შალვა ნათელაშვილი: ,,თუ არჩევნები გაყალბდება, მიიღებს ლიბიას და ყადაფის ბედს ბატონი ბიძინი!“

sh5

არჩევნები კარს მოგვადგა, პარტიები დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენენ და სიებს აქვეყნებენ. „ქრონიკა+“-ის მკითხველს უთუოდ დააინტერესებს, თუ როგორ აფასებს არსებულ ვითარებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და რას მოიმოქმედებს, თუკი  მიიჩნიეს, რომ არჩევნები გაყალბდა?

შალვა ნათელაშვილი:

_ წინასაარჩევნო პროცესი მოსალოდნელ რეჟიმში მიდის და ოლიგარქია ჩვენს მართვას და დაცვას ცდილობს. უნდა, ფულით იყიდოს მანდატები და ხმები. ახალი გამოცდა დაგვიწესა ღმერთმა, ვისწავლით თუ არა ჭკუას წარსულის გამოცდილებიდან. ხალხი თუ ისევ გაბრიყვდა და ფულს გაჰყვა, ჩვენს ქვეყანაში არანაირი საშველი არ იქნება და ვერც ერთი პარტია ვერ გვიშველის. ამის წინაპირობები, ცხადია, უკვე ჩანს. გაიხედეთ, ჩოჩელიდან დაწყებული, გოდერძი ბუკიათი გაგრძელებული და ოქრიაშვილით დაგვირგვინებული, ყველა მილიონერია და მზადაა, იყიდოს მანდატი, საქართველო და კიდევ უფრო მეტი მილიონი და მილიარდი იშოვოს. სანამდე გაუძლებს ეს ქვეყანა ამდენ პარსვას, არ ვიცი!

_ მაჟორიტარობის გაუქმებას კი შეჰპირდა ქართველ ხალხს ივანიშვილი 2012 წელს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე ყველას დაასწრო და პირველმა დაასახელა მაჟორიტარები…

_ მოიკლა თავი და არ გააუქმა ეს ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან სერიოზული ზეწოლა იყო და მაქსიმუმი გაკეთდა ჩვენი მხრიდანაც, რომ ეს ზეწოლა ეფექტიანი გამომდგარიყო. თავი მოიკლა და ამაზე არ წავიდა, რადგან იცოდა, რომ ეს იქნებოდა მისი საბოლოო დაქცევა. ახლა მაჟორიტარების იმედზეა. მერე მათით მოაკოწიწებს კოალიციურ მთავრობას, ანდაც თუ ვერ მოაკოწიწებს, ესენი ეყოლება დამცველებად პარლამენტში, დაქირავებულ ადვოკატებად. ბულდოგი ძაღლებივით იქნება ეს ხალხი დაბმული პარლამენტში. ამიტომ დღეს საქართველოს ბედი გადის კრიმინალი მაჟორიტარების არჩევა-არარჩევაზე და არა პარტიების არჩევაზე. 75 მაჟორიტარი ნებისმიერ პარტიულ კოალიციას შექმნის, ან არ შექმნის.

_ ხალხი ამბობს, რომ „ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებიდან უმეტესობა ყოფილი „ნაციონალია“, ზოგიც ყოფილი დამნაშავე, ან ბნელი წარსულის ადამიანი. რას იტყვით მათ მაჟორიტართა სიაზე?

_ ხალხი ჰაერზე კი არ ამბობს ამას, ეს არის ფაქტი. ისინი იყვნენ სააკაშვილთან და მერე გადმოპორტირდნენ, თუმცა რეალურად არსადაც არ გადასულან. იგივე ადგილზე არიან, რადგან სააკაშვილი და ბიძინა ერთად იყვნენ. ერთი იყო პოლიტიკური ლიდერი, მეორე _ ფინანსური, მერე ერთმანეთი ჩაანაცვლეს და ერთმანეთის გუნდი მემკვიდრეობით დარჩათ. არსად არ გადასულან, ეს ერთი გუნდია სხვადასხვა სახელწოდებით. ხომ არსებობენ ორსახელიანი ადამიანები, ვთქვათ, ჰქვია ვახტანგი და ისე ეძახიან მერაბს, აქაც ასეა.

_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ „ოცნებას“ ასეთი ფორმით, ხავერდოვნად მოჰყავს ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობაო“ და შეიძლება, ეს სიმართლე იყოს?

_ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მოსულია, უფრო სწორად, იქ ისევ არიან „ნაცები“ და რა ერქმევა იმ პარტიას იუსტიციის სამინისტოში, ამას რა მნიშვნელობა აქვს? „ნაცი“ არ არის ივანიშვილი, „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა? „ნაცი“ არ არის კახი კალაძე, სააკაშვილს კუდში რომ დაჰყვებოდა და რეკომენდაციას უწევდა საარჩევნო კამპანიების დროს და ჩვენ რომ გვაცხადებდა რუსეთის აგენტურად 2007 წელს? „ნაცი“ არ არის გოდერძი ბუკია, ცეზარ ჩოჩელი, ოქრიაშვილი, კვირიკაშვილი, აბა, რა უბედურებაა? „ნაცია“ ყველა, კაცო.

_ თქვენ კი ამბობთ, რომ ამ ყველაფერს ახლაც ივანიშვილი აგვარებს, მაგრამ ის მაჟორიტარების წარდგენებზე არ გამოჩენილა და როგორც ამბობენ, არჩევნებშიც არ მონაწილეობს, ამჯერად არავის აფინანსებსო და ა. შ. ეს სიმართლე არ არის?

_ არ დაიჯეროთ ასეთი რამ. ეს არის უსაშინლესი კაცი, როგორიც  არასდროს შობილა საქართველოს ისტორიაში. ის ამჯერად აფინანსებს არა მარტო თავის პარტიას, არამედ მთელი პრორუსული კატაფონია ვისგანაც არის ატეხილი, ყველას აბსოლუტურად აფინანსებს ეგ _ პრორუსულსაც, თავის პარტიებსაც. ჩემი ინფორმაციით, „ნაცების“ დეპუტაციის ნახევარსაც ეგ უხდის ფულს ყოველთვიურად კარგა ხანია.

_ „ოცნებამ“ ცსკ-ს ცენტრისტების აკრძალვა მოსთხოვა და თუ თავად აფინანსებს, ამას ხომ არ გააკეთებდა?

_ იმდენი ახალი პარტია იქმნება, მათი სახელების დამახსოვრება შეუძლებელია. „ოცნების“ ხალხმა ცსკ-ს კი არა, პირველად თავიანთ ლიდერ ივანიშვილს უნდა მიაკითხოს, რომლის შემოქმედებაც არის ეს პარტიები. ისინი პირდაპირ ამბობენ კიდევაც, როგორც ივანიშვილი გვეტყვის, ისე მოვიქცევითო. ამიტომ ეს არის ერთი გველეშაპის რამდენიმე თავი. ახლა იმიტომ გამოვიდნენ ასეთი განცხადებებით, რომ ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშები ევროპაში არ დაყადაღდეს და საფრთხის ქვეშ არ დადგეს, რადგან მისი ფინანსებით არის ეს პარტიები შექმნილი, რა თქმა უნდა, რუსეთის დავალებით.

_ ივანიშვილმა სახელმწიფოს შეკვეთილში ფილარმონია, ასევე  მინიატურების მუზეუმი აჩუქა. ამ დღეებში რაც მოხდა, მხოლოდ იმას ვიხსენებ და ეს ქართველი ხალხისთვის არაფერს ნიშნავს?

_ ქართველი ხალხი მისგან ელოდებოდა ეკონიმიკის, ბიზნესის აღორძინებას, ბიუჯეტის გასამმაგება-გაოთხმაგებას, სამუშაო ადგილებს, ფაბრიკა-ქარხანას, დაბალპროცენტიან კრედიტებს და ა. შ. როცა ამას გააკეთებდა, მერე ქართველი ხალხი თავად ააშენებდა ფილარმონიასაც და საკონცერტო დარბაზსაც. ეს საკონცერტო დარბაზი ააშენა თავისთვის, თავად ემღერება და ეცეკვება, თავად სიამოვნებს ოჯახთან ერთად იქ და იღებს ნეტარებას. ის ქართველი ხალხისთვის არ აუშენებია. შია ქართველ ხალხს და გრიგოლეთში კონცერტებზე სასიარულოდ და აგილერას მოსასმენად არ სცალია. ინტერნეტის ეპოქაა, ჩართავ და ნებისმიერ სიმღერას მოუსმენ.

_ ამბობენ, ყველა კონცერტზე დარბაზი ივსებაო და აბა, ესენი ვინ არიან?

_ იმ დარბაზს კარგად დააკვირდით და ამოიცნობთ ოლიგარქის მთავრობას, მაგათ ჩინოვნიკებს, შემოსავლების მქონე ტურისტებს და ა. შ. გინახავთ იქ ვინმე საშუალო ფენიდან წასული, რომელსაც პური და ხორცი თვეობით ენატრება და წლობით? ასეთი კი საქართველოს 70 პროცენტზე მეტია.

_ სხვა პარტიების კანდიდატებზე რას იტყვით? „ნაციონალებმა“ სამეგრელოში სააკაშვილის მეუღლე _ სანდრა რულოვსი დაასახელეს დეპუტატობის კანდიდატად და მისი გამარჯვებისაც სჯერათ. თავად სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და დღეებს ითვლის. მართლა ასეა საქმე?

_ სხვა პარტიებზე ვერაფერს გეტყვით, სხვების საქმიანობას არ ვუკვირდებით, რადგან ამის დრო არ გვაქვს. სიცხის მიუხედავად, ძალიან დაძაბულ რეჟიმში, დღე და ღამე თავაუღებლად ვმუშაობთ. სხვა პარტიების ლიდერებიდან კი ბევრი ახლაც წამოკოტრიალებულია ძალიან ფეშენ ოქროს პლაჟებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ აქცენტირებული ვართ იმ ხელისუფალზე, რომელიც ამდენ ბოროტებას თესს საქართველოში. სააკაშვილი რას აპირებს, ვერ გეტყვით. მასე, 25 წელია, იგორ გიორგაძე აპირებს ჩამოსვლას. ასევე არიან ასლან აბაშიძე და სხვები, მაგრამ ჩამოვიდნენ? ვინ როდის ჩამოვა, ვერ გეტყვით. სააკაშვილის ჩამოსვლა ნიშნავს საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას და მე მგონი, ეს მას უნდა ესმოდეს.

_ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ არჩევნებისა და პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებული ხალხი შეიძლება აღარ მივიდეს არჩევნებზე…

_ ეს იცით, რა იქნება? ნათქვამი რომ არის, ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თავად იკრაო. ასე იზამენ არმისვლით.

_ იმის მოლოდინიც არის, რომ თითქოს ვიღაც-ვიღაცებს უნდათ, საქართველოში მეიდანი მოაწყონო…

_ თუ არჩევნები გაყალბდება, მეიდანს კი არ მიიღებს, მიიღებს ლიბიას და ყადაფის ბედს ბატონი ბიძინი.

_ „ლეიბორისტული პარტია“ კანდიდატების სიას როდის გამოაქვეყნებს და ვის ვიხილავთ იქ, ნაცნობ სახეებს თუ ახალს?

_ ეს იქნება, ძირითადად, პარტიული სია. დანარჩენს თავად მალე ნახავთ.

_ თქვენ იმ პარტიის ლიდერი ხართ, რომელსაც მოგებული არჩევნები გაუყალბეს და პარლამენტში არ შეუშვეს. ახლა არ გეშინიათ, რომ შეიძლება იგივე მოხდეს?

_ რა, ერთხელ გაგვიყალბეს მხოლოდ?  1999-ში მოგებული არჩევნები ერთად გამიყალბეს ედუარდ შევარდნაძემ, სააკაშვილმა და ჟვანიამ. მერე ერთად აღნიშნეს რესტორან „არაგვში“ პარლამენტის გარეთ ჩვენი დატოვება და ნაცვლად შეიყვანეს ბანდიტი თოფაძე-ტყემალაძე და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 2003-ში ფერადი რევოლუცია მოგვიწყვეს ბიძინა ივანიშვილმა, სააკაშვილმა და შევარდნაძემაც. ევროპის სასამართლომ არჩევნების მსხვერპლად გვცნო და ასეთი ვართ დედამიწის ზურგზე ერთადერთი პარტია. ის იმედები, რომ ხელს ჩავიქნევდით, პოლიტიკიდან წავიდოდით და მოგვბეზრდებოდა მათ გამო ეს ყველაფერი, წყალში ჩაეყარათ. ყველას გავისტუმრებთ და ვისტუმრებთ პოლიტიკურ საიქიოში! ჩვენ აუცილებლად მოვალთ.

_ მაინც დავუშვათ რაღაც პროცენტი, რომ კვლავ გაგიყალბონ არჩევნები, რას გააკეთებთ?

_ იგივე რომ მოხდეს, ხალხს მოვუწოდებ რევოლუციისკენ და დარწმუნებული ვარ, დასავლეთის მხარდაჭერაც მექნება.

_ იმედია, ეს არ გველის და მომდევნო ინტერვიუს თქვენთან, როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერთან, ისე ჩავწერ…

_ იმედი კი არა, ალბათ, ასეც იქნება.

 

                                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი