7 შვილი და მარტოხელა მამა, რომელიც მათთვის ცოცხლობს

უკვე 3 წელია, ბავშვებზე ძირითადი მზრუნველობა მამამ იკისრა, _ დღეს 7 შვილს სრულიად მარტო უვლის. 14 წლის ლიკა, 13 წლის ლუკა, 11-ის ვიკა, 9-ის გიორგი, 7-ის ილია, 6-ის მარი და 4 წლის ლიზიკო. მას უკვე გმირი მამა შეარქვეს!
რუსლან ვეკუა წარმოშობით ოჩამჩირიდანაა. დღეს დევნილია და შვილებთან ერთად მცხეთის რაიონში, ნათხოვარ სახლში ცხოვრობს. რეგულარული სამსახური არ გააჩნია, თუმცა რომც ჰქონდეს, ბავშვებს ვერ მიატოვებდა, მათ ხომ მოვლა-პატრონობა სჭირდებათ?! ისე, საშუალო განათლება აქვს, მაგრამ ყველა საქმე გამოსდის და ზოგჯერ მშენებლობასაც ითავსებს. დასახლებაში თუ სამუშაო გამოუჩნდა, რემონტსაც აკეთებს. ასეთ სამუშაოზე რუსლანს რამდენიმე დღით ეძახიან, რომ ოჯახისთვის ცოტაოდენი ფული იშოვოს, სარგებელი მიიტანოს.

საკითხავია, თუ რა შემოსავლით ახერხებენ თავის გატანას თვითან თვემდე, როცა უკვე ვახსენეთ, რომ მამა არ მუშაობს? ოჯახს სოციალური დახმარება და დედის გარდაცვალების შემდეგ „კომპენსაცია“ ერიცხება, თითოეულ ბავშვს თვეში 100 ლარი. ამას ემატება ისიც, რომ მეზობლები და კეთილი ადამიანები ან საჭმელს შემოუგზავნიან, ან საჩუქრებით აკითხავენ. აი, ამ დროს კი ბავშვების სიხარული ცას სწვდება და მათი დღეც ასე ფერადდება.
ოჯახი მცხეთაში 2008 წლიდან ცხოვრობს, თავიდან ქირით იყვნენ, შემდეგ ის სახლი ათხოვეს, რომელშიც ახლა არიან. სახლს გარედან პატარა ეზო ეკვრის, სადაც რამდენიმე ხეა დარგული, ეზოშივეა საპირფარეშო, დაბლა სარდაფი და მეორე სართული სრულიად გაურემონტებელი, გამოუსადეგარია. ოჯახს ცხოვრება იმ ერთ სართულზე უწევს, სადაც ყველაფერი გაერთიანებულია.
რუსლანი შვილებს მარტო ვერ ტოვებს. მეუღლეს, ირმა ბაღათურიას, რაღაც ვირუსი შეეყარა, რომელიც უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა. ერთ დღესაც, მოულოდნელად, გარდაიცვალა. მას შემდეგ რუსლანს ცოლი არ მოუყვანია. არადა, 3 წლის წინათ ბავშვები უფრო პატარები იყვნენ და გაცილებით რთული იყო მათი მოვლა. მამის ყოველი დღე ადრე გაღვიძებით, ბავშვებისთვის საუზმის მომზადებით და სკოლაში გასტუმრებით იწყება. შემდეგ მარიამსა და ლიზიკოს სახლში იტოვებს და ბავშვების მოლოდინში ან სადილის კეთებას იწყებს, ან _ მილაგებას.
უფროსი ლიკა 14 წლისაა, ჯერ მერვე კლასშია, თუმცა უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება და გამოცდილებაც დიდი აქვს! ბავშვების მოვლაში მამას 3 წელია, ეხმარება, _ 11 წლიდან. სწორედ ლიკა აბანავებს ბავშვებს, აცმევს, საჭმელს უმზადებს, ეს საქმეები კი ორმაგდება, თუ მამამ რაიმე სამუშაო იშოვა და სახლში არ არის. საოცარია და 14 წლის ლიკას საყვარელი საქმე სახლის დალაგებაა, საგნებიდან კი ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს. ამბობს, რომ ძალიან საინტერესო საგანია და დიდ ყურადღებასაც უთმობს. ლიკას განუყრელი მეგობრები მისი ყველაზე უმცროსი და ლიზიკო და მარი არიან. ამბობს, რომ ყველაზე მეტად დედა ენატრება, თუმცა ამ ყველაფერზე ღიად არ ყვება. დედაზე გამუდმებით საუბრობს ყველაზე პატარა ლიზიკო, ბავშვები კითხვასაც უსვამენ მამას, თუ სად წავიდა დედა? რატომ არ არის მათ გვერდით? მამისა და ლიკას პასუხი პატარებისთვის კი ერთია _ ცაში!
ბავშვები მცხეთის #1 საჯარო სკოლაში სწავლობენ. როდესაც უფროსები სკოლაში მიდიან, მარიამი და ლიზიკო მამასთან რჩებიან. რუსლანს ოჩამჩირეში ნათესავები აღარ დარჩა, მხოლოდ სამეგრელოში ჰყავს დეიდა და დეიდაშვილები, რომლებიც მცხეთაში იშვიათად ჩამოდიან, თუმცა ზაფხულობით მამა ბავშვებს ხშირად იქ აგზავნის.
ბავშვები ერთმანეთთან თამაშითაც კარგად იჯერებენ ხოლმე გულს, მაგრამ დროდადრო დედა გაახსენებათ და პატარებს იგივე კითხვა უჩნდებათ, _ დედა სადაა, როდის მოვა?!
ბიოლოგიის მოყვარულმა ლიკამ არ იცის, რა პროფესია უნდა აირჩიოს სამომავლოდ, მაგრამ გიორგიმ ზუსტად იცის, რომ როცა გაიზრდება, ჯარისკაცი უნდა გამოვიდს, სამშობლოსთვის უნდა იბრძოლოს. ადრე ლიკას ოცნება მაცივარი და პატარა გაზქურა იყო, რომელზეც საჭმლის მომზადებას შეძლებდა; ილიას პულტიანი მანქანა უნდოდა; ზოგს ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვ. გიორგის მართლაც აჩუქეს მობილური ტელეფონი კეთილმა ადამიანებმა, თუმცა ვიკას დაუთმო. უკვე თითქმის ყველაფერი მოუტანეს და ლიკა ახლა მხოლოდ აიფონზე ოცნებობს.
ილიას მათემატიკა უყვარს და ესეც სიმბოლურია, დიდი ილია ვეკუას მსგავსად. მამას ბავშვების იმედი აქვს და მათთვის თავს არ ზოგავს.
ოჯახისთვის დრო ყოველთვის მალე გადის, 7 ბავშვის ჟრიამული და მათი ხმა ეზოშიც მკაფიოდ ისმის. ისინიც გამუდმებით ელოდებიან, რომ მათ ჭიშკარს ვინმე საჩუქრებით დახუნძლული შემოაღებს და გმირი მამის ოჯახს კიდევ ერთხელ გაახარებს.

ნინო ტაბაღუა