„შოვი მკვდარია, აბა, რა არის? მანდ რომ რაღაც კიდევ გაკეთდეს, ეს იქნება დანაშაული!“

ირინა მაკარიძე

რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია? იყო თუ არა შესაძლებელი პროცესების წინასწარ პროგნოზირება? რას შეცვლიდა ადგილზე ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობა? რა უნდა გაითვალისწინოთ საქართველოში, სადაც მსგავსი საფრთხის შემცველი კიდევ არაერთი ხეობაა? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გეოგრაფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალაშვილი:
_ როდესაც ასეთი მოვლენები ხდება, უმთავრესი არის სწორი დიაგნოსტირება. ანუ თუ ჩვენ სწორად ვერ შევაფასებთ, რა მოხდა, შესაბამისად, ვერც შემდგომი პროგნოზირება იქნება სწორი, ვერც პრევენცია მოხდება და, შესაბამისად, ბევრი სხვა საკითხი უკვე აზრს კარგავს. ეს რაც მოხდა, მეცნიერულად კი არა, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასეთივე პროცესი არა მარტო რაჭაში, იქ სადაც მყინვარები იყო ისტორიულად, ძალიან ბევრ ტერიტორიაზე არის დაფიქსირებული. აფხაზეთშია ძალიან ბევრ ადგილას, მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და, შეიძლება ითქვას, წალენჯიხის ტერიტორიაზეც, ასევე დვალეთში, ყაზბეგში. მყინვარის ლღობის პროცესში უზარმაზარი ლოდნარი მასალა იშლება, ასეთი ლოდი მარტო სოფელ გლოლაში, შოვიდან რამდენიმე კილომეტრში არის და მას 1988 წელს სტიქიის სტატუსი მიანიჭეს, „წითელ წიგნში“ შეიტანეს. რეალურად, აქ რა პროცესიც განვითარდა, ის ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ბოლოს ამ მდინარის ზედა ნაწილში, მე-17, მე-18 საუკუნეებშიც, აქტიურად ხდებოდა ეს პროცესები. ყოველგვარი მეცნიერული შეფასების გარეშე მისი კვალი დღესაც ჩანს. ასე რომ, ეს მყინვარი, თბილისა, რომელზეც ეს პროცესი დაფიქსირდა, ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის მოძრაობდა. წლების განმავლობაში ჩვენ ამ მყინვარს ვაკვირდებოდით. იქ არის ერთი ადგილი, „ტბაუკას“ ეძახიან, იქ ავდიოდით. თავდაპირველად, 2000 წელს, როდესაც გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები ავედით, შედარებით ადვილად მისასვლელი იყო, შემდეგ და შემდეგ უკვე უკან და უკან იხევდა მყინვარი (ლღვებოდა). როდესაც მყინვარი უკან იხევს, ძალიან ბევრი ქვა-ღორღი რჩება _ ე. ი. როდესაც მყინვარი ლღვება, ქვა და ღორღი ჩნდება. ყოველწლიურად ამ ხეობაში ათეულობით და ასეულობით კუბმეტრი და ჯამურად რამდენიმე კილომეტრის ფართობის მასალა იყო წარმოდგენილი. საკმარისია ამ მასალას წყალი შეუდგეს, რომ ეს კლდოვანი მასა იწყებს მოძრაობას. ამ შემთხვევაში ეს ფერდობი, რაც ჩამოიშალა, ჩვენ რაც ვნახეთ სატელიტური ინფორმაციით და შვეულმფრენიდან დაფიქსირებული კადრებით, იქ სახმელეთო მისვლა ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა იმ კონკრეტულ წერტილში მისვლას ფიზიკურად ვერც შეძლებ, ამიტომ ჩვენ კვლევებში ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა დრონი და შვეულმფრენით შემოფრენის შედეგად მიღებული კადრები და ამით ანალიზს ვაკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, სპეციალისტმა, რომლებმაც იციან ესა თუ ის ტერიტორია, სახმელეთო კვლევები ჩატარებული აქვთ რამდენჯერმე და მარკირებული აქვს ტერიტორია, მისთვის აუცილებელიც აღარ არის ადგილზე მივიდეს და პირდაპირ შეეხოს ამ უბედურ წერტილს. თეორიულად რომ ვთქვათ, ყინულის მოტეხის შედეგად უზარმაზარი ლოდნარი მასა ბევრჯერ ჩამოდიოდა ქვევით, შოვშიც ბევრია…
_ ანუ ყველამ იცოდა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა?
_ ვინც ამ თემასთან დაკავშირებულია, იცის, რომ ეს მყინვარები მოძრაობს და მას ჰქვია „საუკუნეობრივი რყევა“, ასეთი ტერმინი არის. ეს ყოველთვის არის გასათვალისწინებელი.
_ გლობალური დათბობა რამდენად არის ამასთან კავშირში?
_ გლობალური დათბობა არის მთავარი დამნაშავე. თუ საუკუნეების განმავლობაში მყინვარის უკან დახევის პერიოდი 5 და 10 მეტრი იყო, ეს გასამმაგდა. მარტივად რომ ვთქვათ, 10 მეტრის უკან დახევის დროს თუ იყო გამოთავისუფლებული, ვთქვათ, 10 ტონა ლოდი, დღეს გახდა 30 ტონა. 10 ტონა ლოდი რომ ჩამოეშალა პროცესს, ეს შეიძლება შოვამდე ვერ მოსულიყო, მაგრამ როდესაც გასამმაგდა, სამჯერ მეტი იყო იქ დახრილობა და ენერგიაც, მან გაიარა შოვის ტერიტორიაზე. როდესაც ეს წინა საუკუნეებსა თუ წინა წლებში ფიქსირდებოდა, ნაშალი მასალა შოვამდე არ გამოდიოდა. შოვამდე თუ არ გამოვიდოდა, შესაბამისად, მას ვერავინ ნახავდა, თუ ვიწრო სპეციალისტი არაა. როდესაც შოვის გაშენებაც დაიწყეს, მაშინ ამას ვერ გაითვალისწინებდნენ. პირველი შენობა, რაც აშენდა შოვში 96 წლის წინ, ის საერთოდ უვნებელია, ღვარცოფი არ შეხებია.
_ საუბარი იმაზეა, ეს კოტეჯები რატომ იყო მდინარის ხეობაში, თორემ ფერდობზე, ალბათ, არ იქნებოდა საფრთხე…
_ ასეთი მდინარის ხეობაში 100 წლის წინათ როდესაც გადაწყვიტეს, რომ აქ რაღაც უნდა გაკეთებულიყო, შესაბამისად, ალბათ, მაშინაც მიაქცევდნენ ყურადღებას, ლოდი სადამდე ჩამოვიდოდა. მაგრამ ამ ტერიტორიაზე ამ ქვა-ღორღისა და ლოდების ჩამოსვლის კვალი რომ არ ჩანდა, შესაბამისად, საფრთხე ვერ დაინახეს. ახლაც, ამ კატასტროფამდე, ბოლო საუკუნის ჩამოშლის კვალი არ ჩანდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ აქ ეს არ ჩამოვიდოდა.
_ სად იყო ეს წყალი, რის შედეგადაც მასა მოძრაობაში მოვიდა? ადგილობრივებზე დაყრდნობით ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 დღე მდინარის დინება შეჩერდა, შესაბამისად, უნდა გაჩენილიყო ტბორი, რასაც ყურადღება უნდა მიექცია, თქვენ რას იტყვით?
_ როდესაც ყინული დნება, ყინულში ძალიან დიდი რაოდენობით არის წყალი. წარმოვიდგინოთ, თოვლი რომ დნება, წყალი კი გამოდის მდინარის სახით, მაგრამ ყინულში ნაპრალებია, ძალიან ბევრი ნაპრალია, შეიძლება ვთქვათ, რომ 10 კვადრატულ მეტრ ფართობში 2-3 ნაპრალი იყოს. ამ ნაპრალში ჩადის წყალი. ეს წყალი იწრიტება, შეიძლება 10 პროცენტი გამოვიდეს მდინარის სახით, დანარჩენი შიგნით რჩება. ნებისმიერ მყინვარზე ასეა, ამის დადასტურებულად თქმა ნამდვილად შეგვიძლია. წარმოვიდგინოთ, რომ კლდეზე არის ყინული ჩამოკიდებული, როდესაც იგი ჩამოტყდება (ამ შემთხვევაში ასე მოხდა), ეს უზარმაზარი, ტონობით ყინული სად წავა? ჩამოვარდება ქვემოთ სხვადასხვა ყინულსა და ქვებზე. ამ ყინულთან და ქვებთან ერთად დიდი რაოდენობით წყალი იყო ნაპრალებში, შესაბამისად, ეს წყლის მასა წამოვიდა თოვლთან, ყინულთან, ქვა-ღორღთან ერთად, გზად შემხვედრ ყველაფერთან ერთად.
წინა დღეებში იქ ტბორის არსებობის ალბათობა გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში ჯერ წყალი წამოვიდოდა და შემდეგ _ ქვა-ღორღი, რაც არ მომხდარა. ტბორი რომ ყოფილიყო, სხვა პროცესი განვითარდებოდა და არა ასეთი, რომ ქვა-ღორღი და ყინულის მასები ერთად მოძრაობდა. ამ სამმა კომპონენტმა _ ქვა-ღორღმა, წყალმა და ყინულის მასებმა _ ერთნაირად იმუშავა, ამიტომაც გასხიპა მთელი ეს ტერიტორია, ჩამოვიდა ჭანჭახის ხეობაში და ჭანჭახი დააგუბა. თქვენ ახსენეთ, მოსახლეობა ამბობდა, რომ წყლის დინება შეწყდაო, ეს 2 დღე იყო თუ 3. წყალი დაწყდა, როდესაც ღვარცოფი ჩამოვიდა ჭანჭახის ხეობაში. ჭანჭახი დაგუბდა, შეტბორდა 3 აგვისტოს. დღეს ახლა იქ ტბა არის, კალცის წყალთან ახლოს 300 მეტრში. ეს ტბა შეიძლება დაიწრიტოს. ხიდი რომ დაანგრია და რასაც ვუყურეთ კადრებში, ის წყალი, ფაქტობრივად, აღარ არის, ამ პროცესის მთავარი დამრტყმელი ძალა შოვში შეჩერდა. პატარა, დროებითი ხიდი დაანგრია და რომ არ შეჩერებულიყო, დიდ ხიდსაც დაანგრევდა. ქვემოთ სოფელია, 8 ოჯახი ცხოვრობს, ახალი სახლიც ააშენეს, ბოლო 10 წელში სამჯერ გადავარდა ჭანჭახი, მაგრამ სახლებს მაინც აშენებენ.
_ შეიძლებოდა ცოტა ხნით ადრე ამის გაგება, პროგნოზირება და ადამიანების გაფრთხილება?
_ ეს პროცესი, რაც მოხდა, ჩვენ მიერ აღდგენილია იმ გამოსახულებით, რაც გვქონდა შვეულმფენიდან გადაღებული, სატელიტიდან მიღებული ფოტოებით, რომელიც ჩემთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ამის წინასწარ პროგნოზირება, დროის ფიქსირება, რომ ეს ამ დროს მოხდება, შეუძლებელია. თუმცა მეორე საკითხი რაც არის, როდესაც ასეთი მასალა გროვდება, ეს მყინვარები გვაქვს ასეთი მოწყვლადი, დახრილი ფერდობით, ამ მდინარის ნაკადის გაყოლებით იქ რაღაც არეალი უნდა იყოს თავისუფალი, სადაც ფიზიკურად იქნება ეს პროცესი გავლადი. ბოლო ათწლეულში არასტაბილურმა კლიმატმა გამოიწვია უფრო მეტი ყინულის მასის ლღობა, უფრო მეტი ქვა-ღორღის დაგროვება, ამ რაოდენობის ყინული 100 წლის განმავლობაში არ ჩამოტეხილა, ახლა ჩამოტყდა, შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს პროცესი. მეორე საკითხია, რომ ჩვენ ასეთი მდინარეები არაერთი გვაქვს. ვთქვათ, რომ დამონტაჟებულიყო ადრეული შეტყობინების სისტემა, სად უნდა ყოფილიყო? ადრეული შეტყობინების სისტემა ფიზიკურად ამ მყინვარზე ვერ დამონტაჟდებოდა. ქვა-ღორღზე ხომ უნდა აიტანო ტექნიკა? ამის მაგალითი კი გვაქვს დევდორაკზე, კიდევ სხვა ქვეყნებში. უშუალოდ ყინულში კი არ არის ეს ადრეული შეტყობინების სისტემა, ეს სხვა ადგილებზეა.
ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული სიგნალი იქნებოდა მისული, ვთქვათ, ოპერატორთან, რომ ვთქვათ, მდინარემ მოიკლო, რომ იქ რაღაც ნიშნებია, იქ ვიდეო გამოსახულებაც არის.
_ როგორც ცნობილია, დაიწყო ეს პროცესი საქართველოში _ ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, გრანტებით, მაგრამ ფაქტია, რომ არ გაგრძელებულა. რა შეიცვლებოდა ამ სისტემის აქ არსებობის შემთხვევაში?
_ კიდევ ვიმეორებ, მყინვარ თბილისაზე, ამ კონკრეტულ ხეობაზე უფრო რთული ხეობები გვქონდა აქამდე. დურუჯის ხეობაში ღვარცოფები ხშირად ჩამოდიოდა, ასეთი ძალიან ბევრი ხეობა გვაქვს საქართველოში. თბილისას ხეობაში ეს რომ არ დამონტაჟდა, ამას გამართლებულად მიიჩნევს გარკვეული ჯგუფი იმით, რომ ეს პროცესი აქ აქამდე არ მომხდარა. ეს არ არის მხოლოდ ქართული მიდგომა. ბუნებრივი პროცესი როდესაც ხდება, თუ ის არ აზიანებს, არ ჩადის დასახლებულ ზონაში, არ აზიანებს კომუნიკაციებს, გზას, შენობას და ა. შ., მას სტიქიური პროცესის კვალიფიკაცია არ ენიჭება. 2020 წელს რაც მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი, კლასიკური ღვარცოფი და არ იყო შეფასებული გლაციალურად და ისეთად, რომ იქ რაღაც ელემენტები ყოფილიყო ისეთი, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა ყოფილიყო გადაუდებელი, როგორც ვთქვათ, დურუჯისთვის, დევდორაკისთვის, ან რაც თბილისში დამონტაჟდა. რეალურად რომ ვთქვათ, თბილისში რაც დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა, თბილისთვის ნამდვილად აღარ იყო სასწრაფო. ასეთი ძლიერი ღვარცოფის მოხდენის ალბათობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელი აღარ არის. ეს ადრეული შეტყობინების სისტემა სხვაგან რომ გაკეთებულიყო, უფრო რეალური იქნებოდა. პირობითად რომ ვთქვათ, 10 ადრეული შეტყობინების სისტემა გვაქვს დასამონტაჟებელი, როგორ უნდა შევარჩიოთ ლოკაციები? შერჩევის მექანიზმი არის მარტივი _ სადაც სტიქიურად აქტიური ზონები არის, აზიანებს მოსახლეობას, კომუნიკაციებს. ამაზე არანაკლები პროცესი მოხდა ხევსურეთში 2015 წლის 31 მაისს, იქ ერთი ადამიანი დაიღუპა, შეთეკაური იყო გვარად ეს კაცი. პროცესი არანაკლები იყო, მაგრამ პროცესი განვითარდა იმ ზონაში, სადაც სტიქიური ხასიათი მას ვერ მიენიჭებოდა, როგორიც ვთქვათ მიენიჭა დარიალს.
_ არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ შოვის ტერიტორია არის ღვარცოფსაშიში. ეს არ იყო საკმარისი მიზეზი პრევენციული ღონისძიებებისთვის?
_ ის, რაც იწერებოდა, იყო სულ სხვა მდინარეზე და ის ნაკადები, სადაც ახლა გამოვიდა ღვარცოფი, სხვა მხარეა. იმ მდინარიდან ღვარცოფი იქამდე ვერ მიაღწევდა (საუბარია მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორაზე; ღვარცოფი კი განვითარდა მარჯვენა შენაკად ბუბისწყალზე, _ რედ.). რაც შეეხება პროგნოზირებას, ეს პროცესი, რაც განვითარდა მყინვარ თბილისას მიერ, წინასწარ რომ ვინმეს ეთქვა, რომ 2023 წელს ეს პროცესი განვითარდება, დაფარავს ამ მოცულობის ტერიტორიასო, ამის მთქმელი ვერავინ იქნებოდა, თუნდაც იქ ყოფილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა. 10-15 წუთი თუ იქნებოდა ამის ჩამოქცევის დრო, თუ იქ იქნებოდა სისტემა, როგორიც დევდორაკზეა ან სხვაგან, ამ ინფორმაციას იქ მეთვალყურე მიიღებდა, თანამგზავრიდან ასე სწრაფად ინფორმაციას ჩვენ ვერ ვიღებთ. მათ რომ ეს დაინახეს, ვთქვათ, რომ იქიდან რაღაც მოწყდა, სად დარეკავდნენ, ვისთვის უნდა ეთქვათ?
_ საქმეც ესაა, სავარაუდოდ, განგაშის სისტემა უნდა არსებულიყო, ჩართულიყო სირენების ხმა, ასე არ არის?
_ ეს სისტემა რომ ყოფილიყო გამართული, მაშინ იქნებოდა პროგნოზირება და როცა სისტემა არ არის გამართული, პროგნოზირება გამორიცხულია. უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის.
2000 წლიდან ჩვენ დავდიოდით ყოველ წელს ექსპედიციებზე, აქ ვცხოვრობდით, ამ კოტეჯებში. მაშინ ისე ახლოს მივდიოდით მყინვართან, ხელით ვეხებოდით, ვამოწმებდით, რა და როგორ ხდებოდა, ბოლოს იმდენად დიდი ტემპით დაიწყო უკან დახევა, რომ ეს აღარ იყო შესაძლებელი. იგივე სიტუაციაა სხვა მყინვარებზე, ძალიან ბევრი ხალხი მიდის შხარის მყინვარის სანახავად, მე რომ ვთქვა, ამ შემთხვევაში, გავაფრთხილო და შევაშინო ხალხი, მაინც გააგრძელებენ მოძრაობას. შხარის მყინვარი არანაკლებ საშიშია, სამაგიეროდ, ტურისტული ნაკადით მიდის ხალხი და ათვალიერებს. ვთქვათ, შხარის მყინვარი ჩამოვარდა, ჩამოწყდა, რისი ალბათობაც არის, რა უნდა იმოქმედოს ხალხმა, ვინმეს აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა? მე რომ ვთქვა, ეს საშიშროება არსებობს, ვინ მომისმენს? ვთქვათ, არ მოხდა, უფრო მეტი ივლის. ანუ სარისკო ხეობები რაც არის, იქ არ უნდა იყოს აქცენტი იმაზე, რომ დღეს არ მოხდა, ხვალ არ მოხდა, ზეგ არ მოხდა, მაგრამ მაზეგ რომ მოხდება, იმაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?
_ გამოსავალი რა არის, როგორ უნდა იყოს დარეგულირებული ეს საკითხი?
_ სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, სადაც ხშირად მიწევს სიარული, არის ასეთი საშიში ხეობები. იქ ადრეული შეტყობინების სისტემები იმდენად არ არის ეფექტიანი, მთავარი გახლავთ ის, რომ ამ საშიშ ხეობებს უნდა მოსცილდე, იქ არ უნდა შეხვიდე. მართალია, კარგია მყინვარი სანახავად, მაგრამ ასეთი ხეობები მთლიანად უნდა დაიკეტოს ყოველგვარი აქტივობებისთვის. შესაბამისად, როდესაც დაიკეტება, სტიქიური ხასიათიც მოეხსნება მდინარეებს. ასეთი პრევენციული ღონისძიება არის ერთ-ერთი ყველაზე გამოსაყენებელი, ასეთ ხეობებს მოვშორდეთ, ეს არის გამოსავალი. ეს პროცესი იმდენად საშიშია, რომ აქ კოტეჯები და აქტივობა არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ამას ვერავინ აკრძალავდა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა ამას, რომ ასე მოხდებოდა. ამიტომ ეს რისკი თუ 30 წლის წინ არ იყო, დღეს არის, ხვალ შეიძლება კიდევ 10 ხეობა გამოჩნეს ასეთი სარისკო. მსგავსი ხეობების მიმართ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.
_ რაც შეეხება ამ გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას, ვიცით, რომ ყოველწლიურად მსგავსი პროცესები გახშირდება, ეს რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული?
_ მყინვარებზე სიარული უკვე არის სარისკო, აქამდე არ იყო. საქართველოში არ ფიქსირდებოდა ეს პროცესი, ახლა უკვე საშიშია. თან საშიში ყველაზე მეტად ხდება ამ დროს, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მაღალი ტემპერატურაა და, შესაბამისად, უკვე დიდი მასა მომლღვალია. ეს უკვე ვიცით, შესაბამისად, სარისკო ზონები თუ იქნება ამ ცოდნის გათვალისწინებით შერჩეული, თავისთავად მინიმუმამდე დავა ასეთი მძიმე შედეგები.
_ რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს, რა შეიძლებოდა, რომ გაეკეთებინა ამ შემთხვევაში და რა არ გააკეთა?
_ სტიქიური ხასიათი თუ არ ენიჭება და არ კლასიფიცირდება ესა თუ ის მოვლენა, მასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ვერ ტარდება, ეს ასეა ყველგან. ამ მდინარეს სტიქიური ხასიათი ბოლო წლებში არ ჰქონია, აღწერილი არ ყოფილა, შესაბამისად, პრევენციული ზომების ჩატარების საჭიროებაც არ ფიქსირდებოდა. ის, რაც ფიქსირდებოდა დღვიორაზე და შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის ამ პროცესთან ნამდვილად არაფერ კავშირში არ არის. ამ პროცესთან დაკავშირებით რაც მოხდა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა თავის ვერსიას ლაპარაკობდა და რეალურად, რა მოხდა, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის არავის უთქვამს სწორად. დასკვნა რაც დაიდო, მასში მთელი პრეისტორია ვერ იქნებოდა მოთხრობილი. ეს სტიქია, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, აღმოჩნდა კიდევ ერთი დიდი განხეთქილების შემომტანი საზოგადოებაში. ამ სამწუხარო ტრაგედიას სწორი დიაგნოზი უნდა დაესვას, რადგან მომავალში ვიღაცას მაინც გაუჩნდება სურვილი, რომ ამ კონკრეტული ადგილის რეაბილიტაცია მოხდეს. ვიღაცებმა პირადშიც მომწერეს, „შენ რატომ წერ, რომ შოვი მოკვდაო?“ შოვი მკვდარია, აბა, რა არის? მანდ რომ რაღაც კიდევ გაკეთდეს, ეს იქნება დანაშაული! შეიძლება 100 წელი კიდევ არ მოხდეს რამე, მაგრამ 100 წლის შემდეგ რომ განმეორდეს ისევ, ვინ იქნება პასუხისმგებელი? ჩვენ გადავრჩით კიდევ იმით, რომ მანდ ის 18-სართულიანი კორპუსები არ ყოფილა ჩადგმული, თორემ მსხვერპლი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებოდა.