„ხელოვანი ფუნჯით დიდებულების შესაქმნელად“

პირველად ერთი წლის წინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვნახე, ერთ-ერთი პროფესორი მეგონა, კიბეზე ჩამოვედი და დახმარება შევთავაზე, ვიფიქრე, რომ რომელიმე კოლეგას ეძებდა. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, ასეთ ადამიანთან თუ მქონდა საქმე.

მას ბევრი არ იცნობს, განსაკუთრებით, საქართველოში, აფასებენ და პატივს სცემენ ხელოვნები, ზერელედ საქმეს არასდროს ეკიდება, როცა ვეკითხები, _ როგორ ატარებს დღეს? მპასუხობს, _ შრომაში. ყოველ დილით იღვიძებს იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

დიდ პატივს სცემს საქართველოს ისტორიას და „ვეფხისტყაოსანს“. მანვე შოთა რუსთაველის 850 წლისთავისთვის 2016 წელს მისი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა და ძალიან დიდი გულის ტკივილით ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არ აღნიშნეს, არადა, „UNEშჩO“-მ 2016 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა.

 

სამუშაო ყოველთვის ბევრი აქვს, ახლა „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრირებაზე მუშაობს, რომლის ავტორსაც თავად შეხვედრია.

ერთხელ ჩვენი სტატიის მთავარი გმირი კონსტანტინე გამსახურდიას უნახავს, როცა იგი სვეტიცხოველს ხატავდა. მაშინ, ჯერ კიდევ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო და თავიდან გრაფიკაში აუგია ნახატი, იქვე კონსტანტინეს ჩამოუვლია, ნახატისთვის შეუხედავს და უთქვამს: ყმაწვილო, ამ ნახატს დიდებულება აკლიაო. არადა, ნახატი, ჯერ კიდევ, დაუსრულებელი იყო. დღეს ყველა მისი ნახატი დიდებულია, თავად დარწმუნდებით, თუ მისი წიგნების ილუსტრაციებს და, ზოგადად, მის ნამუშევრებს ნახავთ.

„ქრონიკა+“-ის მკითხველებო, თქვენ პირველები გაიცნობთ მას და მიხვდებით, თუ როგორია იგი, როგორც პიროვნება, ვინ არის ის, ვისაც „დიდებულებასთან“ ყოველდღე აქვს შეხება.

მაშ, ასე! გაიცანით, ფარსადან მინაშვილი.

 

_ ბატონო ფარსადან, მოგვიყევით თქვენზე.

_ პროფესიით არქიტექტორი და ფერმწერი ვარ, წარმოშობით ვანიდან. პირველ კლასში ვიყავი, როცა ხატვის მასწავლებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა, გაკვეთლზე ყვავილები მოიტანა, ლარნაკში ჩაალაგა და გვითხრა, _ დახატეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათო. ჩვენ კი გაგვიკვირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო და ხატვა დავიწყეთ, მე ალბომი მქონდა და ეს ყვავილები გადავხატე, თავისი ჩრდილებით გავაფორმე და ფანქრებითაც გავაფერადე, ამ დროს მასწავლებელი დადის საკლასო ოთახში და ოხრავს, ბავშვების ნახატების შემხედვარე. მერე ჩემთან მოვიდა და დახედა… ასე რამდენჯერმე, მერე თქვა, _ ეს ბავშვი სამხატვრო აკადემიაში წავაო. ეს კი ზუსტად დაემთხვა ჩემს სურვილებს.

მას შემდეგ ვმონაწილეობდი საშუალო სკოლის გამოფენებში. სკოლის მერე ჩავაბარე აკადემიაში, თუმცა პირველ ცდაზე ქულები არ მეყო, რომ სასურველ ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი, რადგან მხოლოდ 3 ადამიანს იღებდნენ და 120 აბარებდა. იქ ძალიან მომზადებულები მოდიოდნენ ბავშვები, მე კი პირდაპირ სკოლიდან წავედი და რადგან იმ წელს ვერ ჩავაბარე, გადავწყვიტე, ერთი წლის მანძილზე მოვმზადებულიყავი და მომავალ წელს მეცადა ბედი. ამ დროს კი ჯარი მიწევდა, ამიტომ მომავალი წლისთვის მოვემზადე და ჯარის გამო თსუ-ში ჩავაბარე, აქ ადრე იწყებოდა გამოცდები _ ივლისში და სამხატვრო აკადემიაში უფრო გვიან _ აგვისტოში, ამიტომ თუ თსუ-ში ჩავაბარებდი, კომისარიატში ცნობას მივიტანდი და ჯარიდან თავისუფალი ვიქნებოდი. ყველას გასაკვირად ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბიძაჩემთან რომ მივედი, მითხრა, მთავარია, ჩააბარე, ჯარში აღარ წაგიყვანენ და, აწი, აკადემიაში რამენაირად მოხვდებიო. იმწამსვე წამოვედი, ფილოლოგიური ფაკულტეტიდან საბუთები გამოვიტანე და სამხატვრო აკადემიაში შევიტანე. ყველა მეუბნებოდა, _ რას შვრები? ნუ იზამ მაგასო! მაგრამ მაინც ის გავაკეთე, რაც მინდოდა.

როცა აკადემიაში შევედი, ეს დიდი კიბეები, ბელვედერელის ქანდაკება, ტილოები, მარმარილოს სუნი, ყველაფერი ძალიან მომეწონა და სხვაგან ვერ წავიდოდი. პირველ სამეულში მოვხვდი და ამ ფაკულტეტზე ჩარიცხვა ისე გამეხარდა, რომ სიხარულისგან ავხტი და ამას მერე სულ მახსენებდნენ. სწორედ ეს სამი ადამიანი ვსწავლობდით იმ წელს არქიტექტურის ფაკულტეტზე ერთად. თუმცა მერე დრო შეიცვალა და ფერწერა აღარ დააფასეს.

_ რა ქენით მერე? რატომ აღარ დააფასეს?

_ დრო იყო ისეთი. მოსკოვში დავდიოდით ხოლმე პრაქტიკებზე უნივერსიტეტიდან და გავიკითხე, იქ თუ ჰქონდათ სამუშაო. დამეთანხმნენ და წავედი.

ჯერ თეატრებისა და მუზეუმების ექსპერიმენტულ დაპროექტებაში ვიყავი, მერე საკონკურსო პროექტი მოვიდა: „მილიციის სახლის არქიტექტურა“, სადაც პირველი ადგილი ავიღე და შემდეგ უკვე მთხოვეს, მათთან გადავსულიყავი საპროექტო ინსტიტუტში, მაღალჩინოსნების დასასვენებელი ვილებისა და სახლების დაპროექტებაზე ვმუშაობდი, თან ფერწერაშიც ვაკეთებდი ჩემს საქმეს და თავისუფალი დროც მქონდა.

_ მოსკოვში რამდენ ხანს იცხოვრეთ?

_ 50 წელიწადი, თუმცა საბჭოთა პერიოდი გაუსაძლისი იყო, ყველგან და ყოველთვის გითვალთვალებდნენ და გაკონტროლებდნენ.

იქ რომ ვიყავი, ერთ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, სადაც ყველამ იცოდა, რომ ერთ-ერთი „კგბ“-ის წარმომადგენელი იყო. ჩემს ჯგუფში ერთი რუსი ქალბატონი გახლდათ, რომლის ქმარიც აფრიკელი იყო და მან მითხრა, _ ჩემი ქმრის სწავლის დასრულების შემდეგ მოზამბიკში მივდივართ და ერთი ვილა დამიპროექტეო. მეც დავთანხმდი, მერე იქ დამპატიჟა, სადაც თვითონ აფრიკელი მეუღლე ცხოვრობდა. მოეწონათ ყველაფერი, პატივი მცეს და როცა წამოვედი, ვიგრძენი, რომ უკან ვიღაც მომყვებოდა, შემდეგ დღეს „კგბ“-ში დამიბარეს და მითხრეს, _ რა გინდოდათ უცხოელების სახლშიო? ვუთხარი, _ ვილის გაკეთება დამავალეს -მეთქი. _ ხომ იცი, რომ უცხოელებთან კავშირი არ შეიძლებაო. _ უბრალოდ, მთხოვა ამის დაპროექტება და სხვა არანაირი კავშირი არ მაქვს-მეთქი. _ კარგი, კმარა, სიმართლე თქვი, რა გადაგიხადაო? _ არაფერი, ვაჩუქე-მეთქი, და სერთოდ, თქვენ იცით, რომ მისი ცოლი რუსია? _ ვუთხარი და გაჩუმდა.

ასე იყო, დაგყვებოდნენ, გითვალთვალებდნენ, ასეთი ცხოვრება გვქონდა.

ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მერე ჩვენსა და რუსეთს შორის ომი რომ დაიწყო, რუსები გვადანაშაულებდნენ ყველაფერში, ტელევიზორში მათთან ისე აჩვენებდნენ, თითქოს, ქართული მხარე იყო დამნაშავე და რომ ქართველები ხოცავდნენ ყველას. არადა, ვიცოდი, ეს ტყუილი იყო და სპეციალურად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას. როცა იქაურებს ვედავებოდი და ვეუბნებოდი, რომ ასე არ იყო, მაჩერებდნენ, _ გაჩუმდი, რას ამბობ, როგორ, ტელევიზორში იტყუებიანო? _ მათთან კამათი და ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, ამიტომ იმ წუთში ავიღე ჩემი ნივთები, ჩემოდანი და გამოვემშვიდობე იქაურობას.

_ რამდენი წელია, რაც აქ ჩამოხვედით?

_ უკვე მეექვსე წელია.

_ როგორია თქვენი ყოველი დღე საქართველოში?

_ დილით ვდგები 05:00 საათზე და რაც წინა დღეს არ გამომივიდა, ან შესაცვლელი მაქვს რაიმე ჩემს ნახატში, ის უნდა გადავაკეთო, ან ახალი დავხატო. თუ კარგი ამინდია, მუზეუმში უნდა შევიდე სადმე, ბუნებაში უნდა გავიდე ეტიუდებზე, ან საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდე. ხშირად ვიჯექი ბიბლიოთეკაში ხოლმე, რადგან მაინტერესებს ლიტერატურა, პოლიტიკა, სოციალური საკითხები, ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება.

თუ ზაფხულია, 06:00 საათზე ვდგები, მაგრამ ახლა 07:00 საათზე მივდივარ კუს ტბაზე, სუფთა ჰაერია, კარგი ბუნება, კარგი ადამიანები არიან, იქ მეგობრები მყავს.

_ სირთულეები, რომელიც ცხოვრებაში შეგხვედრია?

_ ყოველდღე ასე არაა?! სულ სირთულეებია, მაგრამ მახსოვს, ჯერ საბჭოთა კავშირის დროს სირთულე იყო საღებავების ძებნა, თუ უცხეთში დავდიოდი, იქიდან მომქონდა ხოლმე, მაგრამ ძვირი ღირდა. ძირითადად, ეს იყო.

_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანებათ რამე?

_ თუ ადამიანი პატიოსანია და მიყვარს, მაშინ არ მენანება.

_ რა არის ყველაზე ძვირფასი თქვენთვის?

_ ერთგულება.

_ რისი გჯერათ?

_ სიყვარულის.

_ თავისუფალი ხართ?

_ კი.

_ რა არის თავისუფლება თქვენთვის?

_ ბრძოლა, შრომა.

_ რას ებრძვით?

_ ხელოვნებას.

_ რა არის ხელოვნება თქვენთვის?

_ ეს არის სიცოცხლე, ეს მახარებს, ცუდია თუ კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, ის მიყვარს და მინდა, საკუთარი თავი მასში ვეძებო.

_ ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი ხელოვანი?

_ ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ მე განსაკუთრებით ერთი მომწონს _ ჰიერონიმუს ბოსხი, ჰოლანდიელი მხატვარი, ასევე მაზაჩო, ბრეიგელი, არ ვიცი, ძალიან ბევრნი არიან! მაგრამ ბოსხი ყველაზე მეტად მომწონს, რადგან ალეგორიებით ხატავს. ფერწერაში რომ მაქვს ნამუშევრები: „თავისუფლების ფასი“, „გამოთხოვება დიქტატორთან“ „ძაღლები სალავეცკის კუნძულზე“, „თაგვები კატას მარხავენ“ _ ეს ალეგორიებია. როცა სტალინი გარდაიცვალა, მაშინ წავიკითხე: დიქტატურა დამთავრდა, ადამიანებს თავისუფლება უნდათო და მართალიცაა, ამიტომ დავარქვი ეს სახელები და შევქმენი ისინი. მინდა, ეს ყველაფერი ვეძებო და გამოვცე.

_ რა არის სისტემაში შესაცვლელი? რა პრობლემას ხედავთ ხელოვნებაში?

_ მე ჩემი ხედვა და ხელწერა მაქვს, ხშირად ზოგს უსაყვედურია, რატომ აკეთებ, რატომ ხატავ ასე და არა სხვაგვარადო და მე ვპასუხობ: წაიკითხეთ ლადო გუდიაშვილის მოგონებები, სადაც წერია, რომ 1950 წელს აკადემიიდან გამოაგდეს, უმუშევარი დავრჩი და საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა მე და ჩემს ცოლს, რა უნდა გვექნაო? და მიზეზი, რატომაც გამომიშვეს, ის იყო, რომ მე კლაკნილი ხაზებით ვხატავდი. აკადემიიდან ორი კაცი გამომიგზავნეს და მითხრეს: ნუ ხატავ, ლადო, ასე კლაკნილი ხაზებით, გაასწორე, _ რა ვქნა, ეს ჩემგან გამოდის ასე და არ შემიძლია სხვანაირად დახატვა, _ ვუპასუხეო. მაინც, _ არა, გადაასწორე, რეალისტურად გააკეთეო, _ მითხრეს, თუმცა ცუდი მოწაფე გამოვედი, მაინც იმას ვაკეთებდი, როგორსაც ვგრძნობდი და ვფიქრობდი, ასეთი რამე გამოდის ჩემგანო. მაინცდამაინც ანატომიური აგებულება უნდა ჰქონდეს ნახატს? _ ნამდვილად არა.

_ რას განიცდით ყველაზე მეტად?

_ მინდა, რომ ჩემი დასახული გეგმები ბოლომდე განვახორციელო და კარგი მეგობარი მყავდეს გვერდით _ ამას განვიცდი.

როცა ვმუშაობ, ყოველდღე ახალ რაღაცას აღმოვაჩენ, ვცვლი ხოლმე ზოგიერთს. „დავით აღმაშენებლის“ ილუსტრაციას თუ მოვასწრებ, კარგია.

_ ადამიანი, ვისაც შეხვედრიხართ და გგონიათ, რომ დიადი ადამიანი იყო.

_ შევხვედრივარ ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, ფიროსმანს არა (იცინის), კონსტანტინე გამსახურდიას, მაგრამ მისი ნახვისას ის განცდა ძალიან წამიერი იყო, ფანქარში მქონდა ჯერ აგებული ნახატი და უცებ ორი კაცი დამადგა თავს უკნიდან და რა ვიცოდი მე, ვინ იყო ის, მაშინ მითხრა კონსტანტინემ:

_ ყმაწვილო, თქვენს ნახატს დიდებულება აკლიაო, _ ძალიან კარგად მახსოვს. _ რა უნდა უპასუხო ახლა ამას-მეთქი… გვერდით ტაძრის ერთ-ერთი მღვდელი მეჯდა, საბა ერქვა, _ იცით, ეს ვინ იყოო? მკითხრა მან, _ არა მეთქი, _ აი, ამის ავტორიო და სვეტიცხოვლისკენ გაიშვირა ხელი. _ ამის ავტორი აღარაა ცოცხალი-მეთქი, _ ვუთარი, _ არა, წიგნი რომ დაწერა, ეგო, _ მითხრა. ისინი კიდევ წავიდნენ, შემოუარეს სვეტიცხოველს და კარიბჭეში გავიდნენ, _ უიმე-მეთქი, _ ვიფიქრე. ჩამოვიღე ეს დაფა, რომელზედაც ვხატავდი და გავიქეცი. ისინი უკვე გადასულები იყვნენ, მანქანასთან იდგა ორივე. კონსტანტინეს ორბივით თვალები ჰქონდა, შევხედე და არ დამავიწყდება, მეორე სიმონ ჩიქოვანი ყოფილა, დავკმაყოფილდი ნახვით, თორემ ისე ძალიან მორიდებული, მორცხვი და მოკრძალებული ვიყავი და გამარჯობა, შენი, ბატონო კონსტანტინე-მეთქი, _ ვერ ვეტყოდი.

მას შემდეგ, სტუდენტი რომ ვიყავი აქ, მაშინ ვხვდებოდი ხოლმე ქუჩაში მას და გალაკტიონს ერთად, ლაღიძის წყლებთან.

_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

_ უხეშობა.

_ რა გიყვართ?

_ სილამაზე.

_ რაზე გწყდებათ გული?

_ იმაზე, რომ არ ვაფასებთ დიად ადამიანებს, რუსთაველის იუბილეც კი არ აღვნიშნეთ, როცა ის ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის. წიგნიც მივუძღვენი მის 850 წლისთავს, მაგრამ ბევრმა არ დააფასა და ეს გულს მტკენს.

_ რისი კეთება გსიამოვნებთ?

_ ჩემი საქმის, ხატვის, ძერწვის.

_ რა გაბედნიერებთ?

_ არაფერი, მხოლოდ ჩემი საქმე, აი, ეს, რასაც ვაკეთებ.

_ რას გეგმავთ?

_ „დავით აღმაშენებლის“ დასურათებას.

_ „დიდოსტატის მარჯვენის“ ილუსტრირების დასასრულებლად რამდენი დაგრჩათ?

_ ყველაფერი გაკეთებული მაქვს, მაგრამ ზოგიერთს ვცვლი. ტექსტი დაწერილი მაქვს, იმასაც ვასწორებ, რადგან კონსტანტინეს ისეთი დეტალები აქვს ნაწარმოებში, რაც მთლად ეგრე არაა ისტორიულად და რეალურად და როგორ შევბედო ბატონ კონსტანტინეს მისი შეცვლა, არ ვიცი. მინდა, ვინმე ისტორიკოსი მოვიწვიო და ეს კონკრეტული თემები გავარჩიოთ.

_ თქვენი აზრით, ადამიანებს მისია აქვთ?

_ ყველას აქვს თავისებური მისია.

_ თქვენ რა მისია გაქვთ?

_ ის, რომ რაღაც ლამაზი და საინტერესო, ახალი შევქმნა, ასევე ხალხს ადამიანის და ბუნების სილამაზე დავანახვო, ეს არის ჩემი მისია, მეტი არაფერი.

ამ დროს მის ერთ-ერთ ნამუშევარს, „ხურმას“ ვუყურებდით, დეკემბერი იყო:

_ ჩემი სახლიდნ დილას რომ ვიყურებოდი, ხეს ფოთლები გასცვივდა და მხოლოდ ხურმის ნაყოფი იყო ჩამოკიდებული, მერე მზე რომ გამოვიდა, ეს სურათი, რასაც ყოველდღე ვუყურებდი, რაღაც ბრწყინვალებად იქცა. აი, ეს სილამაზე მხიბლავდა და ასე ვარ დღესაც.

_ ვინ არის ფარსადან მინაშვილი?

_ რთული კითხვაა. საქართველოს ერთი მოქალაქე ვარ, მეტი რა უნდა ვთქვა.

_ რას ელოდებით?

_ ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებას.

_ რისი იმედი გაქვთ?

_ კარგი ადამიანიების.

_ რა იქნება თქვენი სათქმელი ადამიანებისთვის?

_ გიყარდეთ სამშობლო.

 

მისი სახლი პატარა გალერეას ჰგავს, სადაც ულამაზეს სამყაროში აღმოჩნდებით, რომელიც ფერადი ტილოებითა და შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრებითაა გამდიდრებული.

წამოსვლის წინ უმორჩილესად მთხოვა, რომ მისი ქება ან რაიმე „დიდებული“ არ დამეწერა მასზე, ფოტოს გადაღებაზე ძლივს დავითანხმე. მითხრა, არ უყვარს, როცა ფოტოს უღებენ, მისი ნახატებიც ჰყოფნის.

არ ვიცი, როდის სძინავს, ის ხომ სულ შრომობს, როგორც თავად ამბობს. უნდა, რომ მოასწროს ის, რაც ჩაიფიქრა. ახლა 72 წლისაა და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობს. არ ვიცი, რამდენად აუხდება ოცნება, მაგრამ ვიცი, ჩვენ გაგვიმართლა, რომ მისნაირი ხელოვნები გვყავს.

 

ნინო ტაბაღუა