ცოტნე კობერიძე: „მთავარი პრობლემა არის არჩევნებში უსაფრთხოების სამსახურისა და ეკლესიის ჩართულობა“

თამარ სანაძე

2024 წლის არჩევნებამდე 9 თვეა დარჩენილი. პარტიები წინასაარჩევნო კამპანიისთვის ემზადებიან. საზოგადოება ოპოზიციურ ველზე ახალი პლატფორმების გამოჩენას ელოდება. რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ ჯგუფებთან საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. მან თქვა, რომ კომუნიკაცია აქვთ „ლელოსთან“ და ნიკა გვარამიასთან.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე:

_ ცოტნე, აქტიურად საუბრობთ „ლელოსთან“ და ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებებზე. რა ტიპის პოლიტიკურ ერთობას გულისხმობთ?

_ „ლელოსთან“ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ფაზაში არ არის. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასთან უფრო დავაახლოეთ პოზიციები, ამ შემთხვევაში გვაქვს ამბიცია, რომ იყოს საარჩევნოდ გაერთიანება, რათა მნიშვნელოვანი შედეგი დავაფიქსიროთ 2024 წლის არჩევნებზე, არა უბრალოდ, მხოლოდ ბარიერი გადაილახოს, არამედ პოლიტიკურ სპექტრში ახალი სიტყვა ითქვას და მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდეს შემდგომ ხელისუფლების დაკომპლექტებაში. ჩვენი მთავარი ამბიცია არის ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და ამისათვის პარტიები, რომლებსაც აქვთ მკაფიოდ პროდასავლური კურსი, მკაფიო თემები, ხედვები, რაზედაც შევჯერდებით, ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაერთიანების პროცესში. ჯერჯერობით მკაფიოდ რთულია რაიმე ვთქვა, მიმდინარეობს კონსულტაციები. ყოველ შემთხვევაში იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ნიკა გვარამიასთან ვსაუბრობთ.

_ რა არის ის მთავარი პრინციპები და ღირებულებები, რის გამოც შეიძლება თქვენი პოზიციები დაახლოვდეს წინასაარჩევნო პროცესში?

_ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტატუს კვოს ცვლილების აუცილებლობის გაჩენა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ გვსურს მოვახერხოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის აუცილებლად არის საჭირო ხელისუფლების ცვლილება, სასამართლო სისტემის რეფორმა, ეკონომიკური გარემოს რეფორმა და ბევრ სხვა საკითხთან მიმართებით საჭიროა მკაფიო ცვლილებები. ამ ცვლილებებისთვის საჭიროა კომპეტენტური და გულწრფელი ხალხი მკაფიო გეგმებით. ამ დროისთვის ამ პათოსით საუბარი მხოლოდ ნიკა გვარამიასთან მოხერხდა. სხვა პარტიებს, ჯერჯერობით, სხვადასხვა ხედვა აქვთ, თავს იკავებენ.

_ ხომ არ აპირებთ მოლაპარაკებებს ნიკა მელიასთანაც პარტიის პრეზენტაციას შემდეგ?

_ ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ გვინდა ლაპარაკი, თუმცა ის ერთი წელია ამბობს, რომ მზად არის მსგავსს საკითხებზე სასაუბროდ, მაგრამ აქამდე ინიციატორები ჩვენ ვიყავით ძირითადად და ვიღებდით მხოლოდ უარყოფით პასუხს. ახლა ფორსირებას არ მოვახდენთ და საუბრის ინიციატორები ჩვენ არ ვიქნებით. ნიკა მელიას საკითხი ჩვენთვის ჯერ გაურკვეველია, არ ვიცით რას აპირებს, რას სურს, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის ამ ეტაპზე ძალიან რთულია.

_ საარჩევნო სისტემაზე მინდა გკითხოთ, _ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც შეიძლება ჰქონდეს ახალ საარჩევნო სისტემას. რამდენად უშვებთ იმას, რომ შესაძლოა მოსახლეობამ 2024 წლის არჩევნებში ისევ „ქართულ ოცნებაზე“ შეაჩეროს არჩევანი?

_ ახლა მთავარი პრობლემა არის 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც მრავალფეროვნებას მთლიანად სპობს საარჩევნო ბაზარზე. ეს სერიოზული პრობლემაა, მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ პრობლემაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საშუალებები, რაც არ მგონია, სწორია და პარტიებს უბიძგებს იმისკენ, რომ რაღაცები მოიტყუონ. დაფინანსების ფორმა ხელს უშლის იმას, რომ რეალურად აწარმოონ კამპანია პარტიებმა, ასევე პრობლემა მგონია კვოტების საკითხი, რომლებიც პრაიმერის საშუალებას ამცირებს, რადგან სიის დაკომპლექტება მოგვიწევს კონკრეტულ რეგულაციებსა და ჩარჩოებში. მთავარი პრობლემა მაინც მგონია ის, რაც არაფორმალურად ხდება და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა არჩევნებზე და ეკლესიის ჩარევა, როდესაც ადამიანებს აშინებენ, მოისყიდიან და მათზე გავლენას ახდენენ. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ხელს უშლის ქართულ პოლიტიკას. ის, რომ შეიძლება მოქალაქეებმა ხელისუფლება აირჩიონ, ცხადია, შესაძლებელია. მაგიტომაც ვცდილობთ, ვიყოთ აქტიურები, რომ რაღაც შეიცვალოს.

ის გვჯეროდეს, აპრიორი 2024 წლის არჩევნები მოგებულია, უფრო მშვიდად ვიქნებოდით, მაგრამ თავის მოტყუებით კარგი არაფერი გამოვა და სასარგებლოს ვერაფერს მივიღებთ. არაფერი გამოვა, თუ მოსახლეობას არ გავაგებინებთ, რა გვსურს, რა გვინდა, რა გეგმა გვაქვს და რატომ გვჭირდება მათი მხარდაჭერა.

_ რუსულ საფრთხეებსაც შევეხოთ: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემებით რუსეთის მოქალაქეების  მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა საქართველოდან, მაინც დიდია აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი. რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და რა გეგმები უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც „ოცნების“ მემკვიდრეობას გადაიბარებს?

_ პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ პროდასავლური კურსი, რაც გააჩენს სიმყარის შეგრძნებას და იმის განცდას, რომ რეალურად აქ რუსეთის მოქალაქე რამდენიც უნდა იყოს, ეს არ აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე. შიში ამაზეა, რომ ხელისუფლება არ არის მკაფიოდ პროდასავლური. არ გვაქვს ჩამოყალიბებული კურსი, რომელიც განცდას გააჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანს მოუწევს ქართული ქუდის დახურვა და არა პირიქით. უნდა იყოს მკაფიო ეკონომიკური კურსი, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს, ხელს შეუწყობს იმას, რომ დამოკიდებული არ ვიყოთ მტერ სახელმწიფოზე ეკონომიკურად, რომ მათ მანიპულირება ვერ შეძლონ. სხვა მხრივ განსაკუთრებული რეგულაციების მომხრე არ ვარ.

_ რამდენად მიიჩნევთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენტად არჩევნებზე და შეიძლება თუ არა დღეის მონაცემებით მას ისევ ეწოდოს მთავარი ოპოზიციური პარტია?

_ „ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, არის კონკურენტი, მთავარი ძალაც ოპოზიციაში შეიძლება ეწოდოს, სანამ არ დაფიქსირდება სხვა შედეგი. მოსახლეობაში არსებობს აზრი და განცდა, რომ „“ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ალტერნატივაა. მათ აქვთ ეს ადგილი ოპოზიციაში, საზოგადოებაში, გარდა ამისა, სარგებლობენ დაფინანსებით, პარტიის ინფრასტრუქტურით, დიდი საბიუჯეტო დაფინანსებით და ბევრი სხვა ბენეფიტით. ჩხადია, ის დიდი პარტიაა და მასთან კონკურენცია ძალიან რთულია, შესაბამისად, ეს არის უმნიშვნელოვანესი პარტია და ეს არჩევნები ძალიან კარგად შეგვახედებს, რამდენად მოახერხებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმას, რომ დარჩეს მთავარ ოპოზიციურ ძალად.

_ 29 იანვარს სამუშაო ჯგუფები უნდა შედგეს 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებს უმრავლესობა და ოპოზიცია ამ მიმართულებით ერთად მუშაობას? რა ბედი ელის სამუშაო ჯგუფებს, რეკომენდაციებზე მუშაობასა და შესრულებას?

_ არა მგონია, ამ პარლამენტმა იმუშაოს, სერიოზული ცვლილებები შეიტანოს და გაატაროს რეფორმები. სამუშაო ჯგუფებს რაც შეეხება, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ პარლამენტში არ ვართ. სხვა პარტიებმა კი თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან.

_ საინტერესო იქნება თქვენი აზრი სალომე ზურაბიშვილის შესახებ _ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში?

_ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას ნაბიჯი, თუ რა ფორმით აპირებს პოლიტიკაში ყოფნას. მისმა ვარ ვარსკვლავურმა საათმა ჩაიარა, მისი როლი გამოიკვეთა როგორც პრეზიდენტისა, მაგრამ არ ჩანს კონტურები მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურისა, რომელიც შესაძლოა განიხილებოდეს 2024 წლის არჩევნებშ,.

_ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზეც საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია: რამდენად დიდი უნდა იყოს ახლა ოპოზიციის აქტიურობა, რომ ლაზარე განთავისუფლდეს? რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

_ ზოგადად უნდა იგრძნობოდეს ოპოზიცია, არ უნდა ერიდებოდეს და ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმ ადამიანის დასაცავას, რომელზეც პროპაგანდა მუშაობს, რომ გააშავონ. უნდა გვეტყობოდეს, რომ ჩვენ ვაფასებთ მის როლს, რაც მან მარტის აქციებზე შეასრულა და რამხელა ცვლილება გამოიწვია პოლიტიკაში. ერთადერთი გზა ამ მხრივ არის ის, რომ ოპოზიციამ მოახერხოს ხელისუფლების ცვლილება, რაც გამოიწვევს ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებას.

_ წერეთლის გამზირის პრობლემები, _ რა კითხვა გექნებათ დედაქალაქის მერთან, თუ ის მოვა საკრებულოში?

_ კახა კალაძე დიდი ალბათობით საკრებულოში შემდეგ წლამდე არ მოვა. ის წელიწადში ერთხელ მოდის ხოლმე. რაც შეეხება მთავარ კითხვას და მთავარ საკითხს, რომელზეც ვისაუბრებ, არის ის თუ როგორ ახერხებენ ტენდერების მოგებას ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. არ სრულდებოდა იქ სამუშაოები სათანადოდ, ეს იცოდა „ქართულმა ოცნებამ“, მანამდე რატომ წაუყრუეს ამ თემას და ახლა რა პრობლემა გაჩნდა, როგორ მოხდა, რომ ამ კომპანიამ სხვაგანაც დაიწყო სამუშაოების შესრულება? კიდევ რამდენიმე საკითხია, რაზედაც ვისაუბრებდი, მაგრამ კახა კალაძე არ მოვა საკრებულოში.

_ ძალიან მძიმე ვითარებაა საქართველოში მევახშეებთან დაკავშირებით, ვიხილეთ გამოსახლების პროცესი კეკელიძის ქუჩაზე, _ რა ნაბიჯებია გადასადგმელი საკანონმდებლო კუთხით ამ მხრივ?

_ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, დარჩეს ლეგალური ფორმებით, როდესაც წვდომა ექნება ფულზე. მსესხებლის მხარე არის შეზღუდული ფულთან მიმართებით, ადამიანები სასესხო ხელშეკრულებას კი არ აფორმებენ, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებას დებენ, რაც ბევრად უფრო კაბალურ მდგომარეობას ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს ფულის სესხება უწევდეთ კონკრეტული ბიზნესის განსავითარებლად და არა კვებისთვის. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც გამოიტანენ ფულს, სესხს არ დააბრუნებენ და იარსებებენ ისინიც, რომლებსაც ენდომებათ გასესხება და სარგებლის მიღება ამ გზით. დანაშაული არც მევახშეობაა. „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ასე ვუყურებთ ამ საკითხს და შესაბამისად, მთავარი დამნაშავე ყოველთვის არსებობს ხოლმე და ეს დანაშაული არის სახელმწიფოსი, რომელიც ზღუდავს გარკვეული ტიპის ურთიერთობებს და უბიძგებს ადამიანებს, მიიღონ ირაციონალური გადაწყვეტილებები.