ლევან კალანდაძე: „ხელისუფლებას საკმაოდ რთული სამუშაოები ელის, რომელიც პულსზე ხელის დადების ტოლფასია!“

za

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის 2,7%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. რა არის ძირითადი მიზეზები, რომ ეკონომიკური ზრდის დაბალპროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს და როგორ უნდა წარმართოს ხელისუფლებამ მომავალი წლების საბიუჯეტო პოლიტიკა?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი _ ლევან კალანდაძე:

_ ეკონომიკასთან დაკავშირებით ორგვარი მოსაზრება არსებობს: დაინტერესებული პირების, რომლებიც ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ განცხადებებს აკეთებენ და საუბრობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ა. შ.; მეორენი პირიქით, ზედმეტად ოპტიმისტური და პოზიტიური განცხადებებით გამოირჩევიან. წინასაარჩევნო ფონი ამ თემებს მნიშვნელოვანწილად ამძაფრებს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს და თავისი გარკვეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საკუთარი აზრების რადიკალიზაციას როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მიმართულებით, რომ ეკონომიკა გაჩერდა, ყველაფერი გაჩერდა, ეკონომიკური სტაგნაციაა და ა.შ. ეს ძალიან გადაჭარბებული შეფასებაა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. სტაგნაციაზე და ეკონომიკურ ვარდნაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამაზე გარკვეული ეკონომიკური მდგენელები უნდა გქონდეს, ყველაფერი ამით აისახება. სტაგნაცია ნიშნავს, რომ ეკონომიკური ვარდნაა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არ იზრდება, წარმოების მოცულობა მკვეთრად ეცემა, მკვეთრი დევალვაციაა და ა. შ. რეალურად, არც ერთი მაჩვენებელი საქართველოში არ ჩანს და აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ასეთი რადიკალური განცხადებები გარკვეული წინასაარჩევნო პოლიტიკური მოცემულობით არის გამოწვეული.

_ კონკრეტული მიმართულებებით ვისაუბროთ.

_ მაგალითად ავიღოთ ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ბოლო თვის მაჩვენებელი 2,7% არ არის ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა, სასურველია და საჭიროა, რომ საქართველოს გაცილებით მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი ჰქონდეს. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ 2,7% ეკონომიკური ზრდა არ არის ნულოვანი ეკონომიკური ზრდა. ზრდა გვაქვს მცირე, მაგრამ მაინც ზრდა. შესაბამისად, ხელისუფლების უახლესი პერიოდის აქცენტები სწორედ ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ჩამოყალიბებას უნდა უკავშირდებოდეს, რაც მეტად მოგვცემს, სწორედ ეკონომიკური ზრდით, გარკვეული სოციალური კომპონენტების დაბალანსების საშუალებას. ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი, საშუალო 3%-იანი ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი. ჩვენს მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც არიან: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და თურქეთი, გარკვეული ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, საკმაოდ რთული ეკონომიკური პროცესები ხორციელდება. შეგახსენებთ რუსულ-თურქულ ეკონომიკურ სირთულეებს, რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს, აზერბაიჯანზე ნეგატიურად მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა. ბოლო პერიოდს ვამბობ, რამაც მნიშვნელოვანი შემოსავლები დააკარგვინა, ანუ ამ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ფონი განსაკუთრებულად მოქმედებს თავად მათ ეკონომიკურ პროცესებზე, ჩვენ მიერ განხორციელებულ სავაჭრო ურთიერთობებზე, კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მოხმარება ჩვენს მთავარ სავაჭრო პატრნიორ ქვეყნებში, მკვეთრი მოხმარების შემცირება კი ნიშნავს, რომ საქართველოდან ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მოცულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ექსპორტის შემცირება ჩვენ გარკვეულ სავალუტო რესურსს გვაკარგვინებს. ამავდროულად, ეს ქვეყნები წარმოადგენენ გარკვეულ დონორებს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. მაგალითად, აზერბაიჯანი იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი უცხოური ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოში და აზერბაიჯანში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია, ბუნებრივია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინექციების მოცულობაზე აისახა. გარკვეულწილად, სამომავლოდ ეს რისკფაქტორი რჩება, ანუ ე. წ. საგარეო ფაქტორები თავისთავად უზრუნველყოფს იმას, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს და ეს ყველაფერი აისახება.

ტურიზმის მიმართულებით პოზიტივია; პოზიტივია ექსპორტის მიმართულებითაც, მაგალითად, ჩინეთის, ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ეს არის მაბალანსებელი ფაქტორი იმ დიდი პრობლემებისა, რაც მსხვილ სავაჭრო-პარტნიორულ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასურველია, უფრო მეტი იყოს, ბიზნესგარემო საკმაოდ ღიაა და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, არ ჩაერიოს ბიზნესთან ურთიერთობაში. პირიქით, ხელისუფლება ისეთი ფრთხილია ბიზნესის კომუნიკაციასთან, როგორიც არასდროს ყოფილა. თავისთავად, ძალიან ბევრ კვლევაში ეს ღიაობა და კომუნიკაციაში შესვლის ფაქტი ძალიან პოზიტიურად აისახა უამრავ ფაქტორზე. ქვეყანაში გარკვეული პრობლემები გვაქვს, სირთულეებია მაკროეკონომიკური პარამეტრების ფორმირებების თვალსაზრისით, თუმცა, მაინც, მეტ-ნაკლებად, ნორმალური სიტუაციაა. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არის პრაგმატიკოსი ეკონომისტის შეფასება და არა პოლიტიკოსის. პოლიტიკოსები ამ სიტუაციას აბსოლუტურად სხვანაირად აფასებენ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, არის მიმართულება, რომელზედაც აქცენტები ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი. ჩვენი ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ამ გამოწვევებისთვის ადეკვატური, მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის ჩამოყალიბება, შეიძლება ითქვას, ნომერ პირველი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ასე იქნება 2017-2018 წლებშიც. აქედან გამომდინარე, მეტი პრაგმატიზმი და რაციონალიზმი, უფრო ნაკლები პოპულიზმი ქვეყანას საშუალებას მისცემს, უახლოეს წლებში განვითარების საფუძვლები გაამყაროს. პოლიტიკოსები ყოველთვის არიან ორ უკიდურესობას შორის, გარკვეულ რაციონალიზმსა და პოპულიზმს შორის, ანუ ამომრჩევლების გულის მოგებასაც ცდილობენ და ასევე ცდილობენ გარკვეული რაციონალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს პერიოდში ოქროს შუალედის მოძებნა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი.

_ მომავალი წლის ბიუჯეტზე რას იტყვით? ხომ არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი საპარლამენტო არჩევნების პერიოდი? ძირითადად, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული და რა აქცენტები უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში?

_ ბიუჯეტთან დაკავშირებით ე. წ. პროცესუალური ნორმებია: დღეს მოქმედმა მთავრობამ ბიუჯეტის პარლამენტში შესატანი ვალდებულებები, პროცედურული ნორმები პირველ ოქტომბრამდე უნდა დაამთავროს, ანუ დღეს მოქმედი მთავრობა, სავარაუდოდ, ბიუჯეტს შეიტანს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ტექნიკური თვალსაზრისით ბიუჯეტის შეტანაზე პრობლემა არ იქნება. რეალურად, ამ ბიუჯეტის განხილვა უკვე ახალ პარლამენტს მოუწევს, დამტკიცება _ მით უმეტეს. ვნახოთ, ფინანსთა მინისტრი შეინარჩუნებს თუ არა პორტფელს? თუ სხვა მინისტრი იქნება, ფაქტია, რომ პროცესუალურად მაინც შემდგომი პარლამენტის პასუხისმგებლობა და შემდგომი მთავრობის აღსრულება იქნება. ბიუჯეტთან დაკავშირებით წელს მეტ-ნაკლებად მცირე პრობლემებია: თავად ხარჯვითი პოლიტიკა, რაც 2013 წლის ბოლო თვის შენიშვნის საფუძველი იყო, 2014-2015 წლებში და განსაკუთრებით, 2016-ში გამოსწორდა, ანუ ხარჯვითი ნაწილი ხორცელდება თანმიმდევრულად. ხარჯვითი ნაწილი არ წარმოადგენს ლარის გაუფასურების, დევალვაციის რისკფაქტორს. ეს რისკფაქტორი დღეს არ არის, თუმცა გარღვევები გვაქვს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. ვგულისხმობ არა საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც კარგად და გადაჭარბებითაც სრულდება, ჩვენ პრობლემები გვაქვს შემოსულობების ნაწილში, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო გრანტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასაღებ ფინანსურ მოცულობებს. ამ შემთხვევაში ჩამორჩენა არის, თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. წინა კვირაში საქართველოში საერთაშორისო მისია ჩამოვიდა. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკებები წარმატებული იყო, შემდგომი რაუნდი მოლაპარაკებებისა, ანუ ტრანშის აღდგენისა, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში განხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში აღდგება, შემოსავლებში პრობლემას ვერ ვხედავ, შესაბამისად, ხარჯებიც, მეტ-ნაკლებად, თანმიმდევრული იქნება, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა პრობლემა არ იქნება, მაგრამ 2017 წელს გარკვეული რისკები გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მოგების დაბეგვრისგან განთავისუფლება 2017 წელს, ჯერ კიდევ, ძალაშია, ანუ ის თანხა, რომელიც რეინვესტირდება ბიზნესში, იმის გადასახადისგან თავისუფლდება და სრულიად შესაძლებელია, 2017-2018 წლის განმავლობაში საგადასახადო დაბეგვრის არეალი შეგვიმცირდეს დაახლოებით ამ მოგების გადასახადის გაუქმების ნაწილში 400-500 მილიონით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ეს 400-500 მილიონი გარკვეულ ტვირთად და სიმძიმედ დააწვეს ბიუჯეტს. შესაბამისად, გარკვეული პრიორიტეტების გადაკორექტირება, გარკვეული აქცენტების შეცვლა დაგვჭირდეს 2017 წლის ბიუჯეტში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელსაც 2017 წლის ბიუჯეტის სახით ახლა შეიტანს ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ გადავდივართ ახალ რეჟიმში, როგორც შემოსავლების მიღების ნაწილში, შესაბამისად, გვიწევს: ხარჯვითი პოლიტიკის, ბიზნესზე ორიენტირებული, უფრო მეტად აქცენტირებული პოლიტიკის განხორციელება, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვიტოვებთ იმ სოციალურ ვალდებულებას, რომელიც აქამდე გვქონდა. აქედან გამომდინარე,  ვფიქრობ, რომ გარკვეული აქცენტები უნდა შეიცვალოს. თუმცა, უკვე, გრძელვადიანი თვალსაზისით ძალიან საიტერესო იქნება საბიუჯეტო ტრენდი, როგორც ბატონი კვირიკაშვილი აცხადებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ აქცენტები უნდა გაკეთდეს ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებაზე, უფრო მეტად უნდა გახდეს ხარჯეფექტიანი პოლიტიკა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით და უფრო ნაკლებად სოციალურ პროექტებთან მიმართებით. კონცეპტუალურად ეს არის სწორი მიდგომა. არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღმა ფიზიკურად არის ასასახი ბიუჯეტში. ხელისუფლებას საკმაოდ რთული სამუშაოები მოელის, პულსზე ხელის დადების ტოლფასი, რადგან ძალიან ფაქიზი და სენსიტიური თემაა. ეს აქცენტებია უკვე 2017-2018 წლისთვის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით საბიუჯეტო პოლიტიკის კორექტირებაზე უნდა გადავერთოთ. რამდენად კარგად და სწორად გადავერთვებით, გადამწყვეტია.

 

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი