ციხის დღიური – ჩვენ არასოდეს ვიტყუებით!..

გამარჯობა, ქართველებო!

გა-უ-მარ-ჯოს! _ აქ ერთხმად, ერთობით დაიგუგუნეთ (ჩემს გულში ასე გახმიანდა). იმას აღარ გიყვებით, როგორ მიყვარხართ და ძლიერ მენატრებით! ეს ძალიან თვალსაჩინოა და ხელის გულზე გიდევთ.

ერთი ფიქრი ვიფიქრე, ჩემი სიმართლე, კონკრეტულად, ნარკოტიკების „საქმეს“ ვგულისხმობ, წერილობით დამემტკიცებინა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო არც კი ღირს ამაზე მოცდენა. თავი და თავი მიზეზი ისაა, რომ სიმართლეს არც ახსნა სჭირდება და არც დამტკიცება, სიმართლე სიმართლეა! მარტივი და გასაგები!

გავყვეი „საქმეს“ და 60 კითხვა დაგროვდა, ესეც ერთი თვალის გადავლებით, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოს უნდა დაესვა პირველივე სხდომაზე დამკავებელი უწყებისთვის და არაზუსტი პასუხის შემთხვევაში, დაკავებული იმწამსვე უნდა გაეშვა. ერთი და ორი კითხვა კი არა, 60 (გაახლებთ უახლოეს მომავალში).

კონკრეტულ „საქმეზე“ მხოლოდ ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს _ რეგვენს ვგავარ, თუ ქართველი ხალხი მიგაჩნიათ ასეთად?

ჩემი დათვლით, სულ მცირე, 10 000 ლარისაა ის ნარკოტიკი, რაც ოქმში შეიტანეთ და 10 000 ლარი რომ მქონოდა, იბიცაზე წავიდოდი, იდიოტებო.

სხვებს ვაფრთხილებდი, მისმენენ, დამყვებიან და მომერიდეთ-მეთქი. ავდექი და მარტო წავედი რამის საყიდლად და თან ისე, რომ არ გავსინჯე, თუ ვიყიდე, რა ვიყიდე? სასაცილოებიც კი აღარ ხართ!!!

ვზივართ ციხეებში, თუ ვართ გარეთ _ დაგტირით!

დავტირით იმას, რომ ბუნებამ ხელი აიღო თქვენზე და წვრთნა თქვენ აღარ გიშველით, ეს უკვე ვცადეთ!!!

ახლა კი მიზეზებზე ვისაუბროთ, ვინ გააკეთა ეს და რატომ გააკეთა: მიზეზთა მიზეზი, რა თქმა უნდა, ელისოს შვილობა და „ქრონიკა+“-ია.

სულ რამდენიმე მედიასაშუალებაა, რომელიც ვერ იყიდეთ, ვერც შეაშინეთ და მეამაყება, რომ ჩვენი გაზეთი უპირველესია!!!

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ მთელ კოლექტივს!

რიგები შეამჭიდროვეთ, მეგობრებო!

მწყობრად, მშვიდად, ღირსეულად გააგრძელეთ ბრძოლა, გააგებინეთ ხალხს სიმართლე, ისევე როგორც აქამდე ვაკეთებდით ღირსებით და სიმართლით. არავითარ შემთხვევაში არ შეჰყვეთ ბოროტს ბნელში, სიძულვილის ენა არ არის ჩვენი გზა.

მშვიდად, არგუმენტირებულად განაგრძეთ თქვენი საქმე.

მრუშის საქმე ეგაა, უნდა იმრუშოს და ეს კარგია ჩვენთვის _ თავის თავს თვითონ ააშკარავებენ და ასე ნათელში გამოყვანილი ბოროტი ვერაფერს დაგვიშავებს. ბნელში არ შეგვიყოლონ, ესაა მთავარი.

ახლა ისევ „საქმეს“ დავუბრუნდეთ.

მე არ მაქვს კომუნიკაციის საშუალება ელისოსთან დაცული არხით, სადაც არ მომისმენენ. სადაც მისმენენ, იქ „საქმეზე“ არ ვსაუბრობ, ამიტომ არ ვიცი, ელისოს რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ გავყვეთ იმ ინფორმაციას, რაც მე მაქვს.

ზოგადად კი არ მიყვარს, როცა ადამიანები ნახევრად სიმართლეს ამბობენ, უფრო სწორად, სიმართლიდან იმას ლაპარაკობენ, რაც აწყობთ.

ეს საქმე „კახელების კარტელის“ შურისძიებაა იმისთვის, რომ, თავის დროზე, კორუფციასა და უზნეობაში ვამხილეთ. უბრალოდ, კონკრეტულ მომენტში ძალიან იყვირებდა ჩემი დაჭერა.

ოჯახში „სუსტი რგოლი“ მე ვარ. ამის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობაა, _ ტრაგედია ეზოში დატრიალდა, დიდი ლამპიონი დამეცა, ამის შედეგი ისაა, რომ თავის ქალის მარცხენა მხარე ხელოვნური მაქვს, აღარაფერს ვამბობ რეგულარულ შიდა ქალის წნევაზე, ნევროზსა და უძილობაზე…

მოკლედ, „სუსტის“ დაჭერის მთავარი მიზეზი ის იყო, ეგონათ, ელისო ვერ გაუძლებდა წნეხს და გაზეთს შვილის თავისუფლებაში გაცვლიდა. ის კი ვერ გათვალეს, რომ „სუსტი“ მხოლოდ ფიზიკურად არის სუსტი, თორემ სულიერად იმდენად ზნეამაღლებულია, რომ ვაჭრობის საგნად არასოდეს იგრძნობს თავს!!!

მეტსაც გეტყვით _ ჩემი დაუდგრომელი, თავისუფალი, მართალი სულის საბოლოო ფორმირება აქ მოხდა, ამ კედლებში და ამისთვის მხოლოდ მადლობა!

არ მინდა, სიტყვა გამექცეს _ მოკლედ, იცით, რომ შსს-ს „კახური კარტელი“ მართავს, მილიარდ ნახევარი ლარია გაბნეული ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ტენდერებში, სწორედ მაგ დროს დაბრუნდა ნარკობაზარზე მთელი წყება ნარკოტიკი და შსს ბარიგების მფარველად იქცა. ამ ყველაფრის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ, მაგ დროც მოვა!

მოკლედ, ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-გოგაშვილებს აქვთ ფული, ძალიან ბევრი შავი ფული. პოლიტიკაში დაბრუნება უნდათ. შსს-ს ¾-ს აკონტროლებენ. სწორედ ამ კონტროლირებადმა ჯგუფმა იკისრა ჩემთვის ნარკოტიკის ჩადება და რეპრესიების დაწყება. სხვათა შორის, ასეთივე ჯგუფი წმენდს თბილისს მოაზროვნე, თავისუფალი, წესიერი ახალგაზრდებისგან, რომელთაც პროტესტი აქვთ უზნეობის მიმართ და სინდისთან კომპრომისზე არ მიდიან. გვიჭერენ იმათ, ვისაც ჩვენი თაობა უსმენს, მარტივი მიზეზის გამო _ ჩვენ არასოდეს ვიტყუებით!

ერთი პატარა უპირატესობა მაქვს, რაც ადამიანის შეცნობაში მეხმარება, _ ვიცი პოლიციელის ფსიქოლოგია და მისი მანევრები, შესანიშნავად ვიცი ქუჩა, ანუ მედლის მეორე მხარეც და პირდაპირ გეტყვით, ახლაც, ამ წუთებშიც, ქვეყნის წმენდა მიდის თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანებისგან. კრიმინალთან საერთო არაფერი აქვს ამ ბოლო დროს დაკავებული ახალგაზრდების უმრავლესობას. გენიშნათ, ალბათ, 13 მარტს დაიწყო ეს ყველაფერი, ბათუმის ამბების მეორე დღეს. აქ ორი მომენტია _ თბილისის უზომოდ ეშინიათ. თუ ქუთაისი ჩუმად დააცარიელეს, ბათუმი იბრძოდა და იბრძვის, ხოლო თბილისი? თბილისს ჯერ თავისი სიტყვა არ უთქვამს.

მეორე მომენტი ის არის, რომ აი, ნახეთ, გამორჩეულ ახალგაზრდებს რას ვუშვრებით, ვინც ბედავს და ხმას იღებს და თქვენ არ გაბედოთ ხმის ამოღება!!!

აქვე რამდენიმე ქვემიზეზს შევეხოთ:

„კლიმენტიჩ“ ყორღანაშვილი რამდენიმე კურდღლის მოკვლას ეცადა.

ეს გახმაურებული ჩადებები რაც დაიწყო, ბუნებრივია, პროტესტი მოჰყვა, ამას დემოკრატიული სამყარო და ქართველი ხალხი ასე არ დატოვებს. მოვა დრო, როცა შემსრულებლებს პასუხი მოეთხოვებათ.

კახელები ვერ აკონტროლებენ პროკურატურას, მაგრამ დისკრედიტაციას უკეთებენ. მბრალდებელი ხომ სასამართლოზე პროკურატურაა, ანუ ხალხის რისხვა სწორედ მათ დაატყდებათ თავზე. მესამე, რა თქმა უნდა, სასამართლოა. რაღაც პერიოდი, თითქოს, თავისუფლების სიომ დაბერა, მაგრამ არც ნება ეყოთ და არც ძალა, სასამართლოსთვის სამართალი დაებრუნებინათ. აქ გავჩერდები მარტივი მიზეზით _ წნეხში მოქცეულ ადამიანს გასასვლელი უნდა დაუტოვო და აჰააა, მანტიაში გახვეულებო, ჩვენი საქმეებია თქვენი შანსი, სასამართლო სიმართლეს ამსახუროთ.

ასე რომ, ყორღან „კლიმენტიჩ“, პატარა კაცო, არ არსებობს ბოროტება, რაც თავში მოგივა და მოგაფიქრდება, მე ამაზე არ მეფიქროს. უბრალოდ, ჩვენ შორის ის სხვაობაა, რომ ბოროტება მხოლოდ იმისთვის ვიცი, რომ მისგან თავი დავიცვა. ნათელში მყავს და ვერაფერს მიშავებს. აი, შენ კი გაგაგიჟა, „შნირად“ იქეცი უმსგავსოებისა და ამას მხოლოდ ყორღანაშვილის ბოლო აქვს. მე აუცილებლად გავწყვეტ ამ ბოროტ ჯაჭვს, რასაც მშობლის საქმიანობის გამო შვილების გამწარება ჰქვია. მერე რა, რომ შენ უღირსი ხარ, სამაგიეროდ, მე ვარ ღირსეული და შენს შვილებს ამ ქვეყანაში როცა ჩემი და ჩემნაირების დრო მოვა, ხელს არავინ ახლებს. ამის საჯარო პირობას ვდებ. რა დროს შურისძიებაა, როცა ქვეყანა ფეხზე გვყავს დასაყენებელი.

ქართველები ისე აგვრიეს და აგვირიეს ტვინი, მთავარს გვავიწყებენ, _ იდენტობა, ქართველობა, ენა და სახელმწიფოებრიობა გვაქვს დასაცავი. კომუნიკაციის საშუალება ხშირად გვექნება და მეც ვეცდები, აქაური ფიქრები და განცდები სრულად მოგიყვეთ. ცალკე წიგნსაც ვწერ, რომელსაც დღიურის ფორმა აქვს და ჩემეულად აღქმულ საქართველოს ეძღვნება.

2011 წლიდან ვსწავლობ ქართულ ნარკობაზარს. ინტერესი მარტივია, მაინტერესებს, ვინ ყიდის საქართველოს სახელით სიკვდილს საქართველოში?! ზღვა მასალა მომიგროვდა. ტყუილად ნუ დაშვრებით ძველი და ახალი ხელისუფალი, მასალა საქართველოს გარეთაა და საიმედო ხელშია. მასალებზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მოკლედ, მასალებში ერთი ეპიზოდია: სამცხე-ჯავახეთში არის ერთი ადგილი, სადაც სომხეთიდან წამოსული ტრაილერი გააჩერეს, შავ ბაზარზე ტვირთის ღირებულება 6 მილიონი დოლარია. დეტალებში რომ არ შევიდეთ, ამოღებული ნარკოტიკის დიდი ნაწილი გაქრა. იგი თამაზაშვილის ხელის ბიჭებმა გააქრეს. ეს ის დროა, როცა ინფორმაცია ჟონავს, რომ ღარიბაშვილს ხსნიან. მოკლედ, ვეღარ მოვთოკე ნერვები და ფეისბუქზე დავწერე: „ამათი „ბარიგა“ დედაც…“ გადის ორი დღე და ჩემი ორი ძალიან ახლობელი ადამიანი მირეკავს. ცხადია, ერთმანეთს ვნახულობთ. ბიჭები მთხოვენ, იქნებ, ცოტა ტონი შევარბილოთ მარტივი მიზეზის გამო _ ლექსო მაგათი ხელის ბიჭია და რაღაცებში ეხმარება! ბიჭებს ვეუბნები, რომ შავზე თეთრს ვერ ვიტყვი, მაგრამ მათი თავისუფლების გამო  რაღაცებზე უკან დავიხევ (აქ ჩემზეა ლაპარაკი და არა ელისოზე). მე სარედაქციო პოლიტიკასთან ხელი არ მაქვს, არც ელისოს, სხვათა შორის, ამ პოლიტიკას ქვეყნის საჭიროება ქმნის.

აქვე ბიჭებს ვეუბნები, მაქსიმალურად მოერიდონ ამ თემას, თან იქვე ვახსენებ, რომ როგორც კი მე გაჩერებულს დამიგულებენ, იმწამსვე დაიწყებენ ფიქრს, როგორ გამამწარონ. მე უკვე ვიცი, რომ ესენიც მალე ძველი რეპრესიული მეთოდების გზაზე შედგებიან და თავს ვამზადებ გლდანისთვის, თან გზადაგზა ჩემებს ვეუბნები, რომც დამიჭირონ, ან რამე გამიჩალიჩონ, არ გაჩერდნენ. მოკლედ, ამაზე იმიტომ ვყვები, რომ იმედი მაქვს, ორივე ჩემი მეგობარი გასულია ქვეყნიდან მას მერე, რაც ჩემი დაჭერის ამბავი გაიგეს. რაც მაშინ ვთქვი, ზუსტად ის მოხდა.

აქვე მოვიკითხავ რამდენიმე ჩემს ქოც მეგობარს.

ასე აფასებთ გვერდით დგომას? ამისთვის ვიბრძოდით ერთად? სინდისთან როგორ ხართ? ისტორიიდან მთავარი ვერ გისწავლიათ, _ ის, ვინც „ნაცები“ გაყიდა და დღეს ეყრდნობით, ხვალ თქვენ მიგატოვებთ! თან ისე, რომ უკან არ მოიხედავს. სამაგიეროდ, გვერდით აღარ დაგიდგებიან ჩვენნაირი წესიერი ადამიანები. მე თქვენს ადგილას პროტესტს გამოვხატავდი იმაზე, რაც ხდება, მაგრამ ამისთვის ნების თავისუფლება გინდათ და თქვენ ეს ნება აღარ შეგრჩათ, სამწუხაროდ. ვისაც ებრძოდით და კიცხავდით, იმად იქეცით. მე პატივს ვცემ იმ წლებს, როცა რეჟიმს ერთად ვებრძოდით. აქვე გეტყვით, როდის გაიყარა ჩვენი გზები, _ მაშინ, როცა ერთი წესიერი, მშრომელი კაცი, ლევან აბზიანიძე, თქვენმა პოლიციამ ხელში ჩაიკლა და გული გაუხეთქა. როცა მკვლელები არ დასაჯეთ და ჯალათებს დააფარეთ ხელი. აქვე მოკრძალებულად ქართველ ერს საყვედურს ვკადრებ: მე თქვენ გითხარით, რომ მკაცრად მოგვეთხოვა მკვლელების დასჯა, თორემ ხვალ-ზეგ უარესი იქნებოდა. მაშინ ვერ გაგაღვიძეთ, სამწუხაროდ!!!

 

დღეს უკვე გამოღვიძებულებით ავსებენ ციხეებს და ხვალ გასაღვიძებელი აღარ დარჩებით ფიზიკურად, თუ ყველა დროზე არ მოვეგეთ გონს!!! ყველა ხელისუფლება ბედავს იმდენს, რამდენსაც ხალხი აბედინებს, ასე რომ, გაიღვიძეთ, სანამ ჯერ კიდევ პირში სული გვიდგას და ქართველები გვქვია.

მოკითხვა ყველას, კეთილო ადამიანებო!

ნუ მიგვატოვებთ ამ ბრძოლაში!

ეს ბრძოლა ყველა წესიერი ადამიანის ბრძოლაა სიკეთისთვის!

 

დავით ხარშილაძე

გლდანის საპყრობილე, საკანი #78

2017 წლის 13 ივნისი