„ჰეკაბე“ _ უსამართლობის წინააღმდეგ და ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ახალი სიცოცხლე

„ჰეკაბე“ ახალგაზრდა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანისთვის, ერთგვარი, გამოცდა და სახიფათო დებიუტი იყო დიდ სცენაზე. მისი ეს თამამი ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა და საზოგადოების დიდი ინტერესიც გამოიწვია. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურის შეფასებით „ჰეკაბე“ დრამატურგის, რეჟისორისა და მსახიობების სპექტაკლია. მისი თქმით, ეს არის თანამოაზრეთა გუნდი, რომლის წევრებსაც კარგად ესმით ერთმანეთის.

მიხეილ ჩარკვიანი, ერეკლე გეწაძე, ინგა კაკიაშვილი, ენდი ძიძავა, სულხან გოგოლაშვილი, დავით როინიშვილი, თენგიზ ჯავახაძე, გაგი შენგელია, გიორგი ჩაჩანიძე, ნანუკა კუპატაძე, ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე, დათა ბერაძე და ლუკა სვანიძე წარმატებული პროექტის თანამონაწილენი არიან. რეAშFGHჟისორმა სცენის სივრცითი გადანაწილების ახალ სიტყვასთან ერთად, მესხიშვილის თეატრიდან, მაყურებელს მკაფიოდ შეახსენა, რომ ძველბერძნული ტრაგედიებიდან დღემდე, თეატრის დანიშნულება და ფუნქციაა, ილაპარაკოს თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებზე, თემებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. თეატრი ტრიბუნაა და მაყურებელი მისგან სიმართლისა და სამართლიანობის მესიჯებს ელოდება.

„ქრონიკა+“ ახალგაზრდა რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანს ესაუბრა, რომელმაც წარმატებული პრემიერის შემდგომი ემოციებიც გაგვიზიარა:
_ მიხეილ, პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებულ დებიუტს დიდ სცენაზე. მესხიშვილის თეატრის დასისა და თქვენი ტანდემი როგორ შედგა?
_ მსახიობებისგან შემოთავაზება მივიღე, რომ ქუთაისში ჩავსულიყავი და მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი დამედგა. დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, შესაბამისად, თავიდანვე დიდი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. ამავდროულად, ეს გამოწვევა საინტერესოც იყო. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა დამედგა და ბოლოს გადავწყვიტე, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ გამეცოცხლებინა, რადგან ანტიკური ტექსტები ჩემთვის ძალიან ახლო და საყვარელი ლიტერატურაა. მიხარია, რომ ჩემი შთაბეჭდილება ქუთაისის თეატრის მსახიობების შესახებ არ იყო მხოლოდ ბავშვობის აღფრთოვანება, შესანიშნავი გუნდი დამხვდა _ მათთან გატარებული თითოეული დღე საინტერესო იყო.
_ ევრიპიდეს „ჰეკაბე“ _ ეს პიესა, როგორც თავად ამბობთ, იმიტომ აირჩიეთ, რომ პროტესტი გამოგეხატათ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ზაზა სარალიძის ტრაგედიას უკავშირდება.
_ უპირველესად, ევრიპიდე თავისი „ჰეკაბეთი“ უსამართლობასა და იმ პრობლემებს ასახავს, რასაც საუკუნეების მანძილზე ვხედავთ. ეს არის კლასიკური სამართლის ძიება, სიმართლის ვერპოვნა და შემდეგ ადამიანების განადგურება. საქართველოში მშობლებს შვილებს უკლავენ და ამ საქმეებს არ იძიებენ. ამ შემთხვევაში ჩემი ინსპირაცია იყო ზაზა სარალიძე და მისი ეპიზოდი წინასაახალწლოდ, როცა იმისთვის კარვის დაშლას აპირებდნენ, რომ რუსთაველზე ნაძვის ხე დაედგათ. სახელმწიფოსთვის საახალწლო დეკორაციები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მამა, რომელიც სამართალს ეძებს. მსგავსი პრობლემები საუკუნეების მანძილზე არსებობს და სამწუხაროდ, ვერ მოვაგვარეთ, ვერ შევდექით ისეთ საზოგადოებად, როცა რეალურად მოვითხოვთ სამართალს, გავასამართლებთ სისტემას, მმართველობას, სახელმწიფოს და არა იმ მსხვერპლს, რომელიც ყველა გზით ეძებს სიმართლეს. სწორედ ეს არის ევრიპიდეს თხრობა ანტიკური სამყაროდან დღემდე. ბუნებრივია, ეს არჩევანი არ იყო შემთხვევითი და ზაზა სარალიძის ტრაგედიამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სტრესული და დეპრესიული იყო იმის აღმოჩენა, რომ სახელმწიფომ საახალწლო დეკორი ადამიანების სიცოცხლეს არჩია. აღარ მომინდა ამ ქვეყანაში მეცხოვრა და გადავწყვიტე, ამაზე მესაუბრა.
_ პიესაში ერთ-ერთი მთავარი ხაზი ასევე ქალის უფლებრივი მდგომარეობაა, ამის შესახებ რას გვეტყვით?
_ ევრიპიდეს ხშირად აბრალებენ ქალთმოძულეობას, თუმცა ევრიპიდე, სინამდვილეში, ფემინისტი ავტორია. იგი ბევრს საუბრობს ქალთა უფლებებზე. მაშინ, როდესაც ჩვენ ამდენ ძალადობას ვხედავთ თანამედროვე სამყაროში და ამდენმა საუკუნემ, გამოცდილებამ, შეცდომებმა ვერაფერი გვასწავლა, ევრიპიდეს ტექსტები სწორედ ამაზეა და ერთ-ერთი მთავარი ხაზიც სპექტაკლში ეს არის. ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო სიტუაციაში მყოფ ქალებზე, იგივე ხდება რეალურ ცხოვრებაშიც _ ამდენ ძალადობას ვხედავთ, საზოგადოება და სახელმწიფო კი არაადეკვატურია, ხშირად მოძალადის მიმართ შემწყნარებლები ვართ.
_ მიხეილ, ბევრი აღნიშნავს, რომ დღეს ქართული თეატრი რეალობას არ ასახავს…
_ ჩემზე, როგორც რეჟისორზე, ქვეყანაში არსებული პრობლემები იმდენად მკვეთრად მოქმედებს და იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ჩემთვის ეს ერთგვარი უკუქმედებაა ქმედებაზე. დიახ, კარგი იქნება, თუ ქართული თეატრი თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებს. თეატრი მკვდარ, აბსურდულ თემებს არ უნდა გვთავაზობდეს. მე პრობლემებზე ვლაპარაკობ, რადგან გაჩუმება არ შემიძლია, გარემო სიმშვიდის საშუალებას არ მაძლევს… შესაბამისად, ჩემი სპექტაკლები ხშირად სოციალური და პოლიტიკური სარჩულისაა.
_ რას ფიქრობთ საპრემიერო შეფასებებზე? გამართლდა თქვენი მოლოდინი?
_ ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა ადრეა, ეს საპრემიერო ჩვენებებია. ძალიან სასიხარულოა ის ინტერესი, რაც სპექტაკლმა გამოიწვია. ჩემი მიზანიც ეს იყო. „ჰეკაბე“ ახლა იწყებს მესხიშვილის თეატრის სცენაზე ცხოვრებას და იმედი მაქვს, ბევრი მაყურებელიც ეყოლება. ის გამოხმაურება, რაც ამ სპექტაკლს მოჰყვა, საზოგადოების სიფხიზლეს გვაჩვენებს _ ამით იგებ, რომ ხალხს პრობლემებზე საუბარი სურს. ქუთაისში თეატრი განსაკუთრებულად უყვართ და მაყურებელიც, შესაბამისად, ძალიან მომზადებული მოდის.

ზუსტი და გემოვნებიანი, მსახიობის ენერგიისა და ნიჭის ამბოხი _ მესხიშვილის თეატრის ისტორიულ დიდ სცენაზე „ჰეკაბეს“ მთავარი როლი მსახიობ ინგა კაკიაშვილისთვის განსხვავებული, უმაღლესი ხარისხის თეატრალური სახეა:
_ ქალბატონო ინგა, მოგვიყევით იმ ემოციების შესახებ, რაც წარმატებულ პრემიერას მოჰყვა და როგორ აფასებთ ახალგაზრდა რეჟისორთან თანამშრომლობას?
_ ეს იყო პროექტი, რომელიც ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შემდეგ დასში სურვილი გაჩნდა, ახალგაზრდა რეჟისორ მიშა ჩარკვიანთან გვეთანამშრომლა. ყველამ ვიცით, რომ ის ძალიან დაკავებულია, თავისი თეატრი აქვს თბილისში, გასტროლიც მრავლად არის მის პროფესიულ საქმიანობაში და როცა მასთან შესახვედრად თბილისში ჩავედით, დიდი სიხარულით დაგვთანხმდა. მოგეხსენებათ, მიშა ქუთაისელია და აღმოჩნდა რომ, ძალიან უნდოდა მშობლიურ ქალაქში სპექტაკლის დადგმა. როცა პიესაზე მიდგა საქმე, თქვა, რომ იქნებ „ჰეკაბე“ გაგვეკეთებინაო. ჩემთვისაც ახლობელი აღმოჩნდა ეს თემა და, საზოგადოების უმრავლესობამაც დადებითად მიიღო. ეს არის სამართლიანობის დეფიციტი. მე მახსოვს სარალიძემდე და სარალიძის ისტორიის შემდეგაც, რაც ხდებოდა. ირინა ენუქიძე ნათელი მაგალითი იყო უსამართლობასთან ბრძოლის, ასევე ბუტა რობაქიძის საქმე, მაჩალიკაშვილი და სხვები… უკვე იმდენად მრავლად არის ჩვენს რეალობაში ეს პრობლემები, როლზე მუშაობისას ჩემში ემოციებმა თავი მოიყარა. ძალიან აქტუალური თემა იყო და გახარებული ვარ, რომ მიშამ სწორედ ეს პიესა აიღო სამუშაოდ.
_ ჰეკაბე, როგორც ძლიერი ქალი, რამდენად აქტუალურია ჩვენს რეალობაში?
_ ევრიპიდეს ეს ნაწარომები კლასიკაა, მასში მოცემული ამბავი საუკუნეებს უძლებს. თუ ჩემს გმირზე, ჰეკაბეზე გავამახვილებთ ყურადღებას, მის სათქმელს გეტყვით: საუკუნეების წინათ და დღესაც ქალი დაუცველ და სუსტ არსებად აღიქმება. ქალები დაუცველები არიან ომში და ჩვენს ყოველდღიურობაშიც. ევრიპიდეს ხშირად აიგივებენ ქალთმოძულე ავტორად, თუმცა ფაქტია, რომ მას ყველა ნაწარმოებში წარმოჩენილი ჰყავს თავიანთი უფლებებისთვის მებრძოლი ქალები, ისინი არანაკლებ ძლიერები არიან, ვიდრე მამაკაცები. რა ხდება დღეს საქართველოში? ოჯახის მთელი სიმძიმე, პასუხისმგებლობა ქალებს დააწვა, რასაც მამაკაცები, მეტ-ნაკლებად, გაურბიან, მოქალაქეობრივი შეგნება მათ განსაკუთრებით განვითარებული აქვთ. ჩემმა პერსონაჟმა „ჰეკაბემ“ ღირსეული შვილები გაზარდა, მან მართვის სადავეები იმ დროს აიღო, როცა ქმრები ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და როცა შურისძიების დრო დადგა, ჰეკაბემ ეს მისიაც შეასრულა.
_ ალბათ ძალიან რთული იყო ამ როლზე მუშაობა.
_ სულიერად და ფიზიკურადაც რთულად სათამაშო სპექტაკლია, ეს პიესა ძალიან ბევრ ენერგეტიკას მოითხოვს მსახიობისგან. მადლიერი ვარ იმ გამოხმაურებების გამო, რაც მოვისმინე და წავიკითხე. კმაყოფილების გრძნობაც გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ რეჟისორისა და მსახიობების ერთობლივი მუშაობის შედეგი დაინახეს.
_ თეატრმცოდნეების დადებითი შეფასებების შესახებ თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ. აშკარად უპრეცედენტოდ ბევრი სტუმარი სპეციალურად ჩავიდა ქუთაისში საპრემიერო ჩვენებაზე…
_ სასიამოვნო იყო, როცა გავიგეთ, რომ თეატრმცოდნეები თავიანთი ხარჯებით ჩამოვიდნენ და სპექტაკლის ნახვის სურვილი გაუჩნდათ. ევრიპიდეს „ჰეკაბე“ ხომ პირველად დაიდგა საქართველოში! ეს მოხდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, მეორეც, მიშა ჩარკვიანი მოიაზრება ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორად და მის შემოქმედებას თვალს ადევნებენ.

ლევან ქემოკლიძე