ცოტნე კობერიძე: „მშვიდად ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს! შეიძლება, მალე გასაქცევები გავხდეთ ამ ქვეყნიდან“

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მმართველი პოლიტიკური პარტიისა თუ ოპოზიციის ფლანგზე, ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. ისინი არათუ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთნენ აქტიურად, არამედ თავადვე არიან ამ პროცესის ნაწილი და მათი კანდიდატურები მნიშვნელოვანი თანამდებობების დასაკავებლად არის წარდგენილი ამა თუ იმ პარტიის მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ პარტია „გირჩი _ მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი, ცოტნე კობერიძე, რომელიც თბილისის ვიცე-მერობისთვის ოპოზიციის გაერთიანებულ ძალებთან ერთად იბრძოლებს.

კობერიძის კანდიდატურის დასახელებას დიდი ვნებათაღელვა მოყვა საზოგადოებაში და სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ იმაზე, რომ ასეთ ახალგაზრდა ბიჭს გამარჯვების შემთხვევაში გაუჭირდებოდა დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევა. თუმცა თავად ცოტნეს ყოველივე ამაზე და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი შეხედულებები აქვს, რომელიც მან „ქრონიკა+“-ს გაუზიარა.

გთავაზობთ ინტერვიუს „გირჩი _ მეტი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელთან და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატ ცოტნე კობერიძესთან:

_ ცოტნე, სანამ სხვა თემებზე გადავალ, მანამდე მინდა გკითხოთ: როგორი იყო რეაქცია, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი თქვენს ასაკზე აპელირებდა (დღემდე აპელირებს) და მიიჩნევდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებდით დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევას?

_ მიჩვეული ვარ, ჩემს ასაკს რომ უსვამენ ხაზს. სანამ გადავწყვეტდი, ვიცე-მერობის პრაიმერისში მიმეღო მონაწილეობა, ბევრი ვიფიქრე, რამდენად ნეგატიური გამოხმაურება ექნებოდა ჩემს ამ ნაბიჯს. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, საკუთარ თავს პატივს ვცემ და არ ვაძლევ გარედან წამოსულ ნეგატივს თავი დავაზიანებინო. თუმცა მთლად ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა, ნამდვილად არ მეგონა. საქართველოში აქამდე ვიცე-მერობის კანდიდატი არავის მოუკითხავს, ვინ იყო, რამხელაა და ა. შ. ისე დიდი გაოცება გამოვიწვიე, რომ სმარტფონი ამიფეთქდა ლანძღვით ან გამხნევებით. ამან გამაკვირვა და მივხვდი, რომ ამხელა ყურადღება იშვიათად თუ მექნებოდა საზოგადოებისგან, ამიტომ გადავწყვიტე, ვისაუბრო ჩემს მთავარ იდეაზე, მეტ თავისუფლებაზე და ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად განწყობილები, ჩასაფრებული მიყურებენ, ეს ყურადღება საჩემოდ მოვმართო. მისმენენ და ხვდებიან, რომ ცუდს არაფერს ვეუბნები, ნაფიქრი მაქვს იმაზე, რაზედაც ვსაუბრობ და არანაირი პირადი მიზნები არ მამოძრავებს. მგონია, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ გულწრფელად მაწუხებს ჩემი სასაუბრო თემები და ნელ-ნელა იკლებს კრიტიკა ჩემდამი.

_ „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი _ მეტი თავისუფლება“, „დროა“ _ ეს სამი განსხვავებული პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანდა და სამი ერთმანეთთან ბმაში მყოფი თანამდებობა უნდა გადაინაწილოს. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ერთმანეთის მიმართ კრიტიკულები იყოთ და ღიად მიუთითოთ დაშვებულ შეცდომებზე?

_ მე და ჩემს პარტიას გამოკვეთილი იდეოლოგიური და ეთიკური ღერძი გვაქვს, კლასიკური ლიბერალები ვართ, თითქმის ყველა პარტიისთვის ჩვენი ხედვების ნაწილი მიუღებელია, არასდროს მოვრიდებივართ ვინმეს კრიტიკას. ეგ კი არა, ერთმანეთიც რომ არ მოგვწონდა, პარტია გავყავით, მით უმეტეს, სხვა პარტიის კრიტიკა „გირჩს“ ნამდვილად არ გაგვიჭირდება. სხვაგვარად „გირჩი“ ვერ იარსებებს. ჩვენ გვყავს ჩენი ამომრჩეველი, რომელიც თან ჩენი წევრიცაა, ჩვენთან ერთად იდეების გამავრცელებელია, თვითმყოფადი. ასეთი ხალხი ერთი წამით არ გაჩერდება „გირჩთან“, თუ შეატყობს, რომ იგი თავს იკავებს გულწრფელად საუბრისგან საკუთარ ხედვებზე და სხვასთან ენას იჩლექს.

_ დღევანდელი მონაცემებით, როდესაც უკვე ცნობილია გარკვეული სახის მონახაზები, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პარტიული კვლევების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ შეძლებთ მმართველი პარტიის დამარცხებას?

_ ვფიქრობ, იმის შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში პროპორციული ხმების 43 პროცენტზე მეტი ვერ აიღოს, საკმაოდ რეალურია. არ ვიცი, ცალკეულ ქალაქებში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები რას იზამენ, მაგრამ ჯამში, რეფერენდუმად წოდებულ ბიულეტენში ვგულისხმობ პროპორციულ ნაწილს. საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ დამარცხება სრულიად რეალურია. თუმცა არც წაგებას გამოვრიცხავ, იმ პოლიტიკოსების რიგს არ მივეკუთვნები, უეჭველად მოვიგებთო, რომ ამბობენ. ისე, კაცმა არ იცის, რა იქნება, გარანტიები არ არსებობს, „ოცნება“ რთული მეტოქეა, ამიტომ ვითხოვ მხარდაჭერას, თორემ დიდი უპირატესობა რომ გვქონდეს და უეჭველად ვამარცხებდეთ, მშვიდად ვიქნებოდი. მე კი მგონია, რომ მშვიდად ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს, შეიძლება მალე გასაქცევები გავხდეთ ამ ქვეყნიდან, რომ ვიცი, რომ შეიძლება ოპოზიცია დამარცხდეს. ამიტომ მგონია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ხმის ფასი უნდა გააანალიზოს და არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს. კარგ შემთხვევაში „გირჩი _ მეტი თავისუფლება“ მოხაზოს _ 45 ნომერი.

_ როგორია მოლოდინები არჩევნების წარმართვასთან მიმართებით? ახალი საარჩევნო სისტემის მიუხედავად, მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმას, რომ კვლავ სათავისოდ მოირგოს სიტუაცია და ის შედეგი დაიწეროს, რაც მისთვის არის მისაღები?

_ ჩემი აზრით, არჩევნებზე მმართველ ძალას ყოველთვის აქვს უპირატესობა, გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ეს არის: 1) ადმინისტრაციული რესურსი. აქ შედიან ბაღის, სკოლის მასწავლებლები, სოფლის რწმუნებულები და ა. შ., რომლებიც ხელფასს იღებენ სახელმწიფოსგან. ამ ხალს აიძულებენ, მმართველი პარტიის კოორდინატორები გახდნენ; 2) კორონის გამო გადასატანი ყუთების როლი იზრდება, აქ მმართველი პარტია შეეცდება, საკუთარ ამომრჩევლებთან მიიტანოს ეს ყუთი და მათგან გარანტირებული ხმები მიიღოს; 3) უბანზე ადამიანები, დამკვირვებლებიან უბნის ხელმძღვანელიანად ,ძირითადად სულ მმართველი პარტიისადმი ლოიალური ხალხია. დარწმუნებული ვარ, დისბალანსის პრობლემა კვლავ დადგება; 4) ადამიანებს ისევ იჭერენ წინასაარჩევნოდ ნარკოპოლიტიკის გამოყენებით და საპროცესოს გაფორმების სანაცვლოდ ხმებს მოატანინებენ. ჯამში, არჩევნების დღეს 3%-ს გააყალბებენ, ხოლო არჩევნებამდე ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით გარანტირებულ 15-20%-ს მოაგროვებენ.
ტრადიციულად, ეს ფორა აქვს მმართველ პარტიას და წელსაც ექნება.

_ „გირჩი _ მეტი თავისუფლება“ _ ერთ-ერთია, რომელიც ხელს აწერს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას. თუ მმართველი პარტია 43%-ს ვერ აიღებს და მაინც არ დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, არის თუ არა რაიმე სამოქმედო გეგმა, რითაც აიძულებთ მათ იმ პირობის შესრულებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმებით მისცეს მოსახლეობას?

_ გეგმის ნაწილია, რომ მოვახდინოთ საგარეო წნეხის მობილიზება, რადგან ამ ხელშეკრულების გარანტორი დასავლეთია. და თუ ჩვენ ვანახეთ, რეალურად ხალხიც აღარ უჭერს მართველ ძალას მხარს, მათთვის არგუმენტია, რომ უზურპაციას აქვს ადგილი. გარდა ამისა, უკვე ხალხსა და ჩვენ ყველას მოგვიწევს ჩვენი გადაწყვეტილების დაცვა ყველანაირი ფორმით, ცხადია, ქუჩაში დგომაც მოგვიწევს.

_ პანდემიის პირობებში საკმაოდ რთულია საარჩევნო კამპანიის წარმოება, თუმცა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსახლეობა დაარწმუნოთ, თავისი ხმა თქვენ მოგცეთ. როგორია თქვენი სტრატეგია ასეთ მოკლე დროში და ამ პირობებში?

_ მედიასთან აქტიური თანამშრომლობა, ეთერებში გულწრფელად საუბარი, ასევე ფეისბუქისა და სოციალური ქსელების გამოყენება, გარდა ამისა, ვაპირებ ქუჩაში სიარულს. კარდაკარ არ ვივლი, არ მინდა, ვინმეს პირად სივრცეში შევიდე და იდილია დავურღვიო, შევაშინო, თუმცა ქუჩაში ვივლი, რამდენსაც გავწვდები. ზოგადად, მართლა ძალიან რთულია ამ დროს კამპანიის ჩატარება: ტრანსპორტი არ მოძრაობს, ხალხი შეშინებულია, დღეში 70 ადამიანი კვდება, 70 სამყარო აღარ არის. ამ დროს მათთან მისვლა და საუბარი არჩევნებზე ძალიან მიჭირს, მაგრამ ვინც ვრჩებით ჯერჯერობით ცოცხლები, მართლა მგონია, რომ ხელისუფლების მალე მოშორება ხალხის სიცოცხლეს უკეთესს გახდის, ამიტომ შევეცდები, დავიცვა ბალანსი.

_ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები „ქართული ოცნების“ ოფისიდან, სადაც ვიხილეთ ამომრჩევლის მოსყიდვის „ოცნებისთვის“ ტრადიციად ქცეული მეთოდი: კარტოფილი, ფქვილი და სხვა სახის სასურსათო პროდუქტი. მაშინ, როდესაც „ოცნებამ“ მოსახლეობა ძალიან ბევრჯერ მოატყუა, როგორ ფიქრობთ, კვლავ გაამართლებს ეს მეთოდი?

_ ეს მეთოდი არ ამართლებს მაშინ, როცა ადამიანს სჯერა, რომ კარტოფილზე უკეთეს ალტერნატივას სთავაზობ. თუ დაიჯერა ოპოზიციის ამომრჩეველმა, მაშინ იმ კარტოფილს აიღებს კიდევაც და „ოცნებას“ კი არა, ოპოზიციას მიცემს ხმას. მე არ მაქვს პრობლემა, ადამიანებს ვთხოვ, რომ რომელი პარტიაც რას შესთავაზებს, ყველაფერი აიღონ, ყველას დაჰპირდნენ საკუთარ ხმას და ბოლოს ბიულეტენში ის მოხაზონ, რომელი პარტიაც მართლა მოწონთ და ეიმედებათ.

_ დღემდე არ არის ცნობილი, გახარიას გუნდიდან ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის, როგორია თქვენი მოლოდინები, რამდენად შეძლებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია, ხმები წაართვას „ოცნებას“ ან ოპოზიციას?

_ გახარია ზოგადად თუ ვინმეს წაართმევს ხმას, ეს „ოცნებაა“ და ამ არჩევნებში სიტუაციური მოკავშირეა ოპოზიციის. მგონი, მისი ფაქტორი ჯამში 8-9% პროცენტი იქნება საქართველოს მასშტაბით, რაც შეეხება თბილისში, ასე 6%. თუ კანდიდატი თავად გახარია იქნება, ეს გაზრდის მისი პარტიისადმი მხარდაჭერას. უკვე დროა, უფრო მკაფიო გახდეს გახარიას ტაქტიკა, ძალიან ცოტა დრო დარჩა. ჯერ მისდამი მოლოდინის რეიტინგი არსებობს. რა იქნება არჩევნების დღეს, კაცმა არ იცის.

_ მიუხედავად იმისა, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ისურვა თქვენთან გაერთიანება, მეორე ტურის შემთხვევაში ფიქრობთ, რომ ისინი მხარს დაგიჭერენ თქვენ, ელენე ხოშტარიას ან ნიკა მელიას?

_ პარტიებს, რომლებსაც არსებული პარლამენტის შენარჩუნება უნდათ და საკუთარი პარლამენტარობის გარანტირებულად გახანგრძლივება, ისინი არ დაგვიჭერენ მხარს, არსებულ ოპოზიციაში ასეთი ხალხი იმაზე მეტია, ვიდრე ეს მედიაში ჩანს.

_ ბოლოს, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე მინდა გკითხოთ: რამდენად მართებულია ასეთი რთული პანდემიური პირობების ფონზე არჩევნების ჩატარება ახლა? ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარით მოქმედებს, როდესაც პანდემიის გამო ხალხი არჩევნებზე არ მივიდა, თუმცა მათი ელექტორატის მობილიზება მმართველმა პარტიამ სხვადასხვა მეთოდით მაინც მოახერხა?

_ არ მსურს პოლიტიკურად გამოიყენოს პანდემია რომელიმე მხარემ. თუ მმართველი პარტია ახერხებს ადამიანების მობილიზებას, მაშინ ოპოზიციამაც უნდა მოახერხოს. ხალხი თუ დაიჯერებს, რომ დღეს რა პრობლემებიცაა, ამის მოგვარების გასაღები ოპოზიციაშია, ის მოვა არჩევნებზე. წარმოიდგინეთ, ხალხი ფეხბურთის გამო გაგანია პანდემიის დროს მზადაა შეიკრიბოს და დატკბეს საყვარელი გუნდის ქომაგობით და ამ ხალხს თუ სჯერა, რომ არჩევნებით შეცვლის მის მომავალს უკეთესობისკენ, მოვა და ხმას მისცემს. მე უფრო ის მანერვიულებს, რამდენად დაგვიჯერებს ამომრჩეველი ოპოზიციას.

გიგა გელხვიიძე