გამსვლელი პაიკები და ყოფილი თავდაცვის მინისტრების თავების ცვენა გორში

gr2

როგორც იტყვიან, წილი ნაყარია; ან თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდებაო. მოახლოებული არჩევნებისთვის ყველა სხვადასხვაგვარად ემზადება და ცხადია, ყველაზე დიდი საფიქრალი იმ პარტიებსა და მათ კანდიდატებს აქვთ, რომლებიც „გამსვლელ პაიკებად“ არიან მიჩნეული.

 

სხვათა შორის, ვისაც წაუკითხავს, გურამ დოჩანაშვილს აქვს ამ სახელწოდების მოთხრობა, „გამსვლელი პაიკი“ ჰქვია. მოთხრობის სიუჟეტის მიხედვით, იტალიურ ეზოში მამაკაცები ყოველ საღამოს იკრიბებიან ერთი დიდი ხის ძირას და ჭადრაკს ოლიმპიური სისტემით თამაშობენ: ვინც წააგებს, დგება.

მათ ახლად გამოსული, ჩია მამაკაციც შეუერთდება და თავისი რიგის მოსვლის დროს თამაშობს, მაგრამ იმდენად სუსტად და უღიმღამოდ, რომ ვერასდროს იგებს. მეზობლები, მამაკაცები და თან ერთად შეკრებილები, აბა, რა მოხელე-ჩიქვანები არიან, რამე არ იხიმანდრონ და მათგან ერთს, რომელიც ხედავს, როგორ განიცდის წაგებას ეს კაცი, თავში მზაკვრული აზრი გაუელვებს და სხვებსაც გაანდობს.

მეორე დღიდან იტალიურ ეზოში მდგარი ხის ჩრდილში დიდი გამოცოცხლებაა: ეს ჩია კაცი, მისთვისაც მოულოდნელად, თამაშს თამაშზე იგებს. საქმე იქამდეც კი მივა, რომ შეთქმული მეზობლები პაიკსაც კი გააყვანინებენ დაფის ბოლოში და დედოფალს გააცოცხლებინებენ.

მეზობლებს თან გართობა უნდოდათ, თან, ალბათ, ისიც, რომ ამ უიღბლო კაცის ცხოვრება გაეხალისებინათ, მაგრამ გამოვა პირიქით: კაცი ამპარტავანი ხდება _ თუ მანამდე ხმას არ იღებდა, თამაშის პროცესის დროს დამამცირებელი რეპლიკების სროლას იწყებს მოწინააღმდეგისკენ, ყურადღებას არ აქცევს ცოლს, რომელიც აივნიდან ეხვეწება, პური ამოიტანეო და ეს მაშინ, როცა ადრე ერთ დაძახებაზე გარბოდა, ბოლოს კი საერთოდ უარს ეტყვის ცოლს მაღაზიაში წასვლაზე: ეგღა მაკლია, ყველას ვუგებ ინტელექტუალურ თამაშსო.

მოთხრობა ისე მთავრდება, რომ ატირებული ცოლი მამაკაცებთან მიდის და ეხვეწება, რამე მიშველეთ, ჩემი ქმარი იმის გამო, რომ აქ სულ იგებს, ბუზადაც არ მაგდებსო. მეზობლებიც ხვდებიან, რომ ნამეტანი შეტოპეს და ყველაფერი თავის ადგილზე დგება: ჩია კაცი ისევ აგებს და ისევ ის, პირვანდელი ჩია კაცი ხდება.

ამხელა შესავალი და მაგალითის მოხმობა სწორედ იმიტომ დამჭირდა, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი, ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კანდიდატები ვერ ხვდებიან, რომ იმდენ ხანს მოიგებენ არჩევნებს გამსვლელი პაიკივით და, საბოლოოდ, იმ ჩია კაცივით, სანამ ეს ბიძინა ივანიშვილს მოუნდება. ბიძინა ივანიშვილის მომრევი კი, თავის მხრივ, არავინაა, თუ ერთ კრებით სახელს არ ვახსენებთ: ხალხი…

ხალხი კი, მიღებული ვარაუდით, ბრძენია, ყველაფერი კარგად ახსოვს და ძველ შეცდომებსაც იშვიათად იმეორებს, თუმცა, ხდება თუ არა ასე ყოველთვის, ძნელი გასარკვევია.

მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ „ქართული ოცნებიდან“

„რესპუბლიკელები“ გავიდოდნენ და ცალკე იყრიდნენ კენჭს, დიდხანს მკითხაობდნენ, ვინ სად გამწესდებოდა ამ პარტიიდან მაჟორიტარულ ოლქებში. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილსაც ყელში ამოუვიდა,

„რესპების“ გამო რომ მუდმივად წამოაძახებდნენ ხოლმე

„ქართულ ოცნებას“ და „რესპუბლიკელებს“ უთხრა, _ ხომ ხართ პროდასავლელები და ინტელექტუალები, აბა, მიდით, ჩემ გარეშე გაეჯიბრეთ „ნაციონალებსო“…

„რესპუბლიკელებმაც“ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თინა ხიდაშელი, პარტიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ზესტაფონში გაამწესეს.

როგორც კი ამის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, ცხადია, თინა ხიდაშელმა ყველაზე კარგად იცოდა, რომ იქვე დაისმებოდა შეკითხვაც: რატომ ზესტაფონში? ამიტომ თავისი „გამწესების“ ახსნა სწორედ ამ კითხვით დაიწყო:

 

„თინა ზესტაფონშიო!!! რატომაო?…“ _ მერე კი ამ კითხვაზე პასუხი ასე გასცა:

„მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში და არ დაიწყებ ახლა სინამდვილეში ასე და ისეო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირიდან…“

არის თუ არა ეს საკმარისი ზესტაფონის მოსაგებად, მალე გამოჩნდება. თუმცა თინა ხიდაშელი ზესტაფონში კარგი ბექგრაუნდით მიდის _ ის იხსენებს, რომ როცა საგარეჯოში წავიდა, სადაც მხოლოდ ბებია ჰყავდა, ოლქი მოიგო. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“: მაშინ თინა ხიდაშელი, ჯერ ერთი, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და მეორეც, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნებოდა, თინათინი კი არა, თუნდაც ფატმან უცნობი ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდა.

ზოგადად, თინა ხიდაშელს ამომრჩევლებისთვის მოსაყოლად და პირობის მისაცემად გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი, ასე თუ ისე, აქვს: ბოლო დროს ის ანტიოკუპაციური კუთხით ძალიან ბევრს აქტიურობდა და განსაკუთრებით, თავდაცვის მინისტრის რანგში. სწორედ ამას იხსენებს და ახსენებს ის ამომრჩევლებს დღესაც, ასევე, ცხადია, ნარკოტიკების პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერას და ბუნებრივია, იმასაც სათავისოდ იყენებს, რომ ის, როგორც აქტიური თავდაცვის მინისტრი ქალი, არ მოსწონდა „ქართული ოცნების“ რეაქციულ ფრთას და თავიდან მოიცილეს.

არც ისაა მოულოდნელი, რომ თინა ხიდაშელი „ქართულ ოცნებაში“ არა მარტო რეაქციულ ფრთას და უკვე

„ოცნებიდან“ გასულ ვოლსკის, არამედ პრემიერს და მის გარემოცვასაც აკრიტიკებს. მაგალითად, მან განაცხადა, რომ საოცარია, როცა პრემიერის გუნდში, მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთი აღარაა ოკუპანტი _ ცხადია, ასეთ განცხადებას ის თავდაცვის მინისტრის რანგში ვერ გააკეთებდა და ასევე, ვერ გააკრიტიკებდა ვერც „ქართული ოცნების“ მიერ ხობში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, ყოფილ

„ნაციონალ“ გოდერძი ბუკიას, რომელსაც თითქმის ყოველ წელს ხობში, ხალხური სიმღერის ფესტივალზე, მომღერლები რუსეთიდან ჩამოჰყავს და ბუნებრივია, ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და თუ ცუდია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცუდები.

სტატუსებშიც კი თინა ხიდაშელი ხშირად ეხმიანება სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების საკითხს და ამას ისე აკეთებს, თითქოს თავდაცვის მინისტრობამდე თვითონ არ იყო იმ გუნდის წევრი, რომელიც ოპოზიციური პარტიის (ამ შემთხვევაში ენმ) ყველა ინიციატივას, სადაც ისინი პარლამენტისგან აქტიურობას, უკრაინის ღია მხარდაჭერას და სხვა საკითხებს ითხოვდნენ, აგდებდა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებში ყველაზე მეტი თავდაცვის ყოფილი მინისტრია.

როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრების თავები, ყოველ შემთხვევაში, ერთის მაინც, არჩევნების შემდეგ გორში დაიყრება. ალასანია-ოქრუაშვილის ტანდემის გამო ეს ქალაქი, ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. რასაკვირველია, გორს და იქ დანიშნული არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ ქართველი ამომრჩეველი, რუსი სამხედრო მანქანის წარმომადგენლებიც ელოდებიან. დაახლოებით ისე, პუტინმა რომ 2012 წლის მარტში ჰკითხა ქართველ ჟურნალისტს: „ნუ, პოსმოტრიმ… კოგდა უ ვას ვიბორი?..“

გორი ყოველთვის იყო რუსული სამხედრო მანქანის დიდი დაინტერესების საგანი. სულაც რომ თავი გავანებოთ 2008 წელს ქალაქის დაბომბვას და გორის ცენტრში კასეტური ნაღმების ჩამოყრას და ჯერ კიდევ ომამდე მომხდარ ტერაქტებს, გორი რუსებს იქ განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოც აინტერესებს. ეს არცაა გასაკვირი _ გორიდან ოკუპირებულ სოფლებამდე და რუსეთის უკანონო ბაზებამდეც სულ ერთი ხელის გაწვდენა და ორი ნაბიჯია.

როგორ და რით გაიხსენებენ გორელები ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილის ბმას ამ ქალაქთან, რით დააკავშირებენ მათ გორთან? რომელს აქვს უპირატესობა?

რასაკვირველია, პირდაპირი მნიშვნელობით, ამ მხრივ, საქმე უკეთესად აქვს ირაკლი ოქრუაშვილს: ის ცხინვალში დაიბადა, თავდაცვის მინისტრობის დროს მის სახელს უკავშირდება ცხინვალის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების დაწყება და დაპირება, რომ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებოდით, მაგრამ მის სახელსვე უკავშირდება ერგნეთის ბაზრობის წინააღმდეგ მოქმედებაც, რომელიც, შესაძლოა, სახელმწიფოსთვის გადადგმული ნაბიჯის კუთხით, სულაც არ იყო ცუდი, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინ ბაზრობის საწინააღმდეგო კამპანიას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან…

ამასთან, არც იმის გახსენება გვაწყენს, რომ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო პირი, რომელმაც თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოპოზიციაში წასვლიდან სულ ცოტა ხანში, რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი და ხშირად იყო რუსეთის ტელევიზიების სტუმარი. 2011 წლის მაისში სწორედ მისი ცხინვალის მხრიდან თბილისისკენ მსვლელობა იყო დაგეგმილი, სადაც ის ბურჯანაძეს უნდა შეერთებოდა.

მაშინ, მოარული ხმებით, ოკუპირებული რეგიონიდან ოქრუაშვილი სწორედ რუს სამხედროებს უნდა მოეცილებინათ. ამავე დროს, ბურჯანაძისა და მისი პარტიის წევრები, სწორედ იმ პერიოდში, გასაიდუმლოებულ თათბირებსაც მართავდნენ, მათ შორის, მონასტერშიც, სადაც ნაწილი აიყვანეს კიდეც… ასე რომ, შესაძლოა, გორში ოქრუაშვილის გამარჯვება სულაც არ ეწყინოთ რუს ოკუპანტებს, რადგან ეს მათთვის იმის საწინდარი იქნება, რომ ლოიალური დეპუტატი, მინიმუმ, იმას მაინც ნიშნავს, რომ გორის საკრებულოშიც ლოიალური წევრები „გაიჩითონ“, ლოიალური ხალხი კი ყველგან საჭიროა რუსებისთვის, მით უმეტეს, გორში, სადაც მათი მთავარი მამა-მარჩენალი დაიბადა…

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, გორელების წინაშე, მაინცდამაინც, დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, რადგან თავდაცვის მინისტრად მოსვლის პირველ თვეებში ის, ძირითადად, იმით იყო დაკავებული, რომ შედარებით მოუწესრიგებელ, ან ომის დროს დაზიანებულ და იმ დროისთვის ჯერაც არაღდგენილ ნაწილებში დადიოდა და არა რუსეთს, არამედ წინა ხელისუფლებას კენწლავდა…

და მაინც, რატომ მოხდა ისე, რომ სწორედ გორში მოიყარა თავი ყველაზე ძლიერმა მაჟორიტარულმა შემადგენლობამ? რატომ მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანდიდატი წარადგინა გორში, რომელიც, როგორც ერთმა „რესპუბლიკელმა“ ენამოსწრებულად აღნიშნა, „გუგლშიც“ კი არ იძებნება? საუბარია იოსებ მაკრახიძეზე, რომელიც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, ხოლო ზედ მაჟორიტარად დასახელების წინ ის სასწრაფო წესით გაამართლა სასამართლომ, მაშინ როცა მის კომპანიას ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა?

ცხადია, მაკრახიძეზე „ოცნებამ“ არჩევანი არა მისი ცნობადობისა და „გამსვლელი პაიკობის“, არამედ იმის გამო შეაჩერა, რომ ის საკმაოდ მდიდარია _ ეს მოსაზრება უკვე გამოთქვეს

„რესპუბლიკელებმა“.

„ქრონიკა+“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სისტემის დღევანდელ მდგომარეობაზე, მოახლოებულ არჩევნებზე და კანდიდატთა საკმაოდ საინტერესო გადანაწილებაზე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს ესაუბრა.

გრიგოლ ვაშაძე ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ რუსეთი მოუთმენლად ელოდება არჩევნების შედეგებს საქართველოში, ხოლო როცა მასთან საუბრისას იმით დავინტერესდით, თუ რა შეიძლება მოხდეს გორში და დამთხვევაა თუ არა, რომ იქ ორი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყრის კენჭს, ის ამბობს, რომ ეს გარემოება საკმაოდ საინტერესო და უცნაურია:

„რით ავხსნა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უცნაურია რომ არის, ფაქტია. შესაძლოა, ეს იმითაა განპირობებული, რომ იქ განლაგებულია ჩვენი სამხედრო ნაწილები და რახან სამხედრო მოსამსახურეები იქ აძლევენ ხმას, ამიტომაც გახდა საჭირო პარტიების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა“, _ ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძეს ეჭვიც არ ეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ კანდიდატია.

„შეუძლებელია, რომ ქიბარ ხალვაში ასე ჩახუტებული იყოს ხელისუფლებას და იქ ოქრუაშვილი არაფერ შუაში იყოს, ასე არ ხდება პოლიტიკაში. რასაკვირველია, „ქართულმა ოცნებამ“ იქ იმიტომ დააყენა ყველასთვის უცნობი კანდიდატი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ხელი არ შეუშალოს და მან არჩევნები მოიგოს _ ესაა მიზანი“, _ ამბობს გრიგოლ ვაშაძე და არ გამორიცხავს, რომ გორში, შესაძლოა, მეორე ტურამდე მივიდეს საქმე.

ზოგადად, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო ბეწვის ხიდზე გადის და ეს ბეწვის ხიდზე სიარული ნაწილობრივ დასრულდება არა 8 ოქტომბერს, არამედ არჩევნებიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი. გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის ხელისუფლებას და, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩევს, მკვეთრად განსაზღვრონ პრიორიტეტები და მიმართულებები, რადგან საქართველო, ფაქტობრივად, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ხვდება და ამისთვის მზად უნდა იყოს როგორც ხელისუფლება (დამრჩენი ან მომსვლელი), ასევე ხალხიც.

 

                                                                                                                                ლაშა ბერულავა