2017 – ეკონომიკური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური წლის შეჯამება

2017 წელი უამრავი მიზეზის გამო შეიძლება გამორჩეულად ჩაითვალოს, თუმცა ქართულ რეალობაში განხორციელებული ცვლილებებისა თუ გამოწვევების გათვალისწინებით, ეკონომიკის, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროები იყო ის მნიშვნელოვანი და საკვანძო არეალები, რომლებზედაც არსებული სიტუაცია აისახა.

სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს სფეროს ექსპერტები „ქრონიკა+“-ისთვის აფასებენ.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ბოლო 6 წლის განმავლობაში 2017 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი არის შედარებით მაღალი, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საქართველოს სავაჭრო-პარტნიორ რეგიონებში ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის, ტურიზმის სექტორისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან ფულადი გზავნილების გაზრდას. სხვა თანაბარ პირობებში, თუ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა, ეკონომიკა, საშუალოდ, 4%-ით გაიზრდება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა თუ ეკონომიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდება, კერძოდ, თუ არ გაიზრდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ვერ მოხერხდება ევროკავშირის, ჩინეთისა და სხვა ბაზრებზე კონკურენტული საქონლისა და მომსახურების განთავსება, მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით არ უნდა ველოდოთ.
თუ განვიხილავთ ცალკე აღებულ სახელმწიფო სექტორს, როგორც ეკონომიკის ნაწილს, არაფერი შეცვლილა. სახელმწიფო არამიზნობრივად ხარჯავს მშპ-ს 35%-ს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს შიდა და საგარეო ვალი. არამიზნობრივი ხარჯვა გამოკვეთილია ყველა მიმართულებით, იქნება ეს ბიუროკრატული ხარჯები, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები.
რაც შეეხება მოგების გადასახადის რეფორმას, იგი უნდა განვიხილოთ სხვა მოვლენებთან კონტექსტში. კერძოდ, რეინვესტირებულ მოგებაზე მოგების გადასახადის გაუქმებით წარმოქმნილი საბიუჯეტო შემოსავლების დანაკლისი შეავსო ნავთობ-პროდუქტებსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდამ. ერთი მხრივ, მოგების გადასახადის რეფორმამ ბიძგი მისცა საინვესტიციო აქტივობის განვითარებას, რამაც გარკვეული როლი ითამაშა ეკონომიკურ ზრდაში. თუმცა, მეორე მხრივ, აქციზის გაზრდამ გავლენა მოახდინა ფასების დონეზე, რამაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობა შეამცირა. საერთო ჯამში, უფრო მეტი ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა.
ლარიზაცია კი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე. აქ მიზეზშედეგობრივი კავშირები უნდა გავაცნობიეროთ. მაღალ და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას შეუძლია ლარზე მოთხოვნის გაზრდა და არა _ პირიქით. ლარიზაცია არ არის სწორად ჩამოყალიბებული ამოცანა. ეკონომიკის პრობლემას წარმოადგენს არა დოლარში განთავსებული აქტივები, არამედ აღნიშნული აქტივების სათანადოდ ვერგამოყენება.
ინფლაციის ზრდაში ლომის წილი უკავია ნავთობ-პროდუქტებზე აქციზის გაზრდას. ასევე, ლარის გაუფასურებას, რაც იწვევს საიმპორტო პროდუქციის გაძვირებას და საერთო ჯამში, გავლენას ახდენს მთლიანი სამომხმარებლო კალათის ფასებზე.
სავალუტო კურსის მერყეობა განაპირობა მოლოდინის ფაქტორმა. კერძოდ, საზოგადოების დიდ ნაწილს მოლოდინი ჰქონდა, რომ ნოემბერში და, ასევე, არჩევნების შემდეგ, ლარი გაუფასურდება. ამიტომ მათ წინასწარ შეისყიდეს დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა. შედეგად, მოთხოვნა აშშ დოლარზე საგრძნობლად გაიზარდა და ლარი, სავარაუდოდ, იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ეს მისი წონასწორული ნიშნულია საშუალოვადიან პერიოდში. შეიქმნა ე. წ. საპნის ბუშტი, რომელიც დეკემბერში გასკდა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ აღნიშნულმა მოვლენამ თავისი დაღი დაასვა ფასების დონეს, რადგან ლარის გაუფასურების მომენტიდან შეიქმნა ინფლაციური მოლოდინი, რომლის განეიტრალებაც ვეღარ ხდება მას შემდეგ, რაც ლარი მყარდება, რადგან საზოგადოებას მოლოდინი აქვს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი უფრო გაუფასურდება, ვიდრე გამყარდება. შედეგად, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე 2018 წელს. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც სებ-ს შეეძლო, რეზერვები გაეყიდა, რასაც ტურისტული სეზონის პერიოდში დაიბრუნებდა.
დაბოლოს, რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, იგი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს. თუმცა აქ მთავარი არის ის, თუ რამდენად პროდუქტიულია თავად ქვეყანა. ანუ შეუძლია თუ არა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. ამ მხრივ კი ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

განათლების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და 2017 წელს გამოკვეთილ პრობლემებსა თუ ხარვეზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი _ შალვა ტაბატაძე:
_ რეალურად რომ შევაფასოთ, მიმდინარე წელს, პოზიტიური თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მინისტრი შეიცვალა, არაფერი მომხდარა. არ ყოფილა რეფორმის მხრივ რაიმე გარღვევა. რუტინულად მიმდინარეობს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლებაც. საუბრობენ სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდაზე და ა. შ., ანუ რეალური რეფორმა არ განხორციელებულა.
თუმცა მაინც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებზე 2018-2024 წლების გრიფირების წესი დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც ავტორებმაც და გამომცემლებმაც მუშაობა დაიწყეს, თუმცა აღნიშნული იმ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს პროექტი 2016 წელს უნდა განხორციელებულიყო და თავი ვერ მოაბეს, წელს ეს განხორციელდა, მაგრამ მას საუკეთესო სახელმძღვანელოების შემოსვლისა თუ საგამომცემლო ჯგუფების განვითარების თვალსაზრისით გავლენა არ ექნება, იმ ხარისხს ვერ მიაღწიეს, რაც რეალურად გვჭირდება.
ღირებულებისა და მორალური თვალსაზრისით პრობლემები გვაქვს სკოლაში. ის მენტალობა, რომელიც საზოგადოებასა და ახალგაზრდებშია, ძალადობასა და, ხშირ შემთხვევაში, ქურდულ მენტალობაზეა დაფუძნებული, თუ ეს ადრე მიჩქმალული იყო, დღეს თვალნათლივ დადასტურდა.
მიმდინარე წელმა ასევე აჩვენა პრობლემები საატესტატო გამოცდების მიმართულებით, რომელიც, თავისთავად, ჩემთვის სკოლების ხარისხის ინდიკატორი არ არის, თუმცა იმის მანიშნებელია, რომ როცა იმ მინიმალური სირთულის გამოცდას ვერ აბარებ, რომელსაც „კატის“ გამოცდა ჰქვია, მიუთითებს ხარვეზებზე, რაც საჯარო სკოლებში გვაქვს და გვიჩვენებს, რომ მინიმალურ დონეზე სწავლება არ ხორციელდება.
მომავალი წლის ბიუჯეტს რაც შეეხება, მისი გაზრდა კარგია, თუმცა აქ ორი ტიპის პრობლემაა: 1. ის თანხა, რაც გამოიყოფა, რამდენად ეფექტიანად გამოიყენება; 2. წლიდან წლამდე დაფინანსების ზრდა რამდენადააა მიბმული ხარისხის ზრდასთან? თუ ეს ბმა არ ხორციელდება და იგი სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდასთან არაა დაკავშირებული, ე. ი. იმავე პროდუქტის მიღებაში უფრო ძვირს ვიხდით, ვიდრე ადრე. იზრდება სოფლად მდებარე და ეთნიკური უმცირესობების სკოლების დაფინანსება, ეს ტენდენცია 2008 წლიდან იწყება, თუმცა თუ სწორედ ამ დროიდან ავიღებთ საერთაშორისო კვლევებს, გამოცემებს, ნათელია, რომ ამ მიზნობრივი ჯგუფის შედეგები პირიქით, იკლებს წინა წლების შედეგებთან შედარებით, დანახარჯების ზრდის მიუხედავად. ე. ი. დანახარჯები იზრდება, ხარისხი _ არა!
კიდევ ერთი პრობლემა: რესურსი სწორად არ იხარჯება განათლების რეფორმასთან ბმაში და მეორე იმ რაოდენობის თანხები, რაც ძლიერ, სერიოზულ და მართლაც საჭირო რეფორმას სჭირდება, ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში მილიარდზე მეტია განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი, მისი ხვედრითი წილი მშპ-სთან მიმართებით ძლივს ასცდა 3%-ს, როდესაც ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც განვითარება აუცილებლად სჭირდება და განათლების სფეროში სერიოზული ინვესტირებაა აუცილებელი, ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, 5%-ს უნდა გაუტოლდეს. უმაღლეს განათლებაზე თუ ვისაუბრებთ, მასზე გამოყოფილი დანახარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით 0,35%-ია, რაც არაფრის მომცემია და აქ რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთებაზე საუბარი ზედმეტია!
ანუ საჭიროა, რომ, ერთი მხრივ, 5%-მდე ავიდეს მაჩვენებელი და მასში მეცნიერების დაფინანსების წილი მშპ-ს 1-1,5%-მდე იყოს.
იმ პირობებში, რაც ახლა გვაქვს, ვიტყოდი, რომ ეს არის თანხის ზრდა, ზედმეტად ხარჯვა, რომელსაც ბევრ სხვა სფეროს ვაკლებთ. თანხების ზრდას არანაირი შეხება განათლების ხარისხთან არ აქვს, სჯობია, ეს ფული სხვა სფეროებს მოხმარდეს, რომელსაც მეტი პრობლემა აქვს. მეტი ფინანსებით იგივე, უხარისხო შედეგი არაფრის მომტანიას.
ვაშლების დარიგების პროექტი კი ყველამ იცოდა, რომ შედეგს არ მოიტანდა, ბოლოს თვითონ მინისტრმაც თქვა, რომ ეს საპილოტე პროექტი იყო, რომელიც არ გაგრძელდება და ცხადი იყო, რომ 70 000 ათასი ლარი ტყუილად გადაიყარა.
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე. უფასო სახელმღვანელოების პროექტს ხარისხთან არავითარი კავშირი არ აქვს და იგი აფინანსებს ყველას, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ ოჯახს ამის საჭიროება აქვს თუ _ არა. იგივეა სკოლამდელი განათლების სისტემაც, სახელმწიფო აფინანსებს ყველას და საჯარო ბაღებში ისეთი ოჯახის შვილებიც დადიან, რომელთაც მეტის გადახდის შესაძლებლობა აქვთ და სოციალურად დაუცველებიც. ანუ ამ უნივერსალურმა მიდგომამ, რომელიც ადმინისტრაციული და პოლიტიკის თვალსაზრისითაც უფრო მარტივია, იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს გვაქვს უფასო ვაშლები, ფაკულტეტები, სახელმძღვანელოები, სკოლამდელი განათლება და ა. შ. ამ ყველაფერმა ბევრი ფული წაიღო და სარგებელი, ხარისხი არ მოიტანა. ბოლო გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმაც შეფარვით აღიარა, რომ გარკვეული მიდგომები უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, საჭიროა, რომ ვიზრუნოთ ხარისხზე და ცოდნის დონის ამაღლებაზე.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს აფასებს სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი _ ამირან სალუქვაძე:
_ 2017 წელს თავდაცვის მიმართულებით გაცილებით მეტი მოლოდინი მქონდა, ალბათ, თავდაცვის მინისტრის ცვლილების გამო. თუმცა წელი ცუდად დაიწყო, უამრავი კვალიფიციური ოფიცერი გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან. მხოლოდ საჰაერო ძალებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს, რომელთაგან განსაკუთრებით გულდასაწყვეტია 30-მდე ოფიცრის დაკარგვა, რომელთა შორის იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მფრინავები, კერძოდ, „იროკეზების“ ესკადრილიიდან.
მათ მომზადებაზე უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა, განსაკუთრებით, 2000 წლიდან, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე აშშ-ის მხრიდან. გვარების ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ განსაკუთრებით რამდენიმე მათგანს ვგულისხმობ, რომელთა გაშვება ძალიან დიდი, აუნაზღაურებელი დანაკარგია ქართული არმიისთვის. გარდა ადრე მიღებული განათლებისა, მათ გაიარეს სრული მომზადების ციკლი „იროკეზების“ პროგრამით, დაამთავრეს ამერიკის საუკეთესო უმაღლესი სამხედრო დაწესებულებები და მზად იყვნენ, საჰაერო ძალების ხელმძღვანელი პოსტები დაეკავებინათ. ჯამში, როგორც ამბობენ, 2 ათასზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს. ასევე შემცირდა ბრიგადების რაოდენობა და მათი რიცხოვნობა. ამჟამად 4 ბრიგადაა 2500-კაციანი შემადგენლობით. თუ ასეა, მაშინ შეემცირებინათ სამინისტროსა და გენშტაბის აპარატები, რომლებიც, ჯამში, 2 ათასს აღემატება. მსგავსი გადაწყვეტილებები გაუგებარია ჩემთვის და წყალგამყოფი აღმოჩნდა.
საკმაოდ იწელება დროში რეზერვის მომზადების დაწყება. დადებითია, რომ შემუშავდა რეზერვის კონცეფცია და მომზადების პროგრამები, თუმცა არსებული საფრთხეების პირობებში უნდა შევეცადოთ, გავზარდოთ მასშტაბები. იმედია, ვადები არ გადაიწევს და 2018-ში რეზერვის მომზადებას შეუდგებიან.
ასევე დადებითად ვაფასებ ვადიანი სამსახურის აღდგენას თავდაცვის სამინისტროში და ვადიან სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. ეს რეზერვის მომზადების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ პროცესს შემდგომ წლებში არაფერი შეაფერხებს.
წინა წლებთან შედარებით გაიზარდა სწავლებების ინტენსივობა, თუმცა ეს მასშტაბები, ჩემი შეფასებით, ჯერ არაა საკმარისი არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე. მეტია გასაკეთებელი საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ამ თემებზე ამაზე მეტად ღიად ვერ ვისაუბრებ.
2017 წელს გაგრძელდა ფრანგულ კონტრაქტზე მუშაობა და, როგორც გაცხადებულია, 2018 წლიდან მისი, როგორც ახლა ეძახიან, იპლემენტაცია. აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებით ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და აღფრთოვანებას ვერანაირად გამოვხატავ. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, უამრავი პუბლიკაციისა, ვერ მივაღწიე იმას, რომ ნებისმიერი სისტემის განვითარება წაღმა დაიგეგმოს და სამხედრო თეორიას მიუდგნენ, როგორც მეცნიერებას. საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა არაა მენეჯერების საქმე. ეს ურთულესი სამხედრო-ტექნიკური და სამართლებრივ-საორგანიზაციო ღონისძიებების კომპლექსია. ჩვენ კი არ ვიცით, რას ვაკეთებთ, რა მიზანი გვაქვს, საითკენ მივდივართ, რა სისტემას ვქმნით, მაგრამ ვაფორმებთ კონტრაქტებს, ვყიდულობთ ტექნიკას. მოკლედ, ვაგრძელებთ წინა მინისტრების უარყოფით ტრადიციებს.
თავდაცვის სფეროს ჯაველინების თემით დავასრულებ. ამ თემაზე არ ღირს ბევრი ხმაური, აჟიტირება, გამომწვევი რიტორიკა. სამხედრო საქმე საერთოდ ჩუმად კეთდება. მე მხოლოდ ხაზს გავუსვამ, რომ ესაა თავდაცვის სფეროში მთავრობის ყველაზე დიდი წარმატებული ნაბიჯი 2017 წელს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეფექტიან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს ვყიდულობთ, არამედ იმიტომ, რომ ვიწყებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ფაზას, რასაც სახელმწიფოთა ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
სხვა ძალოვან სტრუქტურაში და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში ბევრი რამ მოხდა. ყველაფრის გახსენება ამ ფორმატში რთულია, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმეს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელდა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის რეფორმირება. საექსპერტო საზოგადოებაში დარჩა უკმარისობის შეგრძნება, თუმცა აღნიშნული მოდელი, ჩემი აზრით, წინა მოდელთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესებულია.
ბორჯომის ტყის ხანძარმა დაგვანახვა, რომ ცალკე პრიორიტეტადაა გამოსაყოფი საგანგებო სიტუაციების მიმართულება. პირადად მომხრე ვიყავი, რათა საგანგებო სიტუაციების სამსახური ცალკე არსებობდეს და მშვიდობიან პერიოდში სხვადასხვა სტიქიური უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად ცალკე სტრუქტურა იარსებებს, ხოლო შს მინისტრი დაკავებული იქნება პოლიციური ფუნქციებით. როგორც დავინახეთ, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საკმაოდ შეზღუდული საავიაციო შესაძლებლობები გვაქვს. იმედია, 2018 წლის დასაწყისიდანვე ამ პრობლემებს სერიოზული ყურადღება მიექცევა.
აღნიშნული რეფორმის შედეგად გაუქმდა კრიზისების მართვის საბჭო. რამდენადაც ცნობილია, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით. აწარმოებენ კონსულტაციებს. იმედია, 2018 წელს შეიქმნება სტრუქტურა, რომელიც პრემიერს დაეხმარება. იგი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მთავარი აღმასრულებელი ფიგურაა სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვაში, საფრთხეების შეფასებასა და ანალიზში, ამ სფეროში სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაში. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციით პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
2017 წელს უკავშირდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო საკონსტიტუციო ცვლილებებით. ამ საკითხმა მწვავე დისკუსია გამოიწვია პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვებისას უშიშროების საბჭომ საკუთარი აქტუალობის დასასაბუთებლად არასწორი სტრატეგია აირჩია, რითაც ვერ მოახერხა კანონმდებელთა დაყოლიება. კერძოდ, უშიშროების საბჭო აქცენტს აკეთებდა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე. უმჯობესი იქნებოდა ესაუბრათ საბჭოს როლზე, ამოცანებსა და ფუნქციებზე ამ საფრთხეების განეიტრალების პროცესში. ამის შესახებ რამდენჯერმე განვაცხადე სხვადასხვა ინტერვიუში და განხილვებისას, მ.შ. პრეზიდენტის სასახლეში, თუმცა ჩემი ხმა ვერ გაიგონეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსგავსი სტრუქტურის არსებობა დღევანდელი საკონსტიტუციო მოდელის თანახმად, უმჯობესია, პრემიერთან.
სამთავრობო ცვლილებების დროს დადგა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაერთიანების საკითხი. თუმცა სხვადასხვა რგოლში განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ ცალკე სტრუქტურებად დარჩნენ, რასაც ვეთანხმები. გადაწყვეტილების მიღებამდე ვწერდი სოციალური ქსელის მეშვეობით, რომ ამ გაერთიანებას ექნებოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და ეს საკითხი კარგად იქნებოდა ასაწონ-დასაწონი. ორივე მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ რეფორმაზე უკვე ვისაუბრეთ. სხვა მიმართულებები ჩემთვის ნაკლებადაა ცნობილი. რაც შეეხება საგარეო დაზვერვას, რომლის კედლებშიც 7 წელი გავატარე 2016 წლამდე, მეტად ვარ ჩახედული. ბოლო 2 წლის მანძილზე სამსახურში ძირეული რეფორმები განხორციელდა, რომლებიც პერსპექტივაზეა გათვლილი და აუცილებლად გამოიღებს შედეგებს.
ჩვენმა ძალოვნებმა 2017 წელს დანაკარგიც განიცადეს. ავღანეთში სულ ბოლოს სპეცოპერაციის დროს სამხედრო მოსამსახურე დაგვეღუპა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. გვყავს დაჭრილები, როგორც თავდაცვაში, ასევე სპეცსამსახურებში. მსურს თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, გმირები უკვდავები არიან. ასევე მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც ჭრილობა, ან დაზიანება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სამხედროებს, პოლიციელებს, სპეცსამსახურების თანამშრომლებს დამდეგ შობას და ახალ წელს ვულოცავ! ვუსურვებ, 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს მათთვის და სრულად შეესრულებინოთ დასახული ამოცანები, ახალ წელს ბედნიერება და სიკეთე მოეტანოს მათი ოჯახებისთვის!
ესაა ის ძირითადი რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რითაც დამამახსოვრდა 2017 წელი.

ნინო ტაბაღუა