ცნობილი ონკოლოგის, პროფესორ რევაზ გაგუას გარდაცვალების მიზეზების გაუხმაურებელი დეტალები

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, პროფესორ რევაზ გაგუას გარდაცვალების მიზეზებზე დღეს, პირველ რიგში, მისი კოლეგები დუმან. არადა, კარგი იქნებოდა იმაზე დაფიქრება, თითოეულს რა წვლილი მიუძღვის ცნობილი პროფესორის იმ ტრაგედიაში, იმ ტკივილში, რასაც იგი ბოლო ხუთი წელი ატარებდა და რამაც შეიწირა კიდეც _ გულმა ვერ გაუძლო.

„ქრონიკა+“ მხოლოდ ფაქტებით ისაუბრებს (როგორც ყოველთვის), მით უმეტეს, ისეთ დელიკატურ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველი ექიმის გარდაცვალება და მისი გამომწვევი (თუნდაც, ირიბად) მიზეზები ჰქვია.

2010 წლის 19 ნოემბერს ჩინურ-კანადურ კომპანია „პეგასუს ფარმაცეპტიკალ გრუპთან“ (დასახელებამ მკითხველი შეცდომაში არ შეიყვანოს, _ აღნიშნულ კომპანიას ავიაკომპანია „პეგასუსთან“ არანაირი საერთო არ აქვს) პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი ეკონომიკის სამინიტრომ ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სამართავად უცხოურ კომპანიას გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ნოემბრის განკარგულება: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების კანადაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით.

აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის სრულ და თავიდან ბოლომდე აღჭურვას და განახლებული რესურსით მის ამოქმედებას. სწორედ ეს გახდა განხეთქილების ქვაკუთხედი ექიმებსა და ხელმძღვანელობას შორის. კერძოდ, 2012 წლის 15 დეკემბერს ონკოლოგიური ცენტრის მედპერსონალის გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდა ცენტრის ხელმძღვანელ რეზო გაგუას და იმდროინდელ ხელისუფლებას. ის, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო კუთვნილება იყო და მისი ხელმძღვანელი _ დანიშნული, ეს ნაკლებად გაითვალისწინეს. ყველა ჯოხი მაშინ რეზო გაგუაზე გადატყდა. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ნაწილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც მოთხოვნილი იყო ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა. ბევრი რამ ეწერა ამ განცხადებაში, მაგალითად, ის, რომ „პეგასუსმა“ ჩალის ფასად, 3 მლნ 10000 დოლარად იყიდა ონკოლოგიის ცენტრის კუთვნილი შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული ტერიტორია; რომ საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, „პეგასუსს“ ხუთი წლის შემდეგ შეეძლო საავადმყოფოსთვის პროფილის შეცვლა და, მაგალითად, სასტუმროების ქსელის გაკეთება, მიუხედავად რეზო გაგუას არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ ინვესტორები პროფილის შეცვლას არ აპირებდნენ და ძირითადი მიმართულება ონკოლოგია იქნებოდა. გაგუა, ასევე, ხაზს უსვამდა, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით უნდა აღჭურვილიყო და თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილიყო.

და, აი, სწორედ აქ დაიწყო ომი! ომი, რომელმაც, საბოლოოდ, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი დაშალა და რომელიც, შეიძლება ითქვას, პროფესორ რეზო გაგუას „თანდათანობითი სიკვდილის“ მიზეზი გახდა. წლების განმავლობაში ასაკოვანი ექიმი ყველაფერს საკუთარ თავში ატარებდა _ მანამდე, სანამ გული გაუძლებდა.

მოვლენები კი ასე განვითარდა: 2011 წლის 22 ნოემბერს რეზო გაგუამ დააფუძნა შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“. დეკემბერში მან ამ შპს-ს სახელით თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს ხელშეკრულება დაუდო. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ონკოლოგიურმა საავადმყოფომ საქმიანობის უფლება ახლად დაფუძნებულ შპს-საც გადასცა. როდესაც ამ ფაქტის შესახებ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა შეიტყვეს, სასწრაფოდ შექმნეს ონკოლოგიური ცენტრშივე ე. წ. საინიციატივო ჯგუფი, სადაც გაგუას კოლეგები, ანუ კლინიკის პროფესორების ნაწილი შევიდა. სწორედ ეს საინიციატივო ჯგუფი დაუპირისპირდა რეზო გაგუას და ონკოცენტრის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვა.

2013 წლის 18 მარტს ონკოლოგიური ცენტრის დირექტორმა რეზო გაგუამ საინიციატივო ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და ღირსების შელახვის ბრალდება წაუყენა. გაგუამ მათგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 234 521, 87 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მორალური ზიანი იმით გამოიხატებოდა, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის პრივატიზება არ ყოფილა რეზო გაგუას ინიციატივა, ეს იყო სახელმწიფო ინიციატივა, ვინაიდან ცენტრი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გაგუა შეეცადა, რომ ეს პროცესები, რამენაირად, მართვადი გაეხადა, რომ ათეული წლების განმავლობაში „ნაშენი“ ქართული ონკოლოგიის ტრადიცია საბოლოოდ არ ჩამონგრეულიყო. ეს კი მისმა თანამშრომლებმა და კოლეგებმა ისე აღიქვეს, თითქოს „პეგასუსის“ უკან თავად გაგუა მდგარიყოს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სასამართლო პროცესის შემდეგ საინიციატივო ჯგუფში შემავალი ექიმების უძრავი ქონება დააყადაღეს. ბუნებრივია, ასეთი მძიმე მდგომარეობა _ ომი საკუთარ თანამშრომლებთან _ არც რეზო გაგუას აწყობდა, თანაც 20 მილიონ დოლარად გაწერილ შენობა-ნაგებობებში რეაბილიტაციის პროცესი 2013 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. არადა, ფაქტობრივად, არც არაფერი გაკეთებულა. ბევრი ჭორი აუგორეს მაშინ ცხონებულ ექიმს: ის, რომ სააკაშვილის ოჯახთან იყო დაახლოებული, რომ ჩინური ექსპერიმენტული პრეპარატების გამოცდას აპირებდნენ ქართველ პაციენტებზე და ა. შ.

ვინაიდან 2013 წელი ახლოვდებოდა და, ფაქტობრივად, არაფერი იყო გაკეთებული, ხელისუფლებამ მართვაში შემოიყვანა „მედიკალ პარტნიორი“, რომლის ხელმძღვანელიც „ბლოკ ჯორჯიას“ ჯგუფიდან გახლდათ. როგორც ამბობდნენ, „მედიკალ პარტნიორი“ იმ პერიოდში იმისთვის დაარსდა, რომ მართვაში აეღო საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრი. ასე და ამირგად, ონკოლოგიური საავადმყოფოს მმართველობაში ირიბად შემოიყვანეს „ბლოკ ჯორჯია“.

ამის წინააღმდეგ უკვე თანამშრომლები აჯანყდნენ მასშტაბურად. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ონკოლოგიის ცენტრის გასხვისების გამო, მედპერსონალმა უფლებადამცველებს მიმართა და დაიწყო საჯარო გამოსვლების მთელი სერია. ისინი ამას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს უწოდებდნენ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა დაკვალიფიცირებულიყო.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ონკოლოგიური ცენტრის გასხვისება იყო თაღლითური გეგმა, სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.

„სახელმწიფო ინვესტორს ეუბნება, რომ 30 თვის განმავლობაში ობიექტში 20 მლნ დოლარის ინვესტირება უნდა განახორციელოს. ამასთანავე, იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ორი წლის შემდეგ ობიექტი ნებისმიერი პროფილის დაწესებულებად აქციოს. ეს ინვესტიციის არსის დამახინჯებაა, ვინაიდან ინვესტიცია უნდა იყოს სამედიცინო ცენტრის სრული რეაბილიტაცია. ის პირობა კი, რომლითაც ეს ქონება გასხვისდა, ითვალისწინებს ამ ობიექტში გარკვეული თანხის ჩადებას და შემდეგ ობიექტის მყიდველის სრულ საკუთრებაში გადაცემას“, _ აღნიშნავდნენ უფლებადამცველები განცხადებაში.

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი ფუნქციონირებდა, როგორც სააქციო საზოგადოება „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“. 2011 წლის დეკემბერში ცენტრის ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეწყდა. ონკოლოგიის ცენტრის გაფიცული თანამშრომლები ყველა თავის გამოსვლაში აფრიალებდნენ რეზო გაგუას ბრძანება #88-ს, სადაც იგი მიუთითებდა, რომ „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრმა“ 26 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა, სამაგიეროდ, სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია გადაეცა შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“, რომლის დამფუძნებელიცა და დირექტორიც გახდა რეზო გაგუა.

მაშინ არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ ეს გაგუამ იმიტომ გააკეთა, რათა სახელწდოება მაინც გადაერჩინა. 2013 წელს გაგუამ თავად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვა, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს დაებრუნებინა მმართველობაში. წერილში განმარტებული იყო, რომ არ შეიძლება, ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრია, იყოს პრივატიზებული და ვინმეს, მით უმეტეს, უცხოური კერძო კომპანიის  საკუთრებაში.

სახელმწიფომ, საბოლოო ჯამში, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი თავისი დაქვემდებარების ქვეშ დაიბრუნა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ჯოხი გადატყდა მის ყოფილ დირექტორ რეზო გაგუაზე. ეს უკანასკნელი აღარ ჩაება ომში, მით უმეტეს, რომ მისი მთავარი ოპონენტი და ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი გახდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ქმარი.

გარდაცვალებამდე არც ისე ადრე რეზო გაგუა საუბრობდა იმაზე, რომ უნდოდა გაეხსნა თავისი კლინიკა, რომელიც საშუალებას მისცემდა, იმ საქმიანობით დაკავებულიყო, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ამის საშუალება სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ფრიდონ თოდუამ მისცა, რომელმაც არ დაივიწყა ძველი მეგობარი და გაგუა მასთან ქირურგად მუშაობდა. იქვე გარდაიცვალა _ წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გასახდელში. ალბათ, ყველა ექიმი და მით უმეტეს, ქირურგი, ინატრებდა ასეთ სიკვდილს.

 

თამარ როსტიაშვილი