„ხელისუფლება ბოლომდე აჩანაგებს ფორმალურად შემორჩენილი დემოკრატიის ბოლო სვეტსაც“

გიგა გელხვიიძე

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი თითქმის ბოლო ფაზაში შევიდა, ხელისუფლებამ კი ამის პარალელურად დრო მოიგო და საქართველოს კონსტიტუციას კრემლის წესდების კიდევ ერთი ნაწილი შეჰმატა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების სახით წარმოადგინა პარლამენტში და მორჩილ უმრავლესობას დაჩქარებული წესით მიაღებინა.
ამ პროცესების პარალელურად სულ უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელსაც ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტი პირდაპირ უკავშირდება.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ პროცესებს პარტია „ლელოში“ და როგორია მათი ხედვები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უკვე მეოთხე კვლევის მიხედვით, რომელიც ამჯერად „ედისონ რისერჩმა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა, ოპოზიცია არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.

ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ გრიგოლ გეგელიას:

_ ბატონო გრიგოლ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გკითხავთ, _ როგორ ესმის ხელისუფლებას კონსტიტუცია?
_ დავიწყებ იმით, რომ არავითარი კონსტიტუციის, სახელმწიფოს, სინდისისა და მორალის განცდა ამ ხელისუფლებას არ გააჩნია, მას აქვს ერთადერთი ძირითადი ამოცანა, რაც არის რუსეთის მსახურება და ძალაუფლების შენარჩუნება _ იმისთვის, რომ მათ შეძლონ პირადი გამდიდრება, ქართველი ხალხის ბიუჯეტით ხეირის ნახვა და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, რუსეთის მსახურება. ეს არის ერთადერთი დიდი ამოცანა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ყველა ძირითადი ამბავი, არის ამ დიდი ამოცანის პირობა. ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სპეცოპერაცია. სხვა ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ეს ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ, როდესაც საქართველოს ევროპელი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეს იმპიჩმენტის პროცესი, როდესაც აკეთებენ პირდაპირ საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის, მათ შორის, კარვების კანონის სახით. მათ გასულ წელს, ზუსტად ევროკომისიის დასკვნამდე, დააპატიმრეს ნიკა გვარამია და ახლა, როდესაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასკვნა მოდის, როცა ერთი შეიძლება ჰქონდეს ბელარუსს და სხვა მსგავსს ავტოკრატიებს, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ. წლის თავზე ევროკავშირმა უნდა შეაფასოს საქართველოს პროგრესი და ახლა მიიღეს დრაკონული კანონი. ისინი არიან პასუხისმგებელი, რომ ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი არის უკუღმა გადადგმული, საპირისპირო მიმართულებით რუსეთისკენ.
_ არგუმენტები, რომლებიც წარდგინების მხარემ მოიყვანა, რამდენად იყო ძლიერი იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო პრეზიდენტის მხრიდან გადაცდომის დამტკიცება?
_ არავითარი არგუმენტაცია რეალურად, გარდა პოლიტიკური ტიპის არგუმენტისა, კობახიძესა და „ოცნების“ მხარეს არ გააჩნია. ჩვენ ვხედავთ წმინდა პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივ მხარესთან, ანუ კონსტიტუციის დაცვასთან საერთო. ჩემთვის სასაცილოა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, სრულად ეგოისტური და ფართო პოლიტიკურ ეგოზე გადაყოლილი ხელისუფლება, კონსტიტუციის დაცვაზე საუბრობს, ეს არის ცინიზმის მწვერვალი. ესეც რომ გვერდზე გადავდოთ, ჩვენ ვხედავთ წმინდა პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არის უბრალოდ რევანში სალომე ზურაბიშვილის მიმართ და პოლიტიკურად სჯიან პრეზიდენტს იმის გამო, რომ ის არის საქართველოს ხალთან ერთად, ევროპისა და ევროპული პროცესის მხარეს. აქ სხვა არაფერია. არც კი უნდა გავაანალიზოთ პროცესი, რადგანაც იგი სრულიად დაცლილია სამართლებრივი შინაარსისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართლებრივი დევნა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, გამომდინარე მისი დასავლური კურსიდან. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისჯება იმიტომ, რომ მან გადაიღო ფოტოები გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან ერთად და იმიტომ, რომ ის ლობირებს ევროპულ კურსს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში „ქართული ოცნება“ პირდაპირ ლობირებს რუსეთის ხელისუფლებასა და მის კურსს.
_ ირაკლი კობახიძე ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მან დაწერა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხისა და ბოლო პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რამდენად კარგად ესმის საკუთარი დაწერილი კონსტიტუცია კობახიძეს?
_ კობახიძე არის აცდენილი როგორც კონსტიტუციურ პრინციპებს, ასევე ზოგადად პოლიტიკის პრინციპებს. არავითარი საერთო მას არ გააჩნია კონსტიტუციასთან. ამავე დროს, მან არ იცის, რომ კონსტიტუცია არ არის უსულო დოკუმენტი, კონსტიტუციას აქვს თავისი სული, გონი და ის არ არის გრამატიკულ წინადადებათა კრებული. ის არის მამოძრავებელი სული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სხეულისა. ეს არის სწორედ კონსტიტუციურად საკითხის დანახვა. დღეს კობახიძე ჭრის და კერავს კონსტიტუციას ისე, როგორც ეს მას და მის პარტიას და მათ პოლიტიკურ ამოცანებს აწყობს და იმავე კონსტიტუციის, როგორც თავად ამბობს, რომლის ავტორიც არის, 78-ე მუხლი ამბობს, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ოფისი, უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები სრულ შესაბამისობაში არის ამ პუნქტთან, რომელიც მას ავალდებულებს კიდევაც, რომ დაიცვას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს სრულიად ღიად და ეს არის ოფიციალური პოზიცია, ამას ემსახურებოდა ყველა მისი ვიზიტი და არავითარი პოლიტიკის წარმოება, მით უფრო, დამოუკიდებელის, რომელიც განსხვავებული იქნება სახელმწიფოს ოფიციალურად დეკლარირებული პოლიტიკური კურსის, არ ყოფილა. ამავე დროს, არც ხელშეკრულება დადებულა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რაც არ იქნებოდა თანხვედრაში რაიმე კურსთან და ეს შეხვედრები ვერ ჩაითვლება ვერანაირად თუნდაც იმ მუხლის დარღვევად, რა მუხლსაც დღეს ედავებიან პრეზიდენტს, რადგანაც მას არ განუხორციელებია არანაირი განსხვავებული პოლიტიკა. მან განახორციელა პოლიტიკური შეხვედრები იმ მიზნით, რომ საქართველოს ევროპული კურსი, ამ შემთხვევაში კანდიდატობის მიღების პერსპექტივა, გამყარდეს. ეს არ არის არავითარი კონსტიტუციის დარღვევა, პირიქით, ეს არის იმ ვალდებულების აღსრულება, რაც მას ეკისრება 78-ე მუხლის თანახმად.
_ თუ სასამართლომ 14 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი „ოცნების“ სასარგებლოდ, რა შედეგებზე გაგვიყვანს ეს?
_ ეს იქნება უდიდესი რეპუტაციული კრახი საქართველოსთვის, უმძიმესი დარტყმა მის სახელმწიფოებრივ იმიჯზე. იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფომ საკუთარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პრეცედენტი დაუშვა, მაგრამ იქნება გაგრძელება იმ ცუდი ტრადიციისა, როდესაც პრეზიდენტები არამშვიდობიანად ასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას, იქნება ეს ერთი, მეორე თუ მესამე გზით; ასევე ქართული სახელმწიფოს არასტაბილურობის კიდევ ერთი გამოხატულება და დასტური მისი მმართველობის 32-ე წელს და რა თქმა უნდა, იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯისთვის და ეს იქნება პირაპირი თავდასხმა და საბოტაჟი საქართველოს ევროპული გზის, რადგანაც იმპიჩმენტი კი არ მოხდება უბრალოდ, არამედ იმპიჩმენტი იქნება მისი პროევროპელობის გამო _ ამას ასე აღიქვამს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ლოგიკის საკითხიც კი არის მკითხველისთვის, რომელიც ნათლად უნდა ხედავდეს, რომ პრეზიდენტი ისჯება იმის გამო, რომ არის ევროპისა და საქართველოს მოსახლეობის 85%-ის მხარეს.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს საკმარისი ხმები იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად. რომელი ოპოზიციური პარტია შეიძლება აღმოჩნდეს „ოცნების“ მოკავშირე ამ საქმეში?
_ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელი პოლიტიკური ჯგუფი ან რომელი ცალკეული დეპუტატი შეიძლება იგულისხმებოდეს ამის მიღმა, თუმცა მეც, როგორც ყველამ, მოვისმინეთ ეს ვერსია, რომ მინიმუმ 12 ოპოზიციონერი უნდა დაეხმაროს ამ პროცესში ხელისუფლებას, თუმცა ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკოსის პოლიტიკური ისტორია დასრულდება, რა დროსაც ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში და ხელს დააჭერენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას. არცერთი მათგანის ადგილზე არ ვისურვებდი ყოფნას, რადგანაც იქნებიან საქვეყნოდ შერცხვენილები არა მარტო ახლა, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ვურჩევდი, რომ კარგად აწონ-დაწონონ ეს გადაწყვეტილება, თუ რაოდენ ძვირი ფასი დაუჯდებათ, რადგანაც დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის ევროპული მომავლის იმპიჩმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ მოგწონს თუ არ მოგწონს ზურაბიშვილი, ეს არის მეორეხარისხოვანი, რადგანაც ის ისჯება ევროპული ინტეგრაციის გვერდით. ეს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული.
_ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ ქვეყნის პრეზიდენტად?
_ ძალიან რთულია გამოიცნო, რა ტრიალებს ბიძინა ივანიშვილისა და ზოგადად „ქართული ოცნების“ თავში, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არ უნდა ვიხილოთ „ქართული ოცნების“ წიაღიდან პრეზიდენტად, ეს იქნება დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტის მოსპობა და დასუსტება. ჩვენ ვნახავთ იმას, რომ საქართველოში ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაეცემა და ის გახდება „ქართული ოცნების“ მორიგი კანტორა ისე, როგორც ყველა სხვა ინსტიტუტი გახადეს მსგავსს უმნიშვნელო ნოტარიულ ბიუროებად ან სრულად გააუქმეს. ეს არის მმართველი პარტიის ხელწერა და მე-20 და 21-ე საუკუნეების ავტოკრატების ხელწერა. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ივანიშვილი თუ კობახიძე, ჩვენ დავკარგავთ ქართველი ხალხის ხმის გამტარ ინსტიტუტს, ამიტომ ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნება არსებითი, ბოლო პრეზიდენტი ვინ შეიძლება იყოს. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ დასრულდეს „ოცნება“ თავისი პარტიული პრეზიდენტებით და თავისი წარმომადგენლობით პარლამენტში, რადგანაც ყველა სხვა შემთხვევაში დავკარგავთ ქართულ სახელმწიფოს. ყველა ქართველს მინდა ჰქონდეს ეს გააზრებული. ეს საკითხი დადგა უკვე და განიხილება, საერთოდ გვექნება თუ არა ქართული სახელმწიფო ამ მიწაზე და ეს რომ არ მოხდეს, აღარ უნდა იყოს 41 ნომერი არცერთ მმართველობით სისტემაში.
_ როგორია თქვენი შეფასება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე? პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდგომ მიღებული ცვლილებები შევა კანონში?
_ ხელისუფლება ბოლომდე აჩანაგებს, თუნდაც, ფორმალურად შემორჩენილ დემოკრატიის ბოლო სვეტსაც კი. ისეთ ფუნდამენტურ რამეზე თავდასხმა, როგორიც არის შეკრება და გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკის სახელმძღვანელოებშიც კი ეს არის დემოკრატიაზე სრული თავდასხმა და კონსტიტუციური თავისუფლების აკრძალვა, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტი რაც არსებობს დემოკრატიაში და როდესაც ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურად ერევა, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს დემოკრატია. მივალთ იქამდე, რომ ცარიელი ქაღალდის დაჭერისთვის შეიძლება დაიჭირონ ადამიანი.
_ გაგონებთ თუ არა ეს იმ პროცესებს, რომლებიც რუსეთში მიმდინარეობდა პუტინის ხელით, ოპოზიციის ასაკრძალად?
_ „ქართული ოცნება“ ერთი-ერთში აკოპირებს პუტინის ხელწერას, იქნება ეს ოპოზიციასთან დამოკიდებულება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების გადაფორმება. ყველაფერი აღებული არის კრემლის სახელმძღვანელოდან. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, რაც საბოლოოდ გამოიღებს იმ შედეგს, რომელიც დადგა პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არის კარგად დაცდილი პროცესები და ყველას ვურჩევ, შეხედონ როგორ მოკვდა დემოკრატია რიგ სახელმწიფოებში და დაინახავენ რეალობას. ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ პირადობის მოწმობებს გამოართმევენ აქციაზე მისულ ადამიანებს და ოფიციალურად დადგება რუსული ავტოკრატია, არაოფიციალურად ეს უკვე ასე არის.
_ რისი ეშინია დღეს „ქართულ ოცნებას“?
_ საკუთარი ხალხის. ყველაზე მეტად ამ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი ხალხის, რომლის ნამდვილი ძალაც მათ ნახეს არაერთხელ, გამორჩეულად კი სწორედ მარტის მოვლენების დროს, როდესაც ყველა შეხედულების ადამიანი გაერთიანდა და თქვა, რომ რუსული კანონი ამ ქვეყანაში არ გავა. ეს იყო მომენტი, როდესაც ფიზიკურად დაინახა „ქართულმა ოცნებამ“, რას ნიშნავს ძალა. იგივე პროცესები ვნახეთ გავრილოვის, პოზნერისა და ლავროვას წინააღმდეგ. ამისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი, ამის ეშინია „ოცნებას“, ამიტომ უფრთხის ხალხს და მოდით, ისიც ვთქვათ, თუ რატომ უფრთხის, _ იმიტომ, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ვეებერთელა ნაპრალი, რადგან რეალურ პრობლემაზე ამ მთავრობას არ გააჩნია არანაირი ხედვა და გამოსავალი. ისინი არიან დამალულები და გვძარცვავენ კაბინეტებიდან, უნდათ, რომ გადაიფორმონ უფრო მეტი ინსტიტუტი. სწორედ ამით გამოიყვანენ ისინი გარეთ ხალხს, თანაც ძალიან მალე.
_ აქტუალურია რევოლუციური სცენარი, რომელზედაც სუსმა უკვე მეორედ გააკეთა განცხადება და ამჯერად უკვე ვიდეომასალაც წარუდგინა საზოგადოებას _ აქვს თუ არა რომელიმე პარტიას საქართველოში დღეს რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება?
_ არანაირი სურვილი ამისა არცერთ ოპოზიციაში არ დამინახავს ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც დისკუსიებში ვმონაწილეობთ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მშვიდობის მოყვარული ძალა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობას აჩვენებს არჩევნების გზით. რაც შეეხება სხვა კოლეგებს, არავისგან მსგავსი არ მომისმენია.
ერთადერთი, ვინც დღეს საუბრობს გამუდმებით რევოლუციაზე, ომზე, მეორე ფრონტზე, რაღაც შეთქმულებებზე, ეს არის „ქართული ოცნება“. დიახ, გლობალური ომის პატია ნამდვილად არსებობს, ის არის რუსეთის ფედერაცია და მისი განყოფილება საქართველოში ბრძანდება „ქართული ოცნება“. ამის დასტური ვნახეთ აფხაზეთში ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით. დიახ, თუ ვინმეს სურს, რომ არეულობა იყოს მთელ რეგიონში, ეს არის რუსეთი და მისი მართული პარტია „ქართული ოცნება“. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ნატო, გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვართ იმ კონფიგურაციის მხარეს, რომელიც სადაც მივიდა, ყველგან მიიტანა მშვიდობა. იქ, სადაც არის ნატო, არის მშვიდობა, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ პროპაგანდაც კი ვერ მოერევა. მაგალითისთვის, ლატვია ჩვენზე პატარა ქვეყანაა და რუსეთი არც კი იფიქრებს, რომ მას დაესხას თავს, მაგრამ მასზე ბევრად დიდ სახელმწიფოს, როგორიც არის უკრაინა, ის თავს დაესხა, რადგანაც ლატვია არის ნატოში, არის ევროპულ კავშირში, ხოლო უკრაინა არ იყო არც ნატოსა და არც ევროკავშირში. ამიტომაც ვუყურებთ ომს აგერ უკვე წელიწად-ნახევარია. ამიტომ ვერცერთი პროპაგანდა ვერ დაამარცხებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ზუსტად ეს არის მშვიდობა და კეთილდღეობა, ხოლო ვის მხარესაც დადგა „ოცნება“, ზუსტად ეგ არის ომის პარტია და მას არ სურს მშვიდობა.
_ „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე მინდა გკითხოთ, _ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია ოპოზიციური ფლანგი, სულ სამი პარტიაა ამ მონაცემების მიხედვით, რომლებიც შეძლებენ, გადალახონ ხუთპროცენტიანი ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, 2024-ის არჩევნებს ექნება რამე არსებითი შედეგი?
_ ყველაზე მეტად მაინტერესებს ხალხის პრეფერენციები თემატური თვალსაზრისით და იქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ რესურსს დამატებითი შრომისა შემდეგი წლის განმავლობაში. მაგალითად, კონკრეტულ თემებზე მუშაობისას იკვეთება, რომ ოპოზიცია უგებს კიდევაც მთავრობას. ეს კარგია, მაგრამ იქვე იკვეთება ძალიან ბევრი სამუშაო. ცხადია, უნდა გვქონდეს მეტი მხარდაჭერა და ეს არის თემატური სამუშაო, რაც გასაწევია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ. ჩვენ გვაინტერესებს ჯამური შედეგი. რაც შეეხება ცალკეულ რეიტინგებს და ის არის 3%-იანი ცდომილების რანგით, ამიტომ ძალიან რთულია თქვა, რომ ვიღაცა არჩევნებზე მიიღებს სამ, ოთხ ან შვიდ პროცენტს. უმცა იმის თქმა შეიძლება, რომ ამ მონაცემებითაც კი ვერ ქმნის „ქართული ოცნება“ მთავრობას და მას აუცილებლად დასჭირდება მოკავშირეები. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ეს მოკავშირეები არ იყვნენ საქართველოს პარლამენტში და იქ იყოს ნამდვილი ოპოზიციური ძალები, რომლებიც არ შეკრავენ ალიანსს რუსეთთან. მეორე არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ თითოეულ ადამიანთან, რაც შეიძლება მეტი ქართველი იყოს ჩართული ქვეყნის გადარჩენაში. კონკრეტულ თემებზე უფრო მეტი მუშაობის შედეგად გაუმჯობესებულია ნდობის მოპოვების შედეგები. რა თქმა უნდა, ნდობის კრიზისი არის ვეებერთელა, პარტიებისადმი ნდობა არის ძალიან დაბალი და ამაზე უნდა ვისაუბროთ ბევრი.
რაც შეეხება ამ ხელისუფლებას, მათ საკუთარ თავს გამოუტანეს ვერდიქტი, გააღატაკეს ქართველი ხალხი და შემოიყვანეს რუსები, რომლებსაც შეუქმნეს პირობები.
_ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები შევიდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტორატის 70% ახალი წესით მისცემს ხმას, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად გამორიცხავს გაყალბებას, _ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ გაყალბების შესამცირებლად საარჩევნო უბნების გარეთ?
_ მთავარი გამოსავალი არის ბევრი ადამიანის მისვლა საარჩევნო უბანზე. ყველას მინდა ვუთხრა ყოველთვის, რომ ერთადერთი რეალური წამალი გაყალბების წინააღმდეგ არის სახლიდან გამოსვლა და არჩევნებზე მისვლა. აუცილებელია საკუთარი ხმის გამოყენება. ახლა, როგორც არასოდეს, თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს ერთი და მეორე, აუცილებელია გრძელვადიანი მისიების მოზიდვა. შემიძლია გითხრათ, „ლელო“ მუშაობს ამ საკითხზე ყველა საგარეო ვიზიტისას და კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ყოფნა აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება არჩევნების თარიღამდე. ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანებს დადებითი კამპანიით დავანახოთ მომავლის ჯანსაღი მიზანი, რადგანაც ვერცერთი 20 ლარი ვერ გადაწონის იმის გააზრებას, რა ტიპის მომავალი შეიძლება შევქმნათ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ, ორ და სამ წელში. პატარ-პატარა. მცირე-მცირე მოსყიდვა არ არის გამოსავალი, ეს არის ერთჯერადი და საკუთარი სამშობლოს დაღალატებაც.
_ „ლელოს“ გეგმები წინასაარჩევნოდ…
_ აქტიურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, ცვლილებები გავატარეთ და გავაძლიერეთ ჩვენი პარტია. უკვე ვართ რეგიონებში, ყოველ კვირა გავდივართ მსხვილ წერტილებში, რომ ველაპარაკოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ჩვენთვის წინასაარჩევნო კამპანია არ იქნება ერთი და ორი თვე, მთელი ეს წელი არის გადამწყვეტი ბრძოლის ნაწილი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ხმა დავიცვათ, რათა ეს ხმები წარმოდგენილი იყოს პოლიტიკურ პროცესში.
_ ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებს ან სულაც კარგად ნაცნობ ძველ პოლიტიკურ ფიგურებს მამუკა ხაზარაძის გუნდში?
_ ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და ძალიან საინტერესო საუბრები. ძალიან კარგად ვიაზრებთ, რომ ამ ქვეყნის გადარჩენას სჭირდება არნახული გაერთიანება. სწორედ ამ იმედით ველით იმას, რომ საზოგადოების ფართო სპექტრი გაერთიანდება ჩვენ გვერდით.