,,ჩვეულებრივი ,,ნასედკა“ იყო, ენის მიმტანი, რისი დამგეგმავი და დამპროექტებელია?!“

 

სრული ფიასკო საგარეო ფრონტზე და გაურკვეველი მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების წინ _ ასეთია დღეს ხელისუფლებაში 2012 წელს ტრიუმფით მოსული „ქართული ოცნების“ რეალური მდგომარეობა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აჩვენა, პირველ რიგში, რუსეთს, რომ საქართველოს დათმობას სტრატეგიული პარტნიორი, უბრალოდ, არ აპირებს. ვიცე-პრეზიდენტმა თეთრი სახლის მკაფიო მესიჯები ჩამოიტანა, რამდენიმე დღეში კი დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, ხოლო ორიოდე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა ინტენსიური მუშაობა დაიწყეს პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის ფარული საბანკო ანგარიშების აღმოსაჩენად.

პროცესები აშკარად შეუქცევად ხასიათს იღებს და მცოცავი ოკუპაციის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში თავად ვლადიმირ პუტინი ჩადის. ეს მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის ალტერნატივაა. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ აქვს პროტესტი აფხაზეთში პუტინის ვიზიტის გამო. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ უღიმღამო განცხადებით შემოიფარგლება. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში უკვე საჯაროდ დაიწყეს მცოცავი ოკუპაციის ტერმინის გაპროტესტება _ ჯერ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს, მოგვიანებით კი გიორგი ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ დაადასტურეს, _ ხნულების გავლება სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის მონიშნულ ტერიტორიებზე ხდებაო.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებიდან არავის გახსენებია, რა შეთანხმება დაიდო ევროკავშირის შუამავლობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის და არც ის უკითხავთ, რატომ არ სრულდება ამ ექვსპუნქტიანი შეთანხმების არც ერთი პუნქტი.

მათთვის, ვინც ამნეზიას უჩივის, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების ექვსივე პუნქტს, სადაც მხოლოდ სამშვიდობო პროცესსა და რუსული საჯარისო ნაწილების ომამდელ პოზიციაზე დაბრუნებაზეა საუბარი:

  1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
  2. საბრძოლო მოქმედებებზე საბოლოოდ უარის თქმა;
  3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
  4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ ჩვეულ დისლოკაციის ადგილზე;
  5. რუსული შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსული სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
  6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ!

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ცხრა წელი გავიდა. ამ ექვსპუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ მეოთხე პუნქტი შესრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვეულ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, რუსული საჯარისო ფორმირებები კი, ყოველგვარი საომარი მოქმედებების გარეშე, მცოცავი ოკუპაციით და მავთულხლართებით მოიწევენ წინ, _ სოფელ ყარაფილაში ცენტრალურ ავტობანთან მათ მხოლოდ 400 მეტრი აშორებთ. ხელისუფლებას პროტესტი არ აქვს, მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ატარებენ აქციებს.

ასეთი საგარეო პოლიტიკის პირობებში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია ხელისუფლების შიგნით. ადგილობრივი არჩევნები ოქტომბრის ბოლოსაა. გადამწყვეტი და ძირითადი ბრძოლა დედაქალაქისთვის გაიმართება. გამოკითხვებით, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახი კალაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილია. ელისაშვილის კანდიდატურა ერთნაირად უშლის ხელს (ნერვებსაც) როგორც ხელისუფლებას, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. კიდევ ერთი ახალი გაერთიანება, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა, თბილისის მერის კანდიდატურის პრაიმერისით შერჩევას ითხოვს. ამ ეტაპზე, კალაძე უპირობო ლიდერია, მაგრამ ძალოვანი უწყებისა და სახელისუფლებო რესურსის დაუხმარებლად მას არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება გაუჭირდება, მით უფრო იმ ფონზე, როცა ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ არჩევნებში ჩართვას არ აპირებს, მას ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არც საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადებია.

ტრადიციულად, ქაოსია სუს-ში.

სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ფაქტობრივად, იატაკქვეშეთშია გადასული და როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, გოგაშვილი ცდილობს, ამ ეტაპზე, ზედმეტად არავის მოხვდეს თვალში.

გაზეთის წინა ნომერში (#27) გამოქვეყნდა „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით შუკაკიძის სკანდალური ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჩნდა ამ მოძრაობაში რიგით აქტივისტად სოსო გოგაშვილი, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, მეუფე იობის სტიქაროსანი და მოკავშირე იყო, რეალურად კი კუდ-ის ინფორმატორი. ჩვენი წყარო, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ ირწმუნებოდა, რომ გოგაშვილმა ყინწვისში შეფარებული „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ აქტივისტები კუდ-ს დააჭერინა, მაგრამ პროცესების მონაწილის საჯარო ინტერვიუ წყაროს მონათხრობზე ბევრად სკანდალური აღმოჩნდა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ დავით შუკაკიძეს „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯემალ გუნდიაშვილი დაუკავშირდა, რომელიც, მისივე განცხადებით, ავსტრიაში იმყოფება. ამავე ინტერვიუში შუკაკიძე ამბობდა, რომ „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა“, რეალურად, დადგმული ფარსი გახლდათ, _ კუდ-ის ამოცანა იყო, შეთქმულების ანატომიის თეორიის კიდევ უფრო გასამძაფრებლად ყინწვისში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოეყარა თავი, საბოლოო ჯამში კი შესაძლებელი გახდებოდა მეუფე იობის დაჭერა, რომელიც იმ ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მეუფე იყო. როგორც ჩანს, მეუფე იობი ამ ვერაგული გეგმის თაობაზე წინასწარ გააფრთხილეს და ის სპეცოპერაციის დროს ყინწვისში არ იმყოფებოდა, ადგილზე დაკავებულ ორ ბერს კი „მოდულის“ შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში სცემდნენ და აიძულებდნენ, მეუფე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაედანაშაულებინათ, მაგრამ მიუხედავად არნახული ზეწოლებისა, მათ ეს არ გააკეთეს.

მოგვიანებით, მეუფე იობმა მოღალატის ვინაობა გაიგო და როგორც ამბობენ, სოსო გოგაშვილი ანათემას გადასცა, თავის მხრივ კი გოგაშვილმა შური იმით იძია, რომ სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ იობს ეპარქია გაუყო და განაყოფში მისი ცოლის ბიძაშვილი, მეუფე სვიმონი დანიშნა.

როგორც ზემოთ გითხარით, „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯემალ გუნდიაშვილი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, ამ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დავით შუკაკიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

 

„ქრონიკა+“-ს ხელთ აქვს ამ სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერი:

„ჯ.გ.: გამარჯობა, როგორ ხარ, ყაჩაღო?

დ.შ.: რა ვქნა, მაგრად, შენ?

ჯ.გ.: „ნიჩევო“, რას შვები, ბიჭო?

დ.შ.: სად ხარ?

ჯ.გ: ავსტრიაში.

დ.შ.: მერე, ავსტრიაში თუ ხარ, ვერ წამიყვანე, ბიჭო? ყინწვისში წამიყვანე და…

ჯ.გ.: მე ჩაგიყვანე, ხო? ბიჭო, რას შვები, რავა ხარ სახლში, ბავშვები?

დ.შ.: რა ვიცი, აქ როგორ იქნები, ომში, ჯანდაბაში, უშედეგობაში და უსახსრობაში. დაქცევაში, როგორ იქნები აქ!

ჯ.გ.: შენ მაგნაირში გიხარია ყოფნა, გსიამოვნებს და ვერ შეეშვი და…

დ.შ.: რა მსიამოვნებს, ირაკლი მანდ არის?

ჯ.გ.: არა.

დ.შ.: აბა, სად არის?

ჯ.გ.: არ ვიცი ზუსტად სადაა, მაგრამ ნორვეგიისკენ თუ იქით უნდა იყოს.

დ.შ.: აბა, ჯემალისთან მივდივარო, უთქვამს.

ჯ.გ.: მასე, ბებიაჩემიც ბევრ რამეს იტყოდა, თუ ძმა ხარ. შენ გგონია, მესიამოვნებოდა? ახლა აქ მატარებინე ირაკლა კიდე იქით-აქეთ. გესმის ახლა? (ხელახლა რეკავს), ეტყობა, ჩაერთნენ, გოგაშვილს მოუტ***ნ დედის მ***ი, რა იყო, რა გენერლად გამოგიყვანია, შეჩემა.

დ.შ.: გენერალი არ არის?

ჯ.გ.: მაგის „ნასედკა“ დედა მოვტ***ნ მე.

დ.შ.: მაგაზე მასალები მაქვს ისეთი, არა მარტო მაგაზე, იმ უბედურებაში ვინც გაგვხვია, ისეთი ფაქტები ამოვარდა, იმის დედას შე***ი, რა. შიგნითაც რომ იყვნენ ტიპები, იცი შენ ვიღაცეები.

ჯ.გ.: შიგნით იყვნენ ტიპები, აბა, რაა. შენ რომ იმას ახსენებ, შე ჩემა, გეგელაშვილი თუ ვიღაცა, ის რა, სხვა იყო? ტირილ-ტირილით რომ წამოვიდა იქიდან.

დ.შ.: გიგიაშვილი, გეგელაშვილი კი არა, მაგის ოჯახი მ***ნ!

ჯ.გ.: მერე? ხოდა, მაგას ნუ გამოიყვან გენერალ-სიმუსად, ბაბა, მაგით საქმეს უკეთებ, ზედმეტი არ უნდა დააბრალო.

დ.შ.: არ ვაბრალებ ზედმეტს არაფერს. ნეტა, წამოვიდეს „ბოიში“, მაგი თუ არ გავაშიშვლო, იობმა ანათემას გადასცა ეგ, იცი შენ?

ჯ.გ.: არ ვიცი და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. როგორი რაღაცაა, ეგ იმდენად ბინძური კაცია, მარტო მაგი არ არის გადასაცემი ანათემას, ის იობი წესიერი და უპატიოსნესი კაცია, მაგრამ ცოდვაა ამდენი გველის ხელში.

დ.შ.: გველები ახლაც ეხვევა იმას, ეჭვი არ შეგეპაროს.

ჯ.გ.: ოო, ვიცი, კაცო, თავის დროზე მძ***ი ვჭამეთ, ურთიერთობა რომ  ავაგეთ მაგათთან.

დ.შ.: ის დაცვის უფროსი რომ იყო, თბილისის კუდ-ის უფროსის აგენტი…

ჯ.გ.: ცილიკიშვილი? ოოო, მაგის დედაც… მერე?

დ.შ.: არაფერი, ბიჭო, მაგის ფუნქცია, როლი, ისეთი სიტუაციებია, რომ მაგის დედას შ***ი. შიგნით მოხდა „რასკოლი“ ძალოვნებში და მასალები იყრება რამდენი, იცი, ფანჯრიდან ერთმანეთის საპირისპიროდ.

ჯ.გ.: დედა მოვტ***, ტოო… ეგ დედამოტ***ები არასდროს გაჩერდებიან, ვიდრე შენ იმაზე მეტს იტყვი, ვიდრე საჭიროა, ან იმაზე ნაკლებს.

დ.შ.: იმაზე ნაკლები ვთქვი, რაც ვიცოდი.

ჯ.გ.: რაც არ გაუკეთებია, ის არ უნდა დააბრალო, მაგის გველი დედას შე***ცი. ჩვეულებრივი „ნასედკა“ იყო, ენის მიმტანი, რისი დამგეგმავი და დამპროექტებელია, მაგის დედას შე***ცი!

დ.შ.: ენის მიმტანი იყო, ინფორმაცია მიჰქონდა-მოჰქონდა, ასე არ იყო?

ჯ.გ.: ხოო და ეს უნდა თქვა ზუსტად, რაის დირექტივებს იძლეოდა, მაგის ყ***ე დედა მოვტ***ნ, ამბები მიჰქონდა-მოჰქონდა. გახსოვს, შენ რომ მითხარი, _ თუ იცი, ბიჭო, რად გვინდა აქ ეს ნაბოზარიო. ეს რომ გავაგდო, რა ვიცი, მერე ვის შემომიგზავნიან ამის დედაც მოვტ***თო, არ გახსოვს?

დ.შ.: მახსოვს, მახსოვს, მარა.

ჯ.გ.: მერე?

დ.შ.: მაგანაც თავისი ფუნქცია შეასრულა.

ჯ.გ.: შეასრულა, მერე რაა… სხვას რას ელოდი? ის, რაც დაგეგმილი ჰქონდა, ის ვერ შეასრულეს. ყველაფერს ხომ არ ვიტყვი, არა? ვინ უთხრა უარი ჩვენს დახოცვაზე იქა? კი მოაწერა ხელი მეგისა ქარდავამ, მაგრამ ბოლომდე ვერა, ისევ იმათი შეეშინდა, არ დავხოცავთ ჩვენ მაგენსო. გაიგე?

დ.შ.: პირველი ფაქტორი იყო, იობი არ იყო ჩვენთან, მეორე ფაქტორი რაოდენობა იყო, ცოტა ჩვენი.

ჯ.გ.: რაოდენობა არაფერი არ იყო, ათი კაციც რომ ყოფილიყო, 24 კაცზე ჰქონდათ გადაწყვეტილი დაბრედვა, მარა ბოლო მომენტში უთხრეს, რომ კარგი, შეეშვითო. ერთმა ჯიგარმა უთხრა, _ მაგ მეგისას დედას მოვ***ნ, აქ რომ ჩამოვა თბილისშიო და… გადაიფიქრეს. მერე აგვერ-დაგვერევა შიგნით ყველაფერიო. ეგ იყო, თუ გინდა, სიმართლე“.

 

ამ ჩანაწერით კიდევ ერთი პირი, „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯემალ გუნდიაშვილი, ადასტურებს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, კუდ-ის აგენტი და ინფორმატორი იყო და მას ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ, მოძრაობის შექმნის პროცესში ჰქონდა.

სატელეფონო ჩანაწერი „ქრონიკა+“-ში ინახება და მისი აუდიო ვერსია სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საიტზე აიტვირთება.

თუ სოსო გოგაშვილს გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდება, „ქრონიკა+“, ბუნებრივია, მას ამის საშუალებას მისცემს.

 

 

ელისო კილაძე