„ჩაიცვი ქართული“ _ თბილისში ქართული მოდის სახლი გაიხსნა

ელეგანტურობა, დახვეწილობა, გემოვნება და არისტოკრტულობა _ ეს არის ის ძირითადი და მნიშვნელოვანი ხაზი, რომელზედაც მუშაობს მოდის სახლი „მარიგოლდი“. კომპანია „მარიგოლდი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც 2008 წლიდან აწარმოებს საავტორო, ხელნაკეთ საქორწილო სამოსს და სადღესასწაულო ტანსაცმელს. ასევე კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა კამპანია „ჩაიცვი ქართული“, რომლის ფარგლებშიც „მარიგოლდს“ აქვს გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ხაზი.
თამარ ნადირაძე _ კომპანია „მარიგოლდის“ დამფუძნებელი:
„ეს ყველაფერი დაიწყო 10 წლის წინათ, თუმცა მე უკვე 20 წელია, რაც ამ სფეროში ვარ და მახსენდება პირველი ნაბიჯები, როდესაც არც თანხები იყო, რომ ბევრი კოსტიუმი გამეკეთებინა, ფული არ მქონდა იმისთვის, რომ ბევრი მასალა მეყიდა და შემდეგ სამოსი შემექმნა. „მარიგოლდმა“ ახალი სიტყვა თქვა და განსხვავებული ხაზი შემოიტანა. შევქმენით დახვეწილი, სადა კაბები და ზოგჯერ ის გაჭირვება ძალიან ბევრ კარგ რაღაცებს გვაქმნევინებდა. დღემდე ძალიან დიდი შრომის შედეგად მოვედით, ეს არ არის სამსახური, ეს ჩვენთვის ოჯახია. მახარებს ის ფაქტი, რომ 10 წლის თავზე საკუთარი სახლი გვაქვს. ნამუშევრებს სიყვარულით ვქმნით. ჩვენს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით თქვენ _ ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის ხართ და იქნებით. თქვენ კარგად გახსოვთ, თუ რამდენ ლამაზ და განსაკუთრებულ საღამოსა და პროექტს ვაკეთებთ თქვენივე მონაწილეობით. ვცდილობთ, რომ ამ მხრივ ყოველდღიურობა გაგილამაზოთ. ჩვენ ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციაში ვმონაწილეობთ და ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერში კი გვერდით მიდგას ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი სული და გული, ჩემი თეა გუნთაიშვილი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ დღეს ხედავთ. ჩვენ ყველას სიყვარული გვაკავშირებს და ეს კედლები მხოლოდ სიყვარულით გაჯერებულია. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იქმნება ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სტრატეგია, რასაც ოჯახი ჰქვია“.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „მარიგოლდის“ სამკერვალო საწარმო დაეთვალიერებინათ, წარმოების პროცესს ადგილზე გასცნობოდნენ და სადღესასწაულო და „ჩაიცვი ქართულის“ ხაზის საექსპოზიციო მოდელები ენახათ.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ასევე საჯარო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

გიორგი ჩოგოვაძე _ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
„საქართველო სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო ხდება მსოფლიოსთვის, მათ შორის ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა ქართული მოდა. ეს დაინტერესება, რომელიც რეალიზაციაშიც აისახება, სტიმულია, რომ უფრო მეტი მოდის სახლი გაიხსნას და ქართველმა დიზაინერებმა საქართველოში ახალი კოლექციები შექმნან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მოდის სახლიც ძალიან წარმატებული იქნება როგორც ტურისტებში, ასევე ქართველებში“.

ნატუკა გულისაშვილი _ მსახიობი:
„ისეთი არაჩვეულებრივი კაბები აქვთ, რომ მეორედ გათხოვება მოგინდება ადამიანს. მიხარია ყველაფერი ის, რაც საქართველოში კეთდება და ქართულია. ვფიქრობ, ეს არის ის ბრენდი, რომელიც ნათლად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ რამდენად ნჭიერები, ლამაზები არიან ქართველები და როგორი მშვენიერია ქართული სამოსი. საქორწილო კაბებში ძველი ქართული ორნამენტების დეტალების შეტანა ძალიან მიხარია, რადგან სამოსი უფრო სხვანაირი გახადა“.

ირაკლი ლექვინაძე _ ბიზნესომბუდსმენი:
„მარიგოლდის“ ახალი მაღაზია ეს არის მცირე ბიზნესი, ქართული ნაწარმი, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია და მგონია, რომ მსგავსი ტიპის საწარმოები ქმნის დასაქმებას, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, რადგან მათ თავიანთი ნიჭის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ. „მარიგოლდს“ ვუსურვებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ძალიან პოპულარული იყოს“.

„მარიგოლდი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით „მარიგოლდმა“ შექმნა ბრენდბუქი, სადაც აღწერილია ქვეყნის ისტორიული კუთხეები ტრადიციულ სამოსთან ერთად. ახალ საწარმოსა და მოდის სახლში „მარიგოლდი“ 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.

გიორგი საკარული