შპს „ლიმონი“, კლიმენტის ვალი და სოსოს შნო

sk

ცხოვრებაში რას აღარ ნახავ, მაგრამ ის, რაც ამ უცნაური კაცის თავს ხდება, სახელიც აღარ ჰქვია… ვალი, ვალი და ვალი!..

ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ იმიტომ არ უნდა მიდიოდეს, რომ ვალები გაისტუმროს, მაგრამ სოსოს შემთხვევაში ასეა… კიდევ ერთი ვალი და კიდევ ერთხელ დაყადაღებული ქონება…

„07.04.2015

მოვალე(ებ)ს: შპს „ლიმონი“ (231170764)

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. გაცნობებთ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 23.01.2012 წელს გაცემული 3/202 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #12008425). კრედიტორის განცხადების მიხედვით, 07/04/2015 წლისათვის შპს „ლიმონის“ (231170764) დავალიანება სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ შეადგენს 20363.12 ლარს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, რეალიზებული უნდა იქნეს კლიმენტი გოგაშვილის დაყადაღებული ქონება. გეძლევათ წინადადება, ნებაყოფლობით, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, გადაიხადოთ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და აღსრულების საფასურის სრული ოდენობა _ აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, არანაკლებ 50 ლარის ოდენობით“.

ეს ამონარიდია 2015 წლის სააღსრულებლო ფურცლიდან…

2016-ში შპს „ლიმონის“ 100%-იანი წილის მეპატრონე უკვე გარდაიცვალა. მანამდე შესწორებები იყო შპს-ს საარქივო დოკუმენტაციაში. თუმცა აღნიშნული „კომპანია“ გოგაშვილებზე არ რეგისტრირდება. კომპანიის ვალის გამსტუმრებელი კი კლიმენტი გოგაშვილის ქონება უნდა ყოფილიყო, ვალი სახელმწიფოსთვის გასაცემი საშემოსავლო თანხებია. ე. ი. 2015 წელს სოსო გოგაშვილის მამის ქონების დაყადაღების აღსრულება სახელმწიფომ გადაწყვიტა…

დღეს „შპს ლიმონს“ საჯარო რეესტრში ვალი აღარ უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს, იგივე სახელმწიფოს, „ლიმონთან“ პრეტენზიები აღარ აქვს. შესაბამისად, პრეტენზიებიც გაქრა სოსო გოგაშვილის მამის, კლიმენტი გოგაშვილის ქონებასთან.

 

დაუსრულებელი ვალი და დაუსრულებელი ყადაღა

 

როგორ იხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ვალებს, ამაზე „ქრონიკა+“-თან ანონიმური წყარო საუბრობს:

_ ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა, ახლა განულებული აქვს. ძირითადად, ბიზნესმენებს დააფარინა.

_ კერძოდ, რომელს?

_ მაგდენი ასე არ ვიცი, რომელი რომელს, მაგრამ ვიცი, რომ, მაგალითად, ეს ვალი _ 20 300 _ დედოფლისწყაროს მექანიზაციის ცენტრმა გადაუხადა.

_ რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსი არის?

_ ზუსტად ეგ. მექანიზაციის ცენტრს ხომ აქვს თავისი შემოსულობები, ხომ აქირავებს ტექნიკას და ეს გაქირავებული ტექნიკის თანხა საკმაოდ სოლიდურია. თუ, ვთქვათ, ამ მექანიზაციის ცენტრიდან ტექნიკას ღარიბაშვილ-თამაზაშვილები საკუთარი მამულების დასახნავ მოსავლელად უსასყიდლოდ ხმარობდნენ, გოგაშვილს ეს ინტერესი არ ჰქონდა.

_ რატომ?

_ მას არ აქვს არც მიწები, არც მარცვლეული.

_ ე. ი. მას მხოლოდ მშრალი ფული უნდა?

_ მასეა. ზუსტად ვიცი, რომ ეს ვალი მექანიზაციის ცენტრმა გადაუხადა.

_ კიდევ რა გადაუხადა, ვთქვათ, ამის გარდა?

_ მექანიზაციამ მეტი აღარაფერი, მაგრამ, აი, კახეთის ენერგო დისტრიბუციამ ორი წლის წინათ ერთ-ერთი ვალი დაუფარა.

_ თუმცა იგი ხომ გაკოტრების რეჟიმშია?

_ მერე რა? გაკოტრების რეჟიმში იქნება, აბა, მაშ, რა იქნება, ხან ვის ინახავს და ხან _ ვის!..

_ ე. ი. გოგაშვილი კომპანიებს ატერორებს!

_ თუმცა არსად ჩანს…

_ როგორ ხდება, რომ არავინ საუბრობს ამ ე. წ. შეწერილ ფულზე?..

_ სოსო გოგაშვილს სხვა სტრატეგია აქვს. თუ მიშა ვინმეს დაუმორჩილებლობისთვის დააწერდა, იგი ასე არ უყურებს მოვლენებს. მას ვინც არ დაუჯერებს, ყველა გაკოტრდება და მიწასთან გასწორდება. საერთოდ, იცით, რამდენი კომპანიაა გაკოტრებული? რატომ შეჩერდა ბიზნესი?! რა მოხდა?! გოგაშვილი ყველაზე კარგად ფინანსურ პოლიციას კურირებს კულისებიდან.

_ ძალოვანს?

_ ძალოვანი ნაკლებად ადარდებს. მთავარია, ძალოვანი მშვიდად იყოს და ფინანსური _ ფხიზლად. არავის დაჭერა არ არის საჭირო. დაჭერის გარეშე უფრო ადვილად გვარდება ბიზნესის ტერორი.

_ და სოსოს ვალების გადახდა…

_ კი, სოსოს ვალების გადახდა… დღეს ვალი აღარ გააჩნია. ასე რომ, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, არჩევნებამდე სრული საბანკო ისტორია გასუფთავებული აქვს.

 

დაბოლოს, ზედმეტად უხერხულია, როცა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი ფიგურა ასე მშვიდად, აუღელვებლად ატერორებს ბიზნესს, სხვის ხარჯზე იხდის ვალებს და ფინალში არ ფიქრობს, რას მოუტანს სახელმწიფოს მისი საქმიანობა?!.

მაგრამ არც იმას აცნობიერებს, რა ბედი ელის ხვალ…

ყველაფერს არ გაგიპრავებს, სოსო, ბიძინა! ვეღარ გიშველის უჩა! იცი, რომ მალე საკლასო ოთახიდან დაგითხოვენ…

 

P. S. ერთხელ ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა, ვირი დაგლიჯა და შემდეგ ნანადირევის განაწილება მელას სთხოვა. მელამ ნანადირევის უდიდესი ნაწილი ლომს გადაუდო, თვითონ კი უმცირესი დაიტოვა.

ლომს ესიამოვნა მელას საქციელი და ჰკითხა მას:

_ ნადირთა შორის უკეთილშობილესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?

_ ვირის ბედმა, ჩემო ხელმწიფეო, _ მიუგო მელამ ლომს.

 

 

                                                                                                                მაკა მოსიაშვილი