“ცხრა წლის ჯოჯოხეთიდან” პორტირებულები: ანზორ ბოლქვაძე

ანზორ ბოლქვაძე _ ვინ იყო და ვინ არის ახლა?

ანზორ ბოლქვაძე 1960 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. ბავშვობა სოფლად, ხულოს რაიონის პატარა და მთიან დასახლებაში, უჩხოში გაატარა. სკოლისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, 2001-2008 წლებში, იგი სამეურნეო საქმიანობას ამავე ხულოს ნოყიერ მიწაზე ეწეოდა. 2008 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ის ხულოს საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრად, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ისე აირჩიეს. ანზორ ბოლქვაძე 2008 წელს კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციამ წარადგინა. ბოლქვაძე სადეპუტატო საქმიანობას და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ წევრობას 2012 წლამდე უსიტყვოდ განაგრძობდა. თუმცა დეპუტატობის ხიბლში ჩავარდნილი ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით 2012 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ისევ დასახელდა და დეპუტატი მეორედ იმავე საარჩევნო ოლქში კიდევ 4 წლით გახდა.
მეორედ არჩევიდან ანზორ ბოლქვაძე მალევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაგინებელთა და პორტირებულთა რიგებს შეუერთდა. უფრო კონკრეტულად: როდესაც ის დარწმუნდა, რომ ხელისუფლება საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა, ხულოელი ანზორ ბოლქვაძეც „ოცნებაში“ უსიტყვოდ გადაბარგდა. ასე გახდა „ნაციონალი“ ანზორი „ოცნებაში“ პორტირებული მაჟორიტარი 2016 წლამდე.
ანზორ ბოლქვაძე დღეს უკვე რიგით მესამედ არჩეული მაჟორიტარია. ახლა ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრია იმავე რაიონიდან და იმავე ხულოს 73-ე საარჩევნო ოლქიდან. თუმცა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ არის პარტიებში „ხტომიალის“ რამდენიმე სხვა ფაქტი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ანზორ ბოლქვაძეს მაჟორიტარობაზე წითელი ბარათი უჩვენა და როგორც პორტირებულ ყოფილ „ნაციონალს“, მომავალ პოლიტიკურ გზად ხულოს ბილიკები და სახლის მისამართი მიუთითა. ანზორი კი ამაზე გაბრაზდა და „ქართული ოცნებიდან“ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში _ „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარტიაში მეორე დღესვე ისკუპა. ანზორმა ივანიშვილის „ოცნებას“ სახელმწიფოს მტერი უწოდა.
ანზორ ბოლქვაძისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გაყრა დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა მაშინვე მავანისგან ითქვა, რომ ბოლქვაძე სუს-მა პაატა ბურჭულაძის პარტიაში საგანგებოდ გადარგო და ბიძინას გინების უფლებაც, როგორც ჩანერგილმა აგენტმა, მიიღოო.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩვენი ხულოელი ანზორ ბოლქვაძე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან, სხვა წევრების მსგავსად, 2016 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბურჭულაძის ლანძღვა-გინების ფონზე წამოვიდა და ისევ „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. ასე გახდა ანზორ ბოლქვაძე ხულოდან საქართველოს პარლამენტის წევრი მესამედ და ის დღემდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დარბაზის ნაწილს ისევ ამშვენებს.
ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ ანგარიშზეა 2008-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობაც და ერთ-ერთი კომიტეტის წევრობაც.
ანზორ ბოლქვაძის სადეპუტატო მადას დამატებული აქვს ბიზნეს ინტერესებიც და როგორც ხულოს მცხოვრებლები ამბობენ, ბოლქვაძეს ეკუთვნის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ხულოში, არაერთი სასტუმრო, მიწის ნაკვეთები, აჭარაში მიმდინარე კორპუსის მშენებლობები და ეს ყველაფერი სხვადასხვა პირზე დღემდე საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულად აქვს გადაფორმებული.