„ჰამასის“ სექსუალური ძალადობა – რას ჰყვებიან ტყვეობიდან დახსნილები?

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტების თავდასხმების შემდეგ უფრო და უფრო მეტი დეტალი ირკვევა და საჯაროვდება. ისრაელის პოლიცია ამჟამად ათასობით მტკიცებულებას იძიებს. დგინდება, რომ ტერორისტები სისტემატურად მიმართავდნენ სექსუალურ ძალადობას, როგორც ომის იარაღს.

ხშირად არ ხდება, რომ ისრაელის პოლიციის უფროსი გამომძიებელი ცრემლებს ვერ იკავებს. აკანკალებული ხმით სარდალმა შელი ჰარუსმა ისრაელის პარლამენტის წევრებს აცნობა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული დანაშაულების მასშტაბები კოლოსალურია. როგორც ის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, „ჰამასის“ ტერორისტებმა შიშის გასავრცელებლად სექსუალური ძალადობა გამოიყენეს. უფრო და უფრო მეტი თვითმხილველი აწვდის ინფორმაციას პოლიციას იმის შესახებ, თუ რისი მომსწრენი გახდნენ თავდასხმების დროს ან მას შემდეგ.
საუბარია საშინელებაზე, დამცირებაზე, დასახიჩრებაზე, სისასტიკესა და იმაზე, რომ ტერორისტები არ განასხვავებდნენ ბავშვებს, ჩვილებს, ბიჭებს, გოგონებს, ქალებს, მამაკაცებს, მოხუცებს, ჯარისკაცებსა თუ პოლიციელებს.
„ეს იყო მასობრივი განადგურება ყველასი, ვინც მათ გზას გადაკვეთდა“, _ ამბობს ჰარუსი შელი ჰარუსის Lahav-ის 433-ე ქვედანაყოფმა შეაგროვა 1500-ზე მეტი მტკიცებულება სამხედრო დანაშაულების შესახებ. ეს არის ისრაელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპოლიციო გამოძიება, რაც ცხადყოფს, რომ ტერორისტები სისტემატურად მიმართავდნენ სექსუალურ ძალადობას, როგორც ომის იარაღს.

„ჰამასმა“ ბევრი თვითმხილველი მოკლა

პოლიციის ვიდეო, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, აჩვენებს კიბუც რეიმში ფესტივალზე გადარჩენილი ადამიანის დაკითხვის კადრს: „ვიღაცას აიძულეს, მოხრილიყო, შემდეგ მივხვდი, რომ ის მას აუპატიურებდა. შოკირებული ვუყურებდი. დაამთავრა გაუპატიურება და შემდეგ სხვას გადასცა, რომელმაც იგივე გააკეთა“.
თვითმხილველმა არ იცის, რა ბედი ეწია გაუპატიურების შემდეგ ქალს. ვიდეო აქ მთავრდება. ის ერთადერთი არ არის, რომელმაც ტერორსტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზით გაუპატიურება საკუთარი თვალით ნახა 7 ოქტომბერს. არიან სხვა მოწმეებიც, _ ისინი პოლიციას მსგავსს ფაქტებს უყვებიან.
თვითმხილველთა ცნობები იშვიათია, რადგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა „ჰამასის“ ტერორისტებმა სასტიკი წამებით მოკლეს. თუმცა არის ვარაუდიც, რომ ბევრი მსხვერპლი გამოვლილი ჯოჯოხეთის შესახებ ხმამაღლა საუბარს თავს არიდებს.
ორიტ სულიზეანო, რომელიც ისრაელში გაუპატიურების მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების ასოციაციას ხელმძღვანელობს, ამბობს: „ჩვენ ისრაელში ვიცით, ათწლეულები დასჭირდათ მსხვერპლებს, რომელთაც ჰოლოკოსტის დროს განიცადეს სექსუალური ძალადობა, ალაპარაკებულიყვნენ. მათ 60-წლიანი დუმილის შემდეგ ისაუბრეს. გადარჩენილები არ ილაპარაკებენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ, სანამ ერთ დღესაც ალაპარაკდებიან“.

აღშფოთება საერთაშორისო ორგანიზაციების დუმილის გამო

ისრაელის მოსახლეობაში დიდი აღშფოთებაა, რადგან სექსუალური ძალადობის დასაგმობად საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო და გაეროს ქალთა უფლებების გაძლიერების ასოციაცია, დაახლოებით ორი თვე დასჭირდათ.
29 ნოემბერს ამის შესახებ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, პირველი კომენტარი გააკეთა: „არის მრავალი ცნობა სექსუალური ძალადობის შესახებ თავდასხმების დროს, რაც ადეკვატურად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები გასამართლებული“, _ თქვა მან. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გუტიერესი დაადანაშაულა იმაში, რომ საკმარისი არ გააკეთა „ჰამასის“ საჯაროდ დაგმობისთვის: „თანამდებობისთვის შეუფერებელია“, _ აღნიშნა ისრაელელმა დიპლომატმა გუტიერესზე.
გაეროს ორგანიზაცია UN-Women-მა, რომელიც მუშაობს ქალთა უფლებების გაძლიერებაზე, პირველ დეკემბერს დაგმო „ჰამასის“ 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმები ისრაელზე: „შეშფოთებული ვართ თავდასხმების დროს სექსუალური გენდერული ძალადობის შესახებ და ეს ინფორმაცია ძალიან ბევრია“, _ ნათქვამია მათ განცხადებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახლა ითხოვს სექსუალური ძალადობის ყველა ცნობის გამოძიებას და შესაბამისი ორგანოების საქმის კურსში ყოფნას.
„თავდაპირველმა დუმილმა, სექსუალური ძალადობის დაგვიანებულმა დაგმობამ დიდი ზიანი გამოიწვია“, _ ამბობს ადამიანის უფლებათა ექსპერტი, კოჩავ ელკაიმ-ლევი. ის არის არასამთავრობო კომისიის თანადამფუძნებელი, რომელიც მტკიცებულებებს აგროვებს 7 ოქტომბერს ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ის აცხადებს, რომ ბევრი გადარჩენილისთვის და მათი ოჯახისთვის დეტალების გახსენება და მოყოლა, მეორე ტრავმაა.

მძევლების გაუპატიურება

მოქალაქეთა მოძრაობა და ისრაელის პოლიცია პრობლემას აწყდება: მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განცხადება გაკეთდა პირველი მოპასუხეების, პარამედიკოსების, კორონერების (სასამართლოს საგანგებო გამომძიებელი, რომელიც იძიებს სიკვდილის მიზეზებ, _ რედ.) და თვით ტერორისტების მიერ, გაუპატიურების მრავალი სასამართლო მტკიცებულება დაიკარგა, რადგან შესაბამისი ტესტირება გაუპატიურებიდან რამდენიმე საათში შეუძლებელი იყო.
ამავდროულად, უფლებადამცველი ელკაიმ-ლევი ამბობს, რომ ტერორისტებმა მცირეწლოვანი ბავშვებიც გააუპატიურეს და დახოცეს. მას აქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ყვიროდნენ ტერორისტები ებრაულად: „შარვალი ძირს“… რომ მათ მიიღეს მუსლიმი სასულიერო პირებისგან ქალებისა და ბავშვების გაუპატიურების ნებართვა. ტერორისტების მიზანი აშკარად იყო სისტემური გენოციდი.
ექიმმა, რომელიც მკურნალობდა ტყვეობიდან განთავისუფლებული 110 მძევლიდან რამდენიმეს, Associated Press-ს განუცხადა, რომ განთავისუფლებულთა შორის, სულ მცირე, 10 კაცი და ქალია გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ერთკვირიანი ზავის თანახმად, რომელსაც გასულ პარასკევს ვადა ამოეწურა, ღაზაში ჰამასის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 105 მშვიდობიანი მოქალაქე: 81 ისრაელელი, ტაილანდის 23 მოქალაქე და ერთი ფილიპინელი. მანამდე ოთხი მძევალი გაათავისუფლეს და ერთი გადაარჩინეს, სულ მცირე სამი ცხედარი იპოვეს. ისრაელი ამბობს, რომ „ჰამასს“ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა პაუზა, მაგრამ უარი თქვა ყველა დაკავებული ქალის განთავისუფლებაზე. ვარაუდობენ, რომ ღაზაში 138 მძევალი რჩება, მათ შორის, 20 ქალი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, განაცხადა, რომ „ჰამასი“ მძევლებს აკავებს, რადგან არ სურს, მათ ჩვენება მისცენ იმ სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც მათ განიცადეს ტყვეობაში.
„ის ფაქტი, რომ ისინი აგრძელებენ ქალებისა და ბავშვების მძევლად დატოვებას, ადასტურებს იმას, რომ მათ არ სურთ თავიანთი დანაშაულების საჯაროდ გამოტანა. ეს პაუზა ჩაიშალა, მათ არ უნდათ, რომ ამ ქალებმა ისაუბრონ იმაზე, რაც მათ პატიმრობაში ყოფნის დროს გადახდათ“, _ განაცხადა მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ „ჰამასის“ მიერ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მზარდი მტკიცებულებების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობებს უწოდა შემაძრწუნებელი და მოუწოდა მსოფლიოს, დაგმოს „წარმოუდგენელი სისასტიკის შემზარავი ცნობები“.
პარასკევს ისრაელმა გაეროში სპეციალური ღონისძიება გამართა, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ამერიკელი სენატორი კირსტენ გილიბრანდი. მათ ხამამაღლა და ცალსახად გააკრიტიკეს და დაგმეს „ჰამასის“ დანაშაულები.