ჯოკონდას ხარხარი

ხეგლეჯია ბრძენმა ნატანებელი პედაგოგისგან 250 წლოვანი წიფელი იყიდა. ამოგლიჯა, წაათრია და წიფელი გზაში გადატყდა. და ის წიფელი შეშად დაუხერხავს იმ ხეგლეჯიას…

ღმერთმა რომც შეუშვას სამოთხეში ივანიშვილი, ვაჟა-ფშაველა გამოაგდებს პანღურით.

წიფლის ისტორიამ ყველას ვაჟას „ხმელი წიფელი“ გაახსენა ამ დღეებში, ასოციაცია პირდაპირია და სათაურს გამოკიდებული, თორემ შეშად დახერხილი წიფელი არ იყო ხმელი, ამაყად იდგა 250 წელიწადი იქ, ნატანებში და არც ხმებოდა, მრავლის მომსწრე იყო და კიდევ მრავალს მოესწრებოდა, რომ არა ახირებული ოლიგარქის ხუშტური. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ამ ისტორიაში ივანიშვილი არ დგას ეულად ხმელი წიფელივით. ამ ისტორიაში მყიდველიც უღირსია და გამყიდველიც! ამან იყიდა, მაგრამ იმან ხომ გაყიდა და გაიმეტა? თან პედაგოგი ყოფილა! და იმ პედაგოგმა ვის რა უნდა ასწავლოს? როგორ გაიმეტა ამხელა ისტორიის ხე გასაყიდად? ან ბაბუა არ დაუდგა თვალწინ, ან ბებია, ან დედა? მამა? განვლილი ბავშვობა? არ უნდა გამოუდგე და ვაჟას „ხმელი წიფელი“ არ უნდა უთავაზო პატივცემულ თავში, ან ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“? ალბათ უჭირდა, ალბათ შიოდა, მაგრამ როგორ უნდა გადაგივიდეს ლუკმა და როგორ უნდა შეგერგოს ეგ ფული ამ ხის საცოდაობით?

ამ ისტორიაში ხე აღმოჩნდა ადამიანი, კაცი! და ხეგლეჯიას ბაღში მონობას კაცური სიკვდილი ამჯობინა _ ვერ გაუძლო, ვერ გადაიტანა ღალატი, არ დაუშვა ახირებულის მონობა და ხემ ხარაკირი გაიკეთა! არ გაჰყვა მშობლიური ნატანებიდან ხეგლეჯიას!

ალბათ, გახსოვთ, ზღვით რომ ატარა ტიტა. ალბათ, გახსოვთ, როგორ ეურჩებოდა ის ტიტა და ბოლოს როგორ დაიმორჩილა მაინც. წიფელი იქცა დაუმორჩილებლობისა და ამ გადატეხვით უტეხობის, უდრეკობის ნამდვილ სიმბოლოდ!

დიახ, წიფელმა გადატეხით მოახსენა ყველაფრის ყიდვაზე დაგეშილ ბრძენს, რომ ამქვეყნად ბუნებაა მბრძანებელი და არა _ იგი! და დაისაჯა _ შეშად დახერხვით… ამ ისტორიამ აღა-მაჰმად ხანის ისტორია გამახსენა, ვიღაც იმდროინდელმა „ფრანგმა შამანმა“ რომ ჩააგონა, თბილისური აბანოები უშველიდა მის კაცობას… და როცა ვერ უშველა, გაცოფებულმა საჭურისმა განადგურება რომ ბრძანა…

როგორც ამბობენ, ეს ჩვენი ბრძენიც, სხვა ბრძენთა ჩაგონებით, სწორედ ამ ასწლოვანი ხეების ეზოში გადარგვით ეძიებს სიცოცხლის გახანგრძლივებას. ხე ურჩი გამოადგა _ არ გაჰყვა ნატანებიდან და შეშად დაახერხინა…

არადა, რაღას არ მოესწრო ეს ხე, რაღა არ უნახავს!.. _ ტანი რომ აიყარა, ოსმალთა გარნიზონსაც გადაჰყურებდა _ შეკვეთილის ციხეში გამაგრებულს; ახსოვს, როგორ მოექცა ნატანები და შეკვეთილი რუსეთის იმპერიის გამგებლობაში, გადაჰყურებდა, როგორ აგებდა მამია V გურიელი მთავარმართებელ რტიშჩევის რჩევით წმიდა ნიკოლოზის ციხეს… ახსოვს რუსეთ-ოსმალეთის ბრძოლები _ შეკვეთილში გამართული, გიგო ბოლქვაძემ რომ გამოიჩინა თავი ოსმალო მზვერავების წინააღმდეგ ბრძოლაში და პორუჩიკი გახდა, 1500 გურულის მამაცობაც ახსოვს, შენასკინ კაია ოღლის ლაშქარი რომ დაამარცხეს… პატარა ბიჭობიდან ახსოვს! რაღა ახსოვს?! _ შეშად დახერხვამდე ახსოვდა _ გურიის აჯანყების ერთ-ერთი მოთავე აბესა ბოლქვაძე, ახსოვს ის ისტორიული ჯანყი და ისიც, როგორ აიღეს აჯანყებულებმა შეკვეთილის ციხე… ახსოვდა ყაჩაღთა ხშირი თავდასხმებიც შეკვეთილზე; ახსოვდა, როგორ გამოყო ცარისტულმა რუსეთმა ორი შენაერთი და ორი ზარბაზანი ციხესიმაგრის გასამაგრებლად… ისიც ახსოვდა, როგორ დაესხნენ ყირიმის ომის დროს წმიდა ნიკოლოზის საგუშაგოს თურქების ჯარი და სახალხო ლაშქარი ჰასან-ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, როგორ ებრძოდნენ მათ რუსი ეგერები და გურულები, ახსოვდა ის ბრძოლა, როგორ ებრძოდა შემოსეულ 5 ათას კაცს სულ ხუთასი კაცი და აქედან 345 გურული, ახსოვს ის სისხლისმღვრელი 7-საათიანი უთანასწორო ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა მამამ _ გიორგი გურიელმა სარდლობა თავის 16 წლის ბიჭს, ესეს რომ გადაულოცა…

ამ ყველაფერს მოესწრო, ეს ყველაფერი ნახა, სამი წელიწადი დამოუკიდებელ საქართველოშიც იდგა ამაყად, მერე ბოლშევიკებიც შემოვიდნენ, გააწითლეს ქვეყანაც _ ნატანებიც და შეკვეთილიც, იქ, ნატანებში მდიდარი მეურნეობაც გაშენდა, მერე ისევ დამოუკიდებლობა, ათასი ქარტეხილი და ბოლოს…

ახსოვს, როგორ გაჰქონდათ, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნეში ამ ტერიტორიებიდან გურიაში მოჭრილი ხე-ტყე და რას იფიქრებდა იმდენი ბრძოლის უტყვი მემატიანე, რომ მოინელებდა ოსმალებს, მეფის რუსეთს, ბოლშევიკებს და მიადგებოდა ვიღაც ახირებული _ კი არ მოჭრიდა, მოგლეჯდა და შემდეგ გაწბილებული შეშად დახერხავდა…

ამ ხეს ახსოვდა და მე თქვენ გეკითხებით, ამ ხის პატრონს არაფერი ახსოვდა?! ან წინაპრები, ან მის ჩრდილქვეშ გატარებული ბავშვობა? არ ვიცი… მამაჩემმა სახლის აშენება იმ წლის ზაფხულს დაასრულა, რომელი წლის მიწურულსაც მე დავიბადე. ის მიწა რომ იყიდა, იქ დახვდა ორი ვეება ხე _ ველური ბალი და ველური მსხალი. ვერც ერთი გაიმეტა მოსაჭრელად. ის ბლის ხე ჩვეულებრივ ბალზე წვრილს ისხამდა, მაგრამ ისეთი არომატი ჰქონდა, ახლაც მახსოვს… ის ვეებერთელა მსხალიც პაწუა მსხლებს ისხამდა და დიდ ფართობს ჩრდილავდა. მამა მაინც არ ჭრიდა, ან რომ წამოვიზარდე ვინ მოაჭრევინებდა, ხომ გავწვებოდი გორი-თბილისის ტრასაზე… მეორე სართულს რომ აშენებდნენ, 11 წლის ვიყავი. ბლის ხე ართულებდა მიდგომას, შენებას. მამას მოჭრა არც უფიქრია, ვიღაც კაცმა თქვა, მოვჭრათო. თქვა და ამოვუტრიალე ჯიში, ჯილაგი, ცოლი, შვილი, რავი, ვინც კი ჰყავდა… სუს-ის მიყურადება მიმიქარავს, ისე ვადევნებდი თვალყურს, ვინმეს რომ არ მოეჭრა, მხოლოდ ერთი ტოტი გავიმეტე, რომელიც სართულის დადგმას მართლა უშლიდა ხელს… ორსართულიან სახლს ქოლგასავით ედგა ეს ველური ბალი. რაც მე იმ ბალზე მიძრომიალია… ერთხელ ყირამალაც წამოვედი და დავეტყეპე მიწას, არც მე ვიცი, როგორ გადავრჩი უვნებლად… ერთხელ, ტოტი ჩატყდა და ფეხი ისე გავიგლიჯე, ნაიარევი ახლაც მეტყობა… მერე ხმობა დაიწყო… ბალმაც და იმ მსხალმაც… სანამ ბოლო ტოტი არ გახმა, ცული არავის დაუკარებია… ბავშვობაც უკვე კაი ხნის გასული იყო და სიყმაწვილეც და ლამის _ ახალგაზრდობაც.

დღეს ის ხეები აღარაა ჩემს ბაღში. ერთი წამი წარმოვიდგინე, რომ მდგარიყო ის ველური ბალი, მივყიდიდი ვინმეს? ვინმეს რა, მაგის მუშტარი ერთია… იმ ბალს კი არა, იმ კუნძსაც არ გავატან, რაც იმ ბლისგან დარჩა ჩემი სახლის გვერდით. კახა ბენდუქიძემ თქვა ერთხელ, ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდაო. ისე გაიგეს, რომ ყველაფერი იყიდება. არა, ბატონებო, არ იყიდება ყველაფერი. უნამუსობაა იმის გაყიდვა, რასთანაც ბავშვობა გაკავშირებს. მე არ ვყიდი ჩემს ბავშვობას და თქვენ თუ გინდა, თავებიც დაყიდეთ… არ ყიდით, თუ?!.

ხომ გამცნეს კიდეც, რომ 10 ხე გადაურგავს და რიგში 30 ხეა კიდევ…

ადამიანი ყველაფერს ეგუება და ჩვენც შევეგუეთ იმის ყურებას, თუ როგორ გლეჯს ის ბრძენი კაცი ძირფესვიანად ასწლოვან ხეებს, როგორ მიათრევს და რგავს თავის ეზოში. დენდროლოგიური პარკი არა, სემირამიდას დაკიდებული ბაღები…

ჩვენ შევეგუეთ _ ხან ვშფოთავთ, ხან ვღლიცინებთ, ხან ვცოფდებით, ხან დავცინით, რეალურად კი, თუ გულწრფელი ვიქნებით, აღარც კი ვიცით, რა ვქნათ. მართლაც და, რა გინდა, რომ ქნა? რომელია ამ დროს ან ჯანსაღი, ანდაც საჭირო და სათანადო რეაქცია? ან რა გინდა, რომ ქნა ან მისმა შემხედვარემ, ან ამ ხალხის შემხედვარემ? ხალხი რა შუაშია? _ თავშია, თავში! მახსოვს, რა ისტერიკებს აწყობდნენ, როდესაც ხეები გადაბელეს. მერე რა, რომ ხეების გადაბელვა პირიქით, საჭირო პროცედურაა და მანამდეც არაერთხელ განხორციელებულა. ეს დაივიწყეს, გამოცვივდნენ და იყო სრული კაკაფონია, თუ როგორ ანადგურებდა სააკაშვილი ბუნებას.

ახლა კი ვითომც არაფერი, აქეთ ხეებს ჭრიან და არაფერი, იქით ხეებს გლეჯს და ეზოში მიათრევს და არაფერი. ისე წყნარად და მუცელში ენაჩაგდებულები არიან, ვითომც არაფერი და ხიდან ხეზე გადაფრენილიყოს ბიძინას ფრთამალი პინგვინი. სააკაშვილს წყევლიდნენ, _ მარჯვენა გაგიხმესო და ბიძინას ლოცავენ, _ დედა გენაცვალოსო, უყვარს ხეები და რა ქნასო. როგორც ჩანს, გასხვლა სხვაა, გლეჯა სხვაა _ შუა უზის დიდი მზღვარი….

და ეს მარტო ხეთა გლეჯაზე რომ ხდებოდეს, კიდევ რა გვიჭირდა. სააკაშვილის დროს რომ გარემოვაჭრეებს ადგილები დაატოვებინეს, სრული ჯოჯოხეთი ტრიალებდა, _ ხალხს ულუკმაპუროდ ტოვებს, ჯალათიაო, ფაშისტიაო, ხალხს სიკვდილისთვის იმეტებსო და ახლა, როდესაც გარემოვაჭრეები დააპანღურეს და არც სანაცვლოდ სთავაზობენ რამეს, ერთი რუზრუზი აქვთ, მარჯვენას ულოცავენ, _ ქალაქი ქალაქს ემსგავსებაო…

მეტყვით, ხალხი რა შუაშიაო და… უკაცრავად, ბიძინამ რომ იყიდა, ვინ გაყიდა ის 250-წლოვანი წიფელი? ან ის 30 ხე, რომელიც რიგშია? და ვინ იცის, კიდევ რამდენია მზად, გაყიდოს და ფულზე გადაახურდავოს თავის ეზოში მდგარი ასწლოვანი ისტორია?.. და ისიც ყიდულობს, ყიდულობს ყველაფერს ყველასგან, ვისთანაც გასდის, თორემ, აბა, თუ ყველასგან და ყველაფრის ყიდვა შეუძლია, ჯოკონდა იყიდოს. სცადოს, ერთი, და… თუ ჯოკონდა არ ახარხარდეს, მე ჩამაცვით მარგველაშვილის მოქსოვილი გიჟის ხალათი… ჯოკონდა კი არა, აგერ, ნატანებში ტანაყრილი ხეც ვერ დაიმორჩილა. მერე რა, რომ პატრონი მოისყიდა? _ ხე ვერ მოისყიდა! ხემ ხარაკირი გაიკეთა. მე ის შეშად დახერხილი უდრეკი და უტეხი წიფელი ასჯერ მირჩევნია ათას ცოცხალს…

 

რევაზ შატაკიშვილი