1919 წლის დეკემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-4.

ბოლშევიკური აჯანყების შედეგები და მოსკოვის ულტიმატუმი

1919 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ბოლშევიკთა მიერ ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, კომუნისტების ასალაგმად, გადამჭრელი ზომების მიღება დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება მიეცა, დაეპატიმრებინა ან გაეძევებინა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნებისმიერი პირი, რომელიც თავისი მოქმედებით, სიტყვით ან აგიტაციით აზიანებდა რესპუბლიკის ინტერესებს და ქართული სახელმწიფოს დასუსტებას ცდილობდა. მასვე ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის უფლება მიენიჭა, რომელიც საზღვარგარეთიდან იმართებოდა.
როგორც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 2 დეკემბრის ნომერი იუწყება, ჩოხატაურში ბოლშევიკური ამბოხების მოწყობისთვის სამხედრო საგანგებო სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 8 კომუნისტი. 30 ნოემბერს სახალხო გვარდიელებმა თბილისში კოჯრის ქუჩაზე დააპატიმრეს ბოლშევიკთა ლიდერები. მათ შორის იყო ქართველი კომუნისტების ხელმძღვანელი ფილიპე მახარაძე.
მეტეხის ციხე დაპატიმრებული კომუნისტებით გაივსო. თუმცა ლენინის პარტიის მომხრეები ბრძოლას არც ციხეში წყვეტდნენ. როგორც გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 25 დეკემბრის გამოცემიდან ვიგებთ, ციხეში გამოკეტილმა ბოლშევიკებმა ქართულ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს და საკუთარი მიზნის მისაღწევად შიმშილობა გამოაცხადეს. ამ საპროტესტო აქციას გაზეთმა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა: „სხედან მეტეხის ციხეში ბალშევიკები და თითქოს შიმშილობენ… ნამდვილად კი არა შიმშილობენ, არამედ ხმაურობენ ბალშევიკები, აგიტაციას ეწევიან იმ წყობილების წინააღმდეგ, რომლის დანგრევა მათ იარაღით ვერ შესძლეს. აგიტაციას ეწევიან იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც მათ თავშესაფრად მეტეხი მიუჩინა.
რას მოითხოვენ ბატონნი ბალშევიკები? ბალშევიკების მოთხოვნა, მათი შიმშილობა, იმდენათ არის ჩვენთვის საყურადღებოთ, რამდენათაც ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ელემენტს შეიცავს… მაგრამ მათი მოთხოვნა სამხედრო საველე სასამართლოების გაუქმებისა, რაღაც კომისიის შედგენა, რომელშიაც დამფუძნებელი კრების წარმომადგენლები შევლენ, _ სულ სხვა ხასიათის ხრიკებია. იმ დამფუძნებელი კრების წარმომადგენლებს მოითხოვენ ბატონნი ბალშევიკები, რომლის გასარეკათ ცეცხლი და მახვილი აამუშავეს… კიდევ რას მოითხოვენ? სახალხო გვარდიის გაუქმებას ხომ არა?! როგორ არა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დანგრევას მოითხოვენ…
გარეთ დარჩენილები ფურცლებსა სცემენ, ფულებს არიგებენ, ხალხს მოუწოდებენ, _ ემზადებიან. ციხე კი მათ გამოძახილს აძლევს!.. ოთხი დღეა ვშიმშილობთო, _ პერანგზე თუ შარვალზე წააწერეს და კამერის ფანჯრიდან ქუჩაზე გამოფინეს…
ჩვენმა დემოკრატიამ, ჩვენმა სახალხო გვარდიამ ბალშევიკები თუმცა დაამარცხა, მაგრამ ყველა სანგრებიდან ჯერ სავსებით გამორეკილი არ არიან. ჯერ კიდევ გრძელდება ბრძოლა ამ მოღალატეთა წინააღმდეგ და ზოგიერთები შეგნებულათ თუ შეუგნებლათ ხელს უწყობენ მათ ახალი ფრონტის შესაქმნელად!“
ბოლშევიკთა ასეთ აქტიურობას სულ მალე მოყვა რეაქცია მოსკოვიდან. 1919 წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ ბოლშევიკური რუსეთის ოფიციალური ნოტა მიიღო, რომელიც თავხედურ ულტიმატუმს შეიცავდა. კომუნისტები საქართველოში ამბოხების ბრალდებით დაკავებული ბოლშევიკების განთავისუფლებას მოითხოვდნენ და სანამ მათი პირობა არ შესრულდებოდა, საპასუხოდ რუსეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს აპატიმრებდნენ. ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ 20 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე კარახანისგან მიღებული ოფიციალური ნოტა გამოაქვეყნა: „ჩვენი ცნობით, მთელ საქართველოში ასობით არიან დატუსაღებული კომუნისტები. საბჭოთა მთავრობის მიერ ამის საპასუხოთ შეპყრობილი არიან პეტროგრადში, მოსკოვში და სხვა ადგილებში ყველა ის პირი, ვინც სთვლის თავის თავს საქართველოს მისიის წევრათ, ანდა კონსულათ. ჩვენ წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოთ კომუნისტები, შეგვატყობინოთ სია განთავისუფლებულ კომუნისტებისა და წარუდგინეთ ამხანაგ ცხაკაიას, დაგვიდასტუროს, შესრულებულ იქნა თუ არა ჩვენი წინადადება. მივიღებთ თუ არა რადიოს, რომ შესრულებული არის ჩვენი წინადადება, მიხა ცხაკაიას დასტურით, რუსეთში ყველა შეპყრობილთ გავანთავისუფლებთ“.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ბოლშევიკები იმ პირების განთავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც ღიად უპირისპირდებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და რესპუბლიკის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოდიოდნენ. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო, რომ ამ ულტიმატუმის შესრულებისას საქართველოს მთავრობის კონტროლი ქართველ ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას უნდა განეხორციელებინა. ცხაკაიას, რომელიც საერთოდ არ ცნობდა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას და დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო განცხადებებს აკეთებდა.
ამ თავხედური დეპეშის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ 9 დეკემბერს საპასუხო დეპეშა გააგზავნა, სადაც აღშფოთებას გამოთქვამდა ქართველი დიპლომატების დაპატიმრების გამო და მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდა: „მე მივიღე ცნობა რადიოთი საქართველოს რესპუბლიკის მისიის წევრებისა და კონსულების დაპატიმრების შესახებ საბჭოთა რუსეთში, რომელსაც ხელს აწერს სახალხო კომისარი, საგარეო საქმეთა მოადგილე კარახანი. ასეთი ნაბიჯი კარახანის განცხადებით პასუხია კომუნისტების დაპატიმრებაზე საქართველოში. საქართველოში კომუნისტების წინააღმდეგ არავითარ რეპრესიებს ალაგი არას ჰქონებია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კომუნისტურ პარტიის წვრები არიან; ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ საქართველომ თავშესაფარი მისცა 5 ათასამდე კომუნისტს, რომლებიც თერგის ოლქიდან გამოიქცენ, ოლქის მოხალისეთა ჯარების დაკავების დროს; ამათგან ისინი, რომლებმაც ვერ მოახერხეს სამშობლოში წასვლა, ეხლა საქართველოში თავისუფლათ სცხოვრობენ; არ ვამბობთ იმაზე, რომ მთავრობა 8 თვის განმავლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდა კომუნისტებს, რომელიც რამდენიმე მილიონით განისაზღვრება. მთავრობის განკარგულებით დაპატიმრებულ იქნენ მხოლოდ ისინი, ვინც მონაწილეობას იღებდენ შეიარაღებულ გამოსვლებში და შეთქმულებებში საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი მთავრობის მთელი დემოკრატიის ნდობით აღჭურვილის წინააღმდეგ.
გამოსვლებს თან ახლდა მკვლელობა და ძარცვა გლეჯა. საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებსაც არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ საბჭოთა მთავრობის საწინააღმდეგო სამტრო გამოსვლებში და ამით დაარღვია საერთაშორისო უფლების ელემენტარული უფლებები. ამის გამო, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მოითხოვს საქართველოს მისიის მოხელეთა დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. წინააღმდეგი მოქცევა დაამტკიცებს მთელი ქვეყნის დემოკრატიის წინაშე, რომ საბჭოთა მთავრობა მტრულად ეკიდება ქართველ ხალხს და უარყოფს მის დამოუკიდებელ სახელმწიფოთ არსებობის უფლებას. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟირდანია. ტფილისი, 9 დეკემბერი, 1919 წელი“.
ქართველი დიპლომატების დაპატიმრებასთან დაკავშირებით 17 დეკემბერს მოსკოვში საპროტესტო ნოტა უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გააგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ჩიჩერინისადმი განკუთვნილ დეპეშაში ეწერა, რომ საქართველოს საგარეო მისიის წევრთა შეპყრობით ბოლშევიკურმა მთავრობამ საერთაშორისო სამართალი დაარღვია და დაამტკიცა, რომ კომუნისტები მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკა აუქმებდა საბჭოთა რუსეთში ყველა მისიას, საელჩოს და იმ ორგანოებს, რომლებიც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს. ამიერიდან, საბჭოთა მთავრობის მიერ შეპყრობილი მისიის წევრები და კონსულები კერძო პირებად ითვლებოდნენ, _ აღნიშნული იყო დეპეშაში.

სახალხო გვარდიის დღე

1919 წლის 12 დეკემბერს საქართველო სახალხო გვარდიის შექმნიდან ერთი წლის იუბილეს ზეიმობდა. ამ დღესასწაულის სამზადისის შესახებ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ ინფორმაციას 9 დეკემბერს ბეჭდავს. გაშლილ მასალაში დეტალურად არის აღწერილი საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი გამართვის ადგილი და შინაარსი. როგორც ამ სტატიიდან ირკვევა, ქალაქის თვითმმართველობამ სახალხო გვარდიის დღის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 5 ათასი მანეთი გადადო. საქართველოს დედაქალაქი მოირთვებოდა ყვავილებით, დროშებითა და ფერადი ხალიჩებით. ქალაქის თავზე იფრენდნენ ჰაეროპლანები, საიდანაც მოქალაქეებისთვის სააგიტაციო ფურცლებს ჩამოყრიდნენ. დღესასწაულის დაწყებას თბილისის მოსახლეობას ყველა უბანში სპეციალურად გამზადებული მესაყვირეები ამცნობდნენ, რომლებიც ქალაქს ავტომობილებით შემოივლიდნენ.
სახაზინო თეატრში გაიმართებოდა მიტინგი და წარმოდგენა. ალექსანდრეს ბაღში მოეწყობოდა საზოგადოება „შევარდენის“ საჩვენებელი გამოსვლა-ვარჯიში. ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ბაღში _ ბავშვთა დღესასწაული. მუშათა კლუბებში დაგეგმილი იყო სადღესასწაულო სპექტაკლები. ქართულ კლუბებსა და სახელმწიფო თეატრში კი შედგებოდა ფასიანი გრანდიოზული პროგრამა. ქართულ კლუბშივე გაიმართებოდა დამფუძნებელი კრების წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა საზეიმო ბანკეტი.
საღამო დაეთმობოდა სეირნობებს, ფერად ილუმინაციებს. მამა დავითის მთიდან გაისროდნენ ქვემეხებს და ფოიერვერკებს. საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.
12 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებები მამა დავითის მთიდან ქვემეხის 7 გასროლით დაიწყო. დილის 11 საათზე რუსთაველის გამზირზე თბილისში არსებული სახალხო გვარდიის ნაწილების აღლუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს რეგულარული არმიის ნაწილებიც მონაწილეობდნენ. უკრავდა სამხედრო ორკესტრი. აღლუმს იბარებდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, გვარდიის მეთაურებთან და მთავრობის წევრებთან ერთად.
მთავრობის სასახლესთან გვარდიის ნაწილების ჩავლის შემდეგ ჯარისკაცებმა ორკესტრის თანხლებით გაიარეს თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ვორონცოვის ქუჩები. მიხაილოვის პროსპექტი მუშტაიდის ბაღამდე და შემდეგ გაეშურნენ დისლოკაციის ადგილებისკენ.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 12 დეკემბერს სახალხო გვარდიის დღეს მთელ გვერდს უთმობს, სადაც სხვადასხვა ხასიათის სტატიაა დაბეჭდილი: „დღეს საქართველოს დემოკრატია მეორეთ დღესასწაულობს სახელოვან სახალხო გვარდიის დღეს. დღეს საქართველოს მთელი მშრომელი ხალხი ზეიმობს თავის გამარჯვებას და ბრწყინვალედ შეჰყურებს მომავალს. სახალხო გვარდია _ ეს თავისუფლების გამარჯვების სიმბოლოა. სახალხო გვარდია _ ეს რევოლუციის მონაპოვართა ფხიზელი დარაჯია. საქართველოს რესპუბლიკა _ ეს სახალხო გვარდიის სისხლით და ოფლით ანაშენებია. სახალხო გვარდია _ ეს რევოლუციონერთა და გმირთა თაიგულია, რომელსაც ფაქიზათ და მოწიწებით ეპყრობა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახალხო გვარდია „მშრომელთა ბაღჩაში მაშინ აჰყვავდა, როდესაც ქვეყანას პატრონი არ ჰყავდა“. ეს ის დრო იყო, როდესაც კავკასიის ფრონტზე ბალშევიზმმა მოსწამლა რუსის ფარაჯაში გახვეული გლეხები და გახრწნილი ფრონტი იშლებოდა იმ დროს, როდესაც ფრონტიდან დაბრუნებული მტაცებლური ინსტინქტით გაჟღენთილ ჯარისკაცებს სურდათ ტფილისის განადგურება, მათ წინ აღუდგა წითელი გვარდია და მათ კომუნისტურ სურვილებს ფრთები შეაკვეცა. 12 დეკემბერს რევოლიუციის და თავისუფლების იდეის მატარებელმა ძალამ _ წითელმა გვარდიამ სძლია _ გაიმარჯვა. ამ დღეს მუშათა შვილებმა აიღეს არსენალი, სადაც გამაგრებულნი იყვნენ ბალშევიკი ჯარისკაცები. 12 დეკემბერი, ისტორიული დატაა ამიერკავკასიის მუშათა ცხოვრებაში. 12 დეკემბერს წითელმა გვარდიამ სასტიკი მახვილი ჩასცა გულში პირდაღებულ ანარქიას და მის მესვეურებს ამაყათ გადასძახა: ‘შესდექით! შორს თქვენი ბინძური, სისხლიანი ხელები“.
რათ, რათ იხსენებს საქართველოს დემოკრატია ასე თბილათ, ასე ნაზათ და აღსავსე სიყვარულით წითელ გვარდიელებს? _ ამაზე პასუხს იძლევა ის თავგანწირვა და უმანკო სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩოლოქში, ბათუმის მიდამოებში, სომხეთთან ომის დროს, ცხინვალში, ახალციხე-ახალქალაქში და სხვაგან… და ჩვენ სახალხო გვარდიის ორი წლის ისტორიის გათვალისწინებით შეგვიძლია სიამოვნებით და თან სიამაყით ავღნიშნოთ, რომ არც ერთ ბრძოლაში ჩვენი სახალხო გვარდია არ დამარცხებულა!“

კრიმინალი

როგორც წინა თვეები, 1919 წლის დეკემბერიც კრიმინალური შემთხვევების სიუხვით აღინიშნება. სიღნაღის მაზრაში მწყემს თუშებს თავს დაესხნენ თათრები, რომლებმაც მოჰკლეს ორი მწყემსი და გაიტაცეს 3 ათასი ცხვარი. 7 დეკემბერს ბელაგორის კომისარიატის მილიციელებმა ალყა შემოარტყეს სახლს, სადაც ცნობილი ყაჩაღი დავით მაღრაძე იმალებოდა. ორმხრივი სროლისას დაიჭრა მაღრაძის ცოლი, რის შემდეგაც ყაჩაღმა იარაღი დაყარა და მილიციას ჩაბარდა.
9 დეკემბერს აზერბაიჯანიდან გადმოსულმა ყაჩაღებმა ლაგოდეხში გაძარცვეს ზაქათალიდან სომხეთში მიმავალი სომეხი ლტოლვილები. მოკლეს ერთი ლტოლვილი. შემდეგ გაზეთი გვამცნობს, რომ ყაჩაღების დაკავებას ლაგოდეხის სახალხო გვარდიელები შეეცადნენ: „ჩვენმა გვარდიელებმა დროზე მოუსწრეს და დანარჩენები გადაარჩინეს. სროლის დროს მოკლულ იქნა ცნობილი ყაჩაღი აზერბაიჯანელი ჩაფარი. ყაჩაღები სულ 50 კაცამდე იყო, სახე გამურული ქონდათ და ცდილობდნენ ქართულათ ელაპარაკნათ. ერთ ლტოლვილ ქალს ნამუსი ახადეს. ყაჩაღებს წაუღიათ სულ 500 ათას მანეთამდე „ნიკოლოზის“ ფულებით და ამიერკავკასიის ბონებით. მიღებული ცნობებით, კობახჩელში ამ ყაჩაღთაგან რამოდენიმე კაცი შეუპყრიათ“.
საინტერესო შემთხვევაა აღწერილი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 28 დეკემბრის ნომერში, საიდანაც ირკვევა, რომ ვიღაც უცნობი პირები დაკავებული ყაჩაღების დახსნას ქუჩაში, მილიციის ბადრაგზე თავდასხმით შეეცადნენ: „დეკემბრის 24-ს, ნასადილევს, მერვე უბნის კომისარიატიდან ექვსს მილიციონერს მოჰყავდათ პანასევიჩის ქუჩით საგუბერნიო #1 საპყრობილეში სხვა და სხვა ყაჩაღობის და თავდასხმის გამო დაპატიმრებული ტუსაღები: ლევან კობახიძე, სამსონ სირაძე, გრიგოლ სააკოვი და პროკოფი გურაბანიძე. პანასკევიჩის ქუჩის და ამატუნის შესახვევის კუთხეში ორმა უცნობმა ბოროტმომქმედმა ესროლა მილიციონერებს დიდის ძალის ასაფეთქებელი „გრანატი“, რომელიც იქვე გასკდა და დაარეტიანა ერთი მილიციონერთაგანი. ტუსაღებმა გაქცევა დააპირეს, მაგრამ მილიციონერებმა მათ სროლა აუტეხეს და სამსონ სირაძე მძიმედ დასჭრეს, დანარჩენები კი დახოცეს. გაქცეულ გრანატის გადმომგდებ ბოროტ მომქმედთა შესაპყრობათ მიღებულია ზომები.
სწარმოებს გამოძიება; დაშავებული მილიციონერი, მოკლულთა გვამები და დაჭრილი სირაძე გაგზავნეს არამიანცის საავადმყოფოში“.

თბილისის ამბები

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 5 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მოძრაობა დაიკეტა ვერის ხიდზე (ამჟამინდელი გალაკტიონის ხიდი). 2 დეკემბერს ქალაქის გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა ბესელიძემ მოხსენება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ვერის ხიდი გადაუდებელ შეკეთებას მოითხოვდა. როგორც ირკვევა, ხიდი საშიშ მდგომარეობაში იყო. დამპალი იყო ძირითადი ფიცრები, რაც საფრთხეს უქმნიდა ტრანსპორტის გადაადგილებას. გამგეობის დადგენილებით, სანამ ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხიდზე იკრძალებოდა ტრამვაის, ეტლისა და ავტომობილების მოძრაობა.
თბილისის გამგეობის 25 დეკემბრის სხდომაზე კი ქალაქში ზოგიერთი ძეგლის აღებაზე იმსჯელეს. საუბარი იყო მეფის რუსეთის დროს გახსნილ ძეგლებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის მიუღებელი გახდა. სხდომაზე დაადგინეს, ვორონცოვისა და გრიაზოვის ძეგლების მოხსნა, აგრეთვე იმპერატორის გადარჩენის აღსანიშნავად ვერის აღმართზე დადგმული ჯვრის დემონტაჟი.
ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობას აცნობა, რომ ცნობილმა ქართველმა მეცენატმა და მეწარმე აკაკი ხოშტარიამ სერგის ქუჩაზე მდებარე თავისი სახლი 180 გირვანქა სტერლინგად დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ მისიას მიაქირავა. ხოშტარია ამ თანხის ნახევარს _ ოთხმოცდაათ გირვანქა სტერლინგს, ქალაქს საგანმანათლებლო მიზნებისთვის გადასცემდა. ჩხიკვიშვილი გამგეობას სთხოვდა განესაზღვრათ, თუ რაში დახარჯავდა ქალაქი ამ თანხას. გამგეობის დადგენილებით ხოშტარიას შემოწირულობა ქალაქის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის საახალწლო ნაძვის ხის მოწყობას მოხმარდებოდა.

ტელეფონით სარგებლობის წესები

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 25 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილია საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თბილისში ტელეფონით სარგებლობის წესებს ეხება. როგორც ირკვევა, ეს წესები 1920 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდებოდა და დაწვრილებით იყო ახსნილი, თუ როგორ უნდა ესარგებლა აბონენტს ტელეფონით, რისი უფლება ჰქონდა და რა ეკრძალებოდა მას. ახალი წესები მოქალაქეებს ერთგვარ ცენზურასაც კი უწესებდა და სასაუბრო ხმის ტემბრსაც კი განსაზღვრავდა. ამონარიდი დადგენილებიდან: „გამომძახებელი: 1. უნდა აიღოს მიკროტელეფონის ტარი, ანუ სასმენი, მიიდოს ყურზე და ელოდოს მთავარ სადგურის (ცენტრალნაია) გამოხმაურებას. 2. როგორც კი ტელეფონისტი ქალი უპასუხებს: „სადგური“, უნდა დაუსახელოს მხოლოდ ნომერი აბონენტისა, ვისთანაც ლაპარაკი სურს. ნომერი უნდა წარმოისთქვას საშუალო ხმით, გარკვეულათ… ზედმეტი სიტყვები როგორც: „შემიერთეთ“, „გთხოვთ შემაერთოთ“ ესა და ეს ნომერი და სხვა სრულებით არ უნდა იქმნას დაშვებული აბონენტების მიერ, რადგან ტელეფონისტ ქალს უსარგებლოთ აკარგვინებენ მეტ დროს და აგვიანებენ სხვა აბონენტებთან პასუხს. 3. თუ ტელეფონისტი ქალი უპასუხებს: „მზად არის“, მაშინ უნდა დაელოდოს გამოძახებული ნომრის პასუხს. 4. თუ უკანასკნელმა დიდ ხანს არ უპასუხა უნდა მიკროტელეფონის ტარი (სასმენი) დაკიდოს, ან დასდოს (როდესაც დასადგამი ტელეფონია) თავის ალაგას და ერთი ან მეტი წუთის შემდეგ ხელახლა გაიმეოროს გამოძახება ზემოხსენებული წესით.
საერთოდ: 9. ტელეფონისტი ქალები სამსახურის დროს ვალდებულნი არიან იხმარონ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ენა. არა აქვთ აბონენტებისთვის რაიმე ახსნა-განმარტების მიცემის და ხანგრძლივი ლაპარაკის უფლება. მათი ლაპარაკი აბონენტებთან განსაზღვრულია სიტყვებით: „სადგური“ (ცენტრალნაია), „საქალაქთაშორისო“ (მეჟდუგოროდნაია), „საერთაშორისო“ (მეჟდუნაროდნაია), „მზად არის“ (გოტოვო), „დაკავებულია“ (ზანიატო), „არ გვპასუხობს“ (ნე ოტვეჩაიუტ), „დაზიანებულია“ (პოვრეჟდენო) და ამიტომ აბონენტმა მათ არ უნდა მიმართონ სხვა გვარი მოთხოვნილებით. 10 ტელეფონისტი ქალები ვალდებულნი არ არიან ზეპირად იცოდნენ ყველა აბონენტების ნომრები და ამიტომ აბონენტი ვალდებულია თვითონ იცოდეს და დაუსახელოს გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი….
17. აბონენტებს სასტიკად ეკრძალებათ თავიანთი ტელეფონების გაქირავება სხვა პირებზე. თუ ასეთი ბოროტ მოქმედება აღმოჩნდება, აპარატი მოიხსნება და აბონენტს გადახდება მთელი ვადის ქირა. 18. აკრძალულია ტელეფონით ისეთი ცნობების გადაცემა, რომელთა შინაარსი ეწინააღმდეგება კანონებს, საზოგადოებრივ ზნეობას და ზრდილობას. მთავრობის წინაშე პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევებში ეკისრება თვით აბონენტს. სამმართველოს უფროსი მგელაძე“.

კულტურა

1919 წლის დეკემბრის მიწურულს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ გაიხსნა არტისტული კაფე-კლუბი „ქიმერიონი“, რომლიც ქართველ ხელოვანთა უდავო ცენტრად გადაიქცა. მისი კედლები ცნობილი მხატვრების უნიკალურ გამოფენას წარმოადგენდა. ეს იყო სერგეი სუდეიკინის, კირილე ზდანევიჩის, სიგიზმუნდ ვალიშევსკის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, მამა-შვილი მოსე და ირაკლი თოიძეების შემოქმედება. ალეგორიითა და სიმბოლოებით გაჯერებული ნახატები, საიდანაც ქიმერები და ნიმფა-სატირები იმზირებოდნენ. ცნობადის ხესთან მდგარი პაოლო იაშვილი; პიეროს მოსასხამში გახვეული ტიციან ტაბიძე; სუდეიკინის ავტოპორტრეტი, სადაც მხატვარს ხელში სარკე ეკავა და ფრთოსანი დემონის სახე ჰქონდა.
ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ბრიტანეთის კომისარი ოლივერ უორდროპი, მეკავშირე სახელმწიფოთა კომისარი პოლკოვნიკი გასკელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი ქარცივაძე. გაიმართა სადღესასწაულო ბანკეტი, რომელსაც თამადობდა ქალაქის თავი ჩხიკვიშვილი. წარმოითქვა ქართველი ლიტერატორებისა და ქართული ხელოვნების უამრავი სადღეგრძელო.
საზეიმო გახსნის წინა დღეს _ 27 დეკემბერს კი ახალ კლუბში მწერალთა პირველი კრება ჩატარდა. ამის შესახებ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 30 იანვრის ნომერი მოგვითხრობს: „კრება გაიხსნა საღამოს 8 საათზე. პირველად მოხსენდა დამსწრეთ, თუ რა გაუკეთებია საბჭოს დღემდე. როგორც გამოირკვა, „ქიმერიონს“ შეუძლია სხვათა შორის ნივთიერი სარგებლიანობის მოტანაც ქართველ მწერალთა საბჭოსათვის. მართალია ის კერძო პირს აქვს გადაცემული, მაგრამ საბჭოს თავის ხარჯზე არ შეეძლო მისი მოწყობა და შეურიგდა ასეთ გარემოებას. „ქიმერიონი“ დახატულია აღმოსავლეთური სტილით, და ყოველ სურათს ატყვია გამოცდილი ხელოვანის დაკვირვებული ხელი.
კრება დასრულდა და გაიმართა ზეიმი. ამ კრებაზე გამოცხადებული იყვნენ თითქმის ტფილისში მცხოვრები ყველა მწერლები, როგორც ახალგაზრდები, ისე მხცოვანნიც. დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის წევრნი, ქალაქის თავი და სხვა. ზეიმი გახსნა საბჭოს თავმჯდომარე კოტე მაყაშვილმა, რომელიც ერთხმად არჩეულ იქმნა თამადათ. დაიწყო სადღეგრძელოები, გაიმართა ქართული ლხინი, სიმღერას და ღრეობას სცვლიდა პოეტის ცეცხლით აღგზნებული სიტყვები. სიტყვები წარმოთქვეს: პაოლო იაშვილმა, ვასილ ბარნოვმა, ივანე როსტომაშვილმა, მიშა არსენიძემ, არაზ ახნაზაროვმა, სანდრო შანშიაშვილმა, ტიციან ტაბიძემ და სხვ. ლექსები წარმოთქვეს: შ. ამირეჯიბმა, ვ. რუხაძემ, ლ. ჯაფარიძემ. ივ. ყიფიანმა, ფაშალიშვილმა, ხარიტონ ვარდოშვილმა, ობოლ მუშამ და სხვ. ზეიმი დასრულდა ღამის 3 საათზე“.
13 დეკემბერს დიდების ტაძარში გაიხსნა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენა. წარმოდგენილი იყო 400-მდე ნამუშევარი. სახაზინო თეატრში დაიდგა ვიქტორ დოლიძის ახალი კომედიური ოპერა ქართულ ენაზე „ქეთო და კოტე“, რომლის სიუჟეტიც აღებული იყო ავქსენტი ცაგარელის მიერ 1882 წელს დაწერილი კომედიური პიესა „ხანუმადან“.
1919 წლის დეკემბერში ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა. 3 დეკემბერს გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი ნიკოლოზ სულხანიშვილი, რომელიც ქართულ საგუნდო ნაწარმოებებსა და არიებს ქმნიდა. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 9 დეკემბრის ნომერში კომპოზიტორის დაკრძალვის შესახებ შემდეგ ცნობას აქვეყნებს: „კვირას, დილის ცხრა საათზე წირვა დაიწყო ქვაშვეთის ეკლესიაში. ჯერ კიდევ წირვის დაწყებამდე დიდძალ საზოგადოებას მოეყარა თავი. მწირველი იყო ეპისკოპოსი პიროს ალავერდელი, წირვის დასრულებისას ანდერძი აუგო სრულიად საქართველოს კათალიკოსმა ლეონიდემ. შემდეგ ცხედარი მუსიკოსებმა და კომპოზიტორებმა გამოასვენეს ეკლესიის გალავანში. აქ სიტყვა წარმოსთქვა სამუსიკო სასწავლებლის წარმომადგენელმა ვლ. ემხუვარმა, „კაპელამ“ შეასრულა განსვენებულის ჰიმნ-ლოცვა „ღმერთო-მოწყალეო“. ჰიმნის დასრულების შემდეგ ცხედარი დიდძალი პატივისცემლების თანხლებით წაასვენეს რუსთაველის ქუჩით სასაფლაოსკენ. გალობდა სხვა და სხვა მგალობელთა გუნდები, უკრავდა ორკესტრი. სასაფლაოსთან სიტყვა წარმოსთქვა ვახტანგ კოტეტიშვილმა და რკინის გზის ცენტრალურ კავშირის წარმომადგენელმა, რის შემდეგ ცხედარი დაკრძალულ იქნა დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში“.

მიხეილ ბასილაძე