“ცხრაწლიანი ჯოჯოხეთიდან” პორტირებულნი – გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე _ ვინ იყო და ვინ არის ახლა?

გუგული მაღრაძე სამამულო ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე _ 1945 წლის 9 აპრილს დაიბადა.
ბავშვობა წყალტუბოს რაიონში გაატარა. დაამთავრა თსუ და პროფესიით ფილოსოფოს-ფსიქოლოგი გახდა. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სწორედ ამ დროს გაიცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რასაც გუგული მაღრაძის დიდი სისწრაფით აღზევება მოჰყვა. ერთგულების მანტიაში გახვეული მაღრაძე პრეზიდენტ სააკაშვილის იდეების მიმდევარი მალევე გახდა და 2004 წლის მე-6 მოწვევის პარლამენტშიც ამოჰყო თავი. საპარლამენტო ცხოვრება გუგულიმ პარტიული სიით „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაიწყო. თუმცა 2008 წელს გუგული „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან გაუშვეს და მე-7 მოწვევის საპარლამენტო ცხოვრებაში აღარ ჩააბეს. „გუგულა ძალო“ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადავიდა. ამის შემდეგ გუგული მაღრაძემ რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება, პარტია და ბლოკი გამოიცვლა. თუ სად, ვისთან და როგორ, ამის ჩამოთვლას დეტალურად რამდენიმე გაზეთის სპეცნომერი დასჭირდება და ამიტომ ამ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. ბოლოს კი გუგული მაღრაძემ იარა, იარა და 2012 წელს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ დროის „ასტანოვკა“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოძრაობის ბაქანზე იპოვა. გუგული მაღრაძე „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთი პორტირებული „ნაციონალია“ და ის დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტარია.
საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციით გუგული მაღრაძე ფლობს სამ სახლს თბილისში, ქობულეთსა და ზესტაფონში; ასევე არის „ბანკ ქართუს“ ერთგული კლიენტი და ბიძინა ივანიშვილის ბანკში სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის გარდა, სადეპოზიტო კლიენტიცაა.

გიო ნაცაძე