გიორგი ბარამია: ,,აფხაზები აჯანყდებიან, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარების ხელს არ გაუწვდის!“

b6

„თუ აფხაზები დამოუკიდებლობის თამაშს დაიწყებენ, „მენარქოს პრინციპი“ ამოქმედდება, ანუ მესამე ძალის გადათამაშება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმცირესობაში დარჩენილ აფხაზურ ეთნოსს ზუსტად იგივე სცენარს გაუთამაშებენ, რაც ქართველებს გაუთამაშეს, თავის დროზე, აფხაზების მეშვეობით. აფხაზები აჯანყდებიან და საბოლოოდ დაიღუპებიან, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარების ხელს არ გაუწვდის“, _ „ქრონიკა+“-თან მრავალწლიან დუმილს არღვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბარამია:

 

_ წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და შეიძლება ითქვას, არ გამიჟღერებია იმ საშიშროებისა და ნაღმის შესახებ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში დევს. აფხაზურმა საზოგადოებამ იმდენად უსუსურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რომ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებმა ღიად დაიწყეს გამოსვლა და კულტურულ ავტონომიას ითხოვენ. უახლოესი მონაცემებით დღეს აფხაზები არიან უმცირესობაში, დაახლოებით, 40-50 ათასია მათი რიცხვი. სომხები მათ ორჯერ აჭარბებენ, სხვა ეროვნებები, ჯამში, დაახლოებით, 25 ათასია. მესამე ძალამ სარგებელი ნახა. არანაირი ინფრასტრუქტურა არ განვითარებულა. გარკვეული ოლიგარქიული ჯგუფი ჩალის ფასად ყიდულობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწებს და ინტენსიურად ხდება მილიტარიზებული რეგიონის უფრო მეტად მილიტარიზაცია. ბოლო მონაცემებით, გალის რაიონში 6 სამხედრო ბაზაა. იგივე ოჩამჩირე, ეს საუცხოო კურორტი, დღეს სამხედრო ქალაქად გადააქციეს. აფხაზეთი რუსებს სჭირდებათ თავიანთი გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული ინტერესებისთვის და სრულიად არ აინტერესებთ აფხაზი ერის ბედი. ამ ბოლო დროს, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდს ვგულისხმობ, ხშირად ისმის ასეთი კითხვები: რა უნდა გააკეთოს დანარჩენი საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან დიალოგი აღდგეს?..

_ იმას გულისხმობთ, არის თუ არა შანსი, რომ გარკვეული პოლიტიკური თუ არა, საზოგადოებრივი კავშირი აღდგეს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობასთან?

_ საზოგადოებრივ საწყისებზე მეტად აქ პოლიტიკური ფორმატია მნიშვნელოვანი, თუმცა ეს უკანასკნელი, ისევ და ისევ, სახალხო დიპლომატიის, მაგალითად, სახალხო კრების ფორმატს ეყრდნობა.

_ ბატონო გიორგი, რომელმა მათგანმა გაამართლა ამ წლების განმავლობაში? _ ვერც სახალხო კრების ფორმატმა და ვერც სახალხო დიპლომატიის…

_ ვერ დაგეთანხმებით! სახალხო დიპლომატიის ფორმატი ყოველთვის მუშაობდა და მომავალშიც იმუშავებს. სეპარატისტული მთავრობა, ძირითადად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმზეა დამოკიდებული და მის გარეშე, სამწუხაროდ, არავითარ მოლაპარაკებაზე არ მოდის დანარჩენი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, სწორედ სახალხო დიპლომატია, იგივე უხუცესთა საბჭოს ინსტიტუტის აღდგენა მიმაჩნია აუცილებელ პირობად, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია. თქვენ რომ ამბობთ, არ გაამართლაო, სახალხო დიპლომატიის ფორუმი გავაკეთეთ 2010 წელს აჭარაში, სადაც მუჰაჯირობის მსხვერპლი აფხაზები, ამ ფორუმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ თავიანთ ნათესავებს შეხვდნენ. ეს იყო გრანდიოზული ღონისძიება და ამან დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ადგილობრივ, ისე აფხაზურ საზოგადოებაში. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ _ სახალხო დიპლომატია პირდაპირი დიალოგია ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან.

_ როგორი პირდაპირი დიალოგია? ფორუმებზე, საიტებზე გვლანძღავენ!

_ გასაგებია, ამაზეა სწორედ სამუშაო. იქ რადიკალურად განწყობილი გარკვეული ჯგუფია, სწორედ ის არის განსაკუთრებით აქტიური. მაგრამ არსებობს კონტინგეტი, რომელიც დღემდე გადმოდის დანარჩენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძალიან დიდი რისკფაქტორის შემცველია ასეთი მგზავრობა.

_ რატომ არის სახიფათო?

_ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, იგივე რუსეთის სპეცსამსახურები, უშლიან მოსახლეობას დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას. ამ დროს, ისინი გადმოდიან იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც ადგილზე ვერ უმკლავდებიან, მაგალითად, ამ მხრივ საკმაოდ აქტუალურია ჯანდაცვის პრობლემები. ე. ი. ისინი გადმოდიან იმიტომ, რომ იმედი აქვთ, ქართველები ნებისმიერი იმ პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარებიან, რომელიც, სამწუხაროდ, დღესდღეობით დგას ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე.

_ თქვენ ახსენეთ უხუცესთა საბჭოს აღდგენის საკითხი. უხუცესთა საბჭო დაშლილია და აღარ არსებობს?

_ არა, უხუცესთა საბჭოს ინსტიტუტი აფხაზეთში ადრეც მუშაობდა, ოკუპირებულ პერიოდშიც მუშაობს და იმუშავებს. მე ის ვიგულისხმე, რომ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები, თავის დროზე, გადმოგვყავდა და მუხაჯირების შთამომავლებთან ვახვედრებდით. ყოველი ასეთი შეხვედრა აჭარელი აფხაზებისა ოკუპირებულ აფხაზებთან ძალიან ემოციური იყო ხოლმე. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მთავრობა ამას აღარ აკეთებს. რატომ?! იმიტომ, რომ ეს ურთიერთობები ყოველთვის იმუშავებს.

_ ჯანდაცვის პროგრამა, როგორც ვიცი, ისევ მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის.

_ ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო კუთხით ძალინ სერიოზული პრობლემებია. შესაბამისად, როცა ისინი დანარჩენ საქართველოში გადმოდიან, იციან, რომ ქართველები ზურგს არ შეაქცევენ. მეორე მხრივ, როცა რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან, მათ იქ უფასოდ არ მკურნალობენ. ამ შეჭირვებული მოსახლეობისთვის უკეთესი რომელია _ წავიდეს, ფული გადაიხადოს, თუ გადმოვიდეს დანარჩენ საქართველოში, სადაც მათ, როგორც ძმებს, ისე ხვდებიან და მკურნალობენ თითქმის უფასოდ? ეს პროგრამა, თავის დროზე, ჩვენი ინიციატივით შემუშავდა მაშინდელი ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით. შედეგად მან გამოიწვია სამი რამ: ნდობის აღდგენა, გუშინდელი მტერი მოყვრად იქცა, იმიტომ რომ ქართველი აფხაზს გაშლილი ხელებით დახვდა და ბოლომდე აღუთქვა ძმობა. და მესამე: სამკურნალოდ გადმოსულმა ბევრმა იქაურმა მოსახლემ დანარჩენი საქართველოს მოქალაქეობა აიღო ჩვეულებრივად და იმ პრეროგატივებით სარგებლობა დაიწყო, რაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამ გზით, 2009-დან 2012 წლამდე 3000-მა აფხაზმა აღიდგინა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეობა. დაინტერესდით, ერთმა მაინც თუ გამოთქვა ამის ამის სურვილი? სწორედ ეს ფაქტორი ლაპარაკობს იმაზე, რომ სახალხო დიპლომატიამ ყველაზე დადებითი როლი ითამაშა ამ პროცესში. ჩვენ არ შეიძლება, მათ ვუწოდოთ მტრები. ეს დიდი შეცდომაა. რა თქმა უნდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტულად განწყობილი პირები არიან და მათი რიცხვი არც ისე მცირერიცხოვანია, მაგრამ მათმა ცხოვრებამ წინ ვერ წაიწია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღემდე არ განხორციელებულა არც ერთი სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი, იგივე სტაგნაციურ მდგომარეობაში დარჩა, როგორშიც იყო კონფლიქტურ სიტუაციამდე. პაატა ზაქარეიშვილს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. აფხაზებს ეგონათ, რომ ისინი წარმატებულები იქნებოდნენ და მიიღეს პირიქით. საბოლოო ჯამში, აფხაზური ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი გზა არის დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრირება.