19 წლის ფიზიკის პედაგოგი, რომელიც მუდმივად ფიქრობს!

19 წლის სტუდენტი უკვე ფიზიკის მიწვეული პედაგოგია, ყოველდღე სამყაროს შექმნაზე, ადამიანისა და ღვთის არსის წვდომაზე ფიქრობს. ერთ დროს ზარმაცი მოსწავლე დღეს დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეული წარმატების ეტალონია და გაჩერებას სულაც არ გეგმავს!
უკვე ნათარგმნი აქვს სამეცნიერო ლიტერატურა და დღეს მისი საზრუნავია ცოდნის მეტად გაღრმავება. არანაირი დამარცხება არ აშინებს და ყოველთვის იბრძვის უკეთესი მომავლისთვის!

ამ საქმეში კი მას ყველაზე მეტად ოჯახი გულშემატკივრობს, ოჯახისთვის თავად გელასაც არაფერი ენანება. ახალგაზრდა მეცნიერისთვის ის საქმე, რასაც აკეთებს, ყველაფერია, მისი არსებობის აზრი. ყველაზე მეტად კაცობრიობის, ჯერ კიდევ, უსწავლელობა აღიზიანებს, სიამოვნებას კი ფილოსოფიის კითხვა ანიჭებს.

ახალგაზრდა, რომელიც აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს, დღეს „ქრონიკა+“-ის სტუმარია. გაიცანით _ გელა პატაშური.

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?
_ წარმოშობით მთიული ვარ, თუმცა ჩემი წინაპარი მთიულეთიდან კახეთში გადასახლდა და მას მერე შთამომავლებს მთიულეთთან შეხება არ ჰქონიათ, სანამ ბებიაჩემი არ წავიდა მთიულეთში და ჩვენი მოგვარეები და ნათესავები მოძებნა. ამჟამად სოფელი კახეთშიც მაქვს, ახალსოფელში და მთიულეთშიც, ფასანაურში.
19 წლის ვხდები თებერვალში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. პარალელურად, ორ სკოლაში ვარ ფიზიკისა და ასტრონომიის საოლიმპიადო წრის მასწავლებელი და ფიზიკის ვიდეოლექციებს ვატარებ „ინოვაციურ ონლაინ პროექტში“, როგორც მიწვეული ფიზიკის პედაგოგი.
_ რატომ და როდის დაინტერესდი ფიზიკით (რა იყო ინსპირაცია, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი)?
_ მეექვსე კლასში, ფეხის მოტეხის შემდეგ, რამდენიმე თვე მარტო გავატარე სახლში. მაშინ აღმოვაჩინე, რომ იმდენად მაოცებდა სამყაროზე, ღმერთსა და ადამიანის არსზე ფიქრი, რომ ყველაფერი მავიწყდებოდა. მერვე კლასში კი ფიზიკის პირველივე გაკვეთილზე გადავწყვიტე ფიზიკოსობა. ქვეცნობიერმა თავისთავად იპოვა ის საგანი, რომელიც ჩემ შინაგან სამყაროს შეესაბამებოდა.
ამ დღის შემდეგ ყოველდღე ვმეცადინეობდი ფიზიკას. ასევე ვკითხულობდი ანტიკურ, ბერძნულ და ბუნების მეცნიერების ფილოსოფიას. სამეცნიერო გარემოს შესაქმნელად ჩემს მაგიდასთან გამოვაკარი მეცნიერების, ფილოსოფოსების, კომპოზიტორებისა და საზოგადო მოღვაწეების სურათები.
_ რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში (ის, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა)?
_ ცხოვრებაში პირველ სერიოზულ სირთულეს მაშინ წავაწყდი, როდესაც კომაროვის სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე. მასალით ჩამორჩენილი ვიყავი და სკოლაში მათემატიკას კარგად არ ვსწავლობდი. ბევრმა მეგობარმა დამცინა, როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვამცნე. მომზადება გადავწყვიტე, მაგრამ როდესაც მასწავლებლებმა ჩემი ცოდნა და ლოგიკა შეამოწმეს მითხრეს, რომ უნიჭო ვიყავი და ვერ ჩავაბარებდი.
გავბრაზდი, სკოლაში სიარულს თავი დავანებე და დამოუკიდებლად დავიწყე მეცადინეობა. გამოცდებამდე ორი თვით ადრე კი მასწავლებელთან დავიწყე მომზადება.
გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულა მქონდა.
მეორე სირთულე საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლის აღება იყო. ექვსჯერ უმედლოდ დავბრუნდი. ამის გამო საზაფხულო ბაქსვუდის ბანაკში ორჯერ არ წავედი და მთელი ზაფხული ვმეცადინეობდი. როცა გავიაზრე, რომ სკოლაში წასვლა-წამოსვლაში დღეში 3 საათი მეკარგებოდა, წელიწადში კი ორი თვე, ავდექი და დროის დაზოგვის მიზნით სკოლის საერთო საცხოვრებელში გადავედი. საბოლოოდ, მეთორმეტე კლასში ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალი ავიღე.
_ საიდან მოგივიდა იდეა, წიგნიც კი გეთარგმნა ქართულად და როგორ მოახერხე ეს?
_ კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით. ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და დიზაინს ვამუშავებდი. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძის სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე, ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და სწავლების პროცესს გაუადვილებს.
_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ ფილოსოფიის წიგნების კითხვისას.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც მატერიალური კეთილდღეობა და ფული აქვთ დასახული მიზნად. დიდ პატივს ვცემ სულიერად ამაღლებულ, მაღალი იდეალების მქონე და სიყვარულზე, ხელოვნებაზე, ღმერთსა და მეცნიერებაზე მოფიქრალ ადამიანებს.
_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია…
_ მილიარდი დოლარი რომ დაკარგო, შანსი გაქვს, რომ უკან დაიბრუნო, მაგრამ წამის მემილიარდედი რომ დაკარგო, უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ. მეცხრე კლასში ზამთრის არდადეგებზე გადავწყვიტე, რომ დამესვენა და მთელი თვე კომპიუტერს ვთამაშობდი. ყოველთვის ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ამის მერე კომპიუტერი აღარასდროს მითამაშია.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ ჩემი დიდი მიზნებისთვის დრო არასდროს მენანება, მისთვის შემიძლია ყველაფერი გადავდო, უამრავ რამეზე ვთქვა უარი და ძალიან რისკიანი გადაწყვეტილებები მივიღო.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
_ გააჩნია, თავისუფალ დროს როგორ ხასიათზე ვიქნები. თუ მხიარულ, ან ნეიტრალურ ხასიათზე ვარ, ფილოსოფიას ვკითხულობ; თუ გაბრაზებული ვარ, მუსიკას ვუსმენ და ჩემს მომავალზე ვფიქრობ; თუ გადაღლილი ვარ და არაფრის თავი არ მაქვს, მაგ დროს ვინმე საინტერესო გოგოს ვწერ ხოლმე; თუ სევდიან ხასიათზე ვარ, აკუტაგავას მოთხრობებს ვკითხულობ, ჩანაწერებს ვაკეთებ, ან პაინტში ვხატავ სევდიან სურათებს, სადაც ჩემს გრძნობებს და განცდებს გამოვხატავ.
_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?
_ ჩემი მიზანია, დიდი მეცნიერი დავდგე და ვცდილობ, ამ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ გზაზე თავისთავად წარმოიშობა კონკურენცია, მაგრამ არ მაინტერესებს და არ ვაქცევ ყურადღებას, ვინმე მაჯობებს თუ არა. მთავარია ვიცოდე, რომ ჩემი მიზნისთვის ბოლომდე ვიხარჯები. ამ მხრივ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნები თუ არა პირველი, მთავარია, ჩემი გონებრივი შესაძლებლობების პიკზე ვიდგე. ჩემი მაქსიმალისტობა ამაში გამოიხატება და არა პირველობაში.
_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?
_ მუსიკის მოსმენა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სევდიან ხასიათზე ვარ, ან რამე მარცხს განვიცდი. მიყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით შოპენი და დებიუსი. ასევე ქართული ხალხური ფოლკლორი. თუმცა გამუდმებით რთულია ასეთი ნაწარმოებების მოსმენა, რადგან დიდი ემოციებითაა დატვირთული. ამის გამო ხშირად უბრალო და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ყოველ ახალ გათენებულ დღეს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ბედნიერი ვარ, რომ ამ უცნაურ სამყაროს მოვევლინე, რომ მომეცა საშუალება, მენახა ბუნება, ვარსკვლავები, ადამიანი და შემეგრძნო მზის სითბო, რომელიც დილით თვალებში მიჭყიტინებს ხოლმე.
_ რაზე ოცნებობ?
_ ორი ოცნება მაქვს: ერთი, რომ გავხდე დიდი მეცნიერი და მეორე, რომ საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანა, ქართველებს საქართველოში შეეძლოთ დიდი განათლების მიღება ნებისმიერ სფეროში და იყოს შესაბამისი პირობები სამუშაოდ, ქართული ნიჭის გამოსამჟღავნებლად და კაცობრიობის ისტორიაში სიტყვის სათქმელად.
_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.
_ ჩემს ცხოვრებას თან დაჰყვება ჩემი ძლიერი განცდები და ემოციები. ზოგჯერ ყვავილის დანახვამ, ბალახის რხევამ, ან, უბრალოდ, წვიმის წვეთის მოძრაობამ შეიძლება იმხელა ემოციები და განცდები დაბადოს ჩემში, რომ თავი სხვა სულიერ განზომილებაში ვიგრძნო, ვიგრძნო რაღაც აღმატებული და ღვთაებრივი. ჩემს ცხოვრებას ეს განცდები განსაზღვრავს და როდესაც რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობებს, ვერნერ ჰაიზენბერგის ბიოგრაფიას, ან ანტუან დე-სენტ ეგზიუპერის „ადამიანთა მიწას“ ვკითხულობ, მათ ადგილას მგონია, რომ მე ვარ, თითქოს, მათი ცხოვრებისული განცდები მეც განცდილი მაქვს. ამ ადამიანების სიახლოვეს ვგრძნობ და ამ მხრივ მგონია, რომ მათ ვგავარ.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?
_ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი არის ყველა დიდი ქართველის და უცხოელი საზოგადო მოღვაწის ცხოვრება, რომლებიც ცდილობდნენ, ადამიანთა სულიერ, ფიზიკურ, ან გონებრივ წინსვლაში წვლილი შეეტანათ.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ საქართველოში ფიზიკის სფეროში, დღესდღეობით, სამწუხაროდ, ბევრი სერიოზული პრობლემაა. აქ მიღებული განათლება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდე, საზღვარგარეთ მიღებული განათლებით კი აქ მუშაობა რთულია, რადგან არ გვაქვს კარგი კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები. ზოგადად კი საქართველოში იმდენი პრობლემაა, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია.
_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ ამაზე ბევრი არ მაქვს ნაფიქრი, ბევრი რამე არ ვიცი და ასეთ საკითხებზე ყოველდღე მეცვლება და მეხვეწება აზრი, მაგრამ დღევანდელი ცოდნით ამ პრობლემის მოგვარების ორ გზას ვხედავ: I) ქართველი ხალხი, როგორღაც, გამოფხიზლდეს და საზოგადოებამ დაიწყოს სწორი აზროვნება; II) სახელმწიფოს სათავეში მოვიდეს ძალიან სერიოზული, დიპლომატი და სამშობლოზე მოფიქრალი პოლიტიკური ელიტა.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ ვისვენებ ხოლმე ღამე ძილით, სხვა დროს სულ ვმეცადინეობ, ან ვფიქრობ. გართობა არ მიყვარს.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს, რატომღაც, ზოგჯერ მენატრება ორი ადამიანი: ისააკ ნიუტონი და ილია ჭავჭავაძე… უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ ახლა ცოცხლები იყვნენ და მათთან ლაპარაკის შესაძლებლობა მქონდეს.
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ არა, არ ვარ თავისუფალი, რადგან ინგლისური არ ვიცი კარგად და ბევრი მეცადინეობა მიწევს, ჩემი სურვილისდა მიუხედავად. ეს ძალიან მბოჭავს და არ მაძლევს თავისუფლებას.
_ რა არის თავისუფლება შენთვის?
_ თავისუფლება არის მხოლოდ იმ საქმის კეთება, მხოლოდ იმ გარემოში და მხოლოდ იმ ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც გიყვარს.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ახლა ვარ ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე, რადგან მთელი დღე მიწევს ინგლისურის მეცადინეობა.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ კი, საკუთარი თავი ნამდვილად ნაპოვნი მაქვს, რადგან ვიცი, რა მინდა.
_ როგორ გგონია, ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ (თუ კი, რა არის შენი მისია, როგორ გგონია? თუ არა, _ რატომ)?
_ ადამიანს რამდენიმე მისია აქვს, ერთ-ერთი არის ბიოლოგიური მისია, ანუ გამრავლება და თავისი რასის გადარჩენა. ამის გარდა, ადამიანს ევალება იპოვოს თავისი თავი ცხოვრებაში, თავისი ნიჭი, თავისი მიზანი და შეასრულოს ის. დაბოლოს… ადამიანი უნდა ზრუნავდეს სულიერ წინსვლაზე, უნდა უყვარდეს ადამიანები და მთლიანად სამყარო, რომელსაც მოევლინა.
_ რისთვისაც იბრძვი?
_ ვიბრძვი მიზნის მისაღწევად. ხალხის უკუღმართ აზროვნებას შევცვლიდი და დანარჩენი პრობლემები თავისთავად გამოსწორდებოდა.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ჩემს ცხოვრებაში მეცხრე კლასის ზამთარში კომპიუტერის თამაშის მაგივრად ბევრს ვიმეცადინებდი.
_ ცხოვრების აზრი რა არის შენთვის?
_ ცხოვრებას აზრი შეიძლება არც აქვს. შეიძლება ჩემი მეცნიერობა და სამშობლოზე ფიქრი სასაცილოდ არ ეყოს დროის დიდ მასშტაბებს. ხუთ მილიარდ წელიწადში მზე აფეთქდება და მთელ მზის სისტემას წამში გააქრობს, გააქრობს ყველანაირ კაცობრიობის მონაპოვარს, გააქრობს „ვეფხისტყაოსანს“ და გააქრობს ჩინეთის დიდ კედელს, ჩვენი მოგონება აღარ იქნება, მაგრამ ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ დღეს ვარსებობთ, რომ მოგვეცა საშუალება, გვენახა ეს გაუგებარი, უსაზღვრო და გასაოცარი სამყარო. უნდა გვიყვარდეს ეს გაუგებარი სილამაზე, უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და გვიყვარდეს ერთმანეთი.
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ დღევანდელ საქართველოში ჩემ სფეროში ვფიქრობ, რომ არ მაქვს წარმატების მიღწევის შანსი.
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?
_ ჩემი პრინციპი ჩემი მიზანია და მას არასდროს ვუღალატებ.
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ბავშვობაში ძალიან ზარმაცი ვიყავი, სკოლაში არ ვსწავლობდი და მთელ დღეს ეზოში ფეხბურთის თამაშსა და გართობაში ვატარებდი. მეექვსე კლასში დედამ ჭადრაკზე შემიყვანა. მასწავლებელს ძალიან მოსწონდა ჩემი თამაში. ორი კვირის შემდეგ გადაწყვიტა, შეჯიბრზე გავეყვანე… ძალიან გამიხარდა ამის გაგონება. შეჯიბრი შაბათს ტარდებოდა, მე კი პარასკევს სალტოს გაკეთებისას მარცხენა წვივი შუაზე გადამტყდა და მთელი წვივი სპირალურად გაიბზარა ტერფიდან მუხლამდე. ფეხი რომ არ მომტეხოდა, დღეს, ალბათ, მოჭადრაკე ვიქნებოდი, ან ერთი უბრალო, ზარმაცი ფეხბურთელი.
_ და მაინც, ვინ არის გელა პატაშური?
_ გელა პატაშური არის გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არსებობს და შეიძლება არც არსებობს.
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ მეცნიერობა
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ყველაზე ხშირად ვფიქრობ ამ გაუგებარ სამყაროსა და ღმერთზე, ზოგჯერ რამდენიმე საათს, ან დღეს.
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ ცხოვრებაში მხოლოდ ჩემი იმედი მაქვს და თუ ღმერთი არსებობს, მისიც.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ სიმშვიდე ჩემთვის მოაქვს მიზნის მიღწევას და ღმერთსა და სამყაროზე ფიქრს, რადგან ამ დროს ყველაფერი მავიწყდება. ასევე, სიმშვიდე მოაქვს განმარტოებით ბუნებაში ყოფნას.
_ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი?
_ მიზიდავს და მაინტერესებს ანტიკური სამყარო. მგონია, რომ მაშინ ადამიანებს უფრო მეტი კავშირი ჰქონდათ ბუნებასთან, ვიდრე დღეს აქვთ.
შანსი რომ მქონდეს, დავიბადებოდი ამერიკაში ინდიელების ეპოქაში, მათთან ერთად ვინადირებდი, მათთან ერთად დავაკვირდებოდი ბუნებას, მათთან ერთად ვუმღერებდი ვარსკვლავებსა და ბუნებას, მათთან ერთად ავიდოდი მზის ჩასვლისას დიდ მწვერვალზე, გავხედავდი ჰორიზონტს და დავუკრავდი მათ საკრავზე, სადაც ჩავაქსოვდი ჩემს გულისტკივილს და აღტაცებას, ბოლოს მათთან ერთად მთელი ემოციით ჩავებმებოდი სარიტუალო ცეკვებში ცეცხლის გარშემო და მივეცემოდი თავდავიწყებას ყოვლისშემძლე ღვთაებისა და ზებუნებრივ ძალებზე ფიქრში.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ იფიქრეთ არა მხოლოდ მატერიალურზე, არამედ სულიერზე და სამყაროსეულზე, დასვით ბევრი კითხვა, ეძებეთ თქვენი თავი, ეძებეთ ადამიანისა და სამყაროს არსი. იფიქრეთ სიყვარულზე, იფიქრეთ სამშობლოზე, იფიქრეთ კაცობრიობის ბედზე. დაისახეთ დიდი მიზნები და იბრძოლეთ მათ მისაღწევად.

ნინო ტაბაღუა