„ფაოს“ სკანდალური დასკვნა _ 2016 წელს 700 ჩვილის სიკვდილი?!

s4

საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან ერთ კვირაში, ხოლო 300 _ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. საქართველოში „ფაოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ეს უკავშირდება კვების სიმცირეს, კერძოდ, ჩვილებს შორის მცირეწონიანობას, იოდის დეფიციტს, ანემიას, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას და სხვ.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის სოციალური პირობების, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტი შეადგინა. მაგალითად, მშობიარობა გახდა უფასო, დაწესდა საყოველთაო დაზღვევა და ა. შ. ჩამოთვლილი სოციალური პროგრამების მიუხედავად, რასაც უნდა გამოეწვია სურსათზე ხელმისაწვდომობის შესამჩნევი გაუმჯობესება, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2013-2016 წლებში მოსახლეობის კვების რაციონი არ გაუმჯობესებულა და იგივე დარჩა. განსაკუთრებით საყურადღებოა ცილების ძირითადი მომწოდებელი პროდუქტების: ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, ხილ-ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებელი, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მოცემულ პერიოდში, კატასტროფულად გამოიყურება (ციფრები იხ. ქვემოთ).

 

„ქრონიკა+“ ამ საკითხზე „ნატოს“ ერთადერთ ექსპერტს საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, შოთა ჩხეიძეს ესაუბრება:

_ „ფაოს“ უკანასკნელი დასკვნების მიხედვით 2016 წელსაც კი საქართველო უღარიბეს ქვეყანათა ხუთეულში შედის…

_ „ფაომ“ კონკრეტული ანგარიში დადო. სურსათში შემავალ საკვებ კომპონენტებს (ნუტრიენტები) წარმოადგენს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ასევე მაკრო და მიკროელემენტები. ისინი უზრუნველყოფს ორგანიზმის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობას. ოპტიმალურად მიჩნეულია ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებად მისაღები ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემდეგი თანაფარდობა: 1:1:4. კერძოდ, ცილები 100-120 გრ დღეში, ცხიმები 90-100 გრ დღეში, ნახშირწყლები 450-500 გრ დღეში. ადამიანის ორგანიზმში მილიონობით ძველი უჯრედი იშლება და ახალი წარმოიქმნება საკვების გადამუშავებისა და შეთვისების შედეგად. ეს პროცესი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ზრდა-განვითარების წარმართვას.

_ კონკრეტულ ანგარიშში რას გულისხმობთ?

_ სასიცოცხლო ფიზიოლოგიური პროცესების (მათ შორის იგულისხმება სრული უმოქმედობა, ძილი) განსახორციელებლად მამაკაცს 1870-1955 სჭირდება კ.კალ., ქალს _ 1540-1610 კ.კალ. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ („ფაო“) განსაზღვრა, რამდენად ახლოა იგი საქართველოში სიღატაკეში მყოფი ადამიანების ენერგიის მოხმარების სიდიდესთან. გაითვალისწინეთ, რომ „ფაოს“ დადგენილი ნორმებით შიმშილის ზღვარია 1800 კ.კალორია დღეში. ე. ი. რიგითი ქართველის მიერ მოხმარებული საკვები, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაა 1800 კ.კალ. დღეში, მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას, ასევე საკვების გადამუშავებას ხმარდება. ამის იქით მას არავითარი აქტივობის გამოვლინების უნარი არ გააჩნია.

_ აქტივობის გამოვლინებაში რას გულისხმობთ?

_ მსოფლიოში პროფესიების ხუთი ჯგუფი არსებობს. მათ ფიზიკური აქტივობის მიხედვით ენერგიაზე სხვადასხვა მოთხოვნილება შეესაბამება: პირველი ჯგუფი, უპირატესად, გონებრივად შრომობს და დღეში 2500-3000 კკალ.-ს უნდა მოიხმარდეს; მეორე ჯგუფი _ მსუბუქი ფიზიკური შრომა, დღეში 3000-3500 კ.კალ.; მესამე ჯგუფი _ საშუალო სიმძიმის ფიზიკური შრომა, 3500-4000 კ.კალ. დღეში; მეოთხე ჯგუფი _ მძიმე ფიზიკური შრომა, 4000-4500 კ.კალ. დღეში;  მეხუთე ჯგუფი _ განსაკუთრებით მძიმე ფიზიკური შრომა _ 4500 კ.კალ.-ზე მეტი.

თითოეულ ამ ჯგუფში ადამიანის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, სქესზე, საცხოვრებელ გარემოზე, კლიმატურ პირობებზე და სხვ. საჭირო ენერგიის შევსების წყარო ყველგან ერთადერთია _ საკვები. ადამიანის მიერ მიღებული საკვების ენერგეტიკული ფასეულობის მხრივ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „ფაომ“ დაადგინა სამი დონე: ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობა _ 2500-3000 კ.კალ. დღეში; არასრულყოფილი სიცოცხლისუნარიანობა _ 1800-2500 კ.კალ. დღეში; კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობა _ 1800 კ.კალ.-ზე ნაკლები დღეში, რაც შიმშილობის კლასიკური ფორმაა. საყურადღებოა ისიც, რომ როცა ადამიანის ორგანიზმს ამა თუ იმ დატვირთვის შესასრულებლად დამატებით შესაბამისი რაოდენობის სურსათი (ენერგიის წყარო) არ მიეწოდება, მაშინ იგი ენერგიას საკუთარი ნუტრიენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) დაშლის შედეგად გამოყოფილი ენერგიით ივსებს. ეს კი ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვას და სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ არათუ 1800 კ.კალ. დღეში, არამედ 2000 კ.კალ.-ის მოხმარებაც კი „ფაოს“ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ვითარებად მიაჩნია. საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, მაგალითად, წყალდიდობის, ხანძრის, მიწისძვრის და ა. შ. პირობებში მოხვედრილი ადამიანების კონტინგენტისთვის არ არის მიზანშეწონილი 2300 კკალ-ზე ნაკლები. საყურადღებოა, რომ „ფაოს“ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკია. აქედან 45%  სუფთად ღარიბია, ანუ  არასრულფასოვნად იკვებება, ღებულობს 2050 კ.კალ.-მდე საკვებს, 35% _ ღატაკი, ანუ შიმშილობს და ღებულობს 1600 კ.კალ.-ს დღეში.

_ „ფაოს“ გარდა კიდევ რომელ კვლევებს ეყრდნობა თქვენი საანგარიშო დასკვნა?

_ მეორე უმსხვილესი ორგანიზაცია GELAP-ის კვლევით, საქართველო უღარიბესი ქვეყანაა და 2-16 წელსაც კი მსოფლიოს მოშიმშილე ქვეყნების ხუთეულშია შესული. ეს ქვეყნებია სირია, ავღანეთი, ჰაიტის კუნძულები, უგანდა და ბოლოს, საქართველო.

_ თუმცა ამ ორგანიზაციების მიერ გამოყვანილი შიმშილობის კრიტერიუმი ცოტა უცნაურად ჩანს, ანუ ენერგეტიკულ ღირებულებას ეყრდნობა?

_ ბუნებრივია, რომ ადამიანის კვების ხარისხის შესაფასებლად მხოლოდ ენერგეტიკული მაჩვენებლების ანალიზი არ არის საკმარისი. უმნიშვნელოვანესია, რა სახეობის სურსათისგანაა მიღბული ესა თუ ის ენერგეტიკული მაჩვენებელი. მაგალითად, კვების დარღვევად მიიჩნევა პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები) უკმარისობით, ან ზედმეტობითაც კი.

_ დამიკონკრეტეთ, რამდენი და რა სახის სურსათი უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ მისი მდგომარეობა შიმშილობად არ ჩაითვალოს?

_ ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სურსათის მოქმედებით, ანუ სრულფასოვანი კვებით. საერთაშორისო ნორმატივების საფუძველზე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის ტრადიციების, ეროვნული თვისებებისა და ჩვევების გათვალისწინებით ჩვენი მოსახლეობისთვის დადგენილია შემდეგი ფიზიოლგიური ნორმები: პური _ 350 გრ. დღეში (საერთაშორისო ნორმით კი 200 გრამია დღეში, მაგრამ ჩვენი ჩვევების გათვალისიწნებით დადგინდა 350 გრ.); ხორცი და ხორცპროდუქტები _ 200 გრ. დღეში; რძე და რძის პროდუქტი _ 960 გრ. დღეში; თევზი _ 50 გრ. დღეში; ბოსტნეული _ 370 გრ. დღეში; კარტოფილი _ 170 გრ. დღეში; შაქარი _ 100 გრ. დღეში; კვერცხი _ 0,66 ც/დღეში; ხილი 210 გრ. დღეში; მცენარეული და ცხოველური ცხიმი _ 30 გრ. დღეში. აღნიშნული ნორმები განსაზღვრულია, ძირითადად, გონებრივად მომუშავე საშუალო ასაკის შრომისუნარიანი მამაკაცისთვის, რაც დღეში იძლევა 2800 კ.კალ.-ს. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 25-წლიანმა კვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ სასურსათო პროდუქციის მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კატასტროფულად ირღვეოდა. კერძოდ, ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის: ხორცის 2,5-ჯერ, რძის პროდუქტების  2-ჯერ, თევზის 4-5-ჯერ, ვიტამინებით და მიკროელემენტით მდიდარი პროდუქციის (ბოსტნეულისა და ხილის) _ 2,5-ჯერ. ხოლო ფიზიოლოგიურ ნორმაზე თითქმის 2-ჯერ მეტია ნახშირწყლებით მდიდარი, მაგრამ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებით ღარიბი პროდუქტის _  პურის მოხმარება. ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობა დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს ძვირადღირებული სასურსათო პროდუქციის: ხორცის, რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შეძენას და დაბალფასიანი, მაგრამ ყუათიანი საკვებით _ პურით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე. კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: 100 გრ საშუალო სიმსუქნის ხორცი იძლევა 100 კ.კალ.-ს, ხოლო პური 210 კ.კალ.-ს. რიგითი ქართველის საკვებ რაციონში კი პურის წილი 70%-ს აღწევს მაშინ, როდესაც ზოგადად საერთაშორისო ნორმებით მიღებულია, რომ პურის დღიური ნორმა დღეში 200 გრამზე მეტი არ უნდა იყოს, ეს კი 15%-ს შეადგენს. ასეთი არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება ცილოვან დეფიციტთან ერთად მთელ რიგ მძიმე დაავადებებს იწვევს.

_ ბატონო შოთა, გამოსავალს სად ხედავთ?

_ ეს შუსაბამობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი მოსახლეობა სიდუხჭირის გამო ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას იმისგან, რომ მოახერხოს სრულფასოვანი კვება. დადგენილია, რომ მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათა 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია. ეს ყველამ უნდა იცოდეს და, პირველ რიგში, თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უფრთხლდებოდეს. შესაბამისმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე მასმედიამ მეტი ინფორმაცია უნდა შეიტანოს მოსახლეობაში არასრულფასოვანი კვების საშიშროებასა და მისი შედეგების შესახებ. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, რათა დაცული იქნეს კონსტიტუციით მინიჭებული უმთავრესი პირობა _ სიცოცხლის უფლება.

 

 

                                                                                                       თამარ როსტიაშვილი