შაქრო ტერტერაშვილი: „რამდენიმე თვეში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე იხილავთ“

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და აწ უკვე „ქართული ოცნების“ სპიკერმა ირაკლი კობახიძემ მიგვაჩვია, რომ მისგან სასწაული რამეები უნდა მოვისმინოთ. მის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადება თვით ირაკლი კობახიძისთვისაც კი ნამეტანი იყო. ნასპიკერალმა გვითხრა, „ოცნებას“ თამამი დაპირებები ექნება საარჩევნოდო. ბიძინა ივანიშვილის პარტია მოკრძალებული დაპირებებით არც აქამდე გამოირჩეოდა, აქედან გამომდინარე, ყველა დაინტრიგდა, მაგ დაპირებებზე თამამი რა უნდა იყოსო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შაქრო ტერტერაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე განსაკუთრებულს არ შესთავაზებს ამომრჩეველს.

რას უნდა ველოდოთ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული თამამი დაპირებებისგან? ვინ და რატომ აგდებს კახეთში ყურძნის ფასს? რისი იმედი აქვს ოპოზიციას? რამდენად ახერხებენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ბრძოლას? არის თუ არა საშიში ოლიგარქის ფული? _ ამ თემების შესახებ შაქრო ტერტერაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა, წელს არჩევნებზე თამამი დაპირებები გვექნებაო. თქვენი აზრით, რას უნდა დაჰპირდნენ ამომრჩეველს?
_ თამამი დაპირებები არც ადრე აკლდათ, არათამამი დაპირება მათგან არც მომისმენია. დაპირებების გაცემა კარგად ეხერხებათ, მაგრამ მათი შესრულება უჭირთ. ვფიქრობ, წელსაც რამე ახალ ზღაპარს მოიფიქრებენ, შეიძლება, არც მოიფიქრონ. კობახიძის განცხადება თამამ დაპირებებზე მიმართული იყო მომხრეების გულის მოსაგებად. მეეჭვება, კიდევ ვინმეს სჯეროდეს ამათი სიტყვების. საერთოდ უცნაურია, ხალხს რომ ჰპირდები, დაპირებებს გავცემო.
_ გასულ კვირას პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს. ეს ხომ არაა მმართველი პარტიის თამამი დაპირება?
_ ესეც რაღაც ფანდია. ამ განცხადებით ძველ მომხრეებს, რომლებიც „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული არიან უთხრეს, _ ივანიშვილი ბრუნდება აქტიურ პოლიტიკაში და თქვენც შემოგვიერთდითო. ასეთი რამე გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც. მაშინ აცხადებდნენ, 2012 წლის გვარდია გვერდით უნდა დავუდგეთ „ქართულ ოცნებასო“. ახლაც ასეთი რამე უნდა მზადდებოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი მართლაც იყოს მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი. თამამ და ურცხვ დაპირებებს მასზე უკეთესად ვერავინ იძლევა. ისეთი დაპირების გასაცემად, რომელსაც არასდროს შეასრულებ, უტიფრობის დიდი რესურსია საჭირო. ეს რესურსი ბიძინა ივანიშვილს საკმარისზე მეტი აქვს.
_ ხალხის გული რომ მოიგონ, ძალიან ბევრ რამეს უნდა დაჰპირდნენ. თითქმის ყველა სფეროში ჩავარდნებია. ქვეყანა წყალს მიაქვს და მოსახლეობის დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს. ამ მხრივ ძალიან ჭირს კახეთში. ამაზე თქვენ ხშირად წერთ ხოლმე სოციალურ ქსელში.
_ წყლის პრობლემა მხოლოდ კახეთს არ აწუხებს, მთელი საქართველო ამ დღეშია. წყალი რომ მივიდეს მოსახლეობამდე, ამისთვის არაფერს აკეთებენ და ამ დროს ტელევიზორიდან ყოველ წამს გეძახიან, ხელები დაიბანეთო. როცა წყალი არ მოდის, როგორ დაიბანოს ხალხმა ხელები? ქვეყანაში რომ წყალმომარაგების ასეთი დეფიციტია, ამას ხელისუფლების უპასუხისმგებლობით ავხსნი მხოლოდ.
_ კახეთში წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე მილიონებია დახარჯული, მაგრამ წყალი მაინც არ არის. ამაზე პასუხს არავინ ითხოვს?
_ მილიონები კი არა, ათეულობით მილიონებია დახარჯული. იმის ნაცვლად, რომ საქმე გაკეთდეს პირიქით ხდება. წესი ასეთია, ფულს რომ ხარჯავ, იქ საქმეც უნდა გააკეთო და შედეგიც დადო. ამათ შემთხვევაში კი პირიქითაა, ფულს ხარჯავენ, რომ დამატებითი პრობლემები შეიქმნას. მაგალითისთვის, ახმეტაში წყალმომარაგებაზე 10 მილიონი ლარი დახარჯეს, წყალი არაა. თავიდან ეს პროექტი 6 მილიონი ჯდებოდა, მაგრამ იმდენად გაწელეს დროში, რომ ლარის კურსი დავარდა და 8 მილიონის გამოყოფა გახდა საჭირო. ცოტა ხანში რვა მილიონიც არ ეყოთ და კიდევ ორი მილიონის დამატება მოუწიათ. საბოლოო ჯამში, 10-მილიონიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ასე დავხარჯეთ ახმეტაში 10 მილიონზე მეტი, მაგრამ წყლის ნაცვლად გადათხრილი ქუჩები შეგვრჩა ხელთ. ზოგან ჩაკერებულია გზები, ზოგან გრუნტის გზაა, არის მტვერი და უბედურება. წყალს კი არაფერი ეშველა.
_ ეს გადათხრილი ქუჩები არაფერი იქნება იმ ხიდთან შედარებით, რომელიც პანკისში გააკეთეს. ამ ხიდამდე მისასვლელად წყალზე გადებული რკინის კონსტრუქცია უნდა გაიარო, რომელიც მოსახლეობამ გააკეთა.
_ ხიდი არაა ერთადერთი საოცრება, რაც ახმეტაში ხდება. ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელწერა, რომელსაც პირადი კეთილდღეობის გარდა არაფერი აინტერესებს. ამ მხრივ ახმეტა გამონაკლისი არაა. მსგავსს სასწაულებს საქართველოს ყველა რეგიონში იხილავთ.
_ სადღაც ორ თვეში კახეთში რთველი დაიწყება და ადგილობრივი მევენახეები ტრადიციული პრობლემის წინაშე დადგებიან _ სად ჩააბარონ ყურძენი და რა იქნება მისი ფასი. პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კილოგრამი ყურძნის ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნებაო.
_ გიორგი გახარიას განცხადება, კილოგრამ ყურძენს 80 თეთრზე ნაკლებად არავინ ჩაიბარებსო, იმას ნიშნავს, რომ ყურძნის ფასი 80 თეთრზე მეტი არ იქნება. ცოტა ხანში კი ყურძნის ფასი დაეცემა.
_ რატომ დაეცემა?
_ ქარხნები დააგდებენ ფასს. თავიდან იტყვიან, რომ 80 თეთრად იბარებენ. მერე 70 თეთრზე ჩამოვლენ. შარშან ასეთი რამე მოხდა, გლეხებს ეუბნებოდნენ, რომ შენი ყურძენი დასეტყვილია და შერეულია ჯიშებიო, ზოგს უთხრეს, რომ დაბალი იყო ყურძნის შაქრიანობა, ზოგზე პირიქით თქვეს, მაღალია შაქრიანობაო. ამ მიზეზების მოგონება იმისთვის სჭირდებათ, რომ ფასი დააგდონ. მევენახეს ეტყვიან, ჩვენ კი ვიხდით კილოგრამში 80 თეთრს, მაგრამ შენი ყურძენი იმ პარამეტრებს სრულად არ აკმაყოფილებს, რაშიც ამ თანხას ვიხდით და სულ რომ ისე არ დარჩე, კილოგრამში 60 თეთრს გადაგიხდითო.
_ მევენახეები თანხმდებიან ამ წინადადებას?
_ სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ, ყურძნის სხვაგან წაღებით და იქით-აქეთ ტარებით პროდუქტს წვენი გასდის, წონას კარგავს, ხარისხი უარესდება. გლეხი იძულებული ხდება, 60 თეთრს დასთანხმდეს. შარშან ასე იყო და წელსაც იგივე განმეორდება. გასულ წელს ბევრმა მევენახემ კილოგრამი ყურძენი 50 თეთრად ძლივს ჩააბარა.
_ შარშან ყურძენზე ფასის დაგდებას თქვენ ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკოს უკავშირებდით, რომელსაც კახეთში სპირტის ქარხნები აქვს. ამბობდით, რომ მის ინტერესებში იყო ყურძენში რაც შეიძლება დაბალი ფასის გადახდა, რათა მეტი მოგება დარჩენოდა.
_ ახლაც ასე იქნება. ადიკო ივანიშვილს არც ქარხანა გაუყიდია, არც ფულის შოვნის სურვილი დაუკარგავს და რესურსიც აქვს, რომ თავისი გაიტანოს. წელსაც ისევ ისე დააგდებენ ყურძნის ფასს. 80 თეთრიც მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ საარჩევნო წელია, თორემ შარშან თავიდან 70 თეთრად იბარებდნენ ყურძენს. „ქართული ოცნების“ წევრებს უყვართ ხოლმე იმის წამოძახება, რაღაც ხომ მაინც კეთდებაო. სწორედ ამის ნარატივში უნდათ იმის ჩასმა, რომ შარშანდელთან შედარებით 10 თეთრით მეტს გადაიხდიან კილოგრამ ყურძენში. ამ პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზარი დაკეტილია, ამიტომ ყურძენზე დიდი მოთხოვნა არ იქნება და როგორც უნდათ, ისეთ ფასად ჩაიბარებენ.
_ ამ ფაქტორს არჩევნებზე ხალხის მოსასყიდად ხომ არ გამოიყენებენ?
_ სწორედ მაგიტომ თქვეს 80 თეთრი. არჩევნები რომ არ იყოს, 40 თეთრად ჩაიბარებდნენ. ასე თუ გააკეთებენ, ხალხი ისეთ დღეშია, შესაძლოა, არჩევნებამდეც კი ვერ მიაღწიოს. ახლა თავის კოორდინატორებს სალაპარაკო გაუჩინეს. ისინიც დაირბენენ სოფლებს და იტყვიან, მსოფლიოში კორონას გამო ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ ჩვენ შარშანდელთან შედარებით 10 თეთრით მეტს ვიხდით ყურძენშიო. სინამდვილეში, შარშანდელი 70 თეთრი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ახლანდელი 80 თეთრია.
აქამდე ვენახში სამუშაოდ თუ ერთი მანქანით მიდიოდა 5 მუშა, ახლა ორი მანქანით უნდა წავიდნენ. კორონობისას ხელისუფლებამ სულელური აკრძალვები შემოიტანა და ამდენი ადამიანი ვერ დასხდება ერთ მანქანაში. მოუწევთ ორი მანქანით წასვლა. ბენზინიც მეტი დაეხარჯებათ. ვენახის მოვლის ხარჯები ძალიან გაიზარდა. ასე რომ, ამ 80 თეთრით ხალხის გულს ვერ მოიგებენ.
_ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ვერ მოიგებენ?
_ ხშირი კონტაქტი მაქვს მოსახლეობასთან და ვიცი, რას ფიქრობს. ერთი კმაყოფილი ადამიანიც კი ვერ ვნახე. კმაყოფილება მხოლოდ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებს ეტყობათ. ხალხი და „ქართული ოცნება“ დიდი ხნის წინ დასცილდა ერთმანეთს.
_ ხალხი და „ოცნება“ 2018 წელსაც დაცილებული იყო ერთმანეთისგან, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ხახვითა და კარტოფილით შეძლო ამომრჩევლის მოსყიდვა. ახლა უფრო უჭირს ხალხს და მოსყიდვის შანსებმაც ხომ არ მოიმატა?
_ ყველა ვერც 2018 წელს მოისყიდეს. ხალხს ხმები ხახვსა და კარტოფილში გაუცვალეს, ეს ხელისუფლების სიმდაბლეზე მეტყველებს. იმდენად დაეცნენ, რომ საკუთარ მოსახლეობას ასეთი რამ აკადრეს. მოსყიდვაზე არც ახლა იტყვიან უარს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ერთნაირი არაა და ვიღაც გაიყიდება. „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ვიღაცამ ერთი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ მისცეს ხმა, რაც არაფერს ნიშნავს.
_ ოპოზიცია რამდენად არის არჩევნების მოსაგებად მობილიზებული? შეძლებთ ერთიანი ფრონტით ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ?
_ მე მხოლოდ კახეთის მაგალითზე შემიძლია ვილაპარაკო: კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით კახეთი ორ მაჟორიტარს ირჩევს. ახმეტა-თელავი-ლაგოდეხი არის ერთი საარჩევნო ოლქი, სადაც ოპოზიცია ძალიან შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქ „ქართულ ოცნებას“ ბეჭებზე დავდებთ.
_ ამ საარჩევნო ოლქში მთელი ოპოზიცია ერთიანი ხართ?
_ ოპოზიციაში თუ ირმა იინაშვილის „პატრიოტთა ალიანსსა“ და სხვა რუსულ ელემენტებს გულისხმობთ, მაშინ არ ვართ ერთიანები. მაგათ მე ოპოზიციად არც აღვიქვამ.
_ არადა, ისინიც ოპოზიციას წარმოდგენენ.
_ ჩემთვის ისინი ხელისუფლების სატელიტი და ოპოზიციის ოპოზიცია არის. ხელისუფლების ოპოზიცია ვინც ვართ, ისინი ძალიან კარგად და შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ერთი საბრძოლო გვაქვს, ერთიანობის გარეშე ამ ხელისუფლებას ვერ გავისტუმრებთ. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგებს ყველანი ნახავთ შემოდგომაზე. სულ რამდენიმე თვეში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე იხილავთ.
_ „ქართული ოცნება“ ასე იოლად შეეგუება ამ ამბავს? რეგიონებში ოპოზიციის მხარდამჭერები ჩივიან, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახორციელებს. კახეთში რა ხდება ამ მხრივ?
_ ამ მხრივ არც კახეთია გამონაკლისი. ზეწოლებიც სახეზე გვაქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე სურათებიანი სიებით ხელში დარბიან. ყველა მეთოდს ხმარობენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ დამერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ.
_ სურათებიან სიებში რას გულისხმობთ?
_ ეს არის დაცული სიები, რომელიც მხოლოდ ცესკოს უნდა ჰქონდეს.
_ მაგათ ხელში როგორ აღმოჩნდა?
_ ცესკოდან „ოცნებამდე“ ერთი ნაბიჯია, შესაბამისად, ძალიან მარტივად მოხვდა დაცული სიები მმართველი პარტიის წარმომადგენლების ხელში. დარბიან ამ სიებით და ჰგონიათ, რაღაც გამოვა. ვერაფერს გახდებიან და ძალიან სამარცხვინოდ დამარცხდებიან.
სხვა რეგიონებზე საუბარი არ მინდა, იქაურ სიტუაციებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ერთ რამეს თამამად ვიტყვი, „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში სამარცხვინოდ მწარედ წააგებს არჩევნებს. ზოგან შეიძლება დიდი წარმატება მოიპოვონ, ზოგან _ ნაკლები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია და ხალხი მოიგებს ამ არჩევნებს.
_ ამხელა კახეთს მხოლოდ ორი მაჟორიტარული ოლქი რომ გამოუყვეს, ეს ხალხს არ დააბნევს? რატომ უნდა აირჩიოს ახმეტელმა თელაველი მაჟორიტარად, ან პირიქით? ამას არ სჯობდა, სულ არ ყოფილიყო მაჟორიტარი?
_ რომ სჯობდა, მაგიტომ ვითხოვდით სრულად პროპორციულ სისტემას, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამაზე არ წამოვიდა. ყველანაირად ვეცდებით, რომ მოსახლეობა საქმის კურსში იყოს და გაუგებრობა არ მოხდეს. მოსახლეობასთან გამუდმებით კომუნიკაციაში ვართ. მე, როგორც ახმეტის საკრებულოს წევრი, ყოველდღე ვხვდები ხალხს.
_ დღეს აქტიურად საუბრობენ კუნთმაგარი ზონდერების გამოყენებაზე. ასეთი ხალხი რეგიონებში ძალიან გააქტიურდა. კახეთშიც მრავლად გყავთ მოჭიდავეები და მანდაც აამხედრა ხელისუფლებამ ისინი ოპოზიციის წინააღმდეგ?
_ ბევრი ჩემპიონი და მოჭიდავე გვყავს, მაგრამ ჩვენთან ეგეთი აქტიური ზონდერობა მაინც არ არის. კახელები ცოტა დინჯი ხალხი ვართ. მთლიანობაში ზონდერების გამოყენებაზე უარს არ იტყვიან, მაგრამ სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ნაკლები დოზით მიმართავენ მათ დახმარებას.
„ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ დაშინებითა და მოსყიდვით შეუძლია. სხვა რით უნდა აიღონ ხმები? გაშიფრულები არიან.
ფული ყოველთვის არაა გადამწყვეტი. არჩევნებს ფულით ყოველთვის ვერ მოიგებ.
წარმოუდგენელია, რომ ყველა ოჯახს ჩამოუარო და ფული დაარიგო. ყველასთან მისვლას და ფულის შეთავაზებას ვერავინ გარისკავს. ასეთი რამის გაკეთება ფარულად შეუძლებელია. ამის შესახებ ვიღაცა აუცილებლად გაიგებს და ეს ამბავი თუ გასაჯაროვდა, ხმების მომსყიდველს ძალიან ცუდად ექნება საქმე.
ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, მათ შორის, დაშინებასა და გაყალბებასაც.