ვლადიმირ პუტინი ბიძინა ივანიშვილზე – „Я его оставлю без трусов!“

rt5

ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ქართველ ჟურნალისტებს, სხვათა შორის, ჰკითხა: „А когда у вас выборы?“ კითხვა საინტერესო იმითაც გახლდათ, რომ 2012 წლამდე დრო ისევ რჩებოდა, ხოლო პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ფენომენზე, მის რუსულ კავშირებზე, მის როლზე თანამედროვე პოლიტიკაში, ალბათ, კიდევ ბევრჯერ და არაერთგზის დაიწერება. მის ბურუსით მოცულ წარსულზე ბევრი არაფერია ცნობილი, ძირითადად ჭორაობენ და ლეგენდებს ჰყვებიან.

მთავარი კითხვა, _ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, თუ ქართველი ქველმოქმედი? _ კვლავაც აქტუალურია.

ისტორია, რომელსაც „ქრონიკა+“ დღეს  მოგიყვებათ, ამერიკულ წრეებთან დაახლოებულმა პირმა რამდენიმე დღის წინ გვიამბო.

რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინთან? იყო თუ არა პოლიტიკაში მისი შემოსვლა რუსული პროექტი და სად წავა ის ოქტომბრის არჩევნების მერე?

კითხვები და პასუხები კვლავაც საჭირბოროტოა.

 

***

2012 წლის ადრე გაზაფხულზე ევროპაში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბორის შპიგელიც, ნიკოლაი ბასკოვის ყოფილი სიმამრი და იმხანად ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი და პოლიტიკოსი. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, შპიგელი რუს გავლენიან ჩინოვნიკთა შორის მე-60 ადგილზე იყო. ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედროს დროს ბორის შპიგელმა კოლეგები სადილად დაპატიჟა და გვარიანად შეზარხოშებულმა ქართველ და ამერიკელ დიპლომატებს საინტერესო ფრაზა უთხრა: „Знаете, скоро в Грузии будут большие перемены.“

სხვა დროს და სხვა ვითარებაში, ალბათ, ბორის შპიგელის ამ შეზარხოშებულ ფრაზას ყურადღებას არ მიაქცევდნენ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეს განმარტება პუტინთან დაახლოებული დიპლომატის მხრიდან უცხოელი დიპლომატებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და კიდევ უფრო ღრმად ჩაკითხვის ფონზე მან საინტერესო დეტალები მოყვა.

2011 წლის ზამთარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი,  ციმბირში იახტაზე რამდენიმე რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, მათ შორის იყო რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა და ბორის შპიგელიც. გართობის, ნადირობისა და სადილის შემდეგ საუბარი პოლიტიკაზე ჩამოვარდნილა. ვლადიმირ პუტინი ოლეგ დერიპასკას მობრუნებია და სხვათა შორის უკითხავს, _ შენი მეგობარი ივანიშვილი საქართველოში რას აპირებსო? ამავე წყაროს ინფორმაციით, ოლეგ დერიპასკა ცნობილი ალუმინის მაგნატი და ბიძინა ივანიშვილის საქმიანი პარტნიორიც იყო ალუმინის ბიზნესში. დერიპასკას პუტინისთვის იქვე უთქვამს, _ ქველმოქმედებას ეწევა და პოლიტიკაში ჩართვასაც ღიად აპირებსო. ამ პასუხზე პუტინს მრავლისმეტყველად ცინიკურად გაუღიმია და მოკლედ უთქვამს: „А если не собирается, я его оставлю без трусов… “ ციმბირული გართობა ისე დამთავრებულა, პუტინი პოლიტიკას, საქართველოს და ივანიშვილის თემას აღარ დაბრუნებია. როგორც ჩანს, სავსებით საკმარისი იყო ის ფრაზები, რაც მან ივანიშვილთან დაკავშირებით თქვა და რაც ზუსტად იცოდა, რომ დერიპასკას მეშვეობით ადრესატამდე მივიდოდა.

იგორ შპიგელის ეს ინფორმაცია ამერიკელ დიპლომატებს ყურს მიღმა ნამდვილად არ გაუტარებიათ. სამაგიეროდ, საქართველოში სრული არასერიოზულობით მოკიდებიან ქართულ პოლიტიკურ წრეებში. მათ შორის, სააკაშვილთან დაახლოებულ ძალოვნებს დიდხანს უცინიათ, _ რა პოლიტიკაში, ჩართვა, რის აქტიურობა, რასაც ვეტყვით, ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებსო.

მოგვიანებით, ივანიშვილისთვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, რას ნიშნავდა პუტინის ფრაზა: „Я его оставлю без трусов“, რუსეთში საჩვენებლად დასაჯეს სხვა რუსი ოლიგარქი, სერგეი პოლინსკი, რომელიც 2012 წელს კამბოჯაში დაიჭირეს. 2013 წელს პოლინსკი რუსეთის პროკურატურამ 5.7 მილიარდის მითვისებაში დაადანაშაულა, და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, 2015 წლის 7 მაისს კამბოჯის ხელისუფლებამ პოლინსკის რუსეთში ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ, რეალურად, სერგეი პოლინსკი ურჩობისთვის დაისაჯა და ეს ნამდვილად მაგალითი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის.

მხოლოდ 2011 წლის შემოდგომაზე საქართველოშიც და ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლას აპირებდა. ოკეანის გაღმა რუსულ კავშირებზე, გავლენებსა და შესაძლო შედეგებზე ფიქრიც დაიწყეს. კულისებში მოლაპარაკებები დიდხანს და უპრობლემოდ მიდიოდა. სწორედ ამ პოლიტიკური გარიგებების შედეგი იყო ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებები იმის თაობაზე, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ საუკეთესო შედეგი 40%-ის მოპოვება იქნებოდა. კოალიციის მმართველის ამ განცხადებამ ამერიკული პოლიტიკური წრეები დაამშვიდა, მით უფრო იმ ფონზე, რომ კოალიციაში წამყვან პოზიციებზე იმხანად ორი პროდასავლური ძალა _ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა ამერიკელების ეს სიმშვიდე ნაადრევი აღმოჩნდა, დალაგებული სქემა ციხის სკანდალურმა კადრებმა ბოლომდე არია, რომელიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა. ბიძინა ივანიშვილმა ხელები დაიბანა, _ კადრების არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი და სიტუაციას მე ვეღარ ვმართავო. ძნელი სათქმელია, რამდენად დაიჯერეს ოკეანის გაღმა ბიძინა ივანიშვილის ცრემლების, მაგრამ დღეს ნამდვილად აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ვლადიმერ ბედუკაძე იყო რუსული პროექტი და მას წინა ხელისუფლებაში მფარველებიც ჰყავდა. მოგვიანებით, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ამერიკელები კიდევ ერთხელ მოატყუა, როცა მათ დაჰპირდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრებოდა და მას საქართველოსა და უცხოეთში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნებოდა. სააკაშვილზე აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, საბოლოოდ, 5 პიჯაკზე და ერთ ქიშმირის პალტოზე ჩამოვიდა. ივანიშვილმა ვერ შეძლო, რომელიმე გავლენიან მაღალჩინოსანს მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, არაფორმალური მმართველი დღემდე ცდილობს მოიპოვოს ფაქტები, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ამერიკელი პარტნიორები სააკაშვილის კორუმპირებულობაში დაარწმუნოს, აქტიურად ეძებს უცხოეთში სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს და ამისთვის ხარჯავს უამრავ ფულს, რადგან დაქირავებული ჰყავს რამდენიმე გავლენიანი დეტექტივი. ჯერჯერობით, ამავე წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა წარმატებას ამ ფრონტზე  ვერ მიაღწია და არც პროკურატურის იმედი აქვს, რომ სააკაშვილზე რეალურ ფაქტებს დადებენ.

პუტინის მეგობარ ოლიგარქს, ბორის შპიგელს, ერთი ქართველი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ მაშინ შეხვდა, როცა ბიძინა ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო და მას ჰკითხა, _ რატომ არ ხვდება რუსეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს? შპიგელს გაუცინია და კითხვა დაუბრუნებია, _ რატომ უნდა შეხვდეს? ივანიშვილი მისთვის რიგითი ოლიგარქია, ასეთები რუსეთში ბევრნი არიანო…

2016 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად ამბობს, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა. რეალურად, არსადაც არ წასულა და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს საკუთარი პარტიის იმედი, რომ ისინი მისი უსაფრთხოებისა და გარანტიების დაცვას შეძლებენ. ივანიშვილი, რომელმაც სიტყვა რამდენჯერმე გატეხა, ოკენის გაღმა არასანდო პარტნიორია, თუმცა გარკვეული ბალანსის დაცვას, ამ დრომდე, მაინც ახერხებს. მას რამდენიმე საერთაშორისო პრობლემა დაუგროვდა. მართალია, საჯაროდ არ იმჩნევს, მაგრამ კარგად იცის, რომ არც საფრანგეთში აგორებული სკანდალი ყოფილა შემთხვევითი და არც პანამის დოკუმენტები გამოქვეყნებულა მხოლოდ პიარისთვის. გარდა იმისა, რომ დასავლეთში არაფორმალური მმართველობა სახიფათო და მიუღებელია, ოკეანის გაღმა განსაკუთრებით აღელვებთ ფულის გათეთრების სქემა და საქართველოში საპარტნიორო ფონდის საქმიანობა, სადაც დამფუძნებლები სწორედ რუსი ოლიგარქები არიან.

8 ოქტომბრის არჩევნები სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო გზაგასაყარზეა _ ან უბრუნდება ევროპულ განვითარებას, ან საბოლოოდ ხდება რუსეთის გუბერნია.

 

                                                                                                                      ელისო კილაძე