„ჩვენი ადგილი არის დასავლური ცივილიზაციის მხარეს“

ირინა მაკარიძე

ეს ქართველ ხალხს გაუბედეს _ პრეზიდენტი, რომელიც ლამის ხელების გადაგრეხით აარჩევინეს ქვეყანას, „საბრალდებო სკამზე“ დასვეს და იმპიჩმენტის პროცესი მოუწყვეს. „ქართული ოცნება“ თავისსავე მოყვანილ პრეზიდენტს დაესხა თავს და აყვედრიდა, რომ დაუმსახურებლად გახადეს პრეზიდენტად, ერთადერთი იმის აღიარება დარჩათ, რომ არჩევნები გააყალბეს, სხვა ყველაფერი, რაშიც ოპონენტები ბრალს სდებდნენ, თავად აღიარეს. რა გვაჩვენა ამ სურათმა და რა შედეგი მიიღო ვერშემდგარი იმპიჩმენტით „ქართულმა ოცნებამ“? ამასობაში, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კიდევ 2 ვადით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას.

რამდენად მოსალოდნელია ეს და რა კონფიგურაციები უნდა შეიქმნას ოპოზიციაში, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს ძალა, რომელმაც ქვეყანა რუსულ ჭაობად აქცია? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი:

_ დიახ, მთლად ეს არ უთქვამთ, არჩევნები გავაყალბეთო, მაგრამ ჩვენ გადაგარჩინეთო, ჩემი სახე რომ დაინახა ამომრჩეველმა, ჩემმა სახემ გადაფარა შენი სახეო, _ ასე გამოუვიდა ირაკლი კობახიძეს. საერთოდ, ირაკლი კობახიძე რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონებინა ოპოზიციას, ეს არის „გაჭირვების ტალკვესი“, ოპოზიციის უამრავ ხარვეზს მნიშვნელოვანწილად გადაფარავს ხოლმე ირაკლი კობახიძე ყოველდღიურად. ამიტომ მე ვგულშემატკივრობ „ქართული ოცნების“ ამ ტაქტიკას, რომლის მთავარი შემსრულებელი არის ხან ერთი და ხან მეორე ირაკლი, ხან კიდევ ორივე ერთად. აი, ორივე ერთად რომ არის, „ირაკლი კვადრატში“, ეს გახლავთ ოპოზიციის ყველაზე დიდი შანსი, რომ მოემზადოს არჩევნებისთვის და დაამარცხოს „ქართული ოცნება“
_ ირაკლი ზარქუაც ჰყავთ, გამორჩეული…
_ სხვებიც ჰყავთ, მაგრამ ესენი უფრო პატარა ირაკლები არიან, ერთმანეთს ეჯიბრებიან… ამდენად, ვითარება ისეთი არის, რომ არ იძებნება, თუ რატომ აწყობდა ხელისუფლებას იმპიჩმენტის თემის წამოწევა, როცა იმპიჩმენტი განწირული იყო ჩასავარდნად. რაკი ასეთი არგუმენტი არ იძებნება, ამიტომ ისედაც შეთქმულების თეორიებისკენ მიდრეკილი ხალხი უფრო და უფრო უღრმავდება ამ ამბებს. მე ამას ვეძახი „შეცდომაში გაჯიუტებას“. რაკი დაუშვეს, რომ „ბიძინას აწყობს, აბა, სხვანაირად ვერ ვხსნით“, აზრს აღარ იცვლიან, მაგრამ რატომ აწყობს ბიძინას, ვერც ამას ხსნიან. ამიტომ არის საუბრები, რომ „ბიძინას საქმეა, ახლა ამათ მოიშორებს და სალომეს ხელით კვლავ გახელისუფლდება“, _ ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი. ეს არგუმენტი არ არის. ბიძინამ ძალიან წააგო როგორც „რუსული კანონის“ ჩავარდნით (უნდოდა და ვერ გაიტანა), ასევე იმპიჩმენტის ჩავარდნით, რაც ოპოზიციის დამსახურებაც არის.
ახლა ერთ სიტყვას ვიტყვი და ყველა ბგერა უნდა გამოვთქვა, რომ რაიმე არ დამბრალდეს, ისეთი კანონი მიიღეს და თქვენ კიდევ არ დაგსაჯონ, რომ ცუდ ტექსტებს ავრცელებთ: ბიძინას დაყმევების პროცესი „ქართულ ოცნებაში“ დასრულებულია, ბიძინას დაყმევებულები ცდილობენ საკუთარი წრის გაფართოებას, სალომეს დაყმევება ვერ მოახერხეს. ამიტომ ეს ვითარებაა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე სალომე ზურაბიშვილი თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებულ პრეზიდენტად მიმაჩნია, რა თქმა უნდა, არა. ერთადერთი არანაცური პარტია ვიყავით, რომელმაც პირველი ტურის დამთავრებისთანავე ღიად დავუჭირეთ მხარი მეორე ტურში ოპოზიციონერ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. არცერთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეს არ გაუკეთებია, ვერც ერთმა ვერ გაბედა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერა: „ვაი, ვაი, არცერთი არ გვინდა“ და ამით, ფაქტობრივად, სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობების გაზრდას შეუწყვეს ხელი და არა ამ შესაძლებლობის შემცირებას. 2018 წლის ნოემბრის მერე გამოხდა ხანი და 2020 წლის არჩევნებში, 2020-დან 2021 წლებში. ბოიკოტის სულელური ტაქტიკისა და ბევრი სხვა რამის გამო, ეს პარტიები ისე მიუახლოვდნენ და ისე ჩაეწნენ „ნაცმოძრაობას“, რომ ჩვენ სად ვიყავით მაშინ. ჩვენ შორიახლოს ვიყავით მაშინაც და შემდეგაც. რაც კარგია, მოგვწონს „ნაცმოძრაობის“, რაც ცუდია, არ ვერიდებით და ვამბობთ ისე, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიაზე. მივიღეთ ისე, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართველ ხალხს არ აურჩევია, რომელიც სახეწართმეული და სახეალეწილი, რომელიც დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტად, რამდენიმე წელი იყო ბიძინას სახელისუფლებო მჭიდში. მერე ვითარებამ მოიტანა… მოსალოდნელი იყო ეს, ერთი წუთით არ გამკვირვებია, არც მარგველაშვილის დისტანცირება გამკვირვებია ივანიშვილისგან და არც სალომე ზურაბიშვილის. ოღონდ სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა. რაკი პრეზიდენტობის მცირე დრო აქვს დარჩენილი, ახლა მაქსიმალურად ცდილობს, დარჩენილ დროში ბევრი პოზიტივი დაიგროვოს და უკანა რიცხვით გაამართლოს მისი პრეზიდენტობა. დავუდასტურებ, რომ მას ეს გამოსდის კიდეც. წამოეშველა საგარეო ვითარება. ევროპაში ინტეგრირების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის პოზიციონირება ქვეყანას ნამდვილად დადებითად წაადგება. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებიდან (პრეზიდენტი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე) ერთადერთია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღიად და მიუკიბ-მოუკიბავად ამბობს, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირში ინტეგრირება. ორბანს კი არ უძმაკაცდება, ევროკავშირის აუტსაიდერს, არამედ უკავშირდება მაკრონს, როცა უნდა მაშინ შეხვდება შარლ მიშელს, შოლცს და ბევრ სხვა ევროპელ ლიდერს. ამ თვალსაზრისით ის პოზიტიურ როლს თამაშობს. არ მიყვარს და არ ვარგა პოლიტიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, შავ-თეთრი დამოკიდებულება. რაკი სალომე არ იყო თავისუფალი არჩევნებით გამარჯვებული პრეზიდენტი, და ნამდვილად არ იყო, ამიტომ ახლა სალომემ რაც უნდა ქნას, დავრჩე წარსულის ტყვეობაში და მას არ დავუფასო ის, რასაც დღეს აკეთებს? _ ეს სწორი არ იქნება. ასევე რაკი დღეს დგამს სწორ ნაბიჯებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გუშინწინაც სწორ ნაბიჯებს დგამდა. პროცესი არის ეს…
პატიმარ მიშასთან პოლემიკას არ ვაპირებ, მას ვუსურვებ მხნეობას და ჯანმრთელობას, როგორც ჩანს, ეგუება და იაზრებს იმასაც, სანამ ეს ხელისუფლებაა, მას შეიძლება მოუხდეს ციხეში ყოფნა. 2 წელია, უკვე ზის და გაუშინაურდა ამ ციხის პირობებს. არ დაიკარგება არც მიხეილ სააკაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ახლა სააკაშვილი თუ არ გამოუშვა, მაშინ სალომე არ გვინდა, ეს არასწორი მიდგომაა და ეს არის აკვიატება. აკვიატება არის შეცდომა და შეცდომაში გაჯიუტებას სიბრიყვე ჰქვიაო _ ამბობდნენ რომაელები.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ ორი ირაკლის წარმოებული პოლიტიკა ხელსაყრელია ოპოზიციისთვის, რადგან ასე უფრო მარტივად დასამარცხებლები არიან, მაგრამ თვითონ ასე არ ფიქრობენ და არათუ 2024 წლის არჩევნებში, არამედ მის შემდგომ, 2028 წლის არჩევნებშიც აპირებენ გამარჯვებას. რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით, გამოსდით ეს, მაგრამ როგორია ახლანდელი მოცემულობა და რამდენად აქვს შანსი ოპოზიციას, ამჯერად მაინც მოიპოვოს გამარჯვება?
_ საქართველოში ყველა ხელისუფლებას ჰგონია, რომ 25-30 წლით მოვიდა, მაგრამ ამდენი ხნით ვერავინ მოვიდა. „მოქკავშირსაც“ ეგონა და აჭარაში „აღორძინებასაც“ და მათ უფროსებსაც ეგონათ ასე, მიშასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეგონა, რომ გაცილებით დიდხანს იქნებოდნენ ხელისუფლებაში, ვიდრე იყვნენ. კი, გაიწელა ბიძინას ეს ხელისუფლება, გადამწიფებულია და მაინც უმწიფარია, პარტიად მაინც ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომ არ ველოდები, რომ ესენი იქნებიან და იქნებიან, მაგრამ თავისით არცერთი ხელისუფლება არ მიდის და არც წასულა. არსებობს მოცემულობა, რომ ხელისუფლებას 2020-ში და 2021-ში, სადაც 3-5 პროცენტი ნამდვილად არის გაყალბებული, ოფიციალური შედეგებითაც კი, აქვს 50 პროცენტზე ნაკლები, ასე რომ სახელისუფლებო ზედა ჭერი, სადღაც არის 40%. როდესაც 40%-ის მიდამოებშია სახელისუფლებო შესაძლებლობები და 45-%-ს არ არემატება გაყალბების ჩათვლითაც ხელისუფლების მაქსიმალური შანსები, ეს იმას ნიშნავს, რომ 55-60% არის მისი წინააღმდეგი და არის ოპოზიციონერი. ამ ოპოზიციონერების აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურია და ამიტომ არის, 90%-ს რომ უნდა ევროკავშირი. ანუ მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ოპოზიციონერი ამომრჩეველი 10-15 პროცენტით აღემატება სახელისუფლებო ამომრჩეველს. ამ დროს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ვერ ახერხებენ ამომრჩევლისთვის ისეთი კონფიგურაციის შეთავაზებას, რომ არჩევნებით დადასტურდეს ოპოზიციური ამომრჩევლის ნება და შეიცვალოს ხელისუფლება. ამოცანა არის: ოპოზიცია წარდგეს ამომრჩევლის წინაშე ისე, რომ არ დაიკარგოს არცერთი ხმა. 5%-იანი ბარიერის გამო ბევრი პარტია არ დარჩეს 5%-ს ქვემოთ და მათთვის მიღებული ხმები არ დაიკარგოს და არ გადანაწილდეს, მათ შორის, სახელისუფლებო მანდატებად. ხშირად ასე ხდება, რომ ოპოზიციური პარტია, როდესაც ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მისთვის მიცემული ხმა იქცევა სახელისუფლებო მანდატად. ამიტომ შექმნილ ვითარებაში, ვფიქრობ, სამი ფლანგით უნდა გამოვიდეს ქართული ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე: ერთი ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც, რა თქმა უნდა, იმდენს ვეღარ აიღებს, რაც ჰქონდა, მაგრამ, სავარაუდოდ, 20%-ის ფარგლებში „ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობის შემთხვევაში ექნება. მეორე საპირისპირო ფლანგი არის გახარიას პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში 8% აიღო, ყველა კვლევით 5%-ზე მეტი აქვს, ამიტომ მასაც მაღალი შანსი გააჩნია, გადალახოს ბარიერი. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, სადაც არის არანაცური, არაგახარია ამომრჩეველი, ეს არის ოპოზიციური ამომრჩევლების უმრავლესობა, „შუაშისტები“. თუ 5 და 10 პარტია გავა არჩევნებზე ცალ-ცალკე, ვერცერთი ვერ გადალახავს ბარიერს და ეს ხმები დაიკარგება. ამიტომ თუ ეს ადამიანები, ეს პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები, რომლებიც პარლამენტში, საკრებულოებში არიან, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაცია, ნინო ლომჯარიას ჯგუფი, რომელსაც მივესალმები პოლიტიკაში, ვფიქრობ, რომ „რესპუბლიკელების“ ადგილიც აქ იქნება, ეს ხალხი თუ შეძლებს ერთიანი სუბიექტის, საარჩევმო ბლოკის შექმნას, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ამ 3 ფლანგით ხელისუფლებას დაამარცხებს ოპოზიცია, არის საკმაოდ მაღალი. მაშინ ეს იქნება ამომრჩევლის ნების ადეკვატური პასუხი. მთავარი და არსებითი ის კი არ არის, ვის რამდენი მანდატი ექნება, „რესპუბლიკელები“ ძალიან მოკრძალებულები ვიქნებით ასეთ გაერთიანებაში, მოკრძალებული უნდა იყოს ბევრი სხვაც. მთავარი არის სინერგია, რომ არ დარჩეს ამ არანაცური გაერთიანების მიღმა რომელიმე ანგარიშგასაწევი სუბიექტი, რომელსაც 2-3 პროცენტის მიღების პოტენციალი აქვს. ჩვენი ოპოზიცია მის აბსოლუტურ უმრავლესობაში არის პროდასავლური, ამიტომ ვსაუბრობ პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანებაზე, კანდიდატის სტატუსი ვისაც უნდა, იმ პოლიტიკური ძალების ერთობაზე. პირდაპირი ანალოგია არ არის, მაგრამ რაც პოლონეთში მოხდა, იქაც სამი ფლანგით წავიდა ოპოზიცია. 3 პარტიას ჯამურად 53% აქვს და შექმნიან სახელისუფლებო კოალიციას. რომელი პოლიტიკური სუბიექტი რა დოზით იქნება წარმოდგენილი უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მომავალ ხელისუფლებაში, ამას განსაზღვრავს ამომრჩეველი. მე ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს შუაშისტური, პატარა პარტიების დიდი გაერთიანება იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. შესაბამისად, თუ ეს სუბიექტი მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია, ის იქნება ამ სამი ძალის შემკრები, შესაბამისად, მისი წარდგენილი იქნება პრემიერის კანდიდატურა.
_ დიახ, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ კულტურასა და თანამშრომლობის უნარზე. ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე, ეს არც დიდი დროა და არც ცოტა, ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ეს არის თავდასხმა მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე და თითქოს ამით უნდათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს თავიანთი იდენტობის დამკვიდრება, ხშირად ამას ვხედავთ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მხრიდან, ამაზე რას იტყვით? და როგორ წარმოგიდნენიათ, ახალი ოპოზიციური ერთობა იქნება „ლელოს“ ჰეგემონიით, თუ _ თანაბარ პოზიციებზე დამყარებული სუბიექტების ერთობა?
_ ხელისუფლება ძალიან ააქტიურებს ხოლმე თემას, რომ აი, „ლელო“ და გახარია ერთიანდება. ვერ ერთიანდებიან და ა. შ. ამას ვუსმენთ სახელისუფლებო მედიის მხრიდან. ხელისუფლებას აწყობს ეს საუბარი, რადგან „ლელოსა“ და გახარიას ერთად ყოფნა არც „ლელოს“ ამომრჩეველს სიამოვნებს, არც გახარიას ამომრჩეველს და თან მათ შეუძლიათ ერთ კოალიციაში ყოფნა. ეს არის პროპაგანდისტული ომი, რომელიც ხელისუფლებამ წამოიწყო.
მე გახარიას პარტიას არ ვერჩი, ის ისედაც ამბობს, რომ ცალკე გადის, 20 ივნისის გამო ის ბევრი არანაცი ამომრჩევლისთვის მიუღებელია, ისედაც ტოქსიკურია. მას ისედაც აქვს სასტარტო პირობები. გახარიამ წაიღო „ქართული ოცნების“ სამოხელეო რესურსი და ცოტა კიდევ აქვს დარჩენილი წასაღებად. გახარიას გარდა „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ჩინოვნიკების ხმებს ასე სხვა ვერ წაართმევს და არც ეცილებიან ამაში. ამიტომ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით მაწყობს, რომ გახარიამ შეინარჩუნოს, რაც აქვს და თუ უნდა, ცოტა მოძლიერდეს კიდეც, ოღონდ ჩემი მხარდაჭერის გარეშე. მე არ წარმომიდგენია „რესპუბლიკური პარტია“ გახარიას სიით. მეორე მხრივ, ქართული პოლიტიკური სივრცის დიდი მინუსი, რაც ახლა გამოჩნდა, არის ის, რომ გახარიას ხალხი და, არა მხოლოდ, თავს ესხმის „ნაციონალურ მოძრაობას“. აგერ, იმპიჩმენტის კენჭისყრის წინ კიდევ აცხადებდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები გაიყიდებიან. ხომ გასაგებია, რომ არ გაიყიდნენ და ყველამ იცოდა, რომ არ გაიყიდებოდნენ. ეს არ არის სწორი. იმის გამო, რომ გახარიას ტაქტიკა ასეთი არის, რომ მე ოპოზიციაში ყველაზე მაგრად ვაგინებ „ნაცმოძრაობას“ და ამით უნდა არანაცური ხმების გამყარება თავისთვის, ამით, პრაქტიკულად, სხვა ოპოზიციურ პარტიებს ეკონკურენტებიან, რომ მე უფრო მაგრად ვაგინებ მიშას და შენ არ აგინებ, შენ მხოლოდ აკრიკიკებ. შენ ხან მოგწონს, ხან არ მოგწონს და მე ყოველთვის ვაგინებ, ასეთია მისი ტაქტიკა, მაგრამ ეს ტაქტიკა მოყირჭებულია და სწორი არ არის, მით უმეტეს, როდესაც დილით იტყვი, რომ „ნაცი“ გაიყიდება და 2 საათში გამოჩნდება, რომ „ნაცი“ არ იყიდება. ამის გამო, რომ გახარიას პარტიას მოსდის შეცდომები ტაქტიკაში, მე მოწადინებული არ ვარ, რომ მოისპოს გახარიას პარტია. ჯერ ერთი, ვერ მოისპობა, ბარიერგადალახული პარტიაა და ბუნებრივია, მირჩევნია, ის გამოჩნდეს ოპოზიციურ კოალიციაში და არა „ქართულ ოცნებასთან“ მიტმასნილ მდგომარეობაში.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „გამარჯვების პლატფორმას“, გიორგი ვაშაძე გამოდის და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თოჯინა არის. ეს მორიგი შეცდომაა მისი მხრიდან. საკმაო გამოცდილება აქვს, მე ვგულშემატკივრობ მას და არ მემეტება ასეთი მდარე შეცდომებისთვის. იმიტომ, რომ არ არის სალომე ზურაბიშვილი „ბიძინას თოჯინა“. გამოჩნდა, რომ არ არის, იმპიჩმენტი უნდოდა ბიძინას ხალხს და არ გამოუვიდა, მათი დამსახურებაც ხომ არის ამაში? „ოცნებას“ ბევრი რამ გამოუვიდა, რითაც საკუთარი ამომრჩევლის სიბნელე გაამყარეს, მაგრამ ამომრჩევლის რაოდენობა დაიკლეს.
მე მგონია, რომ ახლა პრობლემა ოპოზიციაშია, არანაცურ, არაგახარიასეულ ოპოზიციაში, რომელშიც მელიადან დაწყებული ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფს განვიხილავ. მელიასაც ვგულშემატკივრობ, არ განვიხილავ მას უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“, მისი გადასადგმელია ეს ნაბიჯები, რომ დააფიქსიროს, აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. აგერ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე არიან უკვე ცალკე ჯგუფი, „ევროოპტიმისტები“ ჰქვიათ, გუშინწინ იყვნენ „ნაციონალები“, დღეს აღარ არიან. ასე, ვინც აღარ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ უახლოეს თვეებში, ახალ წლამდე, ისინიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას ამ არანაცური დიდი გაერთიანების შექმნაში. ამას ერთი ლიდერი ვერ ეყოლება, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი ლიდერი, „ლელოს“ ირგვლივ ვერ გაკეთდება და ვერც „ლელოს“ გარეშე. აქ ვგულისხმობ ზურა ჯაფარიძესაც, ელენე ხოშტარიასაც, ჩვენს პატარა ჯგუფსაც და ბევრ სხვას, ვინც პარლამენტშია, საკრებულოშია, სამოქალაქო აქტივისტია და ა. შ.
ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ არ მაქვს პერსონალური ამოცანები, ამიტომ უფრო თავისუფლად ვლაპარაკობ ამ თემებზე. ვლაპარაკობ როგორც დათო ბერძენიშვილი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ამ პოლიტიკურ სივრცეში რაღაც უკეთებია, არ ვარ მიუღებელი და საშიში არცერთი იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, ვისთანაც მექნება კონტაქტი, რომ ხელი შევუწყო ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბებას, ჩემი პირადი პერსონალური ინტერესის გარეშე.
_ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?
_ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და სულ არ ვცდილობ, რამენაირად მეხუთეჯერ მოვახერხო საქართველოს პარლამენტში მოხვედრა.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით?
_ ჩვენ შანსი მაღაღი გვაქვს, ევროპას იმდენად უნდა ამჟამად საქართველო, იმდენად არის ევროპული გაფართოების გეგმები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩათვლით, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ხელისუფლება ბრიუსელს დაახლოებით ასე ელაპარაკება, _ მე უკეთესი არ გავხდები, შეიძლება ცოტა რამ დაგითმოთ, მაგრამ ბევრს არ დაგითმობთ, როგორიც ვარ, ასეთი მიმიღეთ ევროკავშირში, არ მინდა, თქვენ მოგცეთ იმდენი ბერკეტი, რომ შემდეგ მე ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნო, ამიტომ მცირე დათმომებით თუ მიმიღებთ, მერე მე ამას გავყიდი ჩემს ქვეყანაში, რომ მე მაგარი ვარ და მე შევიყვანე საქართველო კანდიდატის სტატუსით ევროპაში. ეს არის ხელისუფლების ხაზი. ევროპის ხაზი და ქართული ოპოზიცის ხაზი და მთელი ქართული საზოგადოების ხაზი არის ის, რომ შეუქცევადი გახდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
_ ავითარებენ აზრს, რომ ხელისუფლება შეგნებულად ახდენს სტატუსის საბოტაჟირებას, რადგან ვალდებულება აქვს რუსეთთან, ამაზე რას იტყვით?
_ ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ფიქრობს საკუთარ თავზე. რაც უფრო ნაკლები აქვს მას მხარდაჭერა ხალხში, მით უფრო ცდილობს, მხარდაჭერა მოიპოვოს გარეთ. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვერ მოიპოვებს, რჩება მოსკოვი. ეს არის სიტუაციური ვითარება. ჩვენი ადგილი არის დასავლური ცივილიზაციის მხარეს.