ჰადას მეიცადი: „მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ირანის საფრთხის წინააღმდეგ“

მიხეილ ხაჩიძე

ორშაბათი, 2024 წლის 14 ოქტომბერი, _ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დაწყებული, ისრაელის მიერ წარმოებული „რკინის ხმლების“ ომის 374-ე დღე ღაზაში, იუდეასა და სამარიაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ლიბანსა და სირიაში. „აიდიეფის“ (IDF _ ისრაელის თავდაცვის ძალები, _ რედ.) სახმელეთო ძალები ღაზის პარალელურად უკვე მოქმედებენ ლიბანშიც.

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს ურტყამენ და ანადგურებენ ტერორისტულ სამიზნეებს, მებრძოლების ინფრასტრუქტურას.

სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ჯარისკაცები შეტაკებებში შედიან „ჰეზბოლას“ ოპერატორებთან. ამავდროულად, „ჰეზბოლა“ აგრძელებს რაკეტების გასროლას ისრაელისკენ. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ოპერაციები გააძლიერა, რომლებიც იუდეასა და სამარიაში მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე დღის წინ „ფაუდას“ სტილში ისრაელის ელიტარულმა დანაყოფმა  ტერორისტები შორ დისტანციაზე, საკუთარ მანქანაში დახოცა.

მოვლენების ქრონოლოგია

2023 წლის 7 ოქტომბრის დილით ადრე ტერორისტული თავდასხმა დაიწყო ღაზის სექტორის მხრიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით  რაკეტებით. სასაზღვრო ზოლი გაარღვია დიდი რაოდენობით მებრძოლმა, რომლებიც შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე. დაიღუპა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე ასობით პოლიციელი. ოფიცრები და სამხედრო მოსამსახურეები და ისრაელისა და უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე ტერორისტებმა დაატყვევეს, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში რჩება.

ოფიციალური მონაცემებით, „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს 251 ადამიანი გაიტაცა. 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფება 101 მძევალი: 97 მძევალი 2023 წლის 7 ოქტომბრიდან და 4 მძევალი 2014 წლიდან (84 მამაკაცი და 14 ქალი, მათ შორის, ორი ბავშვი 5 წლამდე). აქედან, სულ მცირე, 40 გატაცებული ცოცხალი აღარ არის, მათი ცხედრები „ჰამასს“ დატყვევებული აქვს (მათ შორის, ადარ გოლდინი და ორონ შაული, გატაცებულები 2014 წელს).

154 ადამიანი გაათავისუფლეს/გადაარჩინეს/მკვდარი იპოვეს: ოთხი ისრაელელი გაათავისუფლეს და ერთი ჯარისკაცი გადაარჩინა IDF-მა 2023 წლის 24 ნოემბრამდე; 81 ისრაელელი და 24 უცხოელი გაათავისუფლეს „ჰამასთან“ შეთანხმების ფარგლებში 2023 წლის 24-დან 30 ნოემბრამდე; 16 გატაცებული მოკლეს „ჰამასის“ ტყვეობაში და მათი ცხედრები იპოვეს. ისინი ევაკუირებულ იქნა ისრაელის თავდაცვის მებრძოლების მიერ; სამი გატაცებული შემთხვევით დაიღუპა IDF-ის ცეცხლის შედეგად; 2024 წლის 12 თებერვალს, სპეცოპერაციის ფარგლებში, უსაფრთხოების ძალებმა რაფაში ორი მძევალი გადაარჩინეს; 2024 წლის 8 ივნისს ნუსეირათში ჩატარებული სპეცოპერაციისას ოთხი მძევალი იხსნეს. 27 აგვისტოს კიდევ ერთი მძევალი გადაარჩინეს. 31 აგვისტოს ექვსი მოკლული მძევლის ცხედარი იპოვეს.

ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, ტერორისტები თავს დაესხნენ მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალი მიმდინარეობდა ღაზის საზღვართან, რეიმის ტყეში, სადაც დაახლოებით 3000 ადამიანი იყო შეკრებილი. ასობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს. ტერორისტებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს სოფლებში ბერში, კფარ აზასა და ნირ ოზში, დახოცეს მრავალი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ტერორისტები შეიჭრნენ სდეროტში, ოფაკიმში, ნეტივოტში და დასავლეთ ნეგევის სხვა დასახლებებში, კლავდნენ და ძარცვავდნენ ისრაელელებს.

შეტევიდან მალევე, „ჰამასმა“ ომი გამოუცხადა ისრაელს და მის ქმედებებს უწოდა „ალ-აქსას წარღვნა“. ამის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა (პირველად 1973 წლიდან) და დაიწყო „რკინის ხმლების ომის“ ოპერაცია.

ისრაელში, დაახლოებით, 1700 ადამიანი დაიღუპა 7 ოქტომბერს და ომის შემდგომ დღეებში. დაახლოებით 15000 დაიჭრა ან დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ისრაელის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვის,  პორტუგალიის, რუმინეთის, არგენტინის, ჩილეს, პერუს, პარაგვაის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის მოქალაქეები.

ისრაელს მსგავსი ზარალი არ განუცდია ბოლო 50 წლის განმავლობაში, იომ კიპურის ომის შემდეგ.

ისრაელის ტერორის წინააღმდეგ

ღაზაში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ღაზის სექტორში ტერორისტებთან ბრძოლების დროს IDF-მა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა _ 27 ოქტომბრიდან (ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ) დაიღუპა 350-ზე მეტი ჯარისკაცი (ღაზაში, ლიბანის საზღვართან, იუდეაში და სამარია-ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების შედეგად). IDF-ის მონაცემებით, ღაზაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, დაახლოებით, 14000 მებრძოლი და მათი მეთაური მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს („ჰამასი“ აღიარებს, დაახლოებით, 6000 მებრძოლის სიკვდილს). „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დაიღუპა მისი 600-მდე მებრძოლი და მეთაური. ღაზაში, ლიბანსა და ირანში ტერორისტული ორგანიზაციების მრავალი ლიდერი ლიკვიდირებულია.

ომის დაწყებისთანავე ღაზის სექტორიდან დაახლოებით 10 000 რაკეტა იქნა გაშვებული (IDF ვარაუდობს, რომ მათი 15% ღაზაში დაეცა). „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან 10 000-მდე რაკეტა გაისროლა (20%-მდე ლიბანის ტერიტორიაზე დაეცა). სირიიდან ათობით რაკეტა გაისროლეს. „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა ასევე გამოიყენეს თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები.

ასობით ათასი ისრაელელი სამხრეთ და ჩრდილოეთში იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის დაწყების შემდეგ.

IDF ახორციელებს ინტენსიურ დარტყმებს ღაზის სამიზნეებზე. ჩართულია საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და არტილერია. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში ათიათასობით სამიზნეზე თავდასხმა განხორციელდა. IDF რეგულარულად ესხმის თავს ობიექტებს ლიბანში. იგი ასევე უტევს ობიექტებს სირიის შიგნით. 1-ელ აპრილს დამასკოში ირანის საკონსულოს შენობას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ირანის რევოლუციური გაერთიანების უმაღლესი რანგის ოფიცრები დაიღუპნენ. ბეირუთში ტერორისტების ლიდერები ლიკვიდირებული არიან.

„ჰეზბოლა“ და გაფართოებული ფრონტი

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის ახალი ეტაპი დაიწყო. 2024 წლის 17 სექტემბერს „ჰეზბოლას“ აქტივისტებს პეიჯერები ხელში აუფეთქდათ ლიბანსა და სირიაში. 18 სექტემბერს ლიბანში აფეთქდა რადიოები და სხვა უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებსაც „ჰეზბოლას“ აქტივისტები იყენებდნენ. ათობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი. 19 სექტემბერს IDF-მა განახორციელა მასიური თავდასხმა „ჰეზბოლას“ ობიექტებზე. 20 სექტემბერს ბეირუთში IDF-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰეზბოლას“ სპეცრაზმის მეთაური, იბრაჰიმ აქილი და რადუანის სხვა მეთაურები. 21-22 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ჯარებმა გაზარდეს თავდასხმების ინტენსივობა ლიბანის სამიზნეებზე.

23 სექტემბერს დაიწყო ომის ახალი ეტაპი: თავდასხმა განხორციელდა ათასობით სამიზნეზე, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეს ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი გამოაცხადა. ლიბანში სამხედრო ოპერაციას „ჩრდილოეთის ისრები“ ეწოდა. 27 სექტემბერს ბეირუთის გარეუბანში თავს დაესხნენ „ჰეზბოლას“ მთავარ შტაბს, მოკლეს ჰასან ნასრალა და მრავალი სხვა ლიდერი და მეთაური. 2024 წლის პირველ ოქტომბერს ირანი თავს დაესხა ისრაელს ასობით ბალისტიკური რაკეტის გასროლით. ახლა ისრაელი შურისძიებით იმუქრება. პასუხი იქნება! თუ რა და როდის ამას ისრაელი გადაწყვეტს.

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰადას მეიცადთან

7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტიდან ერთი წელი გავიდა.  ტკივილი დიდია, იარები _ მოუშუშებელი, ისრაელი განიცდის, ტირის და უხარია. არის იმედი გამარჯვებისა და მძევლების განთავისუფლებისა.

როგორ მიმდინარეობს მოვლენები ჩვენს თვალწინ? რა ხდება ფრონტზე და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? როგორია საქართველოს პოზიციონირება ისრაელთან დაკავშირებით? _ ამ და სხვა აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰადას მეიცადთან:

_ ქალბატონო ჰადას, გმადლობთ ინტერვიუსთვის. 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტიდან ერთი წელი გავიდა, როგორი გრძნობები და შეფასებებია დღეს?

_ ამ კვირაში ჩვენ, სამწუხაროდ, აღვნიშნეთ 7.10 ხოცვა-ჟლეტის ერთი წელი და ღრმა მწუხარებას ვგრძნობთ იმედთან და რწმენასთან ერთად. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამოძახილი კვლავ გვაშფოთებს. გადარჩენილთა ისტორიები და რამდენიმე საათში დაახლოებით 1200 ადამიანის დაკარგვა, მათ შორის, ბევრი ბავშვის, კვლავ ჩვენს გულებშია. ტერორის გვირაბებში ჯერ კიდევ 101 მძევალია და მათი წუხილი ჩვენი ტკივილი და წუხილია. ქვეყანას ასევე მოსაგვარებელი აქვს საქმე ისრაელში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილთან, რომლებიც ვერ შედიან საკუთარ სახლებში. ესეც ყველას გვაწუხებს.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელის სენტიმენტების ძლიერ ტალღებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მოწოდებებს ჩვენი განადგურების შესახებ და მხარდაჭერას მათდამი, ვინც მოკლა ჩვენი შვილები და გააუპატიურა ჩვენი ქალები. ეს ყველაფერი შემაშფოთებელი, საშიში და სამწუხაროა ყველა ჩვენგანისთვის. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ასევე სავსე ვართ იმედით, რომ გავიმარჯვებთ. ისრაელის უშიშროების ძალები ძლიერ ებრძვიან ჩვენს ყველა მტერს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ებრაელი ხალხი ტრაგედიებითაა გაჟღენთილი და აქედანაც ჩვენ უფრო ძლიერები ავმაღლდებით.

_ ისრაელი ერთი წელია, ომშია ბოროტების, სიბნელის წინააღმდეგ.  რისი მომსწრენი ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაში?

_ ისრაელი იძულებულია, იბრძოლოს შვიდ ფრონტზე, რომელთაგან ყველას ერთი საერთო ღერძი აქვს _ ირანი. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აძლიერებს ირანი თავის დესტრუქციულ აქტივობებს ახლო აღმოსავლეთში და მიზნად ისახავს მთელი მხარის რეგიონულ ომში ჩათრევას.

ირანი, რომელიც მხარს უჭერს „ჰამასს“ დაფინანსებითა და იარაღით, ირანი, რომლისთვისაც „ჰეზბოლა“ არის პარტნიორი და ოპერატიული მკლავი, ირანი, რომელმაც ჰუსიტები იემენში აღჭურვა ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც ესვრიან ისრაელს და ირანული მილიცია სირიასა და ერაყში, რომელიც ასევე თავს ესხმის ისრაელს. ირანი აგრძელებს პალესტინის ტერორისტული თავდასხმების წახალისებას და ესკალაციას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად მსოფლიომ უნდა გადახედოს პრობლემის თავს,  რაც არის თეირანის რეჟიმი.

_ ლიბანის ფრონტი დაემატა ღაზას და ისრაელის ბრძოლა ტერორისტებთან უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. ჩვენც კარგად ვხედავთ ირანის აქტიურობას ყველა მიმართულებით, რაც თქვენც ახსენეთ. რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას ისრაელი და რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოს მხარდაჭერა ისრაელისთვის დღეს, ისე როგორც არასდროს?

_ დღეს ისრაელი ებრძვის საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციებს,  რომელთა უმეტესობა, როგორც აღინიშნა, ირანიდან მოდის. მაგალითისთვის ავიღოთ „ჰეზბოლა“, რომელმაც ისრაელზე შეტევა დაიწყო 8.10.23-ში, „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმის მეორე დღეს. რატომ? რატომ შეუერთდა „ჰეზბოლა“ და გახსნა სხვა ფრონტი? პასუხი არის ირანი და მისი პოლიტიკა რეგიონის დესტაბილიზაციისა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ. რომ აღარაფერი ვთქვათ ისრაელის განადგურებაზემაგრამ ეს წარუმატებელი მცდელობებია. ისრაელი ასევე მოქმედებს ჰუსიტების წინააღმდეგ, ირანის კიდევ ერთი მარიონეტული წარმომადგენელების, რომლებიც არა მხოლოდ ხშირად ისვრიან რაკეტებს ისრაელის სამოქალაქო პირებისკენ, არამედ მკვეთრად აზიანებენ გლობალურ საზღვაო ვაჭრობას, რაც გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანის საფულეზე.

აქედან გამომდინარე, ვიტყოდი ასე: მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ირანის საფრთხის წინააღმდეგ და იმოქმედოს სანქციებითა და მკაფიო დაგმობით ირანისა და მისი სხვადასხვა მარიონეტის, განსაკუთრებით „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რათა შეწყდეს იარაღის ხაზი და დაფინანსების გადარიცხვები ტერორისთვის.

_ დღეს მსოფლიო ელოდება ისრაელის პასუხს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა. რა პროგნოზები და მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?

_ აქ მოვიყვან ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხი ზუსტი და გასაკვირი იქნება.

_ თქვენ მძევლები უკვე ახსენეთ, თუმცა მაინც მინდა მეტად ჩაგეკითხოთ, _ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ეტაპისთვის? რას აკეთებს ისრაელი ამ დიდი ტკივილის მოსაგვარებლად? „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება 101 ადამიანი და მათი ხშირად გახსენება აუცილებელია.

_ მძევლების საკითხი ღია და სისხლმდენი ჭრილობაა მთელი ისრაელის საზოგადოებისთვის. 101 ისრაელელი „ჰამასის“ ტყვეობაშია უკვე წელიწადზე მეტია. ეს არის სიტუაცია, რომელიც  წარმოუდგენელი და მიუღებელია. ისრაელის სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს მათ სამშობლოში დასაბრუნებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი გარიგების მეორე მხარეს არის ფსიქოპატი ტერორისტი, რომელიც მზადაა გაწიროს ჩვენი ტყვეები და საკუთარი ხალხი მკვლელი იდეოლოგიისთვის. ჩვენ ახლახან ვნახეთ ამერიკული შეფასებები იმის შესახებ, რომ სინვარს რეგიონული ომის ხილვის იმედი აქვს, რის გამოც ის აყოვნებს ნებისმიერ მოლაპარაკებას შეთანხმებაზე. ჩვენ კვლავ შევახსენებთ მსოფლიოს მძევლების შესახებ და განვმარტავთ, რომ ვისაც სურს ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა, პირველ რიგში მძევლების განთავისუფლება უნდა მოითხოვოს, რადგან ეს არის ის, რაც დგას ჩვენსა და ცეცხლის შეწყვეტას შორის.

_ რა გზავნილი გაქვთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის?

_ ისრაელი ამჟამად იბრძვის მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ყველას, ვისაც სჯერა, რომ არსებობს 7.10 სასტიკი ხოცვა-ჟლეტის გამართლება, საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს. არსებობს ბევრი იგნორირება და დეზინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა. ამასთან, ჩვენსა და პალესტინელებს შორის ისტორიული კონფლიქტის შესახებ. ჩემი გზავნილია: ნუ იჩქარებთ აზრის ჩამოყალიბებას საკმარისი ფაქტობრივი ცოდნის გარეშე. ტერორს არ აქვს გამართლება; ვერც ერთი საღი იდეოლოგია ვერ გაამართლებს ჩვილების მკვლელობასა და ქალების გაუპატიურებას. განაგრძეთ ჩვენ გვერდით დგომა და მძევლების განთავისუფლების მოწოდება.

_ მინდა, გკითხოთ საქართველოს მთავრობაზე. რამდენად სოლიდარულია დღეს საქართველოს მთავრობა ისრაელის მიმართ?

_ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ისრაელს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მორალურად, ასევე _ ეთიკურად. ჩვენ ვნახეთ მინისტრის მოადგილის განცხადება, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მხარდაჭერას ისრაელის მოქალაქეების მიმართ.

_ გამოიწვია თუ არა კობახიძის ირანში ვიზიტმა საქართველოსა და ისრაელს შორის სიტუაციის ერთგვარი გაუარესება?

_ როგორც ადრე აღვნიშნე, პრემიერ-მინისტრის ამ ვიზიტებმა გაგვაოცა და ვხედავ, რომ გაკვირვებული ვართ არა მარტო ჩვენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელმძღვანელობამ კარგად იცის თეირანის რეჟიმის ბუნება და ხასიათი. საქართველო ყოველთვის იყო იმ ბანაკის ნაწილი, რომელიც მუშაობდა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეგიონული და გლობალური სტაბილურობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ასე გაგრძელდება.