რას მალავს გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსი?!

mk3

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანის პოლიციის უფროსის, გიორგი კრაწაშვილის დაკავებას და შემდეგ თანამდებობიდან მის განთავისუფლებას ივლისში არ ადასტურებდა. როგორც კულუარულად ცნობილია, 4 ივლისს, ღამით, შსს გენინსპექციის წარმომადგენლებმა კრაწაშვილი ქრთამის აღებისთვის დააკავეს და მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. მას მერე გიორგი კრაწაშვილი გურჯაანის პოლიციაში აღარ გამოჩენილა.

მალევე, რამდენიმე დღეში, კრაწაშვილმა მოქალაქეთა გენერალურ ინსპექციაში შესული განცხადება მოიმიზეზა და საკუთარი ნებით დატოვა პოსტი, თუმცა არც ერთ თანამშრომელს იგი არ დამშვიდობებია…

წყაროს ინფორმაციით: გიორგი კრაწაშვილის ყოფილმა მძღოლმა, მიხეილ ფირანიშვილმა, გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ნათქვამია, რომ გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსი ამ პოსტზე მუშაობის დროს მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა და ჩასარიცხ აპარატებს, ე. წ. ფეიბოქსებს ტეხდა, კუთვნილი თანხის მესამედს იღებდა მძღოლი, ხოლო თავად პოლიციის უფროსი _ დანარჩენს…

მეორე დღეს აღნიშნულ დანაშაულზე შესულ განცხადებას პოლიციის უფროსი მსვლელობას არ აძლევდა, ან გაუხსნელ საქმედ ტოვებდა.

რამდენიმე მეწარმის ვიდეოკამერამ აღნიშნული ფაქტები დააფიქსირა. მეწარმეებმა პოლიციის უფროსი ამოიცნეს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს… სწორედ ამ ფაქტის გამო შემოწმდა კრაწაშვილის სახლიც, საიდანაც, როგორც ჩემმა წყარომ მაცნობა, დიდი ოდენობით წვრილი ფული (ხურდა) ამოიღეს…

ამის შემდეგ გიორგი კრაწაშვილი შინაპატიმრობაშია. მისი სახლიდან გასვლა არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.

„ქრონიკა+“ გიორგი კრაწაშვილს ტელეფონზე დაუკავშირდა, თუმცა გამორთული ჰქონდა, ამიტომ მას სოციალური ქსელის მეშვეობით მივწერეთ. როგორც ჩანს, მიმოწერაში კრაწაშვილმა ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვები წაიკითხა, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია.

გიორგი კრაწაშვილით არაერთხელ დაინტერესებულა მედია, კერძოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოპოვებული მრავალი ინფორმაციით კრაწაშვილი სისტემატურად არღვევდა კანონს და უფლებამოსილებას ამეტებდა.

გიორგი კრაწაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსად 2014 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ის არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში სამსახურებრივი გულგრილობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ნიშნებისა და მძიმე კრიმინალური ფაქტების გაზრდის გამო.

2015 წლის 2 თებერვალს მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ. გაქცეული სამი დღის შემდეგ ბათუმში დააკავეს.

2015 წლის 2 აპრილს გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის წევრ გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში შეიჭრნენ და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ოფისის დატოვება აიძულეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დამიზნებით წიწილებიან კვერცხებს ესროდნენ თავისა და სახის არეში. გამგეობის შენობაში ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა შეჭრის დროს საჯარო მოსამსახურეების შეკავებაში მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა. გიორგი კრაწაშვილი და სხვები მოვლენებს ოდნავ მოშორებით აკვირდებოდნენ.

2015 წლის აგვისტოში გურჯაანში მცხოვრებმა ავთო ყოჩაშვილმა, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, განაცხადა, რომ პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი მას დაკავებით დაემუქრა, თუ ქალბატონს, რომელმაც პოლიციას მიმართა, 207 ლარს არ დაუბრუნებდა. ყოჩაშვილის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა პოლიციის უფროსმა დააშინა და ფული გადაახდევინა, საქმე კი არ აღიძრა.

2015 წლის 21 მაისს გურჯაანის პოლიციაში სოფელ ვეჯინში მცხოვრები 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ხელებზე ბორკილებდადებული სასტიკად სცემეს. ჭაბუკაძე ტვინის შერყევის დიაგნოზით და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა. სტაციონარში ყოფნისას გამომძიებელმა დავით ყოჩიშვილმა მას მუქარის შედეგად მოაწერინა ხელი ჩვენებაზე, რომ თითქოს სახლში კიბეზე ნასვამ მდგომარეობაში დაგორდა და დაზიანებები მაშინ მიიღო. როგორც ჭაბუკაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, მას ახლო მომავალში იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ჭაბუკა ჭაბუკაძემ პროკურატურას დეტალური ჩვენება მისცა, პოლიციის თანამშრომლები ამხილა, მაგრამ გამოძიება ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა.

2015 წლის 29 ოქტომბერს გურჯაანის პოლიციის შენობაში 19 წლის ლადი ელიკაშვილი სცემეს. ქალა-ტვინის დახურული ტრავმისა და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით ახალგაზრდა საავადმყოფოში მოათავსეს. ელიკაშვილს ტუჩზე ჭრილობაც ჰქონდა. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში სცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. „მას შემდეგ, რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, _ ამბობს ლადი ელიკაშვილი. ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე არავინ დაუსჯიათ.

2016 წლის 11 მაისს, გვიან ღამით, გურჯაანში, ქალაქის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომატით შეიარაღებული 27 წლის ომარ ცისკარაშვილი თავს დაესხა და პატრულ-ინსპექტორების მისამართით არაერთხელ გაისროლა, რის შემდეგაც მეგობრის კუთვნილ ავტომობილში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა დაცხრილულია. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. 15 მაისს მასზე ძებნა გამოცხადდა. ძებნილი აჭარაში, სოფელ სარფში 6 ივლისს დააკავეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2016 წლის ივნისში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცეხლ ხაზზე (112) ძალადობის შესახებ შეტყობინება შევიდა: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მამაკაცი ქალს იარაღით ემუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მოძალადე გიორგი კრაწაშვილი იყო და დანაშაული ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ამ ფაქტზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

გიორგი კრაწაშვილი პოლიციის უფროსად ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. კრაწაშვილის მამა ბეჟან კრაწაშვილი კახეთის საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა, როცა თამაზ თამაზაშვილი რეგიონში პოლიციის უფროსი იყო. ბეჟან კრაწაშვილი და თამაზ თამაზაშვილი დღემდე მეგობრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციებს არ ადასტურებს.

                                                                                                                      მაკა მოსიაშვილი