„ხელისუფლებამ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის შესახებ“

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის წევრი, ქალბატონი სალომე სამადაშვილი:

_ მცოცავი ოკუპაციის პირობებში ქვეყანა კარგავს ათეულ ჰექტრობით მიწას, კარგავს უბრძოლველად. ბრძოლაში მაინცდამაინც ომს არ ვგულისხობ, არამედ, ბრძოლას, ხმის ამოღებას, განგაშს, ჩვენ ვკარგავთ ჩუმად, ხმის ამოუღებლად. თუ ასე გაგრძელდა, სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი? ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე ორი ნაბიჯია დარჩენილი, ერთი გადმოწევაც და საქართველო შუაზე გაგლეჯილი აღმოჩნდება.

_ რეალურად რუსეთი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ანექსიას. ერთი მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო, ოფიციალური სტრუქტურების შთანთქმა რუსეთის ფედერალური სტრუქტურების მიერ და მეორე მხრივ, მიმდინარეობს ეს მცოცავი ოკუპაცია. რუსეთის ამ ქმედებებს ორი დანიშნულება აქვს: ბანერების გადმოწევით რუსეთი ქართულ მხარეს აიძულებს, დაიწყოს საუბარი საზღვრის დემარკაციაზე. პირდაპირ გვეუბნება, _ არ გინდათ დემარკაციაზე საუბარი? კი ბატონო, მაშინ კიდევ გადმოვწევ საზღვარს. ამასთან ერთად, რუსეთი ამ პროცესით ცდილობს, უსუსურობის შეგრძნება გაუჩინოს ჩვენს საზოგადოებას _ სწევენ საზღვარს, იტაცებენ ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ მათ შესაჩერებლად. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ხუთი წელიწადი. განსაკუთრებით უკანასკნელი 4 წელიწადი, რადგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად შეიქმნა იმგვარი საერთაშორისო ვითარება, რომ ჩვენ შეგვეძლო ჩვენი ინტერესების ძალიან მომგებიანად პოზიციონირება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და სწორედ ამიტომ, ამ ბოლო წლებში, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ყველა ასეთი ქმედება უპასუხოდ რჩება. როდესაც რუსეთს უკრაინის გამო სანქციები დაუწესდა, ჩვენს ხელისუფლებას იმაზე უნდა ეზრუნა, რომ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს პრობლემა მოაზრებულიყო უკრაინის პრობლემასთან ერთად. ამ შემთხვევაში, ცხადია, რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის ბევრად მეტი ბერკეტი გვექნებოდა. ჩვენი ხელისუფლება არათუ არ ზრუნავდა ამაზე, რომ საქართველოს პრობლემა უკრაინის პრობლემასთან ერთად მოაზრებულიყო, პირიქით, ყველანაირად ცდილობდა, რომ გამიჯნულიყო უკრაინა და საქართველო. გარდა ამისა, დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ამ კონფლქიტის ინსპირაციაში, თითი გაიშვირა საკუთარი, წინა ხელისუფლებისკენ, შექმნა პირდაპირი მილაპარაკებების ფორმატი რუსებთან და, ფაქტობრივად, გამოაცხადა, რომ ხელეწიფება ურთიერთობების დალაგება რუსეთთან და ა. შ. შედეგად, ჩამოიშალა ყველაფერი და ჩვენ, პრაქტიკულად, აღარც დაგვრჩა რუსეთზე ზეგავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტი. ყველა ვხედავთ, საქართველოს საკითხი აღარ დგას საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ამ ბოლო წლებში არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ არავინ აღარ საუბრობს. გეკითხებით, რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს რუსეთზე, თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, რაც, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა?

_ ვერ მოახერხა, თუ არ მოახერხა? ეცადა კი საერთოდ?

_ სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკურ დაკვეთას აძლევს არა ქართველი ხალხი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც განაცხადა მან, როგორც კი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ივანიშვილმა იმთავითვე ბრძანა, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ საქართველო პატარა სოფელია და ვერ იქნება გლობალური პოლიტიკის მოთამაშე. ცხადია, ეს დაკვეთა წარმატებით შეასრულა საგარეო გუნდმა, რომელიც დაქირავებული ჰყავს პირადად ბიძინა ივანიშვილს და არა ქართველ ხალხს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ისეთი პასიური დიპლომატია, როგორიც არასოდეს, ყოველ შემთხვევაში, იმ ცხრა  წლის მანძილზე, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ამ ქვეყანას. ამის შედეგია ის, რომ საქართველოს სახელი, უბრალოდ, არსად აღარ ჭაჭანებს. იმიტომ, რომ ეს დისკომფორტს უქმნის ბიძინა ივანიშვილს. მას სურს, რომ საქართველოზე რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრონ. ამის შედეგია ის, რომ დაზიანებულია ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. დაუშვებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმართვა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფო ინტერესების საწინააღდეგოდ.

_ თქვენ განცხადება გააკეთეთ დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრზე, მას ყველაზე უსუსური საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მოსკოვში მომზადებული ბიუროკრატი, რომლის მისია დასავლეთში ინტეგრაციის მითის ქვეშ, რეალურად, ამ ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებაა. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, ამ ხელისუფლების სრული სიჩუმე არის თუ არა უნისონში კრემლის ინტერესებთან?

_ 2008 წელს ელჩი ვიყავი ევროკავშირში. აგვისტოს ომის დროს უმძიმესი დაპირისპირება იყო, მათ შორის, დიპლომატიური, წარმოებდა საინფორმაციო ომი და შეუდარებელი იყო ჩვენი და რუსეთის რესურსები, მათ შორის, ადამიანური რესურსებიც. თავად განსაჯეთ, ჩვენს საელჩოში, ჩემი ჩათვლით, 8 დიპლომატი ვმუშაობდით და რუსეთის მისიაში _ 200-მდე დიპლომატი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაშინ დიპლომატიური ომი და საინფორმაციო ომი მოვუგეთ რუსეთს სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შემართების დიპლომატიური გუნდი და პოლიტიკური დაკვეთა გახლდათ სრულიად სხვა. საქართველოს საკითხი მუდმივად დღის წესრიგში უნდა ყოფილიყო და ჩვენ ამისთვის ვმუშაობდით. და დღეს რა ხდება? რამდენი წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, სადმე იწერება რამე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე? როდესაც უკრაინაზე საუბრობენ, საუბრობენ პარალელურ რეჟიმში საქართველოზე?

_ ერთადერთი, რაც გვახსენდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესაა ჩანაწერი აშშ-ს ბიუჯეტში, მაგრამ ეს ჩვენმა ხელისუფლებამ, მგონი, ჩემს შემდეგ გაიგო და ამისთვის მათ არც არაფერი გაუკეთებიათ.

_ დიახ, ეს თავად ამერიკელი კონგრესმენების ინიციატივით გაკეთდა. რუსეთის ამოცანაა, მიივიწყოს ეს კონფლიქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ, შეგვაგუონ იმას, რომ ეს მომხდარი ფაქტია და ამ რეალობას ვერავინ შეცვლის. ამის წინააღმდეგ ჩვენს ხელში ერთადერთი იარაღი არის უკიდურესად აქტიური დიპლომატია, რომლიც განგაშის ატეხვას შეძლებს საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამას არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. რუსეთის საბოლოო მიზანი რეგიონიდან დასავლეთის სრული განდევნაა. ცხადია, ჩვენი ქვეყანა სტატიკურ მდგომარეობაში ვერ გაჩერდება. საქართველო ან კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ტრანსატლანტიკურ სივრცეს, ან ბუნებრივად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. საქართველოს თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან და პოლიტიკური, ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნეიტრალური იყოს და შესაბამისად, ყოველი ნაბიჯი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის გაძლიერებას, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები. ჩემი წყაროებიდან ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ დიპლომატებთან ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების კონტექსტში, საქართველოც უნდა იყოს მოაზრებული უკრაინის გვერდით. რას უყურებდნენ 4 წელიწადი? რამდენი წელია, რაც ჩვენ ვყვირით, რომ ეს ასე უნდა იყოს!!! და მხოლოდ ახლა დაიწყეს ძალიან ჩუმად ამაზე საუბარი დასავლელ დიპლომატებთან. მიხვდნენ, თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენი საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რაც ხდება.

_ ბოლოს დროს იმაზე საუბრობენ, რომ ივანიშვილს ურთიერთობა დაეძაბა რუსეთთან და დასავლელ დიპლომატებთან. მაგ თემაზე საუბრის დაწყება ამასაც ხომ არ უკავშირდება? ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ, როდესაც იგივე შევარდნაძე ეწეოდა დაბალანსების პოლიტიკას _ რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობით აშანტაჟებდა და დასავლეთს _ რუსეთთან ურთიერთობით.

_ როდესაც ვუყურებ იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, როდესაც ვხედავთ პატრიოტთა ალიანსის ვოიაჟს მოსკოვში, ვხედავთ ამ ქართველთა მარშს, რომელიც სინამდვილეში მოსკოვში დაგეგმილი მარშია, რადგან ასეთი თემების გააქტიურება სწორედ რუსეთის პირდაპირ ინტერესებშია, მიჩნდება განცდა, რომ დღეს საქართველოში ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე რუსული ზეგავლენის ახალი ფაზა აქტიურდება და სწორედ ამის შედეგია პრორუსული ძალების უკვე ძალიან ღია და აშკარა აქტივობები. შესაბამისად, თუ ვინმეს ინტერესებშია, რომ აწარმოოს დაბალანსების პოლიტიკა, ეს მართლაც ივანიშვილია. ახლა დგება ის მომენტი, როდესაც უახლოს მომავალში, პოლიტიკურ ავანსცენაზე, კიდევ და კიდევ, უფრო აქტიურად გამოვლენ ღიად პრორუსული ძალები, კრემლის პირდაპირი პროექტები.

_ ანუ რუსეთს ასპარეზზე სხვა პრორუსული ძალები გამოჰყავს და „ოცნება“ ახლაღა იწყებს დასავლეთთან მუშაობას იმ საკითხებზე, რაზედაც, თავის დროზე, უნდა დაეწყო?

_ რთულია იმაზე საუბარი, რას ფიქრობს ივანიშვილი. ერთადერთი, აშკარაა, რომ იგი დღეს ერიდება პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობას. ძნელია იმაზე საუბარი, რატომ იქცევა ასე, მაგრამ შესაძლებელია, იგი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების იმგვარად განვითარებას ელოდება, რომელთან ასოცირებაც მას არ აწყობს და დისტანცირებას ამჯობინებს. რაც შეეხება თვითონ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს, ამაზე საუბარიც არანაკლებ რთულია. ამ ხელისუფლების წიაღში სხვადასხვა დაჯგუფება, სხვადასხვა მიმდინარეობაა, ყველა მათგანს თავისი ინტერესები აქვს და იმ ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომაცაა რთული იმის შეფასება, თუ რა არის მათი პოლიტიკა. ფაქტია, რაღაც წყალქვეშა მოძრაობებია და ეს, ალბათ, იმასაც უკავშირდება, რომ ივანიშვილი ღიად და აშკარა ინსტრუქციებს არ იძლევა.

_ არაფორმალურიდან უჩინმაჩინ მმართველობაში გადავედით.

_ დიახ, როგორც ჩანს, ის ღიად აღარ აძლევს ინსტრუქციებს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ პირებს დღევანდელ ხელისუფლებაში კარგად არც ესმით, რა არის პოლიტიკური დაკვეთა. აქედან გამომდინარე, ბევრმა, შესაძლოა, შეცდომაც დაუშვას და შემდეგ, როდესაც ივანიშვილი შეაფასებს მათ ქმედებებს, შეიძლება, დაისაჯონ კიდეც ამისთვის.

_ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს მძაფრი შეფასებები მოჰყვა, შეფასდა ღალატადაც, თუმცა იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ვიზიტი არაფერს მოიტანს და არ ღირს ამხელა მნიშვნელობის მინიჭება. რეალურად, რა შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის ვიზიტმა?

_ „პატრიოტთა ალიანსს“ არ განვიხილიავ „ქართული ოცნებისგან“ განცალკევებით. „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ რადიკალური განშტოებაა, რომელსაც რაღაც საფრთხობელის როლი აკისირია, იგივე დასავლეთის თვალშიც, რომ აი, არსებობს ასეთი ულტრაპოპულისტური ძალა, რომელიც პირდაპირ არის კავშირზე რუსეთთან. სწორედ ამიტომაც შეუწყო მათ ხელი ხელისუფლებამ, დღეს პარლამენტშიც არიან და საკმაოდ მოძლიერდნენ კიდეც. ხელისუფლებას რომ ეს არ სურდეს, სხვანაირად ითამაშებდა მათთან მიმართებით, მაგრამ ხელისუფლება მათ პირდაპირ ეხმარება, ეხმარება, რადგან სწორედ მათი დახმარებით „ქართული ოცნება“ თავს წარმოაჩენს ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაში. შესაბამისად, ეს ვოიაჟიც, გარკვეულწილად, სასარგებლო იყო ხელისუფლებისთვის, რადგან მათ სათქმელი ეძლევათ, რომ არსებობს უფრო რადიკალური პოზიციები რუსეთთან მიმართებით, მოჩვენებითად დისტანცირდნენ ამ პოლიტიკური ძალისგან და წარმოჩინდნენ პროდასავლურ ძალად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მათ შორის არანაირი განსხვავება არაა, „ქართული ოცნება“ და „პატრიოთა ალიანსი“ ერთი და იგივე პროექტის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილია. ისინი ერთ თამაშს თამაშობენ. ხელისუფლებას ხელს აძლევს ამგვარი თამაში. ჩვენ ვნახეთ, იგივე მოხდა კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც. „პატრიოტთა ალიანსს“ გახსნილი ჰქონდა ბევრად აქტიური, აგრესიული ფრონტი, ლობირებდნენ უფრო რადიკალურ პოზიციებს, ვიდრე ხელისუფლება და „ოცნება“ ამ ფონზე ჩანდა ბევრად უფრო აზრიან, ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად. თუმცა მათაც აიტაცეს ბევრი თემა  „პატრიოტთა ალიანსისგან“, მათ შორის, მიწის გაყიდვის თემა.

_ მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა სრულ სინქრონშია თბილისში გამართულ „ქართულ მარშთან“, რომელიც პირდაპირ ითხოვს ქართული მიწიდან უცხოელების გაყრას. ერთი მხრივ, არალეგალების გაყრას ითხოვენ და მეორე მხრივ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას _ იოლად ნუ ვაძლევთ მოაქალაქეობას და ბინადრობის უფლებასო. საერთოდ არ უნდათ უცხოელის გაჭაჭანება ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთი პეიზაჟია, რომლის ერთ ფრაგმენტს ხელისუფლება ხატავს, მეორეს _ ეს ძალები.

_ რა თქმა უნდა. რუსეთმა ისწავლა გაკვეთილი და წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს აღარ ცდილობს ადგილის დამკვიდრებას ამა თუ იმ ქვეყანის პოლიტიკურ სივრცეში, სამხედრო კონფრონტაციის გზით და ამის ნაცვლად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგაც. ეს ჰიბრიდული ომი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, უპირველესად, ესაა დემოკრატიული სისტემის, როგორც სისუსტის გამოყენება. რუსეთი არათუ ჩვენნაირ ქვეყნებში, დასავლურ სახელმწიფოებშიც ცდილობს არჩევნებზე იქონიოს ზეგავლენა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიტანოს დემოკრატიული არჩევნების გზით. რუსეთი დემოკრატიას მიიჩნევს სისუსტედ და ასევე ძალიან დაბალი წარმოდგენისაა ამომრჩევლის გონებრივ შესაძლებლობებზე. მიაჩნია, რომ ტყუილებით, საინფორმაციო ომით შეძლებს მათ შეცდომაში შეყვანას და მისცემს მათ იმგვარ მიმართულებას, რომ მათ აირჩიონ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს აწყობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მიგრაციის თემა ეს არის ერთ-ერთი რუსული თემა სწორედ ამ პროპაგანდაში, საინფორმაციო ომში, ჰიბრიდულ ომში.

_ ეს თემა ჰქონდა მარინ ლე პენსაც.

_ არა მხოლოდ ლე პენს. იმის გამო, რომ მერკელის პოზიცია განმსაზღვრელია ევროპის სანქციების შენარჩუნებაში რუსეთის წინააღდეგ, რუსეთს ძალიანაც აწყობს მერკელის ჩანაცვლება გერმანულ პოლიტიკურ ასპარეზზე და კარგა ხანია, კამპანიაც აქვს აგორებული ანგელა მერკელის წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, რა დაძაბული ფონიც იყო შექმნილი გერმანიაში, სწორედ მიგრანტების თემის გარშემო. იგივე განვითარდა ლე პენის შემთხვევაშიც, მაგრამ გასულ წელს მოხდა მნიშვნელოვანი რამ, რამაც რადიკალურად შეცვალა ვითარება: რუსეთის მცდელობები გამოაშკარავდა და თუ ის წინა წლებში ფარულად ცდილობდა და ახერხებდა ჰიბრიდული ომის წარმოებას, დღეს უკვე დასავლეთი ძალიან კარგადაა ინფორმირებული და იცის, რას აკეთებს რუსეთი.

_ თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რაც დღეს ხდება შტატებში, ტრამპის ოჯახი ღიადაა დადანაშაულებული რუსეთთან კავშირში.

_ იმ სკანდალებმა, რაც თან ახლდა ტრამპის არჩევას, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპაშიც და ძალიან ცუდად იმოქმედა იგივე ლე პენის შანსებზე.  იმიტომ რომ ფრანგებმა საფრთხე დაინახეს და გააცნობიერეს. ვფიქრობ, იგივე მოხდება გერმანიაშიც და დამაჯერებლად გაიმარჯვებს მერკელიც, რადგან საზოგადოება მიხვდა, რამხელა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ეს საინფორმაციო, ჰიბრიდული ომი. რუსეთი ტანკებით კი აღარ ცდილობს ევროპის დედაქალაქებში შესვლას, არამედ იმ გზით, რომ დაიპყროს ამომრჩევლის ტვინი და გონება _ მათივე ხელით განახორციელოს მათი ქვეყნის ხელში ჩაგდება. საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საინფორმაციო ომი მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაშიც. იგივე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელში მყოფი საინფორმაციო საშუალებები და ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებები წარმოადგენენ პირდაპირ რუსულ საინფორმაციო იარაღს, რომელიც ტვინს უწამლავს ჩვენს მოსახლეობას. ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ქვეყანაში არეულობის შემოტანა, საზოგადოებრივი უკმაყოფილების კერების შექმნა-გააქტიურება, სწორედ ამას ემსახურებოდა იმ მარშის გამართვაც. ასევე, ჰიბრიდული ომის ნაწილია უზარმზარი ფულის ხარჯვა პოლიტიკაში და ჩვენ ვხედავთ, დღეს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთიდან შემოდის ფული სრულიად შეუზღუდავად და იხარჯება, ისე როგორც რუსეთს აწყობს და ამის კონტრიოლს არავინ აწარმოებს. ამის გარდა, რუსეთი დღეს უფრო სოლიდურადაა წარმოდგენილი ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში, ვიდრე ოდესმე. ასევე, ამ ჰიბრიდული ომის წარმოებისას რუსეთი იყენებს ე. წ. რბილ ძალას, კულტურული გავლენის სფეროების შექმნას. ჩვენ ვხედავთ, იმართება რაღაც კულტურული ღონისძიებები, რომელიც თავს გვახვევს და გვაჩვენებს იმას, რომ რუსეთი არაა დამპყრობელი, მტრული სახელმწიფო, რომ ისაა მეგობრული სახელმწიფო… ერთ-ერთი ფრანგი დიპლომატი მეუბნებოდა, რომ ქართულ სკოლებში მეორე უცხო ენად ვეღარ შეაქვთ ფრანგული, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს, რომ რუსული ისწავლებოდეს. ეს ყველაფერი არის რბილი ძალის გამოყენება. სხვათა შორის, ეს რუსეთმა დასავლეთისგან ისწავლა და ახლა საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, მაგრამ მათი მხრიდან ამ რბილი ძალის გამოყენება სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, ვიდრე მას იყენებს დასავლეთი. საქართველოში რუსეთის გავლენის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა. რუსეთისთვის ამ ქვეყანაში მთავარი სამიზნე რომელიმე პოლიტიკური ძალა კი არა, დემოკრატია, დემოკრატიული მმართველობაა. ეს არის ის, რაც რუსეთს სურს, რომ დაანგრიოს საქართველოში.

_ რით უნდა უპასუხოს ამ მცოცავ უკუპაციას ხელისუფლებამ?

_ პირველ რიგში იმით, რომ უნდა გააძლიეროს ჩვენი შესაძლებლობები დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან. ჩვენს დროს იყო გაძლიერებული ეს შესაძლებლობები, მაგრამ ამ ხელისუფლებამ შეასუსტა და მოშალა, იმიტომ რომ გამაღიზიანებელი იყო რუსეთისთვის. გამაღიზიანებელი იყო სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ეფექტიანი გზა, რათა შენი ინტერესები დაიცვა და რუსეთს ყოველთვის აღიზიანებს ყველაფერი, რასაც შენ სწორად აკეთებ შენი ინტერესების დასაცავად. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს გაძლიერება საოკუპაციო ხაზთან. ამის გარდა, ჩვენ დღეს ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს, აღარ ვართ მარტო დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ძალიან დიდხანს ვითხოვდით ევროკავშირის მისიის განლაგებას საქართველოში და ყოველთვის ვიღებდით უარს, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან გამაღიზიანებელი რუსეთისთვის და ომის შემდეგ არსებობს ეს სადამკვირვებლო მისიები, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ, დავაფიქსიროთ დარღვევები, დავუპირისპირდეთ უკეთესი მონიტორინგით, წინ წამოვწიოთ ეს დარღვევები და დავბრუნდეთ საერთაშორისო დღის წესრიგში. არ უნდა შევუქმნათ კომფორტი რუსეთს, რომ აქ ჩაბეტონებული, გაყინული კონფლიქტია და ამიტომ შუძლიათ, რომ დაივიწყონ. როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახვებთ, რომ აქ გაყინული კონფლიქტი კი არაა, არამედ მუდმივი საშიშროების მატარებელი სიტუაციაა, საერთაშორისო თანამეგობრობასაც გაუჩნდება მოტივაცია, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას.

_ ამის ნათელი მაგალითია, რაც მოხდა აქციაზე საოკუპაციო ხაზთან, როდესაც ხალხმა პროტესტი გამოხატა, იქ აშშ-ს ელჩი მივიდა…

_ რა თქმა უნდა, თუ შენ არ ყვირი, შენს ინტერესებს არავინ დაიცავს. მუდმივად ყურადღების მიქცევა არაა ადვილი საქმე. როდესაც დიპლომატი ვიყავი, ჩემთვისაც არ იყო ნამდვილად კომფორტული მუდმივად პრობლემების წამოწევა. ხანდახან მეცინებოდა კიდეც და ვამბობდი, მალე, ალბათ, ჩემს დანახვაზე კაბინეტებში შეიკეტებიან-მეთქი ევროპელი დიპლომატები, იმდენად გადაღლილი იყვნენ ჩვენი მუდმივად ყვირილით ამ თემებზე. მაგრამ ასე თუ არ მოიქეცი, სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. თუ შენ ამ ყვირილის ნაცვლად შექმნი ილუზიას, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ შენ შეგიძლია გქონდეს ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან და, პრინციპში, არაფერი საგანგაშო არ ხდება, მაშინ შენ გამო თავს ვინ აიტკივებს და რატომ აიტკივებს? ან რატომ უნდა აიტკიოს ვინმე სხვამ შენი პრობლემების გამო, თუ შენთვის პრობლემაც არაა? რაც შეეხება აქციას საოკუპაციო ხაზთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აქცია შედგა. მე, სამწუხაროდ, ბათუმში ვიყავი და ვერ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ აღმაშენებელზე აშკარად მეტი ხალხი იყო, ვიდრე ოკუპაციის ხაზთან.

_ ეს არის იმის შედეგი, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომლის წარმომადგენელი გამოვიდა და საოკუპაციო ხაზთან აქციაში მონაწილეები სპეკულაციაში დაადანაშაულა.

_ საოცარი განცხადებები გააკეთეს, მეტიც: მინდა გითხრათ, ეს ხდება იმიტომაც, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, ამ აქციის შესახებ, შეგნებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასაც კი! რომ თითქოს იქ ვინმე პროვოკაციებს გეგმავდა, ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, რომელსაც შეიძლებოდა, რაღაც ინციდენტები მოჰყოლოდა და ა. შ. ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ დიპლომატებს ამ მშვიდობიანი აქციის შესახებ, რომელსაც გეგმავდნენ პატრიოტი ადამიანები საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ასეთი ხელისუფლების პირობებში ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს არანაირი იმედი, რომ ისინი შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.

_ ეს მცოცავი ოკუპაცია შეიძლება დასრულდეს მაგისტრალის მითვისებით? და ქვეყნის რეალურად შუაზე გაგლეჯით? შეიძლება, წავიდეს რუსეთი ასეთ გამწვავებაზე?

_ რუსეთი 2008 წელს წავიდა საქართველოსთან ომზე, წავიდა იმიტომ, რომ მიაჩნდა, მისი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს იმ მომენტში აუცილებელი იყო. ამიტომ ჩვენ ვერასოდეს გამოვრიცხავთ იმას, რომ რუსეთი არ წავა ამგვარ გამწვავებაზე, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია აწყობილი თავდაცვის საშუალებები და ასევე დიპლომატიური და პოლიტიკური თავდაცვის მექანიზმები. ამ ორივე ფრონტზე, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თავდაცვა აღარ არის პრიორიტეტი. საქართველოსნაირ ქვეყანას არ შეიძლება თავდაცვა არ ჰქონდეს უმთავრეს პრიორიტეტად, მაგრამ, სამწუხაროდ, ესაა სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც სრულად ესადაგება რუსეთის ინტერესებს. რუსეთს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, რუსეთს სურს, საქართველო იყოს შეუმდგარი სახელმწიფო, რომელსაც არც ძლიერი თავდაცვის სისტემა ექნება, არც ძლიერი დიპლომატიური სამსახური და არც სხვა ძლიერი სახელმწიფო სამსახურები. როდესაც რუსეთს ამ მიზნის მიღწევაში პირდაპირ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება _ თავისი მოქმედებებით თუ უმოქმედობით, ისინი ამით, რა თქმა უნდა, ასრულებენ რუსეთის დაკვეთას და რუსეთის ინტერესებს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო იყოს ისევ კორუფციაში ჩაფლული, შეუმდგარი მაფიოზური სახელმწიფო, რომელსაც „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ქვეყანა აუცილებლად დაემსგავსება.

_ აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით ხელისუფლების პასიურობაზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბევრად მეტი ხალხი იყო აღმაშენებელზე, ვიდრე საოკუპაციო ხაზთან, პირდაპირ მიანიშნებს საზოგადოების პასიურობაზეც. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე, რომ ქუჩაში მოსიარული თურქი და არაბი, ან შაურმის სუნი უფრო მეტს აღელვებს, ვიდრე ის, რომ ოკუპანტს მიწა მიაქვს?

_ ალბათ, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ოკუპაცია ჩვენთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა და დროსთან ერთად იზრდება საზოგადოების შემგუემბლობაც… თუმცა ამას სჭირდება, ისევ და ისევ, მიზანმიმართული მუშაობა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე 5 წელიწადია, არათუ საერთაშორისო, ჩვენი შიდა დღის წესრიგიდანაც კი გამქრალია ოკუპაციის თემა.

_ გამქრალის გარდა, რამდენჯერაც მოხდება ეს გადმოწევა და ყვირილი ატყდება, გამოვა ქუცნაშვილი და ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გამოვა სუბარი და იტყვის, რომ ეს ოკუპაცია არაა…

_ ჩვენ ყველას გვახსოვს ეგ განცხადებები და როდესაც ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადმოწვენ თუ არა ბანერს, ადამიანებსაც არ უჩნდებათ განგაშის განცდა. ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ ამ 5 წლის მანძილზე ქვეყანაში ააყვავა ქსენოფობიური რიტორიკა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის რუსეთის ხელში არსებული იარაღი იმისთვის, რომ ამ ქვეყნაში სიტუაცია არიოს და საქართველო წარმოაჩინოს ისეთ ქვეყნად, სადაც არ არსებობს ევროპული ღირებულებები, არ არსებობს ტოლერანტობა, კანონის პატივისცემა და უზენაესობა. სამარცხვინოა, რომ ამგვარ აქციაზე იყენებენ იმ ტოლერანტი მეფის სახელსა და ხატს, რომელიც ყველაზე დიდი კოსმოპოლიტი იყო. მის დროში ასე არ იწოდებოდა ეს ფენომენი, მაგრამ იგი, თავისი აზროვნებით, გადაწყვეტილებებით მართლაც ყველანაირად ასწრებდა თავის დროს და ამით იყო იგი სრულიად უნიკალური მმართველი.

_ მსოფლიო ისტორიაში ძნელად მიპოვება ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მეფეს ასე მასობრივად ჩაესახლებინოს თავის ქვეყანაში უცხოელები და ხელი შეეწყოს მათი ასიმილაციისთვის.

_ დიახ, ეს იყო სრულიად უპრეცედენტო რამ, დავით აღმაშენებელი ბევრად უსწრებდა თავის ისტორიულ დროს, რეალობას, პოულობდა იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან ეფექტიანი იყო იმიტომ, რომ იყო ინოვაციური  და როდესაც მისი სახელით სპეკულირებენ და იყენებენ ბნელი მიზნებისთვის, ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ამაზე უფრო სამწუხაროა ის, რომ ჩვენი საზოგადოების, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ ნაწილს არ ესმის, რომ მათ იყენებენ ბრმა იარაღად საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, სადაც ადამიანები, ზოგადად, იქ არიან, სადაც არის მათი ადგილი და მათი ადგილი შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას, სადაც მათ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება. არათუ არ უნდა გვაღიზიანებდეს ის, რომ უცხოელები აქ ჩამოდიან, პირიქით, ეს უნდა გვაძლევდეს იმედს, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. რატომ ჩამოვა ვინმე, თუ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს? რატომ ჩამოდიან? ესე იგი, აქ არის განათლების მიღების შესაძლებლობა, ესე იგი ამ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პერსპექტივა, ესე იგი გვაქვს წარმატების შანსი. მიგრანტებზე ევროპული საზოგადოების ნაწილშიცაა გაღიზიანება, ევროპელები მიიჩნევენ, რომ მიგრანტებს მეტი მაიქვთ, ვიდრე შემოაქვთ ევროპულ საზოგადოებაში. ამ აზრს შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ, ასე თუ ისე, გასაგებია, ევროპელების ბიუჯეტს მართლაც მძიმე ტვირთად აწევს მიგრანტების დიდი ტალღები და საზოგადოებას კითხვები აქვს, რომელზედაც პასუხს მოელის, მაგრამ ჩვენ რას ვუჯანყდებით? ჩვენთან ჩამოდიან, ძირითადად, სასწავლებლად, რომლებიც იხდიან გადასახადს და ამ გადახდილი გადასახადიდან ხელფასს იღებენ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენთან ჩამოდიან ინვესტორები, ასაქმებენ ხალხს, იხდიან გადასახადებს და ეს არაა კონტრიბუცია ჩვენთვის? თურქი რომ ჩამოდის და ბიზნესს ხსნის აქ, ან არაბი სავაჭრო ცენტრს, ეს არაა მომგებიანი ამ ქვეყნისთვის? ან ირანელი ტურისტი რომ ჩამოდის და აქ ფულს ხარჯავს, ეს არაა მომგებიანი? ვის ებრძვიან? სად არიან არალეგალი ემიგრანტები საქართველოში, რომლებიც სისხლს წოვენ საქართველოს ბიუჯეტს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესაა რუსეთის მცდელობა _ საზოგადოებაში შეიტანოს დაპირისპირება. რაც უფრო მეტი დაპირისპირება და კონფლიქტის მეტი კერა იქნება ჩვენს საზოგადოებაში, მით უკეთესია ეს რუსეთისთვის. ჩემი აზრით,  საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მსჯელობა ამ პრობლემაზე, ჯანსაღი ძალები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ ანტიქსენოფობიური პლატფორმის გარშემო, საკუთარ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რამხელა საფრთხეს გვიქმნის ამ ტენდენციების გაღრმავება და როგორ შეიძლება ეს გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის,  მათი და მათი შვილების ინტერესების წინააღმდეგ.

 

რეზო შატაკიშვილი