2017 წლის ხრიდოლი გახსნილად ცხადდება!

ძველ საქართველოში ხრიდოლი არის შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებს დაჩაგრულის მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძვის ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი დამარცხების შემთხვევაშიც კი არ არღვევს ხრიდოლის წესებს და დაპირისპირების დასრულებამდე ცალხელგაკრული ერკინება მოწინააღმდეგეს. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის გამოვლინებაა: ერთი ვერსიით, ცალი ხელით მებრძოლი საქართველოს განასახიერებს, რომელსაც მუდამ თავის უპირატეს მტერთან უწევს ბრძოლა.

2014 წელი „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიულ წლად აღიარა და თვითმმართველობის შედეგად სახელმწიფოს 7 თვითმმართველი ქალაქი დაუმატა. თუმცა სამი წლის შემდეგ იგივე გუნდმა რეფორმა წარუმატებლად და წამგებიანად შერაცხა და კვლავ ორად დაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოიწადინა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, რეფორმის ჩატარება ნაადრევი აღმოჩნდა და თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სახელმწიფო 50 მილიონზე მეტს ხარჯავს… თუმცა ოპონენტები სხვა რამეს ამბობენ: 2017 წელს ხელისუფლება შეშფოთდა არა 50 მილიონის გამო, რომელიც, ძირითადად, ბიუროკრატიულ ხარჯში გადის, არამედ მათი შეშფოთების მიზეზი მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებია, მოსახლეობის ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ და წამგებიანი პოზიცია.

თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის მაგალითზე სურათი ასე გამოიყურება: თუ დღეს ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს 45 დეპუტატი ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოში, ანუ ქალაქის საკრებულოში 15 დეპუტატია, ხოლო თემის საკრებულოში, 30 გაერთიანების შემთხვევაში, მხოლოდ 31 დეპუტატი იქნება, თელავს წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ 1 დეპუტატი ეყოლება. ბუნებრივია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთი ადამიანის მხარდასაჭერად უფრო მარტივია, ვიდრე 15 კანდიდატისთვის… შესაბამისად, ხელისუფლებას სწორედ გონივრული შიში აქვს, რომ ამ არჩევნებს წააგებს. დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, დღევანდელი სურათით კი ადგილობრივი „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ჯგუფები სამომავლო კანდიდატებს განიხილავს.

მაშ, ასე! 2017 წლის აპრილის მონაცემებით, ვინ იქნება თელავისა და ახმეტის მესაჭე?

 

თელავი

 

თელავის მერობის კანდიდატად გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი სახელდება. მეტრეველი, როგორც ადრე, არც ახლა ადასტურებს მისი კანდიდატურის განხილვას. გივი მეტრეველი 2014 წლის ივნისამდე გაერთიანებული მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მოგვიანებით, ის კახეთის გუბერნატორის მოადგილედ გადავიდა. მეტრეველი „ქართული ოცნების“ ფავორიტის, დავით მაღრაძის მეგობარია და „ოცნების“ ცენტრალური ჯგუფიდან მხარდაჭერა, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს.

თელავის საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ დღევანდელი თელავის ვიცე-მერი, თენგიზ მთვარელიშვილი მოიზარება და არა მარტო მოიაზრება, არამედ მთვარელიშვილმა, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ უბანში უკვე დაიწყო. თუმცა მთვარელიშვილი იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, ეს ჯერ უცნობია, _ მის უბანში, საპარლამენტო არჩევნების დროს, ხელისუფლებამ დიდი კრახით წააგო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი დიდი უპირატესობით მოიგო. საინტერესოა, ადგილობრივი არჩევნების დროს იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ამ უბნის მოსახლეობა, თუ პოზიციებს შეცვლის? თენგო მთვარელიშვილი კახეთში სურსათის უვნებლობის სამსახურის რეგიონული უფროსი იყო წლების მანძილზე, 2012 წლამდე… მოგვიანებით, ის თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

თელავის თემის გამგებლის პოსტზე კვლავ მოქმედი გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის კანდიდატურა სახელდება. როგორც შათირიშვილის მხარდამჭერთა გუნდი ირწმუნება, გამგებელს მოგება პირველსავე ტურში გარდაუვალი აქვს.

თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ უცვლელად პაატა გიორგობიანი მოიაზრება. გიორგობიანი თელავის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარეა და მოქმედი საკრებულოს ხელმძღვანელი. კულუარული ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიორგობიანისა და პარტია „ქართული ოცნების“ არამართლზომიერმა მუშაობამ პარტიის სათავო ოფისი განაწყენებული დატოვა, რადგან სესიაშვილს პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, ბევრ საარჩევნო უბანზე განსაკუთრებული სხვაობით მოუგო, შესაბამისად, გიორგობიანს რამდენად გაუმართლებს და იქნება თუ არა კვლავ ან პარტიის თავმჯდომარე, ან კანდიდატი საკრებულოში, ეს უახლოეს მომავალში საჯარო გახდება.

 

ახმეტა

 

ახმეტა ყველაზე უცნაური მუნიციპალიტეტია…

რატომ? ახმეტის წარმომადგენლობითი ორგანო ერთადერთია, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს ორჯერ იმპიჩმენტს უცხადებს და ბოლოს შეშინებული თავმჯდომარე თავად გაიქცევა და გადადგება… სანაცვლოდ, საკრებულოს უმრავლესობაც და ოპოზიციაც გაერთიანებული ძალებით ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის დეიდაშვილს, თამარ ყეინიშვილს ირჩევს. მართალია, უკვე საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვას თავის ნათესავებთან დაკავშირებით ასე პასუხობს: „საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა საკრებულოს წევრების გადასაწყვეტია. ვადასტურებ, რომ მე ვარ გელა სამხარაულის ნათესავი, მაგრამ ეს ჩემთვის სასჯელია? დიდი ხანია, რაც საკრებულოს წევრი ვარ და გელა სამხარაული ახლახან გახდა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი“, _ თუმცა, რატომღაც, ყეინიშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ საკრებულოში მისი შესვლის დროს მისი ოჯახის ორი წევრი _ დეიდაშვილი გელა სამხარაული და საკუთარი და _ ნანა ყეინიშვილი, ორივე პარლამენტის წევრი იყო და, შესაბამისად, მისი გადეპუტატებაც წარმომადგენლობით ორგანოში წლების წინათ სწორედ მათი დამსახურებით მოხდა.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საკრებულოს წევრობასა და თავმჯდომარეობისთვის ყეინიშვილი კვლავ იბრძოლებს, სადაც პარლამენტის წევრი დეიდაშვილი დაეხმარება. თუმცა დეიდაშვილობისა და ერთი ოჯახის ნათესაობა თვითმმართველობასა და მაჟორიტარს შორის ამით არ სრულდება.

ბექა ბაიდაური მოქმედი გამგებელია, იგი აღარ იყრის კენჭს, რასაც თავადაც ადასტურებს. ბაიდაური ზვიადაურის კადრი იყო. რადგან ზურაბ ზვიადაურის ეპოქა სამხარაულის ეპოქამ ჩაანაცვლა, ახლა პოლიტიკური ბანქოც სხვანაირად ლაგდება მაგიდაზე.

ახმეტაში უკვე დაწყებულია კამპანია _ გიორგი ქიბროწაშვილი ახმეტის გამგებლად. ქიბროწაშვილი, ყეინიშვილის მსგავსად, მაჟორიტარ სამხარაულის ბიძაშვილია. ქიბროწაშვილი 2016 წლის შემოდგომის შემდეგ ახმეტის „რუხი კარდინალის“ სტატუსით გვევლინება. იგი, რატომღაც, ბევრ ტენდერს იგებს, ერევა საკადრო პოლიტიკაში და ახმეტის პოლიტიკური კულუარის გადამწყვეტი ერთეულია. ქიბროწაშვილის უშუალო ჩარევით მოხდა, რომ საკრებულოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა მესამე იმპიჩმენტამდე სულ რამდენმე კვირით ადრე მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვა. ჯუგაშვილს სანაცვლოდ კულტურის სამსახურში შესთავაზეს ადგილი. უახლოეს მომავალში ყოფილი საკრებულოს შეფი კულტურის სახლის შეფად მოგვევლინება, ხოლო კულტურის სახლის ხელმძღვანელი, კახა მამულაშვილი, რომელიც გიორგი ქიბროწაშვილის ახლო მეგობარია, საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ქალაქ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნოდ დეპუტატის დეიდაშვილ-ბიძაშვილი თანამდებობისთვის ემზადება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი სტრატეგიით „ოცნებას“ ახმეტა უკვე მილაგებულ-მოლაგებული აქვს.

 

  1. S. „შავფაროსნები“ ყოფილან მცირე ქართული დაჯგუფებები. მასზე ინფორმაცია სპარსულ ისტორიულ წყაროებში გვხვდება. ჯგუფის წევრებს გამურული ფარები ჰქონდათ და შავი ტანისამოსი ეცვათ. ისინი მოულოდნელობით გამოირჩეოდნენ, ბრძოლას მხოლოდ მოულოდნელად იწყებდნენ. დიდი ეჭვია, რომ 2017 წელს ახმეტაში „შავფაროსანთა“ ბრძოლები კვლავ განახლდეს…

 

მაკა მოსიაშვილი