საქართველოში დასმული ლეიკემიის დიაგნოზი თურქულმა კლინიკამ არ დაადასტურა!

14302636_10209574590297008_1112108769_n

2016 წელს ეს არის მეორე გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ახლგაზრდა ადამიანს ლეიკემიის ცრუ დიაგნოზს უსვამენ ქართულ კლინიკაში. უფრო სწორად, პირველი იყო გახმაურებული (ჩვენ უკვე ვწერდით ამის შესახებ: 7 წლის ბუკა ნიკურაძის, ანალოგიურად, იაშვილის კლინიკაში დასმული ლეიკემიის დიაგნოზი თურქულმა კლინიკამ არ დაადასტურა. ბავშვი გარდაიცვალა საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად თავის ტვინში გაჩენილი მიკოზით). მეორე შემთხვევა „ქრონიკა+“-ის საშუალებით გახმაურდება, ვინაიდან გიორგი წიკლაურმა ამ შემთხვევის შესახებ ექსკლუზიურად ჩვენს რედაქციას გადმოსცა ყველა მასალა.

 

გიორგი წიკლაური, 23 წლის:

_ პირველად 2016 წლის 9 ივნისს ვიგრძენი თავი ცუდად _ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულს, სიცხე მომცა და შემაცია. სანამ სახლამდე მოვიდოდი, წვიმაში მოვყევი და ვიფიქრე, რომ ეს იყო მიზეზი, ამიტომ არც წამალი დამილევია და არც სიცხე გამიზომავს _ დავწექი და დავიძინე. ღამე კიდევ უფრო შეუძლოდ გავხდი. სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა რომ არ გამიუმჯობესდა, სასწრაფო გამოვიძახე და ინგოროყვას კლინიკაში გადამიყვანეს. იქ გამსინჯეს, გადასხმა დამიდგეს და მუცლის ღრუს ექოსკოპია გადამიღეს. ვინაიდან ექომ გადიდებული ელენთა და სახეცვლილი ღვიძლი უჩვენა, ეჭვი ლეიკოციტოზზე აიღეს. სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით თრომბოციტის მაჩვენებლი 32 იყო, როცა ნორმა 150-ს შეადგენს. ექიმებმა დეტალურად გამომკითხეს სიმპტომები და ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინეს, მაშინვე გამოიძახეს ბრიგადა ჰემატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მიზნით. ვერც უარს ვეტყოდი ექიმებს და სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, ჰემატოლოგიური ცენტრი რა დანიშნულების იყო.

_ ანუ თავადაც არ იცოდით, რა პრობლემა გქონდათ _ „ინგოროყვაშისიცხის გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინეს?

_ „ინგოროყვაში“ ვერ დამიდგინეს, თანაც გულზე კარდიოგრამა არავის გადაუღია, არც უეჭვიათ! როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ მუცლის ექოსკოპია გადამიღეს. სისხლის ანალიზის პასუხები არ მოეწონათ და ამ მოტივით გამიშვეს ჰემატოლოგიურში, კერძოდ, კლინიკა „ნეომედში“. „ნეომედში“ მისვლისთანავე რეანიმაციაში მომათავსეს, სადაც, პირველ რიგში, სისხლის ანალიზი ამიღეს. იმ დღეს არაფერი და მეორე დღეს პალატაში ძალიან ცუდად გავხდი _ დამეწყო ოფლიანობა, კუჭისა და ფეხების ტკივილი. გამიკეთეს ბიოფსია და სინჯები თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში წაიღეს. სამი დღის შემდეგ ჩემმა მკურნალმა ექიმმა ლალი კუპრაშვილმა დიაგნოზი მომახსენა. ეს გახლდათ მწვავე ლეიკემია. იმ დროისთვის უკვე საშინელი ტკივილები მქონდა კუნთებში, სისხლჩაქცევები დამეტყო ფეხებზე და ვეღარ დავდიოდი. ანალიზები მეორედ ამიღეს. როგორც მკურნალმა ექიმმა მითხრა, დიაგნოზის დაზუსტება სურდათ, უკეთესად რომ გარკვეულიყვნენ ვითარებაში. ამ მიზნით, პირველ ჯერზეც და მეორედაც მკერდის ძვალი გამიხვრიტეს და იქიდან აიღეს ნაცხი. მერე უკვე დედაჩემი დაიბარა ექიმმა. ექიმის კაბინეტიდან დიდხანს რომ არ გამოვიდა, მივხვდი, ვერ იყო კარგად საქმე. თვითონ ჩავედი ამბის გასაგებად. ლალი კუპრაშვილმა გადაწყვეტით მითხრა დიაგნოზი: მწვავე ლეიკემია და სასწრაფოდ  ქიმიოთერაპია უნდა დავიწყოთო. ამის შემდეგ კიდევ უფრო ცუდად გავხდი. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი საავადმყოფოში ჩემი დაწოლიდან უკვე მეხუთე დღეს ხდებოდა. ჩემი ჯგუფი _ მესამე რეზუს უარყოფითი სისხლი მოვიძიეთ და მისგან თრომბი დაამზადეს. გადამისხეს და გადასხმიდან მეორე-მესამე დღეს უკვე გამოკეთება დავიწყე. ჯერ იყო 70, მესამე დღეს _ 80 და ბოლოს 150-მდე ავიდა. თურქეთში ჩემი წასვლის დროს თრომბი 150-180 იყო, ანუ მარტო ამ გადასხმამ საკმაოდ კარგი შედეგები მომცა, თავისით გაორმაგდა და გასამმაგდა შემცველობა, ქიმიის გარეშე, მაგრამ ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, _ უნდა დავიწყოთო! ამიტომ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და ქიმიოთერაპიის საყოველთაო დაფინანსება ჩაირიცხა. პირველი კურსი 1700 ლარამდე ჯდებოდა. ამის შემდეგ რამდენი კურსი დამჭირდებოდა, არ უთქვამთ. ლალი კუპრაშვილი მეუბნებოდა, რომ თუ მოქმედებას არ დავიწყებდით, ამ ყველაფერს ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვებოდა.

_ მიუხედავად ამისა, თქვენ თურქეთში  წახვედით და იქ გადაწყვიტეთ ანალიზების ხელმეორედ ჩატარება, საქართველოში დასმული დიაგნოზის გადამოწმება?

_ ჩემი სამსახურის უფროსმა მირჩია, საზღვარგარეთ წავსულიყავი. თუმცა ქართულ კლინიკა „ნეომედში“ ჩემი ექიმი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, რომ ქიმიოთერაპიის კურსს ჩამიტარებდა, დამტოვებდა საავადმყოფოში და მიმკურნალებდა. უცხოეთში გასამგზავრებელი და მით უმეტეს, სამკურნალო თანხა ჩემს ოჯახს არ გააჩნდა. დედამ გადაწყვიტა, მერიისთვის მიემართა, მაგრამ მერიაში განაცხადის შეტანისას თან უნდა დაგვერთო ფორმა 100, სადაც ეწერებოდა, რომ ამ ადამიანისთვის რეკომენდებულია უცხოეთში მკურნალობა. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მერიას თანხა ჩაერიცხა. ფორმა 100 მკურნალ ექიმს უნდა მოეცა. ლალი კუპრაშვილს ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ესაუბრნენ, ძალიან სთხოვეს, მაგრამ კუპრაშვილმა არაფრით არ მოგვცა ეს საბუთი.

_ რატომ?

_ გამოგვიცხადა, რომ, თურმე, ჩვენ ამ საქციელით მის დიპლომსა და ცოდნის ხარისხს შეურაცხვყოფდით. გვითხრა, რომ ფორმა 100-ის დაწერით იგი საკუთარ თავსაც და კლინიკასაც შეურაცყოფას მიაყენებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თითქოს მას აქ არ შეეძლო პროცედურების ჩატარება და ამ მიზეზით გზავნიდა პაციენტს საზღვარგარეთ. მოკლედ, საბუთებში ისიც კი არ დამიწერა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა იყო რეკომენდებული. შესაბამისად, ვერ მივიღეთ მერიისგან დაფინანსება. მერია იქით იყოს, ვერც ერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ვერ გავაგზავნეთ დაფინანსებაზე მოთხოვნა. დავრჩი ასე! ამასობაში, ჩემმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა, ჩემი გადარჩენის მიზნით, დიდი აქცია წამოიწყეს და საწყისი ეტაპის თანხა შემიგროვეს. თურქეთშიც პირდაპირ არ მოუთხოვიათ მთლიანი თანხა და ნაწილს დასჯერდნენ. სწორედ ამ ნაწილი თანხით გავემგზავრე სტამბულის კლინიკაში.

_ „ნეომედიდანგამოგიშვეს?

_ „ნეომედიდან“ ჩემი წამოსვლა ჰგავდა გამოქცევას. იმ დროს რომ არ წამოვსულიყავი, უკვე ქიმიას მიდგამდა ჩემი ექიმი. ასე მიყენებდა საკითხს, რომ ან ქიმია დაიწყე, ან რაღაც მოიფიქრეო. მეუბნებოდა, რომ თუ დავრჩებოდი, 2 საათში ქიმიას დაიწყებდა, თუ არ დავრჩებოდი, პასუხისმგებლობას არ იღებდა საკუთარ თავზე და შესაძლოა, ჩემი სიცოცხლე ფატალურად დამთავრებულიყო. ანუ ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო.

_ ექიმის კომპეტენციაში როდის შეგეპარათ ეჭვი?

_ ექიმის კომპეტენციაში იმდენად არ შემპარვია ეჭვი, უბრალოდ, სამსახურმა შემიგროვა თანხა. მე ჩინურ კომპანიაში ვმუშაობ. ქართულმა მხარემ, თანამშრომლებმა, უფროსმა, ჩემი კომპანიის ფილიალებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე უფროსებმა, მენეჯერებმა, ყველამ თავისი ჯიბიდან დადო გარკვეული თანხა. ჩემმა უფროსმა ყველას გააგებინა და, შესაბამისად, მათ გადმორიცხეს. ფულის ნაწილი ისეთი ხალხის გადმორიცხულია, რომელთაც საერთოდ არც ვიცნობ. თურქეთში გამიშვეს საწყისი თანხით _ 10 000 დოლარით. კიდევ იცით, რამ დააჩქარა „ნეომედიდან“ ჩემი წამოსვლა? _ ლალი კუპრაშვილმა თურქეთში გაფრენამდე ერთი დღით ადრე მითხრა, რომ მესამედ უნდა გაგიხვრიტოთ მკერდის ძვალი ნიმუშის ასაღებად, რომ დინამიკაში დავაკვირდეთ პროცესებსო. ვკითხე, _ რატომ იყო ეს საჭირო და მიპასუხა, რომ აინტერესებდათ, პარაზიტთან ხომ არ ჰქონდათ საქმე და ამჯერად ანალიზები პარაზიტოლოგიაში უნდა გადაეგზავნათ. სავარაუდოდ, მანამდე არც პარაზიტოლოგიაში გაუგზავნიათ, არც ბაქტერიოლოგიაში, არც მიკრობიოლოგიაზე შეუმოწმებიათ.   ანტიბიოტიკს არ ვიღებდი, ძალიან ადვილად ამოითესებოდა ის მიკრობი თუ ბაქტერია, რაც მქონდა.

_ კარგით, რა მოხდა თუქეთში?

_ კიდევ ერთს გეტყვით: სანამ თურქეთში წავიდოდი, უკვე ძალიან გამიჭირდა სუნთქვა და გადაწყვიტეს, ფილტვზე კომპიუტერული ტომოგრაფია გაეკეთებინათ. „ავერსის“ კლინიკაში წავედი და ბრონქებში დეფექტები გამოჩდა. პასუხად დაწერეს, რომ ეს ცვლილებები ლეიკემიით იყო განპირობებული. სურათი გადაღებული მაქვს და დოკუმენტიც მიდევს.  მოკლედ, ანალიზის პასუხით თურქეთში ჩავედით და იქ ხელახალი გამოკვლევები დამიწყეს. გამიკეთეს ბიოფსია და არაფერი საგანგაშო არ აღმომაჩნდა.

_ როგორ, ლეიკემია არ დადასტურდა?!

_ არა! ბიოფსიის პასუხები რამდენჯერმე გადაამოწმეს და მეორე თუ მესამე დღეს ნახეს, რომ არავითარ ლეიკემიასთან არ გვქონდა საქმე. შედგა კონსილიუმი და ექიმებმა ყველა ის დოკუმენტი მოითხოვეს, რა გამოკვლევებიც საქართველოში ჩამიტარდა. თურქეთში სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა. თურქმა ჰემატოლოგმა გამოაცხადა, ეს ჩემი სფერო არ არის, ფილტვზე აქვს მძიმე მდგომარეობაო. ჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია გადამიღეს, შემდეგ კი სასწრაფოდ სხვა დეპარტამენტში გადამიყვანეს.

_ რომელ დეპარტამენტში?

_ როგორც აღმოჩნდა, ტრიპუსპიდზე, გულის სამკარიდას სარქველზე მქონდა ჩირქი, სარქველის გახსნისას და დახურვისას ბაქტერიული ემბოლია საკუთრ კერას წყდებოდა და სისხლს მიჰყვებოდა, საიდანაც ინფექცია ფილტვში გადადიოდა. საბოლოოდ, ფილტვებში იმდენი ემბოლია აღმოჩნდა, ბაქტერიამ, ფაქტობრივად, ფილტვი გახვრიტა. შედეგად, ფილტვში წყალი ჩადგა, დავმძიმდი და ვერ ვსუნთქავდი.

_ ანუ ლეიკემია და ბლასტები არაფერ შუაში იყო?

_ ბლასტები საერთოდ არ დაფიქსირდა. გადამიყვანეს გენერალურ კლინიკაში, იმიტომ რომ ჰემატოლოგიურის პაციენტი არ ვიყავი. როგორც კი გენერალურ კლინიკაში მივედი, მაშინვე გულის კარდიოგრამა და ექოსკოპია გადამიღეს. ნახეს, რომ სარქველზე დიდი დეფექტები მქონდა. გადამაყლაპეს ტრანსეზოფაკი, მითხრეს, რომ მქონდა ბაქტერიული ენდოკარდიტის მძიმე ფორმა. დამიწყეს ვენაში ოთხი სახის ანტიბიოტიკის გადასხმა 29 ივნისიდან აგვისტოს 13-მდე. ექვსი კვირა ვისხი ანტიბიოტიკები. 12-ში ეს ყველაფერი მორჩა და დღემდე სახლში ვარ, ვსვამ სხვადასხვა წამალს და, უფლის წყალობით, გამოჯანმრთელებისკენ წამოვედი. ეგ არის მხოლოდ, ამდენი გადასხმისგან ვენები გამიფუჭდა და ფლედიტები განმივითარდა.

_ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რომელ კლინიკას მიმართეთ?

_ გულის კლინიკა „ჯოენს“. საქმე ის არის, რომ ბავშვობაში გულის მანკი, ვიესბის დეფექტი მქონდა. თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ოპერაცია არ გამიკეთდა. ახლაც მხოლოდ ეს პრობლემა რომ მქონოდა, არ გახდებოდა საჭირო არავითარი ჩარევა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ბავშვობაში გადატანილმა დაავადებამ ყოველივე ეს გამოიწვია. თუმცა საბოლოოდ მიზეზი მაინც ვერ დაადგინეს. იყო მოსაზრება, რომ სანამ ბაქტერია აღმომაჩნდებოდა, 10 დღით ადრე სტომატოლოგთან ვიყავი. არ არის გამორიცხული, რომ ამის ბრალიც ყოფილიყო. ექიმებიც ამავე აზრზე არიან.

_ რას გულისხმობთ, სტომატოლოგთან ვიზიტს რომ იხსენებთ?

_ კბილი გამიწვრილეს, სისხლდენა მქონდა და კერამიკა ჩავისვი. ვფიქრობ, რომ სტომატოლოგის ხელსაწყოებიდან შევიდა ბაქტერია. ზოგადად, ამ სახის ბაქტერია სისხლით გადადის. კბილის ექიმთან ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ მტკივანი კბილი გამიწითლდა, სავარაუდოდ, მანამდეც რომ პრობლემური ვიყავი, გარედან არასწორი ჩარევის შემდეგ ბაქტერიამ სუსტი წერტილი იპოვა.

_ რომელ სტომატოლოგიურში იყავით?

_ ეს იყო „ნიუდენტის“ სტომატოლოგიური კლინიკების ცენტრი საბურთალოს ფილიალში. თურქეთიდან რომ ჩამოვედი, თავდაპირველად რკინიგზის საავადმყოფოში დავწექი, „ბოხუას სახ. გულისა და სისხლძარღვთა ცენტრში“. იქ მითხრეს, რომ არ ვიყავი კარდიოლოგიური პაციენტი, გულის უკმარისობები არ მჭირდა. გამიშვეს ინფექციონისტთან, ჯერ მას უნდა ემკურნალა და ამის შემდეგ ჩაერეოდა კარდიოლოგი. წავედი ინფექციონისტ გიორგი კანდელაკთან. მან გადასხმების დანიშნულება მომცა და სახლში გამიშვა. ჩემით ვიკეთებდი წვეთოვნების გადასხმებს ერთი კვირა. ერთ-ერთი ისეთი წამალი დამენიშნა, რამაც ვენები დამიწვა, 40 სიცხე მომცა და სახლში ვეღარ გავჩერდებოდი. გადამიყვანეს ისევ კლინიკა „ჯოენში“. საბოლოოდ, მტკივანი ვენები რომ მომირჩა, მერე დავიწყე გამოკეთება. ექიმმა ვახო ხელაშვილმა მითხრა, რომ „ჯოენში“ დავწოლილიყავი. სამ კვირაზე მეტი ვიწექი და გადასხმები მიკეთდებოდა. ამ კლინიკაში ჰიპერთიროიდიტი აღმომიჩინეს, დაბალი ჰემოგლობინი დამიდგინდა, რკინის შემცველობა დაეცა. ყოველივეს შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ თურქეთის შედეგებთან შედარებით პროგრესი მქონდა. შემომთავაზეს, რომ მიმდინარე პროცესებს დავლოდებოდით და ოპერაცია არ გაგვეკეთებინა. ამ დროს თურქები სასწრაფო ოპერაციას ითხოვდნენ გულზე, იმდენად ბევრი ჩირქი მქონდა. ქართველი ექიმების თქმით, როცა ინფექციის კერა გულზეა, არ არის სასურველი გარეგანი ჩარევა. ამ დროს შესაძლოა, ბაქტერიამ სხვაგან გადაინაცვლოს, ან წმენდისას რაიმე დეტალი აუღებელი დარჩეს და ჭრილობის დახურვის შემდეგ ისევ განვითარდეს ანალოგიური პრობლება. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ „ჯოენის“ ცენტრში უნდა დავწოლილიყავი და მემკურნალა. გამიწმინდეს იარები, სარქვლებზე აღმენიშნებოდა ჩაზნექილობები. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მარჯვენა პარკუჭიდან მარცხენა წინაძვლამდე მქონდა ხვრელი, რომელიც ბაქტერიამ გააკეთა. დავამთავრე გადასხმები. შედგა ექიმების კონსილიუმი, სადაც ჩემი სახლში გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. მითხრეს, რომ ყველაფერი თავისით ალაგდებოდა და თუ რაიმე სახის გართულება მექნებოდა,  ჩაერეოდნენ. დღეს უკვე ინფექციის დონე _ ცეჰერეტიული ცილა _ დაბალია. 207 მქონდა, როცა ნორმა იყო 0-დან 5-მდე. დღეს მაქვს 2,4. ანუ ნორმაა და კერას აღარ წარმოადგენს, თუმცა დაზიანებები აღმენიშნება. რაც მთავარია, სარქველია გახვრეტილი. საქართველოში ლეიკემიის დიაგნოზი რომ დამისვეს, 10 დღე ტყუილად ვიწექი „ნეომედში“. სწორედ ამ პერიოდში პროგრესირებდა ბაქტერია. რომ არა ის ათი დღე და დროულად დასმული სწორი დიაგნოზი, ჩირქი გულის სარქველს არ გახვრეტდა და დღეს საოპერაციო არ ვიქნებოდი. თანაც, სტეროიდზე მსვამდნენ და ქიმიოთერაპიისთვის მამზადებდნენ.

_ დღესდღეობით რა მდგომარეობა გაქვს?

_ ახლა წამოსული ვარ ამგვარი დიაგნოზით: გადატანილი მაქვს ინფექციური ენდოკარდიტი, შესაძლოა, მოხდეს გეგმური ოპერაცია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცუდად იქნება მომავალში საქმე. სულ რაღაც, ორი კვირაა, რაც შედარებით ნორმალურად ვცხოვრობ, აქამდე სულ საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადავდიოდი. სამსახურში ჯერ არ გავსულვარ. ასეთ მდგომარეობაში არ შეიძლება ჩემთვის სამსახურში ყოფნა. „ჯოენშიც“ ექიმთან გეგმურ ვიზიტამდე ერთი საათი სკამზე მძინავს ხოლმე. სტეროიდზე ჯდომამაც დამასუსტა. თავიდან „ჯოენიდან“ რომ გამოვედი, სიარულიც კი მიჭირდა, ფეხები მტკიოდა და ვერ დავდიოდი. დღეს უკვე დავდივარ.

_ თქვენს მკურნალ ექიმს, ლალი კუპრაშვილს თუ დაუკავშირდით თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ?

_ არა. ვფიქრობ, რომ მას ჩემი ადვოკატი გაესაუბრება.

_ ანუ ჩივილს აპირებთ?

_ სიმართლის დადგენას! მე, 23 წლის მამაკაცს, გარდა იმისა, რომ არასწორად დამისვა სასიკვდილო დიაგნოზი, სასწრაფო წესით მიდგამდა ქიმიოთერაპიის გადასხმებს, რაც მართლა სასიკვდილო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჩემთვის. გარდა ამისა, ათი დღე დამაყოვნა, რა დროის განმავლობაშიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ინფექცია მთელ სხეულს მოედო. ამავე დროს, არ მაძლევდა ფორმა 100-ს, რომ საზღვარგარეთ დაფინანსებისთვის სახელმწიფო  უწყებებისთვის მიმემართა, იმ მოტივით, რომ ამით ჩემსა და ჩემი კლინიკის კომპეტენციას ჩრდილი მიადგებაო.

 

ქრონიკა+“ გიორგი წიკლაურის მკურნალ ექიმს, ლალი კუპრაშვილს დაუკავშირდა:

_ თქვენს პაციენტ გიორგი წიკლაურსნეომედშიმწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ძვლის ტვინის სინჯი ორჯერ აუღეთ და ორივეჯერ ერთი და იგივე პასუხი იყო. პაციენტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც აღმოჩნდა, რომ არანაირი ლეიკემია მას არ ჰქონია და გულის სარქველში იყო ჩიქრი ჩამდგარი. სტამბულის გენერალური კლინიკის ლაბორატორიაში ბლასტები არ ამოითესა. დღეს პაციენტი ბევრდ უკეთესად არის და მკურნალობას აგრძელებს კარდიოლოგიური კუთხით

_ კარდიოლოგიური დაავადება მანდ დადგენილი იყო, გულის მანკია თანდაყოლილი.

_ დიახ, ეს თქვენმა პაციენტმა გვითხრა, ანუ ამ შემთხვევის შესახებ იცით?

_ დიახ.

_ ის თუ იცით, რომ თურქულ კლინიკაში ლეიკემია არ დაუდგინდა?

_ დიახ.

_ რა ხდება მაშინ?

_ არ ვიცი.

_ როგორ არ იცით, ქალბატონო ლალი?

_ არ ვიცი, მანდ რა ხდება. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში. ის გამოკვლევები, რაც კეთდება, რის საფუძველზეც ეს დიაგნოზი დგინდება, ყველაფერს გიჩვენებთ.

_ ლაბორატორიების მხარეს გულისხმობთ? ამ საკითხს ჩვენ ცალკე შევისწავლით, ჯერ სტაციონარული მხარე გვაინტერესებს.

_ მე კიდევ ძალიან მაინტერესებს ის კლინიკა და იმათი პასუხები.

_ რის მიხედვით დაუსვით გიორგი წიკლაურს დიაგნოზი? როგორც მოგვიყვნენ, თქვენ მოითხოვდით სასწრაფოდ ქიმიოთერაპიის დანიშვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავდით ფატალურ დასასრულს.

_ მე დიაგნოზი დავსვი გამოკვლევების საფუძველზე. ეს არის ძალიან რთული კვლევები. ეს ის არ არის, რომელსაც შეხედავ, ხელს დაადებ, მოისმენ ან რაღაცას შეიგრძნობ. ლაბორატორიამ ანალიზების საფუძველზე უნდა დაადგინოს დიაგნოზი.

_ სად გაკეთდა გიორგი წიკლაურის სინჯის კვლევა?

_ ძვლის ტვინი გაკეთებულია რკინიგზის საავადმყოფოში. რკინიგზის ლაბორატორიის ხელმძღვანელია შორენა ძველაია, ვინც ძვლის ტვინი დითვალა და იმავე კლინიკაში არის იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია, სადაც ჩვენ ნიმუშებს ვაგზავნით და იქ არის ელზა აზმაიფარაშვილი.

_ ფაქტია, რომ პაციენტი კარგად არის და ამჯერად კარდიოლოგები მუშაობენ და არა ჰემატოლოგები.    

_ ჩივის?!

_ არა მგონია, ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. არსებითია ის, რომ პაციენტს ლეიკემია არ დაუდგინდა.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემას და შემდეგ ნომერში შემოგთავზებთ დანარჩენი კლინიკების _ სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტის“ (საიდანაც, სავარაუდოდ, ინფექცია დაიწყო, „ავერსის“, „ინგორყვასა“ და თურქული კლინიკის პროფესორის კომენტარებს.    ლაბორატორიების საკითხს კი უკვე სწავლობს „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია“, რომლის ხელმძღვანელის, ნანა სანაიას დასკვნას „ქრონიკა+“ ასევე ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.

 

                                                                                                         თამარ როსტიაშვილი