შარდენი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება!

ახალი წლისთვის თბილისის ისტორიული უბანი და ტურისტების მექა _ „შარდენის“ ტერიტორია _ შეიძლება, საპროტესტო აქციების პოლიგონად გადაიქცეს. საუბარია კაფე-ბარების მეპატრონეებზე, რომლებმაც „ქრონიკა+“-ს მომართეს და საკუთარ ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობენ. მერიამ მათ 2017 წლის 15 იანვრამდე მისცა ვადა, რა პერიოდშიც ყველა მათგანმა (ამ ეტაპისთვის, 38 კაფე-ბარი) მთლიანად უნდა აიღონ გადახურული ტენტები, რაც კაფეს 60%-ს შეადგენს.

 

ნანა მიქელაძე, შარდენზე მდებარე ბარის მეპატრონე:

_ ახლა მოვიდნენ და ბრძოლა დაგვიწყეს. მერიაში დაგვიბარეს და გამოგვიცხადეს, რომ 15 იანვრამდე უნდა ავიღოთ გარე ტენტები. იცით, ალბათ, შარდენზე ბარების, რესტორნებისა და კაფეების დიდ ნაწილს ტენტები აქვს მოწყობილი. ეს გახლავთ დასაჯდომები, რომელიც ცელოფნებით არის „შემინული“ ყველა წესის დაცვით _ რკინის კონსტრუქციებზე საკმაოდ მყარად აწყობილი.

_ ალბათ, მეტი კლიენტის დასატევად?

_ პირველ რიგში იმიტომ, რომ დამრეცი და დანგრეული ტერიტორია, სადაც კომუნიკაცია არასწორად იყო გამოყვანილი, უფრო მიმზიდველი გაეხადათ.

_ მერიისგან ნებართვა აიღეთ?

_ ამას ნებართვა არ სჭირდებოდა. რაზეც საჭირო იყო, იმაზე ავიღეთ, თან გუშინ კი არ გაგვიკეთებია, წლებია, ასეა და აქამდე არავის დაუშლია. შემდეგ მოხდა ის, რაც ძალიან გაგვიხარდა _ უბანს ისტორიული სტატუსი მიანიჭეს. გვეგონა, ამით ჩვენი საქმე კიდევ უფრო წინ წაიწევდა და აი, სწორედ ამ დროს დაიწყო, რაც დაიწყო.

_ რას გულისხმობთ?

_ რაც გარეთ გვიდგას, გადახურვის ქვეშ: გათბობისა და ელექტროენერგიის გაყვანილობა, დამონტაჟებული კონსტრუქციები, გადმოხურული ტენტები, დაგებული იატაკი, ადგილს მორგებული საყვავილეები _ ყველაფერი უნდა დავანგრიოთ და ავიღოთ. ამ დროს, მანამდე, არასოდეს არავინ შეგვხებია. აი, რომ მოსულიყვნენ, ეთქვათ, ეს და ეს არ ვარგა, უნდა შეცვალოთო, მოეცათ გონივრული ვადა, ეჩვენებინათ პროექტი, როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ყველაფერს ისე გავაკეთებდით, როგორც ქალაქის მთავრობა მოგვთხოვდა. ამის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ.

_ რით არის მერიის მოთხოვნა კანონიერი და რით _ უკანონო?

_ კანონის ფარგლებში მოქმედებაზე არასოდეს გვითქვამს უარი და ყოველთვის მზად ვიყავით სათანამშრომლოდ. ეთქვათ და შევცვლიდით, მაგრამ არასოდეს არაფერი უთქვამთ და ახლა მოგვადგნენ, აიღეთ და მერე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთო. მერე რას ნიშნავს? ან ერთ თვეში 38 კაფე როგორ უნდა აიშალოს?! ფართის ძირითადი ნაწილი სწორედ გარეთა ტენტებზე მოდის და კლიენტის უმრავლესობა იქ თავსდება. ის თუ აგვაღებინეს, უნდა დავხუროთ ობიექტი და ოჯახი ულუკმაპუროდ დავტოვოთ. გარდა ამისა, თითოეულში 10 ადამიანი მაინც არის დასაქმებული და 380 კაცი სამსახურის გარეშე რჩება. აღარ ვამბობ ფართის მფლობელებზე, რომლებიც ჩვენი სახით მეიჯარეს კარგავენ და ასევე შემოსავლის გარეშე რჩებიან.

_ რატომ ახლა, როგორ ფიქრობთ?

_ კი არ ვფიქრობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ მერია ამას თავისი ნებით არ აკეთებს. თავი და თავი ამისა არის „მეიდან ჯგუფი“, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდა. მერიასთან ერთად აკეთებს ეთობლივ პროექტებს, მაგალითად, აღმაშენებელზე „ვარდების პარკში“. კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძეა და მისი მოადგილე ლაშა ქევანიშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, „ნაციონალების“ დროს ზურა ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყოო. „მეიდან ჯგუფი“ მთელ ამ ტერიტორიაზე ფლობს ფართებს და ბუნებრივია, ჩვენი აქ არსებობა არ აწყობს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ თვითონაც ანალოგიური ობიექტები აქვს და კლიენტებს ვართმევთ. როცა მერიაში შეხვედრაზე ვიყავით, პირდაპირ გვითხრეს, _ ჩვენ რას გვერჩით, თქვენს სამეზობლოს მოჰკითხეთო. დიახ, პრობლემა ექმნება ერთ კონკრეტულ კომპანიას და ამიტომ ჩვენ უნდა ავიყაროთ. კრედიტებს რა ვუყოთ _ ყველას უზარმაზარი კრედიტები გვაქვს და იმით ვამუშავებთ ობიექტებს.

_ 15-მდე რომ არ აიღოთ, რა მოხდება?

_ პირველადი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება და მერე _ 30 000 ლარი. ამის შემდეგ უკვე თვითონ გააკეთებენ დემონტაჟს.

_ ვინმეს მხარდაჭერა თუ გაქვთ?

_ დასახმარებლად მივმართეთ არასამთავრობოებს და სახალხო დამცველის აპარატს. მათი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვინც განსაკუთრებულად გვიდგას გვერდით არის დეპუტატი ბექა ოდიშარია. ყველაზე მეტად მისი იმედი გვაქვს.

 

„ქრონიკა+“ დეტალების გასარკვევად „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ნიშნიანიძეს დაუკავშირდა და შეეცადა, ყველა კითხვაზე პასუხი მიეღო:

_ ბატონო ზაზა, ჩვენ მოგვმართეს შარდენზე, რკინის რიგში განთავსებული კაფე-ბარების მეპატრონეებმა, რომლებიც „მეიდან ჯგუფს“ ღიად ადებენ ხელს. საუბარია იმაზე, რომ მერიამ მათ 2017 წლის 15 იანვრამდე მისცა ვადა და ამ დრომდე ტენტები მთლიანად უნდა აიღონ.

_ მერიამ თუ მისცა ვადა, „მეიდან ჯგუფი“ რა შუაშია?

_ კაფეების მეპატრონეებს მერიაში ღიად განუცხადეს (გვარს და სახელს, ბუნებრივია, ისინი არ ასახელებენ), რომ ჩვენ რა შუაში ვართ, სამეზობლოს მოჰკითხეთო.

_ მერე?

_ მერე ის, რომ სამეზობლო თქვენ ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი სრულიად ღიად საუბრობენ თავისი სახელებით და გვარებით.

_ კარგით, ჩვენ რა გვაქვს „მოსაკითხი?“

_ საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე, რომ „მეიდან ჯგუფი“ მერიასთან არის შეკრული და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. ასევე ის, რომ სასამართლოში გაქვთ სარჩელი შეტანილი ბარების მფლობელების წინააღმდეგ იერსახის დამახინჯების თაობაზე.

_ ჩვენ მედიააქტივობით არ გამოვირჩევით, მაგრამ ყველა კონკრეტულ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

_ მედიააქტივობა რა შუაშია?! ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალებას ყოველთვის ვაძლევთ მეორე მხარეს, ცალმხრივად ხომ არ გავუშვებთ?

_ კი ბატონო, თქვენი კითხვები.

_ რატომ შეიტანა „მეიდან ჯგუფმა“ სასამართლოში სარჩელი პატარა ბარებისა და კაფეების წინააღმდეგ?

_ მე მგონი, არ შეგვიტანია.

_ უფრო ზუსტად?

_ მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ  საქმიანობაში, მაგრამ, მგონი, რომ არ შეგვიტანია. პრინციპში, დარწმუნებულიც ვარ.

_ ის, რომ მერია, ამ ეტაპზე, 38 კაფე-ბარს სთხოვს გარეთა ნაწილის აღებას, ამ პროცესში არანაირად არ არის ჩართული „მეიდან ჯგუფი“ და არც შეხება აქვს?

_ ჩვენ როგორ გვექნება შეხება, როდესაც ის ტერიტორია, რომელზედაც ეს ობიექტები არიან განთავსებული, ჩვენი არ არის? ყველა მერიის დაქვემდებარებაშია. ასე რომ, მათთან არანაირი კვეთა არ გვაქვს. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ, რომ ვინაიდან იმ უბანში ვსაქმიანობთ, მეზობლურად საერთო იერსახეზე ვიზრუნოთ, რათა ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც უცხოელებისა და ტურისტების თავშესაყარია, ცოტა ნორმალურად გამოიყურებოდეს.

_ მეზობლურად საქმის მოგვარება რას ნიშნავს? დღეს იმ ხალხს ყრიან იქიდან და ხვალ თქვენი მეზობლები აღარ იქნებიან?

_ როდესაც ტენტები კეთდებოდა, ანუ თითოეული თავისას რომ აკეთებდა, ვთხოვდით, რომ ამას ნუ გააკეთებთ, იერსახეს ამახინჯებთ და ა. შ. დიდი ხანია, ეს დიალოგი მიდის ჩვენ შორის. იქ ჩვენი მეგობრები და ახლობლებიც არიან. სულ ვცდილობთ, რომ რასაც გავაკეთებთ, ლამაზად გავაკეთოთ. ადგილზე იყავით? ნახეთ, რა ხდება?..

_ რა თქმა უნდა, ვიყავით, გადავიღეთ კიდეც.

_ მაშინ, შეამჩნევდით, რომ ძალიან მახინჯი წარმონაქმნებია. ცელოფნის ლოჯიების უბანი გახდა, რკინის რიგი და არანაირად აღიქმება ისტორიულ გარემოდ. მათ ისედაც მეგობრულად და მეზობლურად ვთხოვე, რომ მოდი, თუ გავაკეთებთ, რაღაცა ლამაზად გავაკეთოთ ერთობლივად-მეთქი.

_ რა პასუხი მიიღეთ?

_ სამწუხაროდ, ერთიანობა ამ მეზობლებში ვერ შეიკრა. მანდ ერთმანეთშიც არის რაღაც კონფლიქტი. ჩვენ ისიც შევთავზეთ, რომ დაგეხმარებით, იქნებ, საერთო დიდი პროექტი გავაკეთოთ, ლამაზი და შეკრული არქიტექტურული სივრცე რომ გამოჩენილიყო, რადგან ის, რაც ახლა არის, ძალიან მდარე ხარისხის გახლავთ.  ზაფხულშიც არ იღებენ ამ ტენტებს და ძალიან უშნოა. როგორ გითხრათ, ტრაპიზონის ბაზრობაზე აღარ აკეთებენ ამას, რაც დღეს თბილისის ისტორიულ ცენტრში ხდება. სხვათა შორის, პირველმა ვინც გააკეთა ტენტი, იმას ვთხოვეთ, რომ ნუ გააკეთებ, იმიტომ რომ როგორც კი ერთი გააკეთებს, მერე ყველა გააკეთებს-მეთქი. ლოგიკურიცაა, _ თუ ერთისთვის შეიძლება, მეორისთვის აკრძალული ხომ არ იქნება? ასე ხომ უბანი ჩაიკეტება, ადამიანი ვეღარ გაივლის, ვიწრო ქუჩაა და ორივე მხრიდან თუ ლოჯიები მიაშენეს, 90-იან წლებში დავბრუნდებით, როდესაც ტროტუარები ჯიხურებით იყო მოფენილი.

_ „მეიდან ჯგუფი“ ამ ქუჩაზე რამდენ ობიექტს ამუშავებს?

_ ჩვენ არ ვმუშაობთ, არენდატორები ვართ. ჩვენს კონტრაგენტებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც დაქირავებული აქვს ჩვენგან ფართობები, ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ქუჩები არ დაამახინჯონ. თუმცა არენდატორებიც გვეუბნებიან, რომ ისინი თუ აკეთებენ, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება ეს ლოჯიებიო? ჯერჯერობით, კბილებით გვიჭირავს და ამის უფლებას არ ვაძლევთ. ადრე თუ გვიან, იძულებული ვიქნებით, დავნებდეთ. სწორედ ეს არ გვინდა! ცელოფნების ქალაქში აღმოვჩნდებით.

_ ახლა სხვა კუთხით შევხედოთ: მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ისტორიული ნაწილის, კონკრეტულად კი ერთი ქუჩის იერსახის „შეუფერებლობაზე“ ვსაუბრობთ. ამ დროს, თვალი რომ გადაავლოთ იმ 38 კაფის მეიჯარეს…

_ არა, ყველა მეიჯარე არ არის, ზოგი მეპატრონეა.

_ მოცემულ მომენტში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ტენტების აღების შემთხვევაში 38-ვემ უნდა დახუროს კაფე და შემოსავლის გარეშე დარჩეს. მეორე _ ფართის მეპატრონეებმა არენდატორები უნდა დაკარგონ და ასევე შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამას დამატებული ის, რომ თითოეულ ამ ობიექტზე, საშუალოდ, 10 ადამიანია დასაქმებული და 380 თანამშრომელი კარგავს სამსახურს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დღეს _ ამ სოციალურად უმძიმეს პირობებში _ როდესაც ლარმა თავის მსყიდველუნარიანობა დაკარგა, პროდუქტები გაძვირებულია და საზკვებობიექტებს ისედაც უჭირთ თავის შენახვა (სეზონი ზაფხულშია), თქვენ ლაპარაკობთ კონკრეტული ქუჩის იერსახის დამახინჯებაზე. ამ დროს ფიზიკურად გადარჩენაზეა საუბარი.

_ კი მაგრამ, კაფეებს მათ ხომ არავინ უხურავს? გარე ტენტების აღებაზეა მხოლოდ საუბარი…

_ თქვენ ხომ თითქმის ყველა მათგანში ხართ ნამყოფი და ჩემზე კარგად იცით მანდ არსებული სიტუაცია. შიგნითა ფართები საკმაოდ პატარაა. სამჯერ მეტი დასაჯდომი ადგილი და ფართობი გარეთა ტენტებზე მოდის. დავუშვათ, ტენტები აიღეს, რაიმე ალტერნატიული მაინც შესთავაზეს იმ ხალხს?

_ ვინ არის მანდ ვალდებული, რომ მათ ალტერნატიული შესთავაზოს? ვინმე არის? გეგულებათ ასეთი ვინმე?! თუ ადამიანმა სამი კვადრატული მეტრი იქირავა, უხეშად რომ ვთქვათ, ანდა, დავუშვათ, 10 კვარდატული მეტრი, ასეთ ფართში ძნელია რესტორნის გაკეთება, ამას ხომ თავისი სტანდარტები აქვს.

_ ამიტომაც, ძირითადად, გარეთა ფართი აქვთ ათვისებული?

_ მე გულახდილად გესაუბრებით და ამიტომაც გეუბნებით, რომ ჩვენ ვცდილობთ, პატარა ნაგებობებში კაფეები და რესტორნები არ შევუშვათ, მათ შორის, ჩვენსაშიც. ჩვენი მენეჯმენტი ცდილობს, რომ პატარა შენობებში არ დაუშვას ისეთი რთული ობიექტის ფუნქციონირება, როგორიც არის რესტორანი და კაფე. იქ ვენტილაციის პრობლემებია, ბუნებრივი აირის შეყვანა და ა. შ.  რესტორნებისა და კაფეების გაკეთება არ არის სწორი მიმართულება, თორემ ცელოფნებით „შემინული“ ლოჯიები ერთ-ერთი საკითხია.

_ საკითხი ხომ იმას ეხება, რომ გარეთ საერთოდ არ უნდა იყოს ასეთი რაღაცები გამოტანილი?

_ გამოტანილი უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც ლამაზია. რაც უშნოა და ქალაქს აუშნოებს, იმას უნდა მოვერიდოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს ობიექტებს არ მივცეთ ამის უფლება, რომ საბოლოოდ არ დავამახინჯოთ ისტორიული ქუჩა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. უკაცრავად, მაგრამ უბანი გაბანძდა მათ გამო.

_ ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ზრუნავთ ქალაქის ამ ნაწილის იერსახეზე, მიუხედავად იმისა, რომ მერია არ ხართ, კერძო კომპანია ხართ?

_ დიახ, ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვზრუნავთ, სხვათა შორის, ასე, 10-15 წელი. მანდ თუ რამე გაკეთდა, ჩვენ დავიწყეთ, თორემ მიგდებული უბანი იყო, არავინ აქცევდა ყურადღებას. მე ახლა იმ ადამიანებისაც მესმის, იმიტომ რომ ეკონომიკურად აწვებათ ეს ყველაფერი.

_ დიახ. თითოეული მათგანის უკან ოჯახი დგას და მათ ბიუჯეტს  ურტყამს.

_ მაგრამ არ უნდა დავაუშნოოთ. რაც უნდა უჭირდეს ადამიანს, მას სურვილი არ უნდა ჰქონდეს, რომ თავისი პრობლემები რაღაცის დამახინჯების ხარჯზე მოაგვაროს. ამ ყველაფერს თავისი უკუეფექტი აქვს.

_ ფაქტია, რომ „სამეზობლო“ „მეიდან ჯგუფს“ ადებს ხელს და თავის „უბედურებაში“ თქვენს კომპანიას ადანაშაულებს; რომ თქვენი მითითებით მოქმედებს მერია, როდესაც მათ 15 იანვრამდე მისცა ვადა. ერთ თვეში როგორ უნდა აიყარონ, აქ ხომ მართლა და მართლა ცელოფნებზე არ არის საუბარი _ რკინის კონსტრუქციებია მოსახსნელი, სინათლისა და გათბობის გაყვანილობებია, ხის იატაკია ასაყრელი და ა. შ.

_ ეს პროცესი დიდი ხნის წინათ დაიწყო. ჯერ ერთმა გააკეთა, მერე მეორემ და ა. შ. ცოტა ხანში 130 იქნება. ეს ბუნების კანონია _ თუ ერთისთვის შეიძლება, მაშინ მეზობლისთვისაც ნებადართულია. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ ყველა ქუჩა, ძალიან მალე, ცელოფანში აღმოჩნდება.

_ ანუ მერიის წამოწყებას მიესალმებით?

_ დიახ! ხომ უნდა დასრულდეს ერთხელ და საბოლოოდ ეს პროცესი?!

_ მოდით, სხვა კითხვებზე გადავალ, კერძოდ, იმაზე, რომ თბილისის მერია და „მეიდან ჯგუფი“ ერთად მოქმედებს და გარიგებული ხართ მთავრობასთან?

_ საინტერესოა! და რაში გამოიხატება ეს?

_ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების პარკის“ რეკონსტრუქცია მერიისა და „მეიდან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია?

_ კი ბატონო, უბრალოდ, მერიამ „ვარდების პარკი“ ჩვენ გრძელვადიან იჯარაში გადმოგვცა.

_ როგორც გვითხრეს, კომპანია „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ნიშნიანიძის მოადგილე ლაშა ქევანიშვილი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო?

_ მეტსაც გეტყვით: მარტო ადეიშვილის მარჯვენა ხელი კი არ იყო, ლონდონ-ბომბეის გვირაბსაც თხრიდა საკუთარი ხელებით.

_ უზნაძის ქუჩაზე მდებარე მეორე კლინიკური საავადმყოფო, თავის დროზე, მართლა მზია წერეთლის, სააკაშვილის ბებიის დახმარებით იყიდეთ? წილშიც იყო გარკვეულ პერიოდამდეო…

_ ლონდონ-ბომბეის გვირაბების რეპერტუარიდანაა ეგეც.

_ ანუ კლინიკა არ გიყიდიათ?

_ კლინიკის მეპატრონე ფიზიკურად ვარ მე, კომპანიასთან არანაირი შეხება არ მაქვს.

 

აიღებენ თუ არა 15 იანვარს შარდენზე განთავსებული კაფე-ბარების ტენტებს?

 

„ქრონიკა+“ მერიას დაუკავშირდა.

ნინი მთვარაძე _ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

_ შარდენის კაფე-ბარების მეპატრონეები მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ. კერძოდ, თუ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, მათ ბიზნესს დახურვა ემუქრება?

_ ძალიან დიდი ხანია, მათ აფრთხილებენ. ახლა, უბრალოდ, ვადის დაწესება მოგვიწია, იმიტომ რომ არ გაიგეს.

_ ანუ ეს გაფრთხილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა?

_ არა, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ხანია, აფრთხილებენ, რომ მობრძანდნენ, ნებართვა აიღონ. მერიის ზედამხედველობის სამსახური ამას ძალიან დიდი ხანია ეუბნება, რომ ჩვენგან არანაირი პრობლემა არ იქნება და იმიტომ კი არ გაღებინებთ, რომ ეს კაფეები ვეღარ გახსნათ, უბრალოდ, ძველი თბილისია და დედაქალაქის იერსახე, როგორც ყველა ევროპულ ქალაქშია, რომ იყოს ერთიანი, ამას დარეგულირება სჭირდება. ყველას მოსწონს ლამაზი ქალაქი და არავის უნდა, რომ ამაში რაიმე წვლილი შეიტანოს.

_ ტენტების აღების შემდეგ კლიენტი ამ სიცივეში გარეთ ვერ დაჯდება, _ ამაზე აქვთ საუბარი…

_ ბიზნესს ჩვენ არ ვეხებით, პირიქით, მობრძანდით და გააფორმეთ ეგ თქვენი ტენტი, მხოლოდ ნუ იქნება გადახურული. გამოდგით გარეთ კაფე და ანალოგიურად მოგცემთ ნებართვას. მაინც არც ერთმა მათგანმა არ გაიგო ძალიან დიდი ხანი ეს ამბავი. სხვათა შორის, აქამდე არ გაუჟღერებიათ ეგ ამბავი, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ.

 

თამარ როსტიაშვილი