დეპრესიაში ხარ, სოსო?!

so

როცა ოცნებები კვდება, ადამიანი გიჟდება, ანუ მწვავე ფსიქოლოგიურ სტრესში ვარდება, რასაც ახასიათებს დეპრესიული, ან აგრესიული გამოვლინება, _ ამას ჩემი ერთი უფროსი მეგობარი მეუბნება. სამწუხაროდ, მის გვარსა და სახელს ვერ დავწერ, რადგან ეს რომ სუს-ის ხერხემალმა სოსო გოგაშვილმა გაიგოს, ან მას ჩამოახრჩობს, ან მის საძმოს.

დეპრესიული გამოვლინების ნიშნები…

ბოლო დროს ძალიან გაღიზიანებული ყოფილხართ, სოსო ბატონო! და თურმე ძალიან მძიმე ხასიათი დაგჩემდათ… ის გაღიზიანებაც არ დაგიმალავთ, როცა პაატა ბატიაშვილის გარემოს დაცვის სამინისტროში დაწინაურება გაგიგიათ…

ანუ წააგეთ…

მიუხედავად დიდი ბრძოლისა, მაინც ვერ შეძელით „ქრონიკა+“-ის დისკრედიტაცია…

ელისოს დაჭერა…

და რედაქციის გუნდის მარტივ მამრავლებად დაშლა…

ახლა მომისმინეთ კარგად, გულდასმით და გულისყურით…

როცა თქვენზე ვწერ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ხართ. ნუ იფიქრებთ, თქვენ იმიტომ გედავებით, რომ ძალიან ძლიერი ხართ…

კი, მართალია, მე მაკაკებთან ომს გორილებთან ომი მირჩევნია, მაგრამ ომს არასდროს ვიწყებთ ჩვენ, _ ჟურნალისტები!..

თქვენმა მეგობრებმა მითხრეს, როგორ დაიქადნეთ და თქვით, ჩაივლის არჩევნები და მერე მოვუვლი „ქრონიკა+“-სსო… სჯობს, ამაზე ფიქრს საკუთარ თავზე იფიქროთ და საკუთარ დეპრესიას მიჰხედოთ…

ბოლო პერიოდში მძიმე ხანა გქონიათ, საფუძველი კი თქვენი ყველა ე. წ. სპეცოპერაციის წარუმატებლობა ყოფილა… ანუ რასაც ხელი მოჰკიდეთ, დაწყებული ფარშიდან, დასრულებული სახელმწიფო უსაფრთხოებით, ვერაფერი შეძელით…

დეპრესიაში ჩავარდნილმა გადაწყვიტეთ, გაყიდოთ 2012 წლის მერე დაგროვილი ქონების ნაწილი, თანხა კი გასამგზავრებლად გჭირდებათ, აშკარად…

 

აგრესია და მისი საფუძვლები

 

ჯერ დეპრესია გჭირდათ, ახლა კი უკვე თქვენი ფსიქოლოგიური სტრესი აგრესიით ვლინდება… რატომ?

ჩემი წყაროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რამდენიმე საელჩოს წარმომადგენელმა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა პრემიერს სთხოვეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტენდენცია შეიცვალოს და არათუ სადმე ქუჩაში ნაპოვნი კადრით, არამედ დაუყოვნებლივ გადახალისდეს კვალიფიციური კადრით.

სუს-ის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს, საკმაოდ ეჭვით უყურებენ დასავლელი პარტნიორები. „ბოლო პერიოდში ეჭვი გამძაფრებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება აქტიურად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან. სწორედ სახელმწიფოს, ანუ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არჩევნების დასრულებისთანავე და შეიძლება იმაზე ადრეც უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან გოგაშვილი.

სახელმწიფოს დღეს არ აქვს სტაბილური გარემო, ყველა შიდა საფრთხეები, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველი ხდება, ეჭვის საფუძველზე სუს-ის თანამშრომლებიდან იმართება, რაც სვამს ბუნებრივ კითხვას, _ ვის ინტერესებს ემსახურება შიდა დაპირისპირება?!

შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი სტაბილურობის ფარგლებში იქნება და დესტაბილიზაციას თავიდან ავიცილებთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური იდეოლოგიისათვის ხელისუფლება მუდამ საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის უმთავრეს გარანტად რჩება, მაინც სულ იმის ეშინიათ, პიროვნებისთვის ხელისუფლება ტირანიად არ იქცეს და ამიტომაც შეზღუდული მმართველობისკენ იხრებიან. ამ მიზნის მიღწევა, ლიბერალური თვალსაზრისით, ხელისუფლების გადანაწილებით, ანუ კონტროლისა და დაბალასების ხარჯზე უნდა მოხდეს, ასევე, კოდიფიცირებული, ანუ წერილობითი კონსტიტუციის, რომელიც სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ამბავი კულტურის სახლების, საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სოსოს ფანტაზიის 

აღმოჩნდა, რომ თელავის თემის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო შეხვედრის სივრცეებად სოფლად არსებული კულტურის სახლები კი არ შევიდა ჩამონათვალში, არამედ ჩვეულებრივი ბაგა-ბაღები… ბაგა-ბაღები სექტემბერში არ ისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებისთვის გამოყოფილი ოთახები ცარიელი არ იქნება, არც ინფრასტრუქტურა შეუწყობს ხელს და ვერც გარემო, არც სივრცე იქნება იმხელა, რომ მოსახლეობამ სწორედ ამ შენობა-ნაგებობაში შეძლოს კანდიდატთან საუბარი.

მიზეზი კი, რატომ ბაგა-ბაღის შენობა და არა კულტურის სახლის? _ ასე აიხსნა:

კულტურის სახლებში განთავსებული იქნება საარჩევნო უბნები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს კანონით ეკრძალებათ შენობაში წინასაარჩევნო შეხვედრისა და აგიტაციის ჩატარება…

რეალურად, საარჩევნო უბანს სოფლად ერთი საშუალო ზომის ოთახი სჭირდება და არა სააქტო, ან საკონცერტო დარბაზი…

ეს ერთ-ერთი ფანდია ხელისუფლებისა, რომ ამომრჩეველს პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შეხვედრა არ შეეძლოს.

გელა გელაშვილი _ ეროვნული ფორუმის კანდიდატი:

_ ეს არ არის მარტო თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შექმნილი პრობლემა, ეს ცენტრალიზებულად ხდება და ყველა რაიონში, სოფლად, ამომრჩეველს შესაძლებლობა დააკარგვინეს, ცივილიზებულად, მშვიდ გარემოში შეხვდეს კანდიდატებს… შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს… ანუ ფურცელზე დაწერილი ნებართვა გვაქვს და შესაძლებლობა _ არა…

„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“

ძალაუფლება ნარკოტიკივითაა _ იგი ადამიანს იმონებს. საკმარისია, ის შეიგრძნონ და მასზე დამოკიდებულები ხდებიან. ძირითადად, ეს უნებისყოფო და დაუკმაყოფილებელ ადამიანებს ემართებათ.

მე მესმის სოსოსი, რომლისთვისაც ძალაუფლების დათმობა რთულია, მაგრამ მთავარი შეცდომა ის არის, როგორ გამოიყენა მან ეს ძალაუფლება?!.

სამწუხაროდ, ძალაუფლებით ტკბობა მარადიული არ არის…

დრონი მეფობენ და არა მეფენი…

დაბოლოს, ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს.

დროებით, სოსო!

ოცნებები მარადიულია, მაგრამ თუ ოცნებები ხდება, მერე საპნის ბუშტივით კიდეც სკდება რაღაცები, ადამიანი იმას უნდა წაეპოტინოს, რაც ეკუთვნის…

რაც არ გერგება, უბრალოდ, არ შეგერგება..

შევხვდებით ისევ აქ, „ქრონიკა+“-ში…

 

                                                                                                                       მაკა მოსიაშვილი