გია ხუხაშვილი: „ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მეორე დღეს ვერ გამოაცხადებს გამარჯვებას, ფსიქოლოგიურად წაგებულია!“

ex

საქართველო წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. პოლიტიკური პარტიები ცდას არ აკლებენ, რომ მოსახლეობის მეტ რაოდენობას შეხვდნენ და მისი მხარდაჭერა მოიპოვონ. ტელეეკრანებიდან ისეთი „ნეტარი“ დაპირებები ისმის, რომ, ერთი შეხედვით, ივერიის გაბრწყინებას არაფერი უკლია.

 

მიმდინარე საარჩევნო პროცესზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო გია, რა ნიშნით მიმდინარეობს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია?

_ მთავარი, რაც ამ საარჩევნო პროცესს ახასიათებს ის გახლავთ, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებულია. ამას თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს. ისინიც კი, რომლებიც არჩევნებზე მიდიან (ბოლო კვლევებით მათი რაოდენობა, დაახლოებით, 60-დან 65%-მდეა), ამ ადამიანების 35-40% ამბობს, რომ არჩევანი არ გაუკეთებია. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ამ საარჩევნო პროცესისთვის არის დამახასიათებელი _ სკეპტიკური განწყობა პოლიტიკური ელიტისადმი.

მეორე, რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია, ის გახლავთ, რომ ორი მთავარი და ყველაზე რეიტინგული პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა ძალიან მაღალია. ასეთი ნეგატიური მაჩვენებელი პირველ შემთხვევაში 21%-ია და მეორე შემთხვევაში _ 19%. ვინ არის ეს ამომრჩეველი? ის ადამიანები არიან, რომლებიც მათთვის არასასურველი არჩევანის შემთხვევაში მზად არიან, აგრესიულად გამოხატონ თავისი პროტესტი, ანუ ქუჩის აქციებს შეუერთდნენ. შესაბამისად, კრიტიკული მასა ძალიან მაღალია და ეს დღის წესრიგში ტოვებს საშიშროებას, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სერიოზული კრიზისი ჩამოყალიბდეს.

მესამე ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, როგორც პოლიტიკური ერთეული, ვერ ჩამოყალიბდა. ამ პარტიის პოლიტიკური ელიტა მთლიანად, ისევ და ისევ, ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებს _ როგორც მორალურ რესურსებზე, ასევე მატერიალურზე. შესაბამისად, ასეთი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა (თუ წარმოვიდგენთ სიტუაციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი მხრებიდან ჩამოიფერთხა, ანუ რეალურად დისტანცირდა პოლიტიკისგან), შეიძლება ქვეყნისთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგების მომტანი გახდეს.

არაფერი ისეთი განსაკუთრებული, ჯერჯერობით, არ ხდება, მაგრამ ვითარება ფეთქებადსაშიშია. ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა მოვიდეს, თუ ასეთი დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, ის სუსტი ლეგიტიმაციის მატარებელი ხელისუფლება იქნება. ასეთი ხელისუფლებები საქართველოში მოღვაწეობას როგორც ამთავრებენ, კარგად ვიცით. პოსტსაარჩევნო კრიზისის გადალახვა რომც მოხერხდეს, მაღალი ალბათობით, უბრალოდ, ასეთი ტიპის ხელისუფლებას შემდეგი ოთხი წელიწადი სერიოზული რყევების გარეშე მართვა ძალიან გაუჭირდება.კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ ორი პოლუსის (რომელიც მუდმივად გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ ისინი არიან პოლიტიკურ ველზე და სხვა არავინ არსებობს, ანუ აქ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“) ჯამური რეიტინგი 40%-ს არ აღემატება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ისინი ერთადაც კი ვერანაირად ვერ ადგენენ საკონტროლო პაკეტს, მათი სავარაუდო შეერთების შემთხვევაშიც კი ვერ მოდიან ძალაუფლებაში. ეს არის ნეგატიური მახასიათებლები.

რაც შეეხება პოზიტიურ ნიშნებს, დღევანდელი საარჩევნო ვითარება, რასაკვირველია, მეტი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა 2012 წელთან შედარებით. შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ იმის მცდელობები აქვს, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო ინსტრუმენტები გამოიყენოს, ჩვენ ვხედავთ, რომ მათ პრაქტიკაში ამის გამოყენება უჭირთ. ისინი ვერ ახერხებენ ამ ყველაფრის ხარისხიანად დანერგვას წინასაარჩევნო პროცესში და ეს, რასაკვირველია, სივრცეს ხსნის იმისთვის, რომ დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას, თუ რამის თავი აქვს, რაღაცნაირად, უფრო აქტიური იყოს. მედიის მხრივაც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის. ელექტრონული მედია პლურალურია. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დრამატული პერიპეტიების მიუხედავად, სადღეისო მდგომარეობით და ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე, სავარაუდოდ, განსაკუთრებული არაფერი მოხდება. ეს უფრო ხსნის საინფორმაციო სივრცეს და მეტ საშუალებას აძლევს მთელ პოლიტიკურ სპექტრს.

_ რამ გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირება, ამის მიზეზები სად უნდა ვეძებოთ?

_ ეს ნაწილობრივ იმან გამოიწვია, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა. მათ კარგად დაინახეს, რომ ამ მუდმივი დაპირისპირებით, ურთიერთესკალაციით შეეძლოთ ეს პოლიტიკური ველი გაეწმინდათ, ანუ მთელ საინფორმაციო სივრცეს ისინი ავსებენ და ამით რაღაც სუბიექტურ განცდას ქმნიან, რომ აქ სხვა არავინ არის. პრინციპში, მათ შორის ისევ ნეგატიურ არჩევანს სთავაზობენ საზოგადოებას.ისინი, ერთი მხრივ, არწმუნებენ, რომ სხვა არავინ არის, არჩევანი ჩვენ შორის უნდა გაკეთდესო და მუდმივად ნეგატიურად წარმოადგენენ ერთმანეთს. ერთი ამბობს, რომ აი, თუ მე არ ამირჩევ, მიშა მოვა და ყველას შეგჭამთო. მეორე, თავის მხრივ, ამბობს, რომ ესენი სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევენო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივე ნეგატიური გზავნილი ნაწილობრივ შეიძლება გავიზიაროთ (რადგან ორივე გზავნილში გარკვეული ლოგიკაა), მაგრამ ისინი ამას იყენებენ წმინდა ტექნოლოგიურად და აღნიშნულ იწილო-ბიწილოში არანაირი სახელმწიფოებრივი მიზნები არ გააჩნიათ.  მეორე მხრივ, პრობლემა ისაა, რომ დღეს ამ გაგებით, როდესაც 65% არ მიდის არჩევნებზე, ან არ იცის, წავა თუ არა, ან მიდის, მაგრამ ამბობს, რომ არჩევანი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ქუჩაში აგდია. დანარჩენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც მიიჩნევს, რომ ცუდი ხელისუფლება ჰყავს და ასევე ცუდი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მესამე არჩევანს ეძებს. მაგრამ აღნიშნულ მესამე შეთავაზებას, სრულფასოვანსა და ღირსეულს, ვერავინ აძლევს. სწორედ ეს არის, ერთი მხრივ, ამ პარტიების ტექნოლოგია და, მეორე მხრივ, დანარჩენი პოლიტიკური ელიტის უსუსურობა.

_ ამის გათვალისწინებით, რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ პერსპექტივა, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ?

_ დაბალი აქტივობის შემთხვევაში თუ ეს სურათი და სტატუს კვო შენარჩუნდა (როცა ამომრჩევლის უმრავლესობა არ წავა არჩევნებზე იმ მიზეზით, რომ პროტესტს უცხადებს არსებულ რეალობას და ვერ იპოვის არჩევანს), ჩვენ, სავარაუდოდ, პარლამენტში 4-5 პოლიტიკურ პარტიას ვიხილავთ. ბუნებრივია, ეს იქნება „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, პაატა ბურჭულაძე, თუ იქ რაღაც საოცრება არ მოხდა, ასევე „პატრიოტთა ალიანსი“. „თავისუფალი დემოკრატები“ ბარიერს ან გადალახავენ, ან _ ვერა. გააჩნია, როგორ დასრულდება ის სპეცოპერაცია, რაც ამ დღეებში მათ თავზე ტრიალებს. ეს პროცესი განსაკუთრებით ამ დღეებში გააქტიურდა. აი, ეს 4-5 ძალაა. მაგრამ თუ ამომრჩეველმა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, წავიდა არჩევნებზე და ჩვენ მივიღეთ ისეთი აქტივობა, რომელიც აქამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის დამახასიათებელი იყო, ანუ 60-65%, ამ შემთხვევაში შანსები სხვა პარტიებსაც ეძლევა. დამატებით იქ შეიძლება ვიხილოთ „ლეიბორისტული პარტია“, ნინო ბურჯანაძე, კიდევ სხვა ვინმე. ამ შემთხვევაში, უკვე 7-8 პარტია იქნება. და რაც მთავარია, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების ფორმირება მოახერხოს, ანუ ხმების 50% აიღოს. ასეთ დროს პოსტსაარჩევნო საპარლამენტო კოალიციის ფორმირების  აუცილებლობის წინაშე დავდგებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გარკვეულ სირთულებს უკავშირდება, მაინც, ალბათ, უკეთესი სცენარია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. უკეთესია, ვიდრე პირველი სცენარი, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ იდგება და, შესაბამისად, პოსტსაარჩევნო კრიზისის ჩამოყალიბების შანსები ძალიან მაღალი იქნება.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებს, რომ ის მთავარ აქცენტს, ფსონს ე. წ. მაჟორიტარულ არჩევნებზე ჩამოდის. მათ იციან, რომ პროპორციული სიით უპირატესობას ვერ მიიღებენ, ამიტომ, პრინციპში, მზად არიან, ნებისმიერს შეეკრან, მათ შორის, ყოფილ „ნაციონალებს“ და ჩვენ ვნახეთ ამის პრეცედენტები, ასეთი მეტი იქნება. როდესაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობით“ კენჭნაყარი ადამიანები ახლა „ქართული ოცნებიდან“ იყრიან კენჭს, ეს მორალურად რას ნიშნავს, ცალკე საკითხია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისინი ცდილობენ, ამ მაჟორიტარებით მოიგონ არჩევნები, პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავენ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან. იდეოლოგიურად თავის პარტიას კი არ ავითარებენ, არამედ მზად არიან ნებისმიერ ადამიანთან შესაკვრელად. ასეთი აქცენტები აქვთ, რადგან იციან, პირველ ტურებში მოგება გაუჭირდებათ, მაგრამ პირველ ადგილებზე გავლენ და მეორე ტურისთვის მაჟორიტარების ხარჯზე მოახერხებენ და უმრავლესობას აიღებენ. მაგრამ მათ ერთი მარტივი რამ ავიწყდებათ: ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მეორე დღეს ვერ გამოაცხადებს გამარჯვებას, ფსიქოლოგიურად წაგებულია. მეორე ტურისთვის ამ ფსიქოლოგიური მარცხის გამო შიძლება ძალიან სავალალო შედეგების პირისპირ დადგეს. ანუ ხელისუფლების მთავარი კოზირი ძალის დემონსტრირებაა. 9 ოქტომბერს თუ „ქართული ოცნება“ ვერ გამოაცხადებს გამარჯვებას (და, სავარაუდოდ, ასე იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრგან მეორე ტურები ჩატარდება), ის ფსიქოლოგიურად დამარცხდება და ამის შემდეგ შეიძლება პროცესი მათთვის უკუღმართად წავიდეს. ადამიანებს განცდა აქვთ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება და 9 ოქტომბერს ყველაფერი გვეცოდინება. ასე არ იქნება. რეალურად, 8 ოქტომბერს არჩევნები კი არ მთავრდება, ამ დღეს იწყება ნამდვილი პოლიტიკური შეტაკება, რომელიც ოქტომბრის განმავლობაში, მეორე ტურების დროს, ან ასე და ან ისე დაიხურება.

 

ნოდარ ნათაძე, „სახალხო ფრონტი“, ქართული პოლიტიკის ვეტერანი:

_ „ნაცები“ და „ქოცები“ ერთი გუნდია, ერთი პატრონი ჰყავთ, ორივე რუსეთის აგენტია. შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილი რუსეთის აგენტურის ურთიერთმომდევნო საფეხურებია. მათი ძალა არა მარტო ფრაქციათა სიმრავლეში, არამედ მათ ჯამურ სიმრავლეში მდგომარეობს. ჯამურად, პარლამენტის თითქმის 100%-ს წარმოადგენენ. ერთად მუშაობენ და დღესაც მთელი პარლამენტი ერთობლივად უჭირავთ. უნდათ, რომ ეს რეალობა ასი წელიწადი გააგრძელონ. დღეს 60% მე, 40% შენ და ხვალ პირიქით იყოს და ა. შ. ერთმანეთში მორიგებული არიან. ამ ეტაპზე მათ ხელს არაფერი უშლის, რადგან, ჯერ ერთი, არჩევნები ტოტალურად გაყალბებისთვის გამზადებულია და მეორე, უბრალოდ, კონკურენტი არ ჩანს. მაგრამ მე ძალიან ვცდილობ და ეს გაკეთდება კიდეც, შეიქმნება ნამდვილად ეროვნული და პატრიოტული კოალიცია, რომელიც მათ შეებრძოლება, რომელსაც პროგრამა აქვს და მის დაწერაში მეც მივიღე მონაწილეობა. აქ მხოლოდ გამართული ხალხი მიიღებს მონაწილეობას, 8 სექტემბრამდე ვასწრებთ ამის გაკეთებას. ამ კოალიციას შეუძლია, რუსეთს ებრძოლოს და ისიც, რომ დასავლეთს, ჩვენს გარდაუვალ მოკავშირეს, ეკამათოს, ყველა ეს კამათი მოიგოს: ეს გეიაღლუმის თემა იქნება, კანონმდებლობის დადამბლავება თუ სხვა. დღეს ყველაფერი პარლამენტის ხარისხზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უმრავლესობით მოგების იმედი არ არსებობს, მაგრამ თუ ორი-სამი კაცი მაინც გავიდა, ისინი პარლამენტის შიგნით „ნაცებსა“ და „ქოცებს“ დედას უტირებენ ერთად აღებულს. თუ ვერ გავიდა, ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში ხარისხი, ასევე ვინაობა მაინც გამოჩნდება, რეალურად, ვინ ვინაა და ვინ რა არის, ვინ არის ნაგავი და ვინ არის კაცი, პატრიოტი და ქართველი. სწორედ ამ პროცესში ვმონაწილეობ. კენჭს არ ვიყრი, მე 87 წლის ვარ და რა დროს ჩემი კენჭისყრაა. მაგრამ პროცესში მთელი ჩემი შეძლებით ვმონაწილეობ. ჩვენი იდეოლოგია განათლებული ნაციონალიზმია. იქ პასუხია არ მარტო რუსებისთვის, რომლებიც პრიმიტივები და ერთუჯრედიანები არიან ამ საქმეში, არამედ მსოფლიოს იმ ნაწილისთვის, რომელიც თავს იმის უფლებას აძლევს, რომ სიტყვა ნაციონალიზმი არასაკმარისი პატივისცემით მოიხსენიოს.

_ რა ძალები შედიან აღნიშნულ კოალიციაში?

_ ამას, ჯერჯერობით, არ ვახმაურებთ. ერთ კვირაში გაცხადდება.

_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან?

_ ჩვენ ვიცით, ვინ არიან, რანი არიან და ასევე ვიცით, რომ იმ საარჩევნო კომისიებიდან, რომელიც შევარდნაძე-სააკაშვილს ემსახურებოდა და ახლა ამათ ემსახურებიან, დღემდე არც ერთი კაცი არ დაუკითხავთ. დაჭერასა და ჩამოხრჩობაზე კი არ გეუბნებით, ერთი კაცი არც კი გამოუკითხავთ. რომ აყალბებდი, რატომ აყალბებდი? პირიქით, კომისიის ერთ-ერთი ყოფილი თავმჯდომარე მერე ვიღაცებმა პრეზიდენტის კანდიდატად წარადგინეს, ხომ გახსოვთ ეს ამბავი? თაღლითი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე იყო წარდგენილი, სხვაზე რა უნდა ვთქვათ? ეს აპარატი აწყობილია და დღემდე მუშაობს. ახალ მეთოდებს იგონებენ, მხოლოდ ძველის იმედად კი არ არიან.

_ 8 ოქტომბერს რას ელოდებით?

_ სხვათა შორის, ერთ-ერთი მცდელობა, რომელიც იქნება (არა ერთადერთი), ეს სამოქალაქო ცემა-ტყეპის ორგანიზებაა, გამწარებული სამოქალაქო ბრძოლის გამოწვევაა. ისეთი კი არა, ბუტაფორიული, როგორიც ზვიადის დროს იყო, ნამდვილი, გამწარებული სამოქალაქო კონფლიქტი იქნება. ძალიან შეეცდებიან ამის ორგანიზებას. შეიძლება, ქართველებს ჭკუა გვეყოს და ამას არ ავყვეთ, მაგრამ ამის ორგანიზებასაც შეეცდებიან სხვა ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა, რაც აირჩევა, იქნება ნაგავი და, ამგვარად, პირველივე წუთებიდან დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადგება. ამასობაში სიტუაცია გარედანაც გართულდება, რადგან ფიზიკური კონფლიქტის გამწვავება ჩვენს რეგიონში ჩვენგან დამოუკიდებლად შესაძლებელია. შავი ზღვის გამაგრება ნატოს მიერ, მისი შემოსვლა გადაწყვეტილია და მას ვერავინ შეაჩერებს. რუსულ-თურქული ავიაცია მათ ფეხებზე ჰკიდიათ, ეს მათთვის დაბრკოლება არ არის. ნატოს ფლოტის შექმნა შავ ზღვაში დაიწყება და ეს პროცესი წარმატებით წავა.

პუტინი სიმულიანტობს, თითქოს ამას სამხედრო ძალით აღუდგება, მაგრამ ამას ვერ დაუპირისპირდება. ეს ბოლო დღეებშიც დადასტურდა, მაგრამ პროცესი დიდი სიმწვავის მატარებელი იქნება. სხვათა შორის, გაეროს უფლება აქვს, რომელიმე გაუბედურებულ ქვეყანაში თვითონ ჩაატაროს არჩევნები, მისივე დაფინანსებით, ოღონდ ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართოს, მოდი, არჩევნები ჩამიტარეო. ახლა ამ არჩევნების შედეგად ჩვენთან მიუღებელი ხელისუფლება რომ იქნება, ეს ცხადია, მაგრამ იძულებული მაინც გახდება, რომ გაეროს მოსთხოვოს, არჩევნები ჩამიტარეო. ამ გზით ჩატარდება პირველი ადეკვატური არჩევნები ზვიად გამსახურდიას შემდეგ. ამის იმედი მაქვს.

 

                                                                                                        გელა მამულაშვილი