ვინ მოპარა ატოცელებს ასფალტი?!

z12

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჯუმბერ შუბითიძეს და გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ბრეძაში, მარინე გულისაშვილს ასფალტის ქურდობაში ადანაშაულებს. ატოცელები ამბობენ, რომ სოფლის ცენტრალურ გზაზე ასფალტის დასაგებად თანხა გაეროს განვითარების ფონდმა გამოყო, შუბითიძემ და გულისაშვილმა კი ასფალტის ნაწილი მიითვისეს და სოფელ ბრეძაში საკუთარ სახლებთან დაიგეს. ატოცის გზის 600-მეტრიანი მონაკვეთი ასფალტის გარეშე დარჩა, სადაც გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ატოცელების სახელით „ქრონიკა+“-ს სოფლის მკვიდრი, ზოია ხეხელაშვილი ესაუბრა:

_ სოფელ ატოცს მთელი ცხოვრება უგზოობა აწუხებდა. ატოცი ყველაზე ბოლო სოფელია, ბუფერული ზონაა და 3 კმ გვაშორებს ოსების საზღვართან. ხალხით სავსე სოფელია და ჩვენთვის გზა ძალიან მნიშვნელოვანია, სულ გაეროს მანქანები დადიან, საზღვარზე მიდი-მოდიან და აკოტროლებენ. ძალიან გაგვეხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ გზას აგებდნენ. პროექტი გაეროს განვითარების ფონდმა დააფინანსა. მოვიდნენ და გაზომეს თავიდან ბოლო გაჩერებამდე, რომ ასფალტი დაეგოთ, მაგრამ შუა სოფლამდე მივიდნენ. ბოლო გაჩერებამდე რომ მისულიყვნენ, 600 მეტრი დარჩა… დაგება შეწყვიტეს.

_ მიზეზი რა იყო?

_ ჯუმბერ შუბითიძე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელიც სოფელ ბრეძიდან გახლავთ, მარინე გულისაშვილი კი ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენელია. სწორედ ამ ორმა ადამიანმა მიითვისა ატოცში დასაგები ასფალტი და ცენტრალური გზიდან დაიგო საკუთარ სახლებამდე. ჩვენმა თანასოფლელმა მძღოლებმა მანქანის მრიცხველებით გაზომეს ტრასიდან მათ სახლამდე მანძილი და ზუსტად 600 მეტრია. ჩვენი სოფლის გზას სწორედ ამ მანძილზე დააკლდა ასფალტი, რომ საქმე ბოლომდე მისულიყო.

_ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ მიმართეთ?

_ ქვემო ქართლის გუბერნატორთან ვიყავით, გვითხრეს, რომ ეს გზა გაეროს განვითარების ფონდმა გააკეთა და უფლება არ გვაქვს, ერთი თეთრიც დავამატოთო. გვითხრეს, ხრეშს დავყრითო, მაგრამ მთიანი სოფელია და გაზაფხულზე ნიაღვარი ისევ წაიღებს, ხრეში გზის დაგებაში ჩაითვლება და გაზაფხულზე იგივე პრობლემა გვექნება. ორი კვირაა, მამა გარდამეცვალა და დაკრძალვაზე ვინც ჩამოვიდა, ყველას მანქანა უკან დაზიანებული წავიდა, იმ 600 მეტრში ზოგს ბორბალი მოძვრა, ზოგს ძირი გამოვარდა. მითხრეს, ქვეყანა რომ დაიქცეს, აქ აღარ ჩამოვალთო. წარმოიდგინეთ, 600 მეტრზე გზა ასეა გაუბედურებული. ადრე ხრეში დაყარეს, უფრო სწორად, ბასრპირიანი დიდი ლოდები, სამარშრუტო ტაქსსაც კი დაუჭრა საბურავები, ნახევარი წყალმა წაიღო და დარჩა ეს დიდი ლოდები. ვისაც რამე ევალება, სოფლის მოსახლეობა აბსოლუტურად ყველასთან იყო, ზოგან ცინიკური პასუხი მივიღეთ, ზოგან უარით გამოგვისტუმრეს. ატოცსა და ბრეძას ერთი საკრებულო აქვს, სადაც მარინე გულისაშვილია გამგებლის წარმომადგენელი, იქაც ჩავედით, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო? მოსახლეობამ თბილისშიც იჩივლა, იქიდან განცხადება ქარელში გადმოაგზავნეს, ქარელმა გორში გაგზავნა და არანაირი პასუხი არ არსებობს, ამ ხალხს წინ და უკან დაატარებენ, თან ეუბნებიან, არ დაგიგებთ, არ გეკუთვნითო. სოფელში ისედაც გაუსაძლისი პირობებია, ხალხი კი ასე საცოდავად დადის უწყებიდან უწყებაში. ოსების მხრიდან რაიმე ინციდენტს რომ ჰქონდეს ადგილი, გამოქცევასაც ვერ შეძლებ, სადაც ავტობუსი ჩერდება, ქვედა უბანია და 2 კილომეტრიც აღარ დარჩა ოსებიდან ჩვენამდე. ხალხმა ნაკვეთები მიატოვა იმიტომ, რომ ზედ მავთულხლართები გაატარა. უბედური შემთხვევაც კი მოხდა და ნაკვეთში ორი ადამიანი დაჭრეს. მამაჩემი მარტო ცხოვრობდა და ბავშვები ვერ აგვყავდა, რამე რომ მომხდარიყო, ვერც კი გამოვიქცეოდით. როცა მამას სანახავად ჩავდიოდით, მანქანას შუა გზაზე ვაჩერებდით და მერე ფეხით ავდიოდით, კბილებითაც კი ჩანთები გვეჭირა, რომ როგორმე სახლამდე მივსულიყავით. ახლაც მანქანები ტრასაზეა გაჩერებული და თანასოფლელებს აქვთ მიბარებული.

_ რას მოითხოვთ?

_ სადაც ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაა, იქამდე მიიყვანონ გზა და უბნებში მისასვლელად ჩვენ თვითონ მივხედავთ თავს. მანდ ხალხი არ ცხოვრობს, რა ასფალტი გინდათო?! ნეტავ, ვინმე ჩამოვიდეს და ნახოს, ხალხით სავსე სოფელია, ერთი სახლი არ არის მიტოვებული. საჯარო სკოლა ჩვენს სოფელშია და მიმდებარე სოფლებიდანაც აქ დაჰყავთ ბავშვები, მშობლებს ბავშვები სკოლამდე მანქანებით ვერ მიჰყავთ. ჩვენი მოთხოვნაა, დაგვიგონ დარჩენილი 600 მ გზა, თუ არავინ დააფინანსებს, გამოიძიონ, ვინ მიითვისა და როგორ დაიგეს გზა საკუთარ სახლთან ჯუმბერ შუბითიძემ და მარინე გულისაშვილმა?! ნება იბოძონ და რამდენი ასფალტიც დაიგეს, იმის ფული გადაუხადონ სოფელს, ვიყიდით და ჩვენ თვითონ დავაგებთ. ხალხი იმედგაცრუებულია, ხელი ჩაიქნია! ცინიკოსები არიან, ხალხს დასცინიან, საკრებულოში განცხადება რომ დაწერო, მარინა იქ არის, მან თუ გადასცა ეს განცხადება გამგეობას, იქ ჯუმბერია და მათთან უნდა მიხვიდე საჩივლელად. თბილისში დავწერეთ განცხადება, ისევ ამათ გადმოუგზავნეს. მშიერმა ადამიანმა ერთი ძეხვი რომ მოიპაროს, იმას სჯიან და ამათთვის პასუხის მომთხოვი არავინ არის. „ცისფერი მთების“ ამბავი მეორდება ჩვენთან. მოვიდეს სოფელში ეს ორი ადამიანი და გაგვცეს პასუხი, იმ ასფალტში, რაც სახლამდე დაიგეს, რა გადაიხადეს, ან რატომ ეკუთვნოდათ, საიდან სადამდე იყო გაზომილი, ან როგორ დაემთხვა, რომ 600 მეტრია დაგებული მათ სახლთან და სწორედ 600 მეტრი ასფალტი დააკლდა ჩვენს გზას გაჩერებამდე?! მთავრდება თუ არა ასფალტი, გეგონებათ, სხვა სამყაროში მოხვდით… საფლავზე ვერ ავდივართ, მანქანა ისე ჯაყჯაყებს, ნაწილები ძვრება, შეუძლებელია იმ პატარა 600 მ-ის გავლა!

 

„ქრონიკა+“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჯუმბერ შუბითიძეს დაუკავშირდა:

_ არც მე და არც რაიონის გამგებელს პროექტის შეცვლა არ შეგვიძლია. ჯერ ერთი, სხვა დაფინანსება არ ყოფილა, ეს იყო სახელმწიფო დაფინანსება. მუნიციპალიტეტმა პროექტი გააგზავნა, გუბერნიიდან დაფინანსდა და თანხები გამოიყო. პროექტში იყო ჩასმული, რომ გზა უნდა დაგებულიყო ცენტრამდე. ყველაფერი დამოკიდებულია ბენეფიციარზე, ვინ სარგებლობს, რა რაოდენობის მოსახლეობაა. ის კეთილდღეობა არ გვაქვს, რომ უბნებში შევიდეთ, კი იქვეა სოფლებზე მიბმული, მაგრამ გარკვეული მონაკვეთი ცენტრამდე ამ გზამ დაიკავა, ანუ პროექტით რაც იყო გათვალისწინებული. პლუს ამას მოემატა 374 მეტრი იმის ანგარიშზე, რომ გზა არის 5,5 მ, რაც უნდა იყოს სტანდარტებით და რაც მივიდა სოფლამდე. სოფელში ყველა გამოწეულია, არც სახლს დაგვანგრევინებს ვინმე და არც ნაკვეთში გაგვატარებს, ანუ გზა სოფლამდე მიდის, რაც სტანდარტით იყო გათვალისიწნებული 5,5 მ და სოფელში ასე რომ ვეღარ გაიარა, 1 მ მოიკლო, ამის საფუძველზე მოემატა ცენტრიდან ქვემოთ. პროექტში რაც იყო 20 000 კვ.მ. ეს ყველაფერი გაკეთდა და იმ ადგილამდე მივიდა. ცენტრში ამბულატორია გვაქვს, აქამდე 40-50 მ დააკლდა და 74 მ კიდევ იქით დაემატა, არ დაკარგულა, იქვე წავიდა და გზას სიგრძეში მოემატა. შეგიძლიათ, მობრძანდეთ, გადაათვალიეროთ საბუთები, ორი აზრი არ არსებობს, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც გათვალისწინებული იყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებსაც შეგიძლიათ გაესაუბროთ, რომელთაც ეს სამუშაოები შეასრულეს. სადაც მე ვცხოვრობ, იქ თბილისში მიმავალი ცენტრალური გზა გადის, იმის გამო, რომ ასფალტი ჩემს გზაზე დაიგო, სახლს ხომ არ გადავიტან?! ეს იყო პროექტით გათვლილი, ბავშვობიდან იქ დაბადებული და გაზრდილი ვარ, არც მე მიყიდია ახლა იქ სახლი და არც მარიამ გულისაშვილს.

 

„ქრონიკა+“ ქარელის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ბრეძაში, მარიამ გულისაშვილს დაუკავშირდა:

_ ტყუილია, რომ ამ გზის გაკეთება გაეროს განვითარების ფონდმა დააფინანსა, ასფალტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიგო სოფლის მისასვლელ გზაზე ბრეძა-ატოცში და არა უბნებში. ბრეძა-ატოცის მიმართულებით 5,50 მ-ია გზის სიგანე, რომელიც ცენტრამდე, სკოლამდე შედიოდა, სოფელში ბაღები რომ არ განადგურებულიყო, შიგნით სოფელში გზა შევიწროვდა, ამის ხარჯზე გზის დაგებამ სოფელში წინ წაიწია და სიგრძე მოემატა. ამიტომ ეს გზა უბნებში ვერანაირად გაივლიდა, პროექტი იყო გაკეთებული, მისი ღირებულებაც და სიგრძეც ისე გაკეთდა. ჯუმბერ შუბითიძემ და მარიამ გულისაშვილმა რამდენიც არ უნდა მოინდომონ, ტენდერზე გასულ პროექტში ერთ მილიმეტრს არავინ შეცვლის. ზოია ხეხელაშვილი ან სხვა რას ლაპარაკობს, ყველაფერი ამაზე ხომ არ არის დამოკიდებული?! გადაამოწმეთ ოფიციალურად და დარწმუნდებით, რომ რასაც გეუბნებით, ზუსტად ასეა.

 

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი