ეს როგორ უნდა ავხსნათ?

_ დიახ, ნარჩემაშვილმა 20.07.2016-ში „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა, მაგრამ ეს ხალხის დასანახად, რადგან მას თავად აჭამეს მილიონები ტენდერებით. ხომ გითხარით, მარტო თბილისის მერიიდან მის შპს-ს 2 მილიონი აქვს მიღებული და არჩევნების დროს „ოცნებისთვის“ რატომ არ უნდა გადაეხადა ეს თანხა? გარდა მატერიალურისა, ხელისუფლება მას მორალურადაც უდგას გვერდით. ყველას გვახსოვს, რაც ხდებოდა მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში, თუმცა ახლა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ნარჩემაშვილი საუკეთესო მინისტრი იყო. ყველაფერი ნათელია, ცხადია და ხელის გულზე დევს. ყველა შევარდნაძისდროინდელ მინისტრს, რომელიც სააკაშვილის დროს გააპანღურეს, მეოცნებე ხელისუფლება გვერდით იყენებს. ასეთი გაბოროტებული ადამიანები სჭირდებათ მათ ოპონენტებთან საბრძოლველად.

„ქრონიკა+“, ინფორმაციის გადასამოწმებლად, კობა ნარჩემაშვილს დაუკავშირდა:

_ ერთ თვეში დავტოვე ეს კომპანია. შეიძლება, უფრო ადრეც. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც კი შეიქმნა, ისე, რომ ამ ფირმას არანაირი სამეწარმეო საქმიანობა დაწყებული არ ჰქონდა, დავტოვე. აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც თქვენი რესპონდენტი ამბობს.

_ თქვენი სიმართლე როგორია?

_ მე და ჩემმა მეგობარმა, კიდევ ერთმა პიროვნებამ, აღარც მახსოვს, ზუსტად რამდენი ვიყავით, მგონი სამი, ამის თაობაზე მოვილაპარაკეთ. როგორც კი ეს ფირმა შევქმენით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და მასშტაბები კარგად დავთვალეთ, მივხვდი, რომ არ მქონდა ამის გაძღოლის ფინანსური რესურსი და ვუთხარი, უნდა დავტოვო შპს ამის გამო-მეთქი. მაშინვე წავედი საჯარო რეესტრში და გადავაფორმე წილები. მას მერე არანაირი შეხება ამ ფირმასთან არ მქონია და ის, ვინც ამას ამბობს, ცილს მწამებს.

_ ბესო შენგელია აცხადებს, რომ საფუძვლიანი ეჭვი აქვს, ფირმას ტენდერების მოგებაში თქვენ დაეხმარეთ და შპს-ს წილების დათმობით, უბრალოდ, ხალხს მოერიდეთ…

_ ის კი ამბობს, მაგრამ ეს არის ტყუილი. სიმართლეს და ამომწურავ პასუხს გაძლევთ მე _ ამ კონკრეტულ ფირმასთან სხვა შეხება არ მქონია. მას მოუწევს დადასტურება და დამტკიცება იმისა, რასაც ლაპარაკობს და მაბრალებს.

_ ანუ ფინანსების არქონის გამო დატოვეთ ეს კომპანია (შეგახსენებთ, რომ კობა ნარჩემაშვილმა „ქართულ ოცნებას“, სულ ახლახან, 50 ათასი ლარი შესწირა, _ ნ.ვ.)?

_ არა მარტო. მე იმდენი სახსრები არ გამაჩნდა, რომელიც ვიცოდი, რომ იდეაში, ამ საქმეს დასჭირდებოდა. ასევე საქმის შინაარსი ჩემთვის საინტერესო არ იყო და ეს საფინანსო საქმიანობა დავტოვე.

_ საქმის შინაარსი, როცა თავდაპირველად მოილაპარაკეთ, ცნობილი არ იყო?

_ ვიცოდი, მაგრამ მერე შედგა ბიზნესგეგმა, ყველაფერი შევისწავლეთ, მაგრამ სხვა ფინანსურ მასშტაბებზე გავედით და ჩემთვის ეს საქმე აღარ იყო საინტერესო.

 

„ქრონიკა+“ „ბიოლაინ ჯორჯიას“ დირექტორს _ გიორგი ქსოვრელს ესაუბრა:

_ კობა ნარჩემაშვილმა რაც წილი დათმო, მას შემდგომ მასთან საქმიანი ურთიერთობა არ გვქონია. რაც თქვენთვის უთქვამთ, სიცრუეა და ამაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. ნარჩემაშვილის კომპანიაში ყოფნის დროს შპს-ს ბრუნვა არ ჰქონია.

ამის შემდგომ მერიაში ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება და კითხვები პრესსამსხურის უფროსს, ნონა ყანდიაშვილს გავუგზავნეთ, მაგრამ მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

                                                                                                              ნელი ვარდიაშვილი