„ჰუმანა“ საქართველოში დიდ სკანდალში ეხვევა _ მრავალშვილიანი ორსული დედა კომპანიას შანტაჟში ადანაშაულებს


რა ხდება მაშინ, როდესაც ევროპული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, სადაც დედისა და ბავშვის უფლებები უზენაესია, სამსახურიდან უშვებს მრავალშვილიან ორსულ დედას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი მაგიდასთან არასათანადო პოზაში დაჯდა, ფოტო კი „ინსტაგრამზე“ გამოდო. ყოველ შემთხვევაში, ამას ჰყვება „ქრონიკა+“-თან საუბარში „ჰუმანას“ ყოფილი თანამშრომელი, 7 თვის ორსული ევე ჩოხელი:

_ მიზეზი, რის გამოც კომპანია „ჰუმანაში“, ჩემი როგორც მრავალშვილიანი, ორსული თანამშრომლის დევნა დაიწყო, დღემდე გაუგებარია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2016 წლის ივნისში „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოვაქვეყნე, სადაც ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და ფეხები მაგიდაზე მიწყვია. დღის ბოლოს რაიონიდან ჩამოსული ვიყავი და ვენური უკმარისობის გამო, სიცხეში ხანგრძლივი მგზავრობიდან გამომდინარე, შემაღლებულზე მეწყო ფეხები, ფეხებს ხშირად ვასვენებდი ასე. მოკლედ, ეს სურათი მედო სხვა სურათებთან ერთად და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, _ ფეხები რატომ გაქვს შელაგებული ზემოთ სამსახურშიო. არადა, არსად არ იყო იმის მინიშნება, რომ სამსახურში ვიყავი _ არც ლოგო, არც კომპანიის დასახელების აღმნიშვნელი ბანერი უკან, რითაც მათ იმიჯს (თუ ასე ფიქრობდნენ) ზიანი მიადგებოდა. მოკლედ, ეს ფოტო გახდა იმის მიზეზი, რომ დამფუძნებლებთან ურთიერთობა ამერია.
_ ქალბატონო ევე, ცოტა უცნაურად ჟღერს _ ამ ყველაფერს შვიდი წლის განმავლობაში არაფერი უძღოდა წინ?
_ სრულიად არაფერი, დამერწმუნეთ. მერე მე თვითონ ვიჯექი და ტვინს ვიჭყლეტდი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი და პლანშეტების მეტი არაფერი მომაგონდა.
_ რა მოხდა პლანშეტებთან დაკავშირებით?
_ თანამშრომლებს რომლებიც რეგიონებს ვემსახურებით, სხვადასხვა რაიონში გვიწევს სიარული. ამისთვის დაგვირიგეს პლანშეტები, რათა ჩვენი გადაადგილება აეკონტროლებინათ. მოხდა ისე, რომ პლანშეტი, რომელიც მე მომცეს, არ მუშაობდა. ანუ მოწყობილობის გაუმართაობა ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მე კიდევ ის ადამიანი არ ვარ, რომ რაღაცა დავმალო. ამის გამო ზარები ჩემთან შემოდიოდა დღის მეორე ნახევარში, რომ საერთოდ თუ გიმუშავია და ა. შ. როდესაც შენს სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებ, განა, პლანშეტის გამო, არამედ შენი სინდისიდან გამომდინარე, ეს ტექსტები ძალიან შეურაცხმყოფელია ნებისმიერისთვის. ეს ზარები იქცა მასობრივად. ერთ მშვენიერ დღეს პლანშეტი მივუტანე და ვუთხარი, რომ პროგრამულად გამართეთ და შემდგომ გავაგრძელოთ ურთიერთობა-მეთქი. ეს იყო და ეს! მეტი არაფერი და მერე, შედარებით მოგვიანებით, ამას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული სურათის თემა დაემატა.
_ რა მოხდა ამის შემდეგ?
_ ჩემი გაშვების შემდეგ ინფორმაცია პირველად თანამშრომლებისგან შევიტყვე. ამ საკითხზე შევხვდი კომპანიის დამფუძნებელ თემურ კონიაშვილს, რომელიც გახლავთ გენერალური დირექტორის, მანანა შენგელიას ქმარი. მასთან ერთად გავიარე ეს თემა და ამიხსნა, რომ ჩემი გაშვება არც უფიქრია, უბრალოდ, მენეჯერზე გვქონდა გართულება, რატომ უბედავენ თანამშრომლები ამდენს.
_ არ გიცდიათ იმის ახსნა, რომ ორსულობის გამო ფეხები მალე გეღლებოდათ?
_ არ მინდოდა, ჩემი პირადი მდგომარეობა მათთვის თავზე მომეხვია. კომპანიის დამფუძნებელს ბოდიში მოვუხადე და მსგავსი რამ არ განმეორდება-მეთქი. ამ საუბარმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. სტრესის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და სამდღიანი შვებულება დავწერე. და, აი, ზუსტად ამ დროს თემურ კონიაშვილი შედის თავის ცოლთან _ მანანა შენგელიასთან და ეუბნება, რომ ევე ჩოხელი გაათავისუფლე სამსახურიდანო. ვინაიდან ოფიციალურად ვიყავი შვებულებაში, ამიტომ ცხადია, ასე ვერ გამიშვებდნენ. როდესაც ოფისში დავბრუნდი და ეს ამბავი დამხვდა, მანანა შენგელიასთან შევდივარ და ვეკითხები, _ სამსახურიდან ნამდვილად განთავისუფლებული ვარ-მეთქი? _ კიო და გარემოება არის ის, რომ სურათზე არის ფეხები შემოლაგებული მაგიდაზეო. ჩემს კითხვაზე, რომ შეიძლება ამაზე საყვედური მისცე, შენიშვნა გამოუცხადო, მაგრამ სამსახურიდან ამის გამო არ უშვებენ 7 წლის თანამშრომელს, მით უმეტეს, ორსულს-მეთქი, _ პასუხი არ მიმიღია. ისიც ავუხსენი, რომ შრომის კოდექსით ჩემი განთავისუფლების არანაირი უფლება არ ჰქონდა და რომ ყველა ღონეს მივმართავდი ჩემი სიმართლის სამართლებრივი დადასტურებისთვის. როდესაც ამასთან დაკავშირებით პოსტი დავდე სოციალური ქსელის პირად გვერდზე, ჟურნალისტები შემეხმიანენ და რეზონანსიდან გამომდინარე, მანანა შენგელიას იმდენად შეეშინდა სამსახურიდან ჩემი გაშვება, რომ გადაიფიქრეს.
_ როგორ გადაიფიქრეს?! განთავისუფლების ბრძანება დაწერილი არ იყო?
_ გააუქმეს. მოიფიქრეს, საყვედურის ფორმით დაეწერათ ყველაფერი. ამ დროს, საყვედურის დაწერის უფლებაც არ აქვთ, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულებაშიც არ არის ჩადებული. მე ყველა კუთხით მართალი ვიყავი და ხვეწნა დაიწყეს, რომ სამსახურში დავბრუნებულიყავი. ბუნებრივია, რომ ამ ანკესს არ წამოვეგე, იმიტომ რომ სამსახურში დაბრუნების შემდეგ სხვა მიზეზით გამიშვებდნენ.
_ საბოლოოდ, როგორ შეჯერდით?
_ ჩემმა ადვოკატმა ყველა ის მასალა გამოითხოვა, რის საფუძველზეც საყვედრური არის დაფუძნებული, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურად მიიჩნია ეს ყველაფერი. „ჰუმანას“ ქართული წარმომადგენლობა გაჯერებულია სერიოზული კორუფციული სქემებით და გარიგებებით. ამაზე, თავის დროზე, საჯარო და ძალიან ხმაურიან განცხადებას გავაკეთებ. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველა ნივთმტკიცება, მოვა ამის დროც და პირველი თქვენს გაზეთს მივცემ კორუფციული სქემის გეგმას, რითაც კომპანია დღემდე მოვიდა. ზოგადად, „ჰუმანას“ საქართველოში ოჯახური კლანი მართავს. კომპანიის დმფუძნებელი, როგორც გითხარით, არის თემურ კონიაშვილი; გენერალური დირექტორი _ მისი ცოლი, მანანა შენგელია; ძმა _ თამაზ კონიაშვილი ასევე ხელმძღვანელ თანამდებობაზე ითვლება, ვინაიდან საკუთარი თავისთვის ძალიან ბევრის უფლება მიუცია. მამა არის საწყობის გამგე… მინდა გითხრათ, რომ სამსახურში განვითარებული მოვლენების საფუძველზე დამემართა სტრესი და შედეგად, გარკვეული პერიოდი მოსალოდნელი აბორტის საშიშროების ქვეშ ვიყავი ჰემატომის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ორსულობის პროგრესირებას, გავდიოდი ინტენსიურ ინფუზიურ თერაპიას დღის სტაციონარში.
_ ქალბატონო ევე, თქვენ კომპენსაცია ახსენეთ და რას ითხოვთ მოცემულ მომენტში კომპანიისგან?
_ მე რომ წავსულიყავი კონკურენტ კომპანიაში, „ჰუმანასთვის“ ჯარიმის სახით 21 ათასი ლარი უნდა გადამეხადა. კონკურენტი კომპანია არის ნებისმიერი კვების კომპანია. ანუ ეს იყო ის მინიმალური ზარალი, რაც შეიძლებოდა „ჰუმანას“ მიყენებოდა ჩემი წასვლით. მე მოვითხოვე: დავმსხდარიყავით და დაგვეანგარიშებინა, 7 წლის განმავლობაში, ჩემი ადამიანური და პიროვნული ურთიერთობებით თუ როგორი გაყიდვების გეგმას ვუდგენდი მათ მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. ჩემი მოთხოვნა მათ სასაცილოდაც არ ეყოთ. იურისტი დამიკავშირდა და მითხრა, ეს გამოძალვააო.
ამის შემდეგ ახლად დანიშნული, ყოფილი საგადასახადოს მაღალჩინოსანი მამაკაცი მომიგზავნეს, რომელიც თენგიზ ჯიქიად გამეცნო და მითხრა, რომ რაც კი ფინანსური ოპერაციები მქონდა ოფისში ჩატარებული 7 წლის განმავლობაში, ყველაფერს ვალად დამაკისრებდნენ, შემდგომ კი სისხლის სამართლის ოქმს აღძრავდნენ ჩემ წინააღმდეგ.
_ რაზე?
_ რომ, ვითომ, ეს ფული ჩემს სახარჯოდ მქონდა გატანილი და არ ვაბრუნებდი. ყოველივე ამის შემდეგ უკვე ვიბარებ ჩემს მეუღლეს, რომელიც ქვემოთ მელოდებოდა. დავიბარე ჩემი მენეჯერიც და როგორც კი შემოვიდნენ ჩემი მეუღლე და მენეჯერი, მაშინვე ამ ტიპმა სხვა თემაზე გადაიტანა ლაპარაკი. ჩემს ქმარს მიმართა და უთხრა, რომ ვითომ მე მეუბნებოდა, ორი თვე დავმჯდარიყავი სახლში და არ ვყოფილიყავი სტრესულ გარემოში. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შანტაჟი არ უხსენებია და ეს თემა მათთან საერთოდ არ გააჟღერა. რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლესთან იქვე არ მითქვამს ამის თაობაზე, რადგან პროვოკაციაზე წამოვიდოდა და არ მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე შარში გახვეულიყო, მაგრამ სახლში ავუხსენი, რაც ხდებოდა სინამდვილეში. ერთი სიტყვით, ყველანაირად მიდიოდნენ გაღიზიანებამდე და შევეცადე, რომ უკონფლიქტოდ დამესრულებინა მათთან ყველანაირი ურთიერთობა. 10 ნოემბერს უხელფასო შვებულებაში გასვლის განცხადება დავწერე, რაზეც მანანა შენგელიამ ხელი არ მომიწერა. მითხრა, რომ გენერალური დირექტორობის მიუხედავად, მე ვერ ვწყვეტ ამ საქმეს, ეს საქმე გადაცემული არის იმ ფინანსურ ტიპზე, თენგო ჯიქიაზე (მე რომ მაშანტაჟებდა მანამდე სისხლის სამართლის საქმის აღძვრით) და ის წყვეტს შენს ამბებსო. 14 ნოემბერს ვურეკავ თენგოს და იგი სიცილით და ცინიკურად მეკითხება, რომ განცხადება არ მოგივიდა განთავისუფლებასთან დაკავშირებით სახლშიო? ბრძანება მეორე დღეს 15 ნოემბერს მომივიდა სახლში, რომელიც 8 რიცხვით იყო დაწერილი და თუ 8 რიცხვით მათ ჰქონდათ დაწერილი, 10-ში ოფისში მისულს რატომ არ გადმომცეს ხელში, ანდა ფოსტა რისთვის დასჭირდათ, საკითხავია! ბრძანებაში დაფიქსირებული იყო, რომ მათ მე გამათავისუფლეს პირველი ოქტომბრიდან, უხეში დისციპლინური დარღვევის გამო. მიზეზი _ ვითომდა პირველ ოქტომბერს არ გამოვცხადდი სამსახურში, რაც არის სრული სიცრუე. არგამოცხადების გამო ჩემთან არც დარეკილა, არც შენიშვნა, არც საყვედური, არც დაბარება, პირდაპირ დაიწერა ბრძანება.
_ ხელშეკრულებაზე რომ თქვათ უფრო დეტალურად?
_ 7 წელი ვმუშაობდი, თავიდან ორ-სამ წელიწადში ისევ განვაახლეთ ხელშეკრულება, მერე აღარ განგვიახლებია და ჩვეულებრივ სტაჟიან თანამშრომლად ვითვლებოდი. ხელშეკრულებაში იდო ასეთი პირობა, რომ მე თუ კონკურენტ ფირმასთან წავიდოდი (კონკურენტი ფირმებია: „ჰიპი“, „სელია“, „ნუტრილაკი“, „სემპერი“, „ნუტრიბენე“, „ნესტლე“), მაშინ კომპანიისთვის უნდა გადამეხადა 21 ათასი ლარი ზარალი, როდესაც ჩემი ფიქსირებული ხელფასი შეადგენდა ათას ლარს, ამიტომ რეალური უფლება ჩემი სადმე წასვლისა შეზღუდული იყო. მათი ხელშეკრულების მიხედვით, თუ ჩემი წამოსვლით მათ ზარალი ადგებათ, მაშინ მეც ძალიან დიდი ზარალი მადგება ჩემი აწყობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც 2010 წლიდან 2017 წლამდე მქონდა რეალურად. ამის შემდეგ თავიანთი იურისტი ჩარიეს საქმეში, რომელმაც მითხრა, რომ რომელ კომპენსაციაზე ვლაპარაკობთ, ამას სხვანაირად ფულის გამოძალვა ჰქვია და სჯობს, საერთოდ ხმა არ ამოიღოო. ამის შემდეგ იმ იურისტთან კავშირი აღარ მქონია, მინდოდა, რომ ჩემს ადვოკატს შეხვედროდა, მაგრამ უარი განაცხადა.
_ თქვენ გამო სხვა თანამშრომლების განთავისუფლების მიზეზი რა გახდა?
_ ეს იყო ჩემი მენეჯერი გიორგი კეპულაძე, სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი ასევე 7 წლის განმავლობაში, რომელსაც აიძულებდნენ, რომ ბრძანება დაეწერა ჩემს განთავისუფლებასთან დაკავშირებით. თან ამ პერიოდში მას გარდაეცვალა დედა, მაქსიმალურად ისარგებლეს სიტუაციით და ისეთი გარემო შეუქმნეს, რომ კომპანიიდან წავიდა. როდესაც ეს პიროვნება სამსახურიდან გაათავისუფლეს, მისი მოყვანილი კადრიც გაუშვეს, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გიორგი იმერლიშვილი, რომელიც მას საქართველოს მთელ რეგიონებში კომუნიკაციაში ეხმარებოდა ექიმებთან და დიდი კონფერენციების ორგანიზებაში. თბილისის წარმომადგენლებიდანაც ორმა თანამშრომელმა დატოვა კომპანია იმიტომ, რომ ახლად დანიშნულმა ე. წ. მენეჯერმა თენგო ჯიქიამ ყველასთან შანტაჟის ენით სცადა ურთიერთობა და ძალიან ცუდი პირობები შეუქმნა. ასევე არეული სიტუაციის გამო თანამდებობა დატოვა დისტრიბუციის მენეჯერმა.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საქართველოში „ჰუმანას“ წარმომადგენელს, კომპანიის გენერალურ დირექტორს, მანანა შენგელიას. ქალბატონმა მანანამ საუბარი ჩვენი პირველი კითხვისთანავე გადააბარა დავით გელაშვილს _ „ჰუმანას“ იურისტს:
_ ევე ჩოხელი, თქვენი ყოფილი თანამშრომელი, კომპანია „ჰუმანას“ უჩივის. მისი თქმით, მრავალშვილიანი დედა, ორსული ქალი, სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლეს „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოს გამო. საუბარია ასევე გაუმართავ პლანშეტზე, რისთვისაც მას უკანონო პრეტენზიები წაუყენეს. ეს ყველაფერი კომპანიის მხრიდან ფინანსური შანტაჟით დასრულდა.
_ როგორ არის, იცით… ასეთი დეტალების დონეზე ამ საკითხების განხილვა, მით უმეტეს, მედიასთან, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ რომ ვუფრთხილდებით კომპანიის, თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლების რეპუტაციას. შესაბამისად, ეველინა ჩოხელს უამრავი სამართლებრივი ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ თუ მიაჩნია, რომ მისი უფლებები სადმე და რამე ნაწილში დარღვეულია, დაიცვას. თუ აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოს, სახალხო დამცველს და ა. შ., კი ბატონო, ეს მისი უფლებაა.
_ აქ მთელი რიგი ჩაონათვალია, ბატონო დავით. როგორც ჟურნალისტი, ვალდებული ვიყავი, მეორე მხარესაც დავკავშირებოდი, მაგრამ, როგორც გავიგე, განმარტებაზე უარს ამბობთ.
_ იცით, საგაზეთო განხილვას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი შეფასების საკითხებია, რომელიც, საბოლოო ჯამში, სასამართლომ უნდა გაარჩიოს და გადაწყვიტოს. ასე რომ, ჩვენს პოზიციას სასამართლოში დავიცავთ, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ნამდვილად არ ვაპირებთ იმის გარჩევას, მით უმეტეს, გაზეთის ფურცლებზე, რას რა მოყვა პირველ დღეს, რა შენიშვნები ჰქონდა კომპანიას მისი ყოფილი თანამშრომლის მიმართ და როგორ გრძელდებოდა ეს პროცესი. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, მაგრამ, რასაკვირველია, ცალმხრივად.
_ ამიტომაც დაგიკავშირდით, რომ ორმხრივი იყოს, მაგრამ თავად ტოვებთ ცალმხრივად. ანუ თქვენი პოზიცია ასეთია, რომ არ აპირებთ ამის საჯაროდ განხილვას და თუ სასამართლო დავა იქნება, სამართლებრივი კუთხით ჩაერთვებით?
_ რა თქმა უნდა.

ცოტა უცნაური პოზიციაა კომპანიის მხრიდან, არ სცადოს თავისი უფლებების დაცვა მედიასთან. შემდეგ ნომერში კი შემოგთავაზებთ იმ კორუფციული სქემების გაშიფვრას, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ს გადასცემს.

თამარ როსტიაშვილი