„ჰამასის“ ოთხი მძევალი ცოცხლად გაათავისუფლეს, მათ შორის, ერთი ქართველი-ებრაელია! – „ცაჰალის“ ისტორიული სპეცოპერაცია Entebbe-ს სტილით!

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელმა შეძლო, „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი მძევალი ცოცხლად გადაერჩინა.  ნოა არგამანი (26), ალმოგ მეირ იანი (22), ანდრეი კოზლოვი (27) და შლომი ზივი (40) ისევ თავისუფლები არიან! ამის შესახებ ისრაელის არმიამ შაბათს შუადღისას განაცხადა. „ჰამასის“ ტერორისტებმა ოთხივე გაიტაცეს 7 ოქტომბერს სუპერნოვას მუსიკალურ ფესტივალზე, რეიმის სამხრეთ მუნიციპალიტეტიდან.

ახალმა ამბავმა ისრაელი უსაზღვროდ გაახარა. ხალხი ბედნიერია, ქუჩებში მღერის, ცეკვავს, მხიარულების ყიჟინა ისმის პლაჟებზე. ქვეყანა ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა. ახალი ამბების წამყვანები კამერის წინ ტირიან, ქუჩაში ხალხი ერთმანეთს ეხუტება და ზეიმობს. თელ-ავივის სანაპიროზე მაშველებმა სასიხარულო ამბავი ხმამაღლა გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ შლომი ზივი არის ქართველი-ებრაელი, რომელიც ნოვას ფესტივალზე დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. „ქრონიკა+“ მის ოჯახთან კონტაქტზეა და მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ნოას გატაცების ვიდეომ მსოფლიო მოიარა. ის 7 ოქტომბრის სისხლიანი „ჰამასის“ ტერორის სიმბოლოდ იქცა. ის ისლამისტებმა მოტოციკლით გაიტაცეს. გოგო შველას ითხოვდა და ტიროდა. მისმა შეყვარებულმა ყველაფერი დაინახა, თუმცა უძლური იყო, ისიც თავად  ტერორისტებმა დაატყვევეს. ნოას დედა კიბოთი არის დაავადებული. ქალი ოცნებოდა, სიკვდილამდე მაინც ენახა ქალიშვილი. ეს ოცნება აუხდა.  

„ცაჰალის“ ცნობით, სპეცრაზმი ერთდროულად შეიჭრა „ჰამასის“ ორ ობიექტში ცენტრალური ღაზის  სექტორში, ნუსეირათში. ერთ ადგილას  მათ გადაარჩინეს ნოა, ხოლო ალმოგი, ანდრეი და შლომი მეორე ლოკაციაზე იხსნეს. 

ისრაელზე დიდი თავდასხმიდან რვა თვის შემდეგ ოთხი მძევალი ცოცხალი გადაარჩინეს და უსაფრთხოდ გადაიყვანეს   ისრაელის მიწაზე. მძევლების ოჯახების ფორუმმა განთავისუფლებას უწოდა „სასწაულებრივი ტრიუმფი“, ხოლო მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი „იმედის ნიშანია“ ეს ისტორიული ოპერაცია.

განთავისუფლებული ისრაელელები ჯანმრთელად არიან. ისინი გამოკვლევისთვის თელ-ავივის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე მოინახულეს ნათესავებმა. მათ ესტუმრა ისრაელის პრემიერიც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, _ სამაშველო ოპერაციამ აჩვენა, რომ ისრაელი არ დაემორჩილება ტერორიზმს და გააგრძელებს „შემოქმედებითად და გამბედაობით“ მოქმედებას ყველა მძველის  სახლში დასაბრუნებლად.

„ცაჰალის“ ცნობით, ღაზის სექტორიდან გამოყვანილი მძევლები „ჰამასის“ ტერორისტებს სანაპირო ზოლის ცენტრში მრავალსართულიან სამოქალაქო შენობებში ჰყავდათ გამოკეტილი. სამი განთავისუფლებული მამაკაცი ერთ ბინაში იმყოფებოდა, მეორეში კი ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით, 200 მეტრის მოშორებით, _ განაცხადა შაბათს სამხედრო სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ. მათ ჩაკეტილ ოთახებში მალავდნენ და რამდენიმე ადამიანი იცავდა.

ხსნის ოპერაცია წინასწარ გაუფრთხილებლად

ორივე შენობაში ხსნის ოპერაციები ჩატარდა შაბათ დილით ერთსა და იმავე დროს, რათა თავიდან აეცილებინათ არმიის ოპერაციის წინასწარი გაფრთხილება და, შესაბამისად, მეორე შენობაში მძევლების მკვლელობა. ბინაში, სადაც ქალი მძევალი, ნოა იმყოფებოდა, მცველები გაოგნებულები იყვნენ „ცაჰალის“ მებრძოლების გამოჩენით. მეორე ბინაში სასტიკი სროლა ატყდა, რა დროსაც ისრაელის პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელი, კაპიტანი არნორ ზმორა  მძიმედ დაშავდა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის პატივსაცემად ამ ოპერაციას უკვე ეწოდა „არნონის ოპერაცია“.

სპეცდანიშნულების რაზმების დაფარვის მიზნით, ტერიტორიაზე ერთდროულად ასობით სასწრაფო იყო მობილიზებული.  მძევლებს სასწრაფო დახმარების სამსახურები მფარველობდნენ და თავდაპირველად მანქანებში ჩასვეს.  „ჩვენ მათ პირადად ვეფარებოდით, რათა ცეცხლსასროლი იარაღით არ დაეჭრათ“, _ ამბობს ჰაგარი. ბოლოს ოთხივე მძევალი ვერტმფრენით ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. „მესიჯი ჰამასისთვის ამ დილით ნათელია: ჩვენ მზად ვართ, ყველა მძევალი სახლში მივიყვანოთ“, _ განმარტავს „ცაჰალის“ სპიკერი, დანიელ ჰაგარი.

უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც „ჰამასთან“ დაახლოებული არხები წერენ, მძევლები არა „ჰამასის“ ტყვეობაში, არამედ რიგითი მშვიდობიანი პალესტინელების ხელში იყვნენ.

ნუსეირათი ისრაელის არმიის სამიზნეში

ისრაელის არმიამ ახლახან გააძლიერა თავდასხმები ღაზის სექტორზე და განსაკუთრებით ქალაქ ნუსეირათზე. შაბათ დილით ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ შეტევები მიზნად ისახავს „ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას  ნუსეირათის რაიონში“. ალ-აქსას ჰოსპიტალის სპიკერმა, დეირ ალ ბალაჰშმა თქვა, რომ სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა შაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის, ლტოლვილთა ბანაკზე ნუსეირათში. ადგილობრივი მაშველების ცნობით, შაბათ ღამით ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ღაზაშიც დაიღუპა ხუთი ადამიანი, როდესაც ისრაელის გამანადგურებელმა დაბომბა ტერორისტების ობიექტი.

ხუთშაბათს ისრაელი თავს დაესხა გაეროს პალესტინის დახმარების სააგენტოს (UNRWA) სკოლას ღაზის სექტორში, ნუსეირათში და, საკუთარი განცხადებების თანახმად, მოკლა 17 ტერორისტი. ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის წყაროების თანახმად, „ჰამასისა“ და ისლამისტური მილიციის ისლამური ჯიჰადის 30-მდე წევრმა გამოიყენა სკოლაში არსებული სამი საკლასო ოთახი იქიდან „თავისი ტერორისტული კამპანიის განსახორციელებლად“. კადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ ტერორისტებს შახტა სწორედ სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახის გვერდით ჰქონდათ, სადაც ღრმა გვირაბი გათხარეს და იქ უამრავი ტერორისტული ინფრასტრუქტურა ინახებოდა.

მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია განსხვავებულია

„ჰამასის“ ტერორისტების საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიამ, ისრაელის ბოლო ოპერაციებს ღაზაში „ხოცვა“ უწოდა პალესტინელების წინააღმდეგ. „მტერი აგრძელებს ჩვენი ხალხის, ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტას ნუსეირათსა და დეირ ალ-ბალახში“, _ თქვა ჰანიამ შაბათს.

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ორივე ადგილას გაათავისუფლეს ოთხი მძევალი „ჰამასის“ ძალადობისგან და ტერორისტეული ჯოჯოხეთისგან. „ჰამასის“ ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 210 პალესტინელი დაიღუპა. დაახლოებით 400 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციის დამოუკიდებელი გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა „ჰამასის“ ციფრები სანდო არასდროს არის. ტერორისტები ხალხს ცოცხალ ფარებად იყენებენ და ციფრებით მანიპულირებენ.

ისრაელის არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, საღამოს განაცხადა, რომ დაიღუპა 100-ზე ნაკლები ადამიანი.