“ხელისუფლების მიზანია, პანკისი გაუკაცრიელდეს: არც წყალი იყოს, არც მესაქონლეობა…”

„აჩუ, აჩუ, ცხენო,
საით გაგაჭენო,
ალაზანი დიდია,
შიგ ბებერი კიდია,
პური ვთხოვე _ არ მაჭამა,
ჩემი ცოდო კიდია“…

რამდენს უთქვამს ჩვენში ეს ლექსი ბავშვობაში? ალბათ, კახეთში პირველი ლექსია, რომელსაც ბავშვს ასწავლიან.
რაღაცნაირად, ეს ერთი უბრალო საყვარელი სტროფი დიდად საკრალური აღმოჩნდა.

გიყვართ ალაზანი? თევზაობა? ბუნება? მზე? სიმწვანე? მთა?
თორღვაი პანკისელის ხადორის ხეობა?
ყოფილხათ? ალბათ, _ არა!.. მაგრამ ეს ყველაფერი გიყვართ… ის, უბრალოდ, მოკვდა, აღარ არის… არ ვიცი, ზღვა კოვზით დაილევა თუ არა, მაგრამ ალაზანი რომ დიდმა, უშველებელმა მილებმა შთანთქა, ეს ნათელია.

შენგელი ტოხოსაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თურმე, აშენებული ჰესები არ ყოფილა საკმარისი და დამატებით კიდევ სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება: „ხადორი 3“, „სამყურისწყალი 1“ და „სამყურისწყალი 2“.
_ ეს რამე ახალია?
_ „ხადორი 1“ და „ხადორი 2“ ჰესების გამო, პრაქტიკულად, უკვე განადგურდა ხადორის ხეობა, რაც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობასა და ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. ამ ორი პროექტის გარდა დაგეგმილი კიდევ სამი ჰესის აშენების შემთხვევაში ჩვენი ხეობა ტურისტებისთვის, ფაქტობრივად, აღარ იქნება საინტერესო, რაც პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ჩვენს შემოსავლებზე.
გამორცხულია უკვე პანკისში ტურისტის ამოსვლა. იმ ტერიტორიაზე, სადაც მდინარე ალაზანი მილებში მოექცევა, ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილები მდებარეობს, ასევე ადგილობრივების მიერ ტურისტების მომსახურების მიზნით იგეგმება დამატებითი ადგილებისა და კარვების განთავსება. ალაზნის მილებში მოქცევის შედეგად აღნიშნული ტერიტორია დაკარგავს ფუნქციას და პანკისის ხეობას მოუსპობს ტურიზმის განვითარების პერსპექტივას.
_ უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რა მოუვა ბუნებას, თუკი „ხადორი 3 ჰესი“ აშენდა?
_ „ხადორი 3 ჰესის“ შენების გამო მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90% მილებში მოექცევა, რაც, ფაქტობრივად, ალაზნის დაშრობის ტოლფასია. შესაბამისად, არა მარტო მდინარის ეკოსისტემა განადგურდება წითელი ნუსხის ნაკადულის კალმახთან ერთად, არამედ ჭალის ტყეც.
_ რას წყვეტს თქვენთვის ალაზანი?
_ ჩვენი სოფლები სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულები მდინარე ალაზანსა და მის შენაკადებზე. სასმელად და სარწყავად სწორედ ალაზნის წყალს ვიყენებთ, ასევე ჭის წყლებს, რომელიც მდინარე ალაზანთანაა დაკავშირებული. წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო შეიძლება, ჭებში წყალი დაშრეს.
_ მესაქონლეობას რა ბედი ეწევა?
_ მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიას ჩვენი სოფლები აქტიურად გამოიყენებენ საძოვრებად. „ხადორი 1“ და „ხადორი 2“ ჰესების გამო ჩვენ უკვე დავკარგეთ ხელმისაწვდომობა საძოვრებზე. „ხადორი 3 ჰესის“ გამო კი უკვე უშუალოდ სოფლის სიახლოვეს შეგვეზღუდება საძოვრებზე ხელმისაწვდომობა.
_ სად შენდება „ხადორი 3“?
_ „ხადორი 3“-ის აშენებას, ფაქტობრივად, შუა პანკისში აპირებენ და იქ შეუძლებელი იქნება ადამიანების გავლა, ბავშვების საბანაოდ გაშვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ მოსახლეობა წინააღმდეგი ვართ და პროტესტს ვუცხადებთ აღნიშნული ჰესის მშენებლობას. რამდენიმე საპროტესტო აქცია და სხვადასხვა შეხვედრა ჩავატარეთ აღნიშნულ საკითხზე.
_ მოსახლეობის შესაშინებლად?
_ ახალგაზრდებს ვერავინ შეაშინებს, ახალგაზრდებმა ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ. არ ვაპირებთ ასე ადვილად დანებებას და ჩვენი ულამაზესი ბუნების ეკოციდზე თვალის დახუჭვას.
_ რას გთავაზობენ კომპანიის წარმომადგენლები? გადაწყდა თუ არა რამე?
_ შპს „ფერის“ წარმომადგენლები და მფლობელები ყველანაირი ბინძური მეთოდებით ცდილობენ ხალხის გაჩუმებას: ზოგს აშინებენ, ზოგიც დასაქმების პირობით გადაიბირეს. ამორჩეული ჰყავთ ვითომ პრივილეგირებული ჯგუფები და მათთან შეთანხმების მიღწევით ცდილობენ მოსახლეობის დაყოლიებას.
_ ვინ არიან ეს პრივილეგირებული ჯგუფები?
_ 3 დღის წინათ დილის 9 საათზე ახმეტაში ჩვენი სოფლიდან შეხვედრაზე დაიბარეს რამდენიმე ადამიანი, სადაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, კახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი და ახმეტის პოლიციის უფროსი. მოსახლეობამ დღესაც არ ვიცით მაგ შეხვედრის დეტალები. თანხმობის სანაცვლოდ რაღაც პირობები შემოუთავაზებიათ.
_ ე. ი. ხელისუფლება ხალხს არ ელაპარაკება და სპეციალურ ჯგუფებთან აქვს კავშირი?
_ მოსახლეობას არ სურს, ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე დათანხმდეს მათ პირობებს, რადგან ვიცით, რომ შუა პანკისში ამ ჰესის არსებობა ძალიან დიდი დანაშაულია ადამიანებისა და ბუნების წინააღმდეგ, მისი მომხრეები კი პოტენციური დამნაშავეები და ამ ხეობის მოღალატეები არიან!

რამზან გორგიშვილი:
_ ნახეთ, რას უშვრება უკვე არსებული „ხადორი 1 ჰესი“ ალაზანს და ესენი კიდევ სამის დამატებას აპირებენ. ეს არის ნორმების სერიოზული დარღვევა. თევზსავალი კი არა, პირდაპირ ტურბინებში მიაქანებენ თევზსაც და ყოველივე ცოცხალსაც, რაც კი მდინარეში შეიძლება იყოს. ან კიდევ სად არის ის 10% წყლისა, რომელიც უნდა მოდიოდეს? 10 კი არა 1%-ს არ უშვებენ. სად არის მონიტორინგის სამსახური? რატომ არ არის რეაგირება ბუნებისადმი ამ სისასტიკის წინააღმდეგ?!

ხეობაში სურათი დაძაბულია, ახალგაზრდობა გარკვეულ ჯგუფებს უპირისპირდება, რომელთანაც ხელისუფლება მოლაპარაკებაზე დადის.
ხეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, რომ კომპანიებს ჰესებს საერთოდ აღარ ააშენებინებს. ამ დროს კომპანიებს ყველა შესაბამისი ნებართვა აღებული აქვთ.
რჩება ერთადერთი კითხვა, _ რად სურს ხელისუფლებას პანკისის გაღიზიანება?
ხეობაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიზანია, პანკისი გაუკაცრიელდეს, აღარც წყალი იყოს, ვერც სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ვერც _ მესაქონლეობა… ხალხი გაიხიზნოს და ხეობა ქისტების გარეშე დარჩეს…
რა მოხდება მაშინ, თუ ხეობაში ისინი აღარ იცხოვრებენ?
ჩრდილოეთით მოსაზღვრე რუსეთის ფედერაცია პროვოკაციისთვის მუდმივად მზად არის.
„ხეობის გადაშენება არა, ქისტების გადაშენება აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლებას“, _ ამბობენ ხეობაში.
დაბოლოს, აჩუ, აჩუ, ჩემო ცხენო, საით უნდა გაგაჭენო?
იმ ცხენს გასაჭენებელი აღარ აქვს…
ალაზანი დიდია, შიგ ბებერი კიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო კიდია…
პანკისის ხვალინდელი დღეც ხელისუფლებას კიდია…

მაკა მოსიაშვილი