წერილი ციხიდან – ,,არ დამიცვა საქართველოს კონსტიტუციამ!”

„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ რედაქციაში უამრავი წერილი მოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სადაც პატიმრები სხვადასხვა სახის პრობლემაზე საუბრობენ. ამჯერად წერილი რუსთავის #6 დახურული ტიპის დაწესებულებიდან მივიღეთ. პატიმარი მორეს კურტანიძე შესაბამისი ორგანოებიდან ყურადღების მიპყრობას გაზეთის მეშვეობით ცდილობს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ საპატიმროდან გამოგზავნილ მორეს კურტანიძის წერილს:

„მოგახსენებათ, რომ პროკურორმა სალომე კვირკველიამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითური გზით, ჩემი კუთვნილი ფული მიითვისა და სამოხელეო დანაშაულებრივი გზით შეადგინა ჩემ წინააღმდეგ მორალური ზიანის ბრალდება და თავის თანამზრახველ მოსამართლეებთან ერთად, განზრახ უკანონოდ დამაპატიმრა და მსჯავრი დამდო. მოსამართლეებმა განაჩენ-განჩინებების ფალსიფიკაცია მოახდინეს. ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩემმა ადვოკატმა თაღლითური გზით გამომძალა ფული _ 1800 ლარი, შეეკრა ზემოთ ხსენებულ სამოხელეო დანაშაულში მხილებულ სახელმწიფო მოხელეებს და სასამართლოში ჩემი ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა. პროკურორმა და ადვოკატმა ჩემი კუთვნილი ფული გამომძალეს და მიითვისეს, მე კი ციხეში გამომკეტეს პროვოკაციული მორალური ზიანისთვის, შემდეგ კი მოითხოვეს, სასჯელაღსრულების სამინისტროში მეგობრულად და შინაურულად #6 საპყრობილეში შემოვესახლებინე, რათა არ შემძლებოდა მათი საჯაროდ მხილება და კარგად ვყოფილიყავი დამალული.

ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ არაერთი საჩივარი გადაიგზავნა პროკურატურაში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამემოწმება, მაგრამ სამოხელეო, სისტემურ დანაშაულზე პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს და არც ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს მიერ ჩემ მიმართ თაღლითური გზით ფულის გამოძალვის ფაქტზე. ამაშიც დამემოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადგან თავად გადაგზავნა ჩემი უამრავი საჩივარი პროკურატურაში, ხოლო პროკურატურა ჩემს საჩივრებს პროკურორ სალომე კვირკველიასთან აგზავნის. პასუხად მწერენ, ჩვენ ერთი გუნდი ვართო, ანუ ადეიშვილი პროკურატურას დაუბრუნდა.

დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ვალდებული არის თუ არა პროკურატურა, რომ გამოძიება დაიწყოს, მოვიდნენ ჩემთან და გამომკითხონ? მატერიალურად და მორალურად დაზარალებული ვარ. უამრავი მტკიცებულება არსებობს ამის შესახებ, პროკურატურა სრულ იგნორირებას მიკეთებს, ვის მივმართო? ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს? ვინ დამიბრუნებს ჩემს სიკეთეს, თუნდაც მატერიალურს? ხომ გაქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნისა და ქვეყნის მართვის, ხომ წარმოადენთ ხელისუფლებას და პრეტენზიას გამოთქვამთ კონსტიტუციის გარანტიებზე, ფაქტია, არ დამიცვა საქართველოს კონსტიტუციამ! კონსტიტუციით გარანტირებული ჩემი უფლებები ფეხქვეშ გათელა და შეილახა სახელმწიფო მოხელეების მიერ. ამის თაობაზე უტყუარი მტკიცებულებები გამოგიგზავნეთ ბოლო რვა თვის განმავლობაში და ამის შედეგ რატომ ვზივარ ციხეში? ათასჯერ მოგწერეთ საჩივარი, რომ პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს ჩემს საჩივრებზე და მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც პროკურატურაში აგზავნით ჩემს საჩივრებს. თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში რატომ არ მოქმედებთ, ნუთუ, საკუთარი უფლებამოსილების ნების გამოვლენისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობები არ გეძლევათ? თქვენი ხელისუფლების პერიოდში სამგზის უკანონო პატიმრობა მოვიხადე, შიგნიდან საჩივრებით მოგმართავთ, გარედან _ გაზეთებით, მაგრამ ყურადღება ნულის ტოლია. უამრავი მიმართვა მაქვს გაკეთებული თქვენი მისამართით, ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება ციხეში უკანონოდ უნდა გამატარებინოთ? გარეთ გამოვდივარ და სახელმწიფოსგან ელემენტარული მხარში დგომა არ იგრძნობა, საზღვარგარეთ მივდივარ, ჩემი შრომით რაღაც გროშებს გამოვიმუშავებ, ჩამოვდივარ საქართველოში და პროკურორების მსხვერპლი ვხვდები, ჩემს ნაშრომს უკანონოდ მართმევენ სახელმწიფოს სახელით, ამ სამოხელეო დანაშაულს ნიღბავენ და არარსებული მორალური ზიანისთვის დამნაშავედ მცნობენ. ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკო?! როგორც მოგეხსენებათ, ახლად გამოვლენილ გარემოებებს ვადა არ აქვს, ერთხელაც იქნება და ამ „დაგროვილ კაპიტალს“ დავძრავ სტრასბურგის სასამართლოში, უამრავი პირდაპირი სისხლით ნათესავი მყავს უცხოეთის მოქალაქე, რომლებიც სამართალმემკვიდრეებად გამოდგებიან. „დეპოზიტზე“, დაახლოებით, 15 წელიწადი მაქვს საქართველოში უკანონო პატიმრობით მოხდილი, ხოლო 8 წელიწადი წამების პირობებში გატარებული. როგორც მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოები ფეხზე რომ დადგეთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენთ. სჯობს, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებაზე იზრუნოთ. საფუძველშივე მოსპეთ დამნაშავე ჩინოვნიკი, ნუ გაართულებთ დაავადებას, სანამ გართულებები და ამპუტაცია დასჭირდება დამპალ ორგანოს, მანამდეა საჭირო მკურნალთან მისვლა.

არ ვიცი, რა ენაზე ვილაპარაკო? კიდევ ერთხელ მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გამათავისუფლეთ უკანონო პატიმრობიდან, მძევლობიდან, ამინაზღაურეთ მოყენებული მორალური და მატერიალური ზიანი და მომხსენით ნასამართლეობა და სამართლიანი, კანონიერი რეაგირების შესახებ მერე ვიმსჯელებ, მივმართო თუ არა სტრასბურგის სასამართლოს. ჩემი საჩივარი დაიწერება ააიპ „სამართლიანი საქართველოს“ სახელით“.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს დაუკავშიდა:

_ მორეს კურტანიძეს ედავებოდნენ მუქარის ფაქტს, პირადად მან გადაწყვიტა, რომ ვყოფილიყავი მისი ადვოკატი. გვერდით ვედექი, არაერთი საინფორმაციო ხასიათის მიტინგი მომიწყვია, მედიაში გამიჟღერებია, რომ კაცს ასეთი პრობლემა აქვს და მიექციათ ყურადღება, რაც ჩემს უფლებასა და მოვალეობაში შედიოდა, ყველანაირად გვერდით ვედექი. რაც შეეხება ჰონორარს, რომ აცხადებს, გამომძალაო, როგორ უნდა გამომეძალა, მისი ადვოკატი ვიყავი ოფიციალურად და მისმა ოჯახმა ეს თანხა ოფიციალურად გადამიხადა. გამოძალვა რაში გამოიხატება, ეს საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც მე ამ დავაში ჩავერთე, მორეს კურტანიძე სასამართლო დარბაზიდან იყო გაძევებული. იმდენი მოვახერხე, რომ პროცესზე დაბრუნებულიყო. რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ უკანონო პატიმარი იყო, მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი. მას მიაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ დევნა იყო დაწყებული და წინა პატიმრობის შემდეგ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, როდესაც ციხიდან გამოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, აცხადებდა, რომ ის იდევნებოდა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო და მეც ამას ვახმოვანებდი. შემდეგ პრობლემა წარმოიშვა იმაში, რომ მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, სამართლებრივად ყველანაირად დავეხმარე, სხდომის დისკებს შეგიძლიათ მოუსმინოთ, რა დღეში ვიყავი, როგორ ვითხოვდი, მაგრამ თავისებური ადამიანია და რაღაც საკითხებს ძალიან ხისტად უყურებს, რომელიც არასამართლებრივ ჭრილშია განსახილველი და ემოციურად გამოხატავს ამ ყველაფერს. სულ ვეუბნებოდი, რომ შესაძლებელია, ამ ქმედებით ზეგავლენა მოახდინო სასამართლოზე, შესაძლებელია, ეს შედეგზე აისახოს-მეთქი. მართლაც აისახა და რატომ: ერთ-ერთ სხდომაზე, მოწმის დაკითხვის დროს, მორეს კურტანიძემ მას მიმართა და მოსამართლემ იქვე უთხრა, რომ ეს იყო მოწმეზე მუქარა. მოკლედ, რასაც ედავებოდნენ, ფაქტობრივად, სასამართლოზე იგივე გაიმეორა. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ მოსამართლემ ჩათვალა _ მორეს კურტანიძე ნამდვილად არის მოძალადე, თორემ მე დღესაც მიმაჩნია, რომ იგი აღნიშნულ საქმეზე მართალი კაცია, რაც არ უნდა თქვას, რომ მე მოსყიდული და შეკრული ვარ სასამართლოსთან და პროკურატურასთან.

 

 

თამარ ბატიაშვილი