თამაზ იმნაიშვილი: „უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში პოლიგონად გადაქცევის საფრთხე გვემუქრება, საშუალოვადიან რეჟიმში კი ჰაბად!“

mz1

რა შედეგები შეიძლება მივიღოთ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობიდან? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საქართველოსთან და რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, თამაზ იმნაიშვილი:

_ თურქეთში მიმდინარე მოვლენები ახალი მომხდარი იყო, როდესაც ვთქვი, რომ ერდოღანმა, პრაქტიკულად, საკუთარი პოლიტიკური კარიერა დაასრულა. დაახლოებით 6-8 თვეა საჭირო, რომ მისი კარიერის დასასრული გაფორმდეს. დღესდღეობით ერდოღანი საკუთარ ქვეყანაში გამარჯვებულია, მან ამბოხის მსგავსი შეთქმულება ჩაახშო, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ცალსახად ჩანს, რომ ამბოხება არ იყო სერიოზულად მომზადებული, განსხვავებით იმ 4 წინა ამბოხებისა, როდესაც ამ სიტუაციაში გენერალური შტაბი იყო ჩართული და ამბოხების სივრცე მთლიანად სამხედრო, სასამართლო თუ ინტელექტუალურ საზოგადოებას მოიცავდა, რომელიც ქემალიზმის მიმდევარია. დღეს ცალსახად ჩანს, ასე არ იყო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინჯირლიკის ბაზაზე მყოფი ამერიკელი მაღალჩინოსნები საქმის კურსში იყვნენ. ერდოღანის ანტიამერიკული განწყობები იმდენად ღია, ცალსახა და აშკარად გამოხატულია, არ გამოვრიცხავ, რომ იცოდნენ, მაგრამ ასეთი მიდგომა ჰქონდათ, _ ჩვენ თქვენ არ გიცნობთ, თუ გამარჯვებას მიაღწევთ, მერე ვილაპარაკოთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სუსტად მომზადებული იყვნენ. თუ ამერიკელებს უნდათ, რომ გადატრიალება მოახდინონ, ასე არ მზადდება. ცალსახაა, რომ რუსული მხარეც თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო. მან ახლა ორი კურდღელი დაიჭირა, თითქოს ამერიკელები გამოააშკარავა, ერდოღანი თავისკენ გადაწონა და უცბად ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები, როდესაც ერდოღანი პუტინს კრიმინალს უწოდებდა, უცებ აღმოჩნდა, რომ მოკავშირეები გახდნენ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ სანკტ-პეტერბურგში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა. რა არის ამ შეხვედრის ლაიტმოტივი და შედეგი? ხუმრობით თუ ვიტყვით, პუტინმა ერდოღანს უთხრა: თუ ჭკვიანად მოიქცევი, აუზში წყალს ჩაგისხამო. თუ სერიოზულად მივუდგებით, ეს შეხვედრა ვერანაირი შედეგით ვერ დამთავრდა. რაც შეეხება სანქციების მოხსნას, პუტინმა თქვა, რომ თუ ჭკვიანად მოიქცევი, სანქციებს ეტაპობრივად მოვხსნი, ანუ მან წინასწარ აიღო რაღაც გარანტიები, რასაც დაგავალებ, გააკეთებ და მაშინ მოგიხსნი სანქციებსო. რაც შეეხება სირიის საკითხს, შეთანხმდნენ მხოლოდ ერთ რაღაცაზე, _ ჩვენი შეხედულებები სირიასთან მიმართებით არის აბსოლუტურად განსხვავებული და ვერ მივაღწევთ ვერანაირ შეთანხმებასო. ეს იყო შეთანხმების მთავარი შედეგი. დავიწყოთ იქიდან, ეკონომიკური სანქციებიც რომ მოუხსნას, დღეს თურქეთის ეკონომიკა იმდენად დანგრეულია, რომ 40-მილიარდიან ფულის ბრუნვას, რომელიც თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებამდე იყო, ძალიან დიდი ხანი სჭირდება და ამას თურქეთი ვერ მიაღწევს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთისთვის რაიმე ხელშესახები და მაღალი დონის შვება, რომ რუსეთი თურქეთს ეკონომიკურ ემბარგოს მოუხსნის, ამას არ უნდა ველოდოთ. თუ ვიფიქრებთ, რომ ემბარგოს მოხსნა თურქეთში ტურისტების ნაკადს გაზრდის, ტყუილია, რადგან დღეს თურქეთში სრულიად არასტაბილური გარემოა და ტურისტთა 10-15%, რასაც რუსები შეადგენდნენ, თუ ჩავიდნენ, ძალიან დიდი რამეა. აქაც, რეალურად, შედეგის დანახვა არ შეგვიძლია.

_ აქედან გამომდინარე, როგორი შეიძლება იყოს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები?

_ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, ერთი მხრივ, ერდოღანი ცდილობს, ვითომ რუსეთთან დაახლოებით კოზირები აიღოს ევროპასთან და ამერიკასთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკისას. ერთი ულტიმატუმი წაყენებული აქვს აშშ-ს, _ თუ გიულენს არ გადმომცემ, დედას გიტირებო. მეორე ევროპას, _ თუ 15 ოქტომბრამდე არ მომცემთ ვიზალიბერალიზაციას, მილიონობით ემიგრანტს თქვენთან შემოვუშვებო… მაგრამ აქაც რა გამოჩნდა? _ გვახსოვს, ერდოღანის ნათქვამი ახლად მომხდარი ამბოხების მცდელობის დროს, _ რატომ უნდა ვაჭამო და ვინახო ეს მოღალატეები, ყველა უნდა დავხვრიტო, ერთი სასაფლაო გავაკეთო და ზედ დავაწერო, რომ ეს არის მოღალატეების საფლავიო. საუბარია რამდენიმე ათეულ ათასამდე ადამიანზე და გამოვიდა ინიციატივით, რომ შემოიღონ კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ. ამის შემდგომ პარლამენტმა თქვა, რომ ამ კანონს არც კი განიხილავს. თავისთავად, მთელი პარლამენტი ერდოღანის მმართველობის ქვეშ არის და ის ვერ გააკეთებდა დამოუკიდებელ განცხადებას, უბრალოდ, ეს იყო ერდოღანის მიერ პარლამენტის პირით ნათქვამი. ცალსახაა, უკან დაიხია და მიხვდა, რომ ეს მისთვის კატასტროფა იქნებოდა. ისედაც კატასტროფაა, მაგრამ ამან უფრო დააჩქარა ეს პროცესი. მეორე: გენერალურმა შტაბმა, პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა, შტაბის უფროსებმა და გენერლებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში უთხრეს, _ თავი დაანებე ჯარის დამცირებას, თორემ მართლა შეიძლება ამბოხი მოხდეს, ქვეყნის უსაფრთხოებას თავიდან ბოლომდე სრულიად ანადგურებო. ერთ-ერთი მთავარი საბაბი იყო ის, რაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა ფოტოსურათებით, როდესაც დატყვევებული სამხედროები ტრუსებით ასფალტზე ეყარნენ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ჯოხებით სცემდნენ. როგორც აღმოჩნდა, თან ზედ აშარდავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. ეს ერთი ფაქტორი ძალიან სერიოზული საბაბი გახდა. მეორე ძალიან სერიოზული საბაბი იყო ანკარაში მომხდარი ფაქტი: ფეხმძიმე ქალბატონს, რომელიც ქუჩაში შილიფად ჩაცმული მოდიოდა, თავს დაესხნენ როგორც კაცები, ისე ქალები, სცემეს და თქვეს, რომ თურქეთი ისლამური სახელმწიფოა და დედას გიტირებთ, თუ ასე ივლით, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები, რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ, თუ არადა, მოგკლავთ და გაგანადგურებთო. აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი გაზეთ „ქურიეთის“ ცნობილი ჟურნალისტია. როგორ ჩანს, მას ვიღაც ახლდა, რომელმაც ფოტოები გადაიღო და მთელ მსოფლიოში გაავრცელა. აქ ცალსახად გამოჩნდა, რომ ერდოღანის თურქეთში ირანული ისლამიზაციის პერიოდი იწყება, რაც თურქეთის პრეზიდენტისთვის კიდევ უფრო სერიოზული დარტყმაა. ამიტომ მან ტაქტიკური ნაბიჯებს უკან სვლა ამჯობინა, თუმცა ჯერ სტიმული და ტონი აქვს.

_ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობიდან?

_ ამერიკასთან ულტიმატუმის ენით ვერანაირად ვერ ლაპარაკობენ. გიულენი მომეცი, თუ არა, ასე და ისე ვიზამო, ეს არის ტყუილი. გიულენი თვითონ აცხადებს, თუ დამიმტკიცდება დანაშაულის 10%, მზად ვარ მივიღო, მაგრამ მტკიცებულება და სასამართლო უნდა იყოს არა თურქეთში, არამედ ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოშიო, რაც ერდოღანისთვის, პრაქტიკულად, მიუღებელია. შეიძლება გიულენი საქმის კურსში იყო და ამას მხარს უჭერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამბოხების სულისჩამდგმელობა და ორგანიზატორობა ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას ერდოღანი გიულენს ვერ დაუმტკიცებს. ამიტომ თურქეთის მიერ ამერიკისადმი ასეთი ულტიმატუმებით საუბარი, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ახლა პუტინის საკითხი დგას, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე გამარჯვებული და პრაგმატიკოსი ჩანს, მან აჯობა ევროკავშირსაც, ობამასაც და ყველას… პუტინი იმის ჩიტი არ არის, რომ ერდოღანს თავისი გაატანინოს, ის სჭირდება ორი მთავარი რამისთვის _ თურქული ნაკადი აამოქმედოს და თურქეთი საკუთარ ორბიტაზე თუ ვერ დაიჭირა, ყოველ შემთხვევაში, აჩხუბოს აშშ-ს, ცალსახად ანტიდასავლურ ქვეყნად გადააქციოს და ამით ნატოს ალიანსსა და ევროკავშირის სივრცეში შეიტანოს ძალიან დიდი ბზარი. ეს არის პუტინის მთავარი ამოცანა და ის თურქეთს არანაირად მისცემს იმის საშუალებას, რომ ამ ურთიერთობებით თურქეთმა რაიმე ხელშესახები სარგებელი მიიღოს. ეს არის ზუსტად რუსეთს ინტერესები.

ძალიან საინტერესო და რისკის შემცველი განცხადება გაკეთდა პეტერბურგის შეხვედრის შემდგომ, თუმცა არ ვიცი, რა კონტექსტში ითქვა. ვგულისხმობ ბატონ ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, არსებობს 6-პუნქტიანი შეთანხმება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაო. ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, ვერაფრით მივუსადაგე, გარდა ერთისა იმიტომ, რომ სანამ ლავროვი ამას იტყოდა, საუბარი იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე. თან სანკტ-პეტერბურგში ძალიან სერიოზული ალიყური აჭამა პუტინმა ერდოღანს, როდესაც თქვა, _ ბოლოს და ბოლოს, ანკარაში აზრზე მოვიდნენ და საღი აზრი გაჩნდაო. პირდაპირ უთხრა, _ აქამდე შტერები იყავით და ახლა ხართ ჭკვიანები, ჩემთან რომ მოცუნცულდითო. ერდოღანი ყველანაირად მოექცა ჩიხში, მან რუსეთისგან ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა. პრაქტიკულად, გადაიმტერა მთელი ევროპა და აშშ, მთლიანად გადაიმტერა ქურთისტანი და, რა თქმა უნდა, არაბული სამყარო იმიტომ, რომ თურქეთის რუსეთისკენ წასვლა ნიშნავს არაბული სამყაროსთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს. არაბული ენერგეტიკული რესურსების გადაქაჩვის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის თურქეთზე. როცა ეს ვარდება რუსეთის კოტროლის ქვეშ, არაბული სამყარო სერიოზული პრობლემის ქვეშ დგება. პარალელურ რეჟიმში ირან-აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები, სერიოზული გეოპოლიტიკური პროექტია. თუმცა ვერ ვხედავ ხელშესახებ და გრძელვადიან პერსპექტივას ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ყველაფერი თამაშის დროს საკოზირო კარტებია, რომელიც შეიძლება ამ წუთში არ გადგება, მაგრამ ოდესღაც რაღაცაში დაგჭირდება. ისევ იმ აზრამდე მივდივართ: დადგება დრო, როდესაც პოლიტიკური წესები უნდა განისაზღვროს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და თქვან, ამა თუ იმ წესით ვთამაშობთო. იქ თამაშის წესებში ყველას საკუთარი კოზირი უნდა ეჭიროს და თქვას, მე ეს კოზირი მაქვს და ეს წესი ასეთნაირად უნდა იყოსო. ეს არის კოზირები, თუ რისთვისაც საჭირდება რუსეთს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თამაშები, ეს პროექტები.

_ საქართველოსთან მიმართებით რა ხდება?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ინჯირლიკის ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს და ყოველთვის იარსებებს, კარგავს იმ ფუნქციას, რომელიც ადრე ჰქონდა, ანუ ინჯირლიკის ბაზა იყო აშშ-სა და ნატოს ყველაზე მსხვილი სადაზვერვო ცენტრი ახლო აღმოსავლეთში და მეორე ცენტრი იყო დოხაში, ყატარში, მესამე იყო თბილისში, ამერიკის საელჩოში. ეს სამკუთხედი სერიოზულად აკონტროლებდა მთლიან არაბულ სამყაროს, ხმელთაშუა ზღვას, ჩრდილოეთ აფრიკას, ცენტრალურ აფრიკამდე ჩადიოდა და აკონტროლებდა ირან-ავღანეთის მიმართულებას. ინჯირლიკის ბაზაზე სადაზვერვო საქმიანობის წარმოება, პრაქტიკულად, შეზღუდული იქნება და აშშ-მ მისი შემცვლელი გეოგრაფიული ადგილი უნდა მოძებნოს. ცალსახად საქართველოს იქით გზა აღარ არის, ანუ საქართველო შეიძლება გახდეს ძალიან საჭირო უკვე კონკრეტულად და კონკრეტულ დროში და სივრცეში გაწერილი პროექტისთვის, რომელიც ამერიკელებს სჭირდებათ. ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის და ამბობს, რომ ამას ბოლომდე გაიტანს. რა თქმა უნდა, რუსეთიც და თურქეთიც შეეცდებიან საქართველოს გადაყლაპვას, მაგრამ ასეთი რაღაც ხდება _ თუ საქართველო რუსეთმა წაიღო, პრაქტიკულად, ეს იქნება ატლანტიკური გეოპოლიტიკური დოქტრინის კრახი; თუ აშშ-მ საქართველო მთლიანად წაიღო, შემდგომში აზერბაიჯანი მიიერთა და მერე კასპიის ზღვაზე გავიდა, რაც საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ენერგორესურსებამდე მივიდეს, ეს არის რუსეთისთვის გეოპოლიტიკური კრახი. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა, თუმცა სანამ ახალი გლობალური პოლიტიკური თამაშის წესები არ დამკვიდრებულა, გეოპოლიტიკური კრახებისთვის არც ერთი მხარე მზად არ არის. ამიტომ გამორიცხულია ამ ტიპის სცენარების გათამაშება.

_ თუ ეს გამორიცხულია, მაშინ რას შეიძლება ველოდოთ?

_ აქ ჩანს ერთი რაღაც: საქართველო იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიგონი დასავლურ-აღმოსავლურ დაპირისპირებაში. ბრძოლის პოლიგონი გამოიხატება საბრძოლო მოქმედებების გარეშე, ომი თავისი სრული კლასიკური გაგებით რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, საინფორმაციო, კიბერუსაფრთხოება და ა. შ. ამ ოთხი ელემენტის მონაცემი იქნება საქართველოში და საქართველო მიიღების იმ ჰაბის ფუნქციას, რომელსაც ჰქვია დიალოგის ადგილი, მას ამის პოტენციალი აქვს. 2025 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც გლობალური თამაშის წესები ჩამოყალიბდება და ამ თამაშის წესებით დაიწყებენ ურთიერთობას გლობალური მოთამაშეები, ეს ტერიტორია, მინიმუმ, დიალოგის ადგილი უნდა იყოს. სხვაგან ბუნებრივად ეს ადგილი არ არსებობს. ევროპაში არ არსებობს იმიტომ, რომ დასავლურია, რუსეთში არ არსებობს იმიტომ, რომ აღმოსავლურია, არც აზერბაიჯანში, არც თურქეთში, არსად და ეს ტერიტორია არის ამოგდებული ამ დიდი კონტექსტიდან. შესაძლებელია, შვეიცარიული ტიპის ჰაბი გახდეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. თუ ვინმე ისტორიკოსი და მეორე მსოფლიო ომის მცოდნე წერს, რომ შვეიცარიას იმდენად ძლიერი არმია ჰყავდა, რომ გერმანიას შეეშინდა მასზე თავდასხმაო, არასერიოზულია, რადგან ნახევარი მსოფლიო აიღო გერმანიამ და შვეიცარიის შეეშინდა?! სწორედ მაშინ სჭირდებოდათ დიალოგის ადგილი და ეს იყო შვეიცარია, სადაც რუსეთისთვისაც, აშშ-სთვისაც, გერმანიისთვისაც და დიდი ბრიტანეთისთვისაც იყო მისაღები, ამიტომ გახლდათ შვეიცარიაში სიმშვიდე. ამაზე ერთმანეთში არ მოულაპარაკებიათ, მაგრამ ინტერესები დაემთხვა. ასეთი ჰაბის ნიშის შეძენის რესურსი აქვს საქართველოს, თუმცა აქ დგება უკვე მეორე საკითხი _ იმისთვის, რომ ეს გახდეს დიალოგის ჰაბი, ადგილი, სადაც დიალოგი გაიმართება, საჭიროა ეს ტერიტორია იყოს სტაბილური და უსაფრთხო. ისევ ჩამოვდივართ იერარქიულ კიბეზე, უსაფრთხო და სტაბილური რომ იყოს, ამისათვის სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი, მას უნდა ჰყავდეს სტაბილური და სწორად მოაზროვნე ხელისუფლება. ხელისუფლება სწორად მოაზროვნე რომ იყოს, ამისათვის საჭიროა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სწორად აირჩევს ხელისუფლებას. ქვეყანა ძლიერი და უსაფრთხო რომ იყოს, ამისათვის საჭიროა სწორი ეკონომიკური განვითარება. საქართველომ ეს იერარქიული საფეხურები თუ არ გაიარა 5-7 წლის განმავლობაში, ასეთი ნიშის აღება აღარ შეეძლება. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში გვემუქრება პოლიგონად გადაქცევის საკმაოდ დიდი საფრთხეები, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო საშუალოვადიან რეჟიმში „გვემუქრება“ ჰაბად გადაქცევის ადგილი. ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება დამოკიდებული როგორც ქართულ ხელისუფლებაზე, ასევე ზუსტად იმავე დოზით ქართულ საზოგადოებაზე, რამდენადაც ქართული საზოგადოება იაზროვნებს სწორად, მიიღებს სწორად არჩეულ ხელისუფლებას. რამდენადაც უკან გამოეკიდება რუსული პენსიებისა და რუსული ჯარის შემომყვან პარტიებს, ის გვემუქრება, რაც ზემოთ მოგახსენეთ. 8 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, რამდენად ჯანმრთელი ან ავადმყოფია ქართველი საზოგადოება და აქედან გამომდინარე, რამდენად ჯანმრთელ, ან ავადმყოფ ხელისუფლებას მივიღებთ. არჩევნები არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ქვეყანას დიაგნოზი დაუსვა!

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი