ციხის ექიმი დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თანამშრომლებზე პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან რამდენიმე თვის წინ განთავისუფლებული ექიმები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან. ერთ-ერთი მათგანი, მე-17, მე-16 და მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებების ექიმი-სტომატოლოგი ეთერ ჯორბენაძე, თავის განთავისუფლების მიზეზად დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან პირად ანგარიშსწორებას მიიჩნევს.

ამის შესახებ იგი პირველად „ქრონიკა+“-სთან საუბრობს:
_ 10 წელია, სასჯელაღსრულების სამინისტროს #17 დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ექიმ-სტომატოლოგად ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიმიღია საყვედური, სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მახსოვს. პრობაციისა და სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახი კახიშვილმა, პირადად გადამიხადა მადლობა ჩემი მუშაობისთვის. 2019 წლის ნოემბერში მთლიან სისტემაში დაჩქარებული წესით გამოცხადდა რეორგანიზაცია. სამ ციხეში ერთდროულად ვმუშაობდი იმ პერიოდში, თუმცა ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი მე-17 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება იყო. მე-17-ის გვერდით მდებარე მე-16 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება ხუთი წლით ადრე შევითავსე, თუმცა დანამატი ერთხელაც არ მიმიღია. გაითვალისწინეთ, რომ მე-17 დაწესებულება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი, 2000-პატიმრიანი სისტემური ერთეულია. ამ მასშტაბის მხოლოდ გლდანი და ქსანია. დანარჩენი დაწესებულება 250-350 პატიმრისგან შედგება. ამ დეტალებს იმიტომ გეუბნებით, რომ მინდა, იმ დატვირთვის ხარისხი წარმოიდგინოთ, რასაც წლების განმავლობაში ვეწეოდი.
_ სისტემური რეორგანიზაცია რას გულისხმობდა?
_ დღემდე ვერ გავიგეთ. თავდაპირველად, სასწრაფოდ გამომიძახეს ჩემს ძირითად სამსახურში _ მე-17 დაწესებულებაში და მომთხოვეს, ხელი მომეწერა რეორგანიზაციის ბრძანებისთვის. ხელი ისე მოვაწერეთ ყველამ, რომ წესიერად არც გავცნობივართ ტექსტს. ამის შემდეგ დაიწყო სამეტაპიანი ტესტირება, საიდანაც ორი ეტაპი იყო გამოცდა და ერთი ეტაპი _ გასაუბრება. ბრძანებაზე ხელის მოწერიდან ერთ კვირაში დაგვენიშნა გამოცდები. ფაქტობრივად, მომზადების საშუალებაც არ გვქონდა. გასაუბრება ჩაატარა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პირველი გამოცდა იყო უნარ-ჩვევებზე და მეორე _ პროფესიული. ორივეში ერთად მივიღე 36 ქულა და ეს 50-ქულიან შკალაში ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ იყო. ნოემბერში დაწყებული რეორგანიზაცია უნდა დასრულებულიყო დეკემბერში, მაგრამ გაგრძელდა თუ გადაიდო, ვერ გავიგეთ. 2020 წლის მარტში, როგორც იქნა, გასაუბრება დაგვენიშნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.
_ რით დასრულდა წულუკიანთან გასაუბრება?
_ პირადად მე ამ გასაუბრებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თურმე სულ ტყუილად. ამის შემდეგ გავაგრძელე მუშაობა. ძირითად შტატში ვიყავი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხუთი წლის წინათ შევითავსე მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულება. არც ერთსა და არც მეორეში ჩემ გარდა სტომატოლოგი არ შედიოდა, გარდა ორთოპედისა. 2020 წლის იანვრიდან კი, ვინაიდან განთავისუფლდა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტომატოლოგის ადგილი, ისიც შემითავსეს. მოკლედ, სამ ადგილზე ვმუშაობდი და დავრბოდი იქით-აქეთ. მახსოვს, როგორ გავაპროტესტე ეს ფაქტი, მაგრამ ადმინისტრაციამ მითხრა, _ ამაზე ხმა არ ამოიღო, დანამატი გექნებაო.
_ მოგცეს დანამატი?
_ ვისაც ეკუთვნოდა ეს დანამატი, მას არასოდეს ეძლეოდა, მათ შორის, არც მე. შტატში ვიყავი და სხვა სტომატოლოგები იყვნენ ხელშეკრულებით. ამასობაში, მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომ ხელშეკრულებით მომუშავენი ვეღარ შევიდოდნენ ციხის ტერიტორიაზე.
_ რატომ?
_ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, კოვიდ 19 რომ არ გავრცელებულიყო. ამიტომ მე-5 დაწესებულებაში ისედაც ვიყავი და მე-6, მე-7, მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებები დარჩნენ უსტომატოლოგოდ და მათი მომსახურება დამევალა, ვინაიდან შტატში ერთადერთი მე ვირიცხებოდი.
_ ე. ი. ექვს ციხეში ერთდროულად მუშაობდით, თან დანამატის გარეშე?
_ დიახ. პირველად კი გავაპროტესტე, მაგრამ მერე როგორ ამოვიღებდი ხმას, როდესაც პანდემიის პირობებში ეს ლამის ღალატად ჩაითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთ საჭირო თანამშრომელს 30 აპრილს, სამსახურში დილის კონფერენციაზე გამომიცხადებდნენ, რომ მეორე დღიდან განთავისუფლებული ვარ სამსახურიდან.
_ მიზეზად რა დაგისახელეს?
_ რომ შემცირება შეეხო მთელი საქართველოს მასშტაბით 165 თანამშრომელს, მათ შორის, ჩვენი დაწესებულებიდან შვიდს. სტომატოლოგი ვიყავი მხოლოდ მე, დანარჩენი _ ექიმები და ექთნები. უცნაური ის გახლდათ, რომ რამდენჯერაც ჩვენთან ვიზიტად იმყოფებოდა მინისტრი ანდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყოველთვის საუბარი იყო შტატების უკმარისობაზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგალითად, სულ გვპირდებოდა, რომ კადრებს დაგიმატებთო. მე პირადად არავინ დამხმარე არ მყავდა, მხოლოდ ექთანი-ასისტენტი. სტერილიზაციასაც მე უზრუნველვყოფდი.
_ კონკრეტულად, რომელ რიცხვში გაგათავისუფლეს სამსახურიდან?
_ 2020 წლის 30 აპრილს. კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ რა ბრძანებას მოვაწერეთ ხელი, უმეტესობამ არ ვიცოდით.
_ ეს თქვენი პრობლემაა _ უნდა წაგეკითხათ, რას აწერდით ხელს…
_ უცებ მოიყვანეს ხალხი, გარეთ გაუტანეს საბუთები და მოაწერინეს ხელი. უკვე აპრილში, როდესაც განთავისუფლების შესახებ გამოგვიცხადეს ამ ბრძანების საფუძველზე, დიდი წივილ-კვილი ატყდა _ თანამშრომლები ტიროდნენ. ვისაც საუკეთესო ექიმებად და ექთნებად მივიჩნევდი, ისინიც გაათავისუფლეს.
_ თქვენს ადგილას ვინ მოიყვანეს?
_ მე-6 დაწესებულებაში ხელშეკრულებით აყვანილი სტომატოლოგი აიძულეს, შეეთავსებინა ჩემი ადგილი. როგორც ვიცი, დღეს იქ საშინელი მდგომარეობაა. განთავისუფლებიდან მეორე დღესვე განცხადება დავწერე მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე. გასაჩივრების ვადა ერთი თვე იყო. ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდი პასუხს, რომელიც თვე-ნახევარი არ მოვიდა. მპირდებოდნენ, რომ სამსახურში დამაბრუნებდნენ ხელშეკრულების საფუძველზე. რა თქმა უნდა, მომატყუეს. შედეგად, გასაჩივრების ვადა გამივიდა. 2020 წლის ოქტომბერში გენინსპექციის სახელზე დავწერე განცხადება, საიდანაც იგივე პასუხი მომივიდა. ოქტომბერშივე გამოცხადდა ვაკანსიები, მათ შორის, სტომატოლოგიაში.
_ თუ სტომატოლოგს ეძებდნენ, თქვენ რატომ გაგიშვეს?
_ საქმეც ეგ არის, რომ სრული შეუსაბამობაა _ ამდენი ადამიანი გაუშვეს და იგივე ადგილებზე მიღება გამოაცხადეს. განთავისუფლებული კონტინგენტიდან ხელახალ მიღებაზე განცხადება არც ერთმა არ დაწერა. მე დავწერე მე-19 სასჯელაღსრულებაზე ვაკანსია. გამოცდებზეც არ გამომიძახეს. დავრეკე ცხელ ხაზზე. გაითვალისწინეთ, რომ იუსტიციაში ერთადერთი ცხელი ხაზი მუშაობს, სხვა ნომერზე ვერ დარეკავთ. იუსტიციის სამინისტროდან იცით. რა პასუხი მივიღე? რომ მე მანამდე წარმატებით ჩავაბარე გამოცდები და გამოცდებზე არ დავიშვები, იმიტომ რომ იქ მონაწილეობა აღარ სჭირდებაო. მითხრეს, რომ დამიბარებდნენ პირდაპირ გასაუბრებაზე. ერთ დღეს მიგვიყვანეს ყველა განთავისუფლებული სამსახურიდან გასაუბრებაზე. დეპარტამენტის უფროსი ვერ შეგვხვდა, როგორც ჩანს, უხერხულად გრძნობდა თავს, უმიზეზოდ რომ გაგვათავისუფლა და დაგვისვა თავისი მოადგილე. ამ გასაუბრებიდან ერთ კვირაში მოადგილისგან მომივიდა წერილი, რომ თქვენ ვერ დააკმაყოფილეთ მესამე ეტაპიო.
_ ახლა რა ეტაპზე ხართ?
_ სასამართლოსთვის ვაპირებ მიმართვას.
_ ჩვენთან საუბარში ახსენეთ, რომ თქვენი და თქვენი თანამშრომლების განთავისუფლების მიზეზად პირად ანგარიშსწორებას მიიჩნევთ…
_ ეს არის ჩემი ვარაუდი _ ჩემი განთავისუფლების ერთადერთ მიზეზად მივიჩნევ შემდეგს: ხუთი წლის წინ გვყავდა მთავარი ექიმი, რომელთანაც ყველა თანამშრომელს გვქონდა დაპირისპირება. მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 თანამშრომელი ვიყავით და აქედან 20-მა დავწერეთ განცხადება _ პროტესტი გამოვთქვით მისი უხეში და დამამცირებელი დამოკიდებულის გამო. ეს ქალბატონი არ მოხსნეს, მაგრამ გადაიყვანეს მე-7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ რეორგანიზაციის შემდეგ უკან დააბრუნეს და 20 კაციდან, ვინც მის წინააღმდეგ მოვაწერეთ ხელი, უმეტესობა გაათავისუფლეს. ეს ქალბატონი გახლავთ თამარ შურღაია და იგი დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილის ახლობელია. მე პირადად ამას ვუკავშირებ იმ ტერორს, რის ქვეშაც მოვყევით. გაჩერებას არ ვაპირებ _ ვიბრძოლებ ბოლომდე და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ!

თამარ როსტიაშვილი