ქუთაისში პოლიტიკური ტემპერატურა პიკზეა

cve

აგვისტოს სიცხეს წინასაარჩევნო ტემპერატურის მატება კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის. პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამომრჩევლებთან კონტაქტი და მმართველი ძალის წინასაარჩევნო გადაცდომებზე საუბარი ბოლო დღეებია, თვალსაჩინო გახდა. ოპოზიციური ძალები განსაკუთრებით აკონტროლებენ ხელისუფლების ნებისმიერ საქმიანობას და საეჭვო ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში ხმამაღლა საუბრობენ.

ქუთაისი იმ ქალაქთა რიცხვს განეკუთვნებოდა, სადაც არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში იმართებოდა. არც წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვნებათაღელვით. წელს კი, შეიძლება ითქვას, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ოპოზიცია აკვირდება და განგაშს ტეხს, ხოლო ხელისუფლება პოზიციის დათმობას არ აპირებს და ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.  უკვე კარგად ჩანს, რომ ქუთაისში ცხელ ზაფხულთან ერთად არანაკლებ ცხელი შემოდგომა გველის.

„ქრონიკა+“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქალაქში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს?..

 

ნატო ქათამაძე _ „რესპუბლიკური პარტია“:

_ ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა უკვე წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თავად შენობაში ღიად ხვდებიან „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რაც დარღვევაა. აიპებში დასაქმებული ადამიანებიც უკვე აღარ მალავენ კამპანიაში ჩართულობას. მათ კანონი არ უკრძალავს, რადგან საჯარო მოხელეები არ არიან და მათზე შეზღუდვები არ ვრცელდება. სწორედ ამით სარგებლობენ. სამუშაო დროს აზიარებენ, იწონებენ, ავრცელებენ სოციალური ქსელით სხვადასხვა ინფორმაციას. ხელისუფლებას აპიარებენ.

ჯერჯერობით, ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ ნამდვილად არაფერი მსმენია, მაგრამ როცა ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანამშრომლები სამუშაო საათებში ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობენ, ეს ფინანსური რესურსის არასათანადოდ გამოყენებაა. სამსახურის შემდეგ სადაც უნდათ, იქ წავიდნენ და ვისაც უნდათ, იმას დაუჭირონ მხარი, მაგრამ არა სამუშაო საათებში, რისთვისაც გადამხდელების მიერ გაღებულ თანხას იღებენ ხელფასის სახით!

_ ამ ეტაპზე როგორია თქვენი პროგნოზი, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები ქალაქში?

_ რთულია ზუსტი პროგნოზი. ძალიან ჭრელი სპექტრია, მაგრამ მგონია, რომ მმართველ პარტიას სერიოზული პრობლემები აქვს. არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტია. ასევე ძალიან ბევრი მოთამაშე შემოვიდა და ვფიქრობ, რომ წინ საკმაოდ საინტერესო არჩევნები გველის. მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება მაძლევს იმის იმედს, რომ ნამდვილად დავდებ შედეგს და იმ ოლქის რჩეული ვიქნები, სადაც კენჭისყრას ვფიქრობ.

 

გოგი წულაია _ „თავისუფალი საქართველო“:

_ მიუხედავად პოლიტიკური პარტიების კამპანიისა, აგვისტო მაინც შედარებით მკვდარი თვეა და ამიტომ, ჯერჯერობით, გამოკვეთილი დარღვევები არ მინახავს. სექტემბრიდან ხელისუფლება აქტიურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ამის თქმის საბაბს მაძლევს ის, თუ როგორ გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა აიპებში და თავად მერიაშიც სწორედ ამ საქმისთვის.

სოციალური დახმარებისთვის შარშან 2 მილიონი ლარი გამოიყო, წელს კი ეს ციფრი 4 მილიონია. მერვე თვეა უკვე და მილიონ სამას ათასამდეა ჯერ მხოლოდ გახარჯული. 2 მილიონ 700 ათასამდე კი დარჩენილ თვეებში უნდა დახარჯონ. როცა ამაზე ვსაუბრობ, ხელების შლას იწყებენ და ისე ხატავენ სურათს, რომ თითქოს ხალხის მტერი ვარ და დახმარების გაცემის წინააღმდეგი. რაღა მაინცდამაინც არჩევნების დროს ხედავენ ყველაზე მეტ დასახმარებელ ადამიანს? გზების დაგებაც ახლა გაახსენდათ. ვყვიროდი, როცა ნიკეას ქუჩაზე ნელა მუშაობდნენ. სამაგიეროდ, ახლა გაახსენდათ, აჩქარდნენ და მიაყარეს.

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, ჯერჯერობით, ვერ არიან ისე ჩართული, რომ შედეგის დადების იმედი გაჩნდეს. ოპოზიციურ ძალებს ნაკლები ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ. ჯერჯერობით, უშიშროება და პოლიცია პროცესებში არ ერევა.

 

გიორგი უკლება _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

_ აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს აშკარად აშანტაჟებენ, დაშინების ფაქტებც არის, ამიტომ ისინი ვერ ბედავენ ღია მხარდაჭერას ოპოზიციისადმი. მძღოლებზე ზეწოლაა, რათა ოპოზიციურ პარტიებს არ მოემსახურონ. შენობებს ბლოკავენ, კერძოდ მესხიშვილისა და ოპერის თეატრებს, ასევე სხვა შენობებსაც, რათა ჩვენი პარტიული კონფერენციები დაბლოკონ.

_ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს აშინებენ, გამოხატვის თავისუფლებას უხშობენ ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურებიდან განთავისუფლებით ემუქრებიან.

_ როგორია თქვენი პროგნოზი, დადებთ შედეგს არჩევნებში?

_ მიუხედავად ამ ზეწოლისა და არათანაბარი პირობებისა, ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოვუგებთ.

 

სამსონ გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“:

_ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და არათანაბარ პირობებს ქმნის სუბიექტებს შორის. ძალოვან სრტუქტურებსაც ბოროტად იყენებს. მეპატრონემ ხონში ოფისი, ბოდიშის მოხდით, ერთ კვირაში დაგვაცლევინა. მიგვანიშნა, რომ მას აიძულებენ, დაგვატოვებინოს ფართი. არაჯანსაღი საარჩევნო გარემოა.

პედაგოგებს იქით-აქეთ დაატარებენ და სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. წინა რეჟიმიც ასევე იქცეოდა. მიუხედავად ამისა, „ლეიბორისტული პარტია“ დაამარცხებს ამ ხელისუფლებას. ჩვენ შიდა კვლევები გვაქვს. რეალურად პირველ ადგილზე ვართ, თუკი ხელისუფლებამ ტოტალურად არ გააყალბა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნებს მოუგებს. ხალხს მოტივაცია დაუკარგეს, ამიტომ ქვეყანაში განწყობა ოპოზიციურია.

 

თემურ ცამციშვილი _ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“:

_ ჯერჯერობით დარღვევაზე ინფორმაციები არ გაგვაჩნია, მათ შორის, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ ბერკეტს ხელისუფლბა სექტემბრიდან გამოიყენებს.

 

ზაალ ხონელიძე _ „ახალი საქართველო“:

_ გვითვალთვალებენ, ფოტოებს გვიღებენ. რაც შეეხება ზეწოლას, ჯერ არ დაფიქსირებულა. ე. წ. ხარაზოვის ბაღში პრაიმერი გვქონდა და 2 მანქანით მთელი დღის განმავლობაში კამერებით იდგნენ. მართალია, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ თვალს გვადევნებდნენ. ბაღებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს აიძულებდნენ, რომ კანდიდატების წარდგენაზე ბალახვანში მისულიყვნენ. ასეთი სახით ეცადნენ დაეხატათ სურათი, რომ თითქოს 25 ათასი კაცი უჭერს მხარს „ოცნებას“.

 

ბაჩუკი ფერაძე _ პოლიტოლოგი:

_ აშკარაა, რომ ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში შედარებით თანაბარი წინასაარჩევნო პირობებია. ადმინისტრაციულ რესურსზე კი არა მარტო საქართველოში, არამედ დიდ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც სერიოზული პრეტენზიები აქვთ.

_ რა პროგნოზის გაკეთების საშუალებას გაძლევთ ქუთაისში არსებული სიტუაცია? როგორ დასრულდება არჩევნები ქალაქში?

_ „ქართული ოცნება“ ხმების უმრავლესობას აიღებს, მაგრამ არა ისეთი რაოდენობით, როგორც ეს 2012 წელს მოხდა. შედარებით კონკურეტუნარიანი არჩევნები გველოდება, რადგან რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს და მმართველ პარტიას უფრო მძიმე ბრძოლა მოუწევს.

 

გიორგი სანტურიანი _ საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე:

_ ჩვენ მალე გვექნება პირველი შუალედური ანგარიში. შევხვდით პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებული დარვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. მაინც შესწავლის რეჟიმში ვართ. ინფორმაცია გვაქვს პედაგოგების უფასო მკურნალობაზე. აღნიშნულ საკითხს ვსწავლობთ. აიპებში არსებულ სიტუაციაზე პრეტენზიებს და  მოსაზრებებს უახლოეს ხანში გაგაცნობთ.

 

                                                                                                              ხვიჩა ვაშაყმაძე