„ჩემი პოლიტიკაში მოსვლა უკვე გამარჯვებაა საქართველოსთვის“

„მე უკვე დავსვი დიაგნოზი, თუ რა უჭირს თბილისს“

„ქართული ენა არის სიბრძნე, თამადა არის ქვეყნის სიბრძნე“

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერად მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა.

როგორც რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუმ „ქრონიკა +“-ს განუცხადა, ის აქტიურადაა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული და მოსახლეობას სხვადასხვა უბნებში ხვდება. მისივე თქმით, მან ზუსტად იცის რა უჭირს ხალხს და დიაგნოზიც უკვე გამოუტანა თბილისს.

ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში 26 წელია, ცხოვრობს. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას. უყვარს ქართული ტრადიციები და როგორც ამბობს, ის ძალიან გავს თავისი სამსობლოს ტრადიციებს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას.

რა გეგმები აქვს? როგორ აპირებს გამარჯვებას და ქართველი ხალხის გულის მოგებას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, „ქრონიკა +“-ს თბილისის მერობის კანდინატი, ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ ესაუბრა.

_ ბატონო რიჩარდ, თქვენი გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ერთგვარი გაკვირვებაც გამოიწვიეთ საზოგადოებაში. ბევრს ხუმრობაც კი ეგონა, თუმცა თქვენი განცხადების შემდეგ უკვე ყველამ დაიჯერა, რომ ნამდვილად აპირებთ თბილისის მერობისთვის ბრძოლას. მოდით მკითხველს უფრო ახლოდან გაეცანით და მოგვიყევით თქვენს შესახებ.

_ ჩემი სახელია რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, ნიგერიიდან. საქართველოში ვცხოვრობ 26 წელია, მყავს ცოლი და შვილები. ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ, უკვე დიდი ხანია საქართველოს მოქალაქე ვარ, დაახლოებით 15 წელი. თავდაპირველად საქართველოს სანახავად ჩამოვედი, მაინტერესებდა ეს ქალაქი. ჩემს გარშემო არავინ იცოდა საქართველოს შესახებ.

_ შემდეგ იმდენად მოგექონათ საქართველო, რომ აქ ცხოვრება გადაწყვიტეთ და ბიზნესი დაიწყეთ?

_ მე საქართველოში ჩამოსვლამდე მქონდა მქონდა ბიზნესი. ოჯახს გვაქვს კიდევ ბიზნესიდა ჩვენ გვაქვს კიდევ ოჯახის ბიზნესი. დამეღუპა დედა და ძმა და სამწუხაროდ ჩასვლა ვერ მოვახერხე. ჩემი და მეჩხუბა, დარჩი მანდ, ცოლი მოიყვანე. მხოლოდ მე დავრჩი გვარის გამგრძელებელი. ჩემს ხალხს ეშინოდა, რომ თუ მე ჩავიდოდი რაღაც დამემართებოდა. ამიტომ დავრჩი აქ. მე ჩემი ძმის სიკვდილი 4 წლის შემდეგ გავიგე.

_ დარჩით საქართველოში და გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა. მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

_ სამეგობრო წრეში გავიცანი. დაბადების დღეზე ვიყავი და ჩემი ყურადღება მიიქცია.

_ რით მოგხიბლათ?

_ ლამაზი, საინტერესო და ჭკვიანი ადამიანია.

_ რამდენი შვილი გყავთ?

_ სამი. გოგო და ორი ბიჭი. სამივე კარგად ლაპარაკობს ქართულად, ჩემზე უკეთაც კი.

_ ნიგერიაში არ არიან ნამყოფი თქვენი შვილები?

_ არა. შარშან გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ კორონ პანდემიის გამო ვეღარ შევძელით წასვლა.

_ თქვენმა მეუღლემ რა თქვა, როდესაც გაიგო რომ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებდით მონაწილეობას?

_ შოკში იყო.

_ თქვენ რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

_ მე შემიძლია დავეხმარო მოსახლეობას, იმიტომ რომ ვიცი მათი პრობლემები.

_ მაგალითად?

_ არის უმუშევრობა და ეს არის ის საკითხი, რომელიც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. აუცილებელია სანდო ხელისუფლება, რომ ნდობა გაჩნდეს ხალხში. ინტერნეტში არის სხვადასხვა უბნების ჯგუფები. მაგალითად, ვარკეთილის, გლდანის და ა.შ. ამ ჯგუფებში ხალხი უამრავ პრობლემაზე საუბრობს, მე ამ ინფორმაციებს ვეცნობი. ისინი ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება რომ ქონდეთ უკეთესი უბანი, უფრო სუფთა და მწვანე.

_ თუმცა, ამ მიმართულებით თბილისის მერმა კახა კალაძემ საკმაოდ ბევრი სკვერი მოაწყო, თავისი გამწვანებით.

_ არა, როგორიც არის ვაკე-ვერა, ასეთივე უნდა იყოს თემქა, ლილო, ვარკეთილი და სხვა უბანი. მარტო ერთი ადგილი საკმარისი არაა. ყველა თბილისელი უნდა ცხოვრობდეს სუფთა, ლამაზ და გამწვანებულ უბანში.

_ თქვენ რა უბანში ცხოვრობთ?

_ დიდუბეში.

_ დიდუბეში რა პრობლემებს აწყდებით?

_ დიდუბეშიც არის უამრავი პრობლემა, თუმცა მე მხოლოდ დიდუბეზე არ ვიზრუნებ, მთელი თბილისის პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ. მაგალითად, თბილისში არსებობს პარკინგის პრობლემა. „სითი პარკი“ იქნება ეს თუ სხვა, ყოველწლიურად ადამიანს უწევს გადასახადი, ამის მიუხედავად სადმე გააჩერებ მანქანას და მაინც გახდევინებენ ფულს. 10 ლარი მომეცი, 2 ლარი და ა.შ. ასეთი რამ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება. მაგალითად ვაკეში, რატომ არ აკეთებენ დიდ საპარკინგე ადგილს, სადაც ხალხს მანქანის გაჩერების შესაძლებლობა ექნება.

_ ბატონო რიჩარდ, თქვენმა კოლეგებმა უკვე დაიწყეს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და თქვენ რას შვრებით? არ გაქვთ მოსახლეობასთან შეხვედრა?

_ არ მინდა ტელევიზიები ან დიდი პლაკატები. მინდა ხალხთან ურთიერთობა, ხალხის პირისპირ ყოფნა და საუბარი. არ მინდა ხალხმა მიყუროს როგორც უცხოპლანეტელს. ბაზარში დავდივარ და ვესაუბრები ხალხს. ხალხს ძალიან უჭირს და იმიტომ დავდივარ უბან-უბან.

_ როგორ ფიქრობთ მოიგებთ ქართველი ამომრჩეველის გულს?

_ აუცილებლად.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

_ ხალხი. ჩემი პოლიტიკაში მოსვლა უკვე არის გამარჯვება საქართველოსთვის, იმიტომ რომ უკვე ტოლერანტულობაა ეს.

_ სერიოზული კონკურენტები გყავთ. მაგალითად, კალაძე, გახარია, მელია და ბევრი სხვა. არ გეშინიათ?

_ რატომ უნდა მეშინოდეს?!

_ ფიზიკურ შიშს არ ვგულისხმობ.

_ მე ვარ პროფესიონალი. მე ვიცი რა უჭირს ხალხს. პირველი რიგში დიდ ინვესტიციას ჩავდებ ხალხში, ახალგაზრდებში, მათ მომავალში. ახლა ხალხი მშიერია, ადამიანს ელემენტარული საჭმელი არ აქვს. არიან დედები რომლებსაც ღამე არ ძინავთ, ფიქრობენ რა უნდა აჭამონ თავიანთ შვილებს. ადამიანებმა, რომლებმაც დაამთავრეს უმაღლესი და აქვთ პროფესია, ისინი უნდა დასაქმდნენ და არ უნდა ისხდნენ სახლში. როცა ქალს აქვს სამსახური, როცა ქალი არის დასაქმებული, ჩათვალეთ რომ ოჯახის პრობლემა უკვე მოგვარებულია, რადგან ქალებმა უკეთ იციან რა არის საჭირო სახლში. მაგალითად, როცა მე მივდივარ ბაზარში და ვყიდულობ ხორცს, შეიძლება დამავიწყდეს წიწაკა ან ხახვი, მაგრამ როდესაც ჩემი ცოლი მიდის საყიდლად, მან ზუსტად იცის რა უნდა.

_ ნიგერიაში, როცა თქვენმა დამ და ნათესავებმა შეიტყეს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, რა გითხრეს?

_ ზოგმა მითხრა რათ გინდაო, მე ვუთხარი ის მიზეზები თუ რატომაც გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა. მათ იციან ვინ ვარ და რა შემიძლია, შესაბამისად ძალიან კარგად შეხვდნენ ჩემს ამ გადაწყვეტილებას.

_ ე.წ. ქართულ პოლიტიკურ ელიტას თუ იცნობთ?

_ მე, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და მათთან პოლიტიკური კონტაქტი არ მაქვს.

_ თქვენი საარჩევნო ნომერი რა იქნება? ცესკოდან მიიღეთ უკვე ოფიციალური წერილი?

_ დიახ. ჩვენი პარტია არის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ და 23-ე ნომრით ვარ საარჩევნო სიაში. პარტიის თავმჯდომარე გახლავთ ისააკ გიორგაძე.

_ კიდევ ვინ არიან თქვენს პარტიაში?

_ ირაკლი ფხალაძე, ისააკ გიორგაძე, დათო ახმეტელი და სხვები.

_ დამარცხების შემთხვევაში რას აპირებთ? გააგრძელებთ თუ არა ისევ პოლიტიკურ ცხოვრებას?

_ ვნახოთ, რა იქნება და როგორ. მე მიყვარს მშვიდობიანი არჩევნები, მშვიდობიანი ქალაქი, ამიტომ მიყვარს თბილისი, აქ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ – სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ქურთები, მათი გაცნობა ჩემთვის სიამოვნება იყო. ამ ადამიანების შესახებ მხოლოდ ბიბლიაში მქონდა წაკითხული.

_ ბრძოლას სერიოზულად აპირებთ…

_ ბრძოლა… ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება თბილისის მერი. არ მიყვარს სიტყვა ბრძოლა.

_ რა არის თქვენთვის თბილისი?

_ ურთიერთბა, ძმაკაცობა, მეზობლობა. იგევეა ჩვენი იბო, მე ახლა გეუბნებით როგორც იბო კაცი და არა როგორც აფრიკელი. ჩვენ გვაქვს იგივე ტრადიცია, ძმაკაცობა, მეზობლობა, ნათლულობა და ჩვენი ტრადიციები რაღაცით გაქვს ერთმანეთს.

_ გიყვართ ქართული ტრადიციები? მაგალითად, სუფრის ტრადიცია?

_ გარეგნულად შავი კაცი ვარ, მაგრამ შინაგანად ქართველი ვარ, ქართული სული და გული მაქვს. აქ ჩამოვედი 25 წლის ასაკში და ახლა ვარ 49 წლის. თავს ვგრძნობ როგორც ქართველი. მე ვსვამ ქართულ წყალს, ვჭამ მჭადს და ვაზროვნებ ქართულად.

_ ქართული სამზარეულოდან განსაკუთრებით რა გიყვართ?

_ ღომი, მწვადი, ღვინო. ღვინო კარგია, მაგრამ ლოთობა არ მიყვარს, ცოტას დალევა შეიძლება როცა სუფრასთან მოხვდები. სადღეგრძელოს დროს, ქართული ენა არის სიბრძნე. თამადა არის ქვეყნის სიბრძნე, ადამიანი რომელსაც ტვინი არ აქვს ვერ იქნება თამადა. ქართველებმა იციან თამადა და ყანწი, იბოებსაც გვაქვს იგივე ტრადიციები, ბევრი რამე გვაქვს საერთო.

_ და ბოლოს, რას ეტყვით თქვენს ამომრჩევლებს? რატომ უნდა მოგცეთ ხმა ქართველმა ამომრჩევლებმა?

_ მე ვიცი გზა უკეთესი ცხოვრებისკენ. მე ვიცი, რა უჭირს ხალხს, ექიმი რომელიც მკურნალობს ადამიანს, თუ დიაგნოზსს ვერ დასვამს ვერ უმკურნალებს. შესაბამისად, მე უკვე დავსვი დიაგნოზი თუ რა უჭირს თბილისს. მე მაქვს ამის პასუხი. შემიძლია განვკურნო უმუშევრობა.

_ მადლობა საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ.