შალვა ნათელაშვილი: „კობახიძე რომ გადადგეს, ის იქ ჯერ უნდა დადგეს!““

ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი _ შალვა ნათელაშვილი:

_ ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილია. ხელისუფლების მტკიცებით, ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციებს. ექსპერტთა დაკვირვებით, „ვენეციის კომისიის“ წინასწარი დასკვნა არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის ისე დრამატული, როგორც მისი ოპონენტები პროგნოზირებდნენ. თქვენ როგორ შეაფასებდით „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნას?

_ „ვენეციის კომისიასთან“ დაკავშირებით რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი: ერთი, რომ ის გახლავთ ევროსაბჭოსთან შექმნილი საკონსულტაციო ორგანო, რომლის დასკვნებსაც, მხოლოდ და მხოლოდ, სარეკომენდაციო და უფრო ხშირად, საკონსულატაციო ხასიათი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ევროსაბჭოს იურიდიული კონსულტაცია საკონსტიტუციო პროფილით; მეორე: ეს სტრუქტურა თუ რამეს დაწერს, ის დიპლომატიის ნორმებს მაქსიმალურად იცავს. ტექსტი იწყება პოზიტივით, რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს ქვეყანა, თუ ომს არ იწყებს რომელიმე გადარეული მთავრობა, გარკვეულ პოზიტივს აღნიშნავენ და მერე გადადიან მორიდებულ შენიშვნებზე; მესამე და მთავარი: „ვენეციის კომისიას“ პასუხისმგებლობა ეკისრება 1995 წლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის გაუპატიურებაში, რასაც აწარმოებდა ყველა ხელისუფლება _ შევარდნაძიდან დაწყებული, „ნაცებით“ გაგრძელებული და ივანიშვილმა ეს პროცესი ჯგუფური გაუპატურების სტადიაში აიყვანა. ეს უკვე არაფერს ჰგავს და, შესაბამისად, პირდაპირ გეტყვით: მე ამ კომისიის კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება! იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილის მილიარდიანი ანგარიშები ვიღაცებს ძალიან თბილად არ ელამუნება სულზე და გულზე იმ კომისიიდან, იმიტომ, რომ მე იმ ჯანი ბუკიკიოს ვიცნობ, მხოლოდ და მხოლოდ, სამართლის მაფიოზად და იმ ტომას მარკეტს კიდევ აქ რომ ამოდის ხშირ-ხშირად ჭკუის მასწავლებლის როლში! ამიტომ თავიდანვე ვიცოდი და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ კომისიის დასკვნა-არდასკვნა მიცვალებულზე მიტანილი გვირგვინი იყო!

_ მმართველი გუნდის წევრები არ მალავენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. საბოლოოდ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი? იყო თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ეს სისტემა არ გაუქმდებოდა,  გადადგებოდა? რამდენიმე დღის წინათ კი თქვა, რომ ეს ნახევრად ხუმრობა იყო…

_ ადამიანი რომ საიდანმე გადადგეს, ის იქ ჯერ უნდა დადგეს! კობახიძე აზრზე არ არის, სად დგას, _ ისე, შემთხვევით მოხვდა ქვედინებებითა და ივანიშვილის წყალობით, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მეორე პირის პოსტზე! ამიტომ არც მისი სიტყვაა დასაჯერებელი, არც თეზისები, არც პოლიტიკა, თუ ასეთი გააჩნია და არც დაპირებები, მათ შორის, საკუთარი დადგომა-გადადგომის თაობაზე. საქმე ის არის, რომ შეიძლება ეს პიროვნება კონსტიტუციონალისტია და ცოტა მოწყვეტილია რეალობასაც, პიროვნულად მე ის არ მეჯავრება, ჩემი მეგობრის შვილია, მამამისი კარგა ხანი ჩვენთან იყო პარლამენტში და კარგი პიროვნებაა, მაგრამ, საუბედუროდ, პარლამენტის თავმჯდომარე მონაა და მონას რასაც ჩასძახებენ ჭურივით, იმას ამოგძახებს! მათი დამოუკიდებლობა ეს არის! ჭურში ღვინო მაინც დადგება და დაძველდება, ამისთვისაც არ ვარგანან ეს პოლიტიკური მონები, ამიტომ, მათმა პატრონმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მაჟორიტარების გარეშე მას აქამდეც ჰქონდა წაგებული არჩევნები, ახლა რომ არ გაეყვანა ხალხი ფალსიფიცირებით, გაყალბებითა და მილიონერობის ნიშნით მაჟორიტარები, მას უმცირესობა ჰყავდა პარლამენტში! ამას არ ვამბობ 2012 წელზე, როდესაც მან მართლა მოიგო არჩევნები და როდესაც ხალხმა მართლა დაიჯერა მისი „უფასო ფული“ და ათასი ვარსკვლავთცვენა, რასაც გვპირდებოდა. ახლა უკვე ის არის უმცირესობაში მყოფი პარტიის ერთ-ერთი არაფორმალური ლიდერი რეალურად, იურიდიულად და ფაქტობრივად. ამიტომ ახლა ეს მტაცებელი იმის ჩიტი არ არის, რომ ხელიდან ნაღდი გაუშვას, რომც მოინდომონ მაჟორიტარებმა და მათ სულსა და გულში გაჩნდეს ნამუსი და ზნეობა (რაც ძნელად წარმოსადგენია) თქვან, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებას ხელს ვუშლით და გაგვაუქმეთ, ან ცალკე პალატა შექმენით ჩვენთვის, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, არსად სხედან სხვადასხვა _ მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები ერთ პალატაში, ეს გამორიცხულია, ეს იგივეა, რომ ტურა და აფთარი ჩასვა ერთ გალიაში. თვითონ ესეც კი რომ თქვან, _ ჩვენ საზოგადოების განვითარების ბარიერად ვიქეცით და გაგვაუქმეთ, ან გარდაგვსახეთო, ამაზეც არ წავა ივანიშვილი. ამიტომ რაც ხდება, ყველაფერი ივანიშვილია! დანარჩენი ყველა არის ძალიან საშიში მონა და იცით, რატომ? მონა ასრულებს პატრონის ყველა დავალებას და მერე პატრონს აბრალებს! ჩვენთან ყოველდღიურად მეორდება ფრანგული ფილმი „სათამაშო“, როდესაც შეფი თავის თანამშრომელს ეუბნება, _ ჩაიხადე შარვალი და ოფისი შემოიარეო. პატარა ყოყმანის შემდეგ ის გახდას იწყებს, ცოტა ხნის შემდეგ შეფი აჩერებს და ეუბნება, _ ახლა მე უფრო ნაძირალა ვარ თუ შენო?! ვინ უფრო ნაძირალაა მონასა და მონათმფლობელს შორის, უკვე ძალიან ფილოსოფიური და სადავო საკითხია!

_ ამ ცოტა ხნის წინათ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას და მოწოდებას აპირებდა, რომ კიდევ მოეთმინათ. ახლა კი ითქვა, რომ ის საერთოდ არ აპირებს საარჩვენო კამპანიაში მონაწილეობას. ერთ-ერთი ვერსიით, მას სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მოსინჯოს ძალები. როგორ ფიქრობთ, ასე „ქართული ოცნება“ ფონს გავა?

_ არასოდეს დაიჯეროთ, ბიძინა ივანიშვილი მიწის ზევით იქნება თუ მიწის ქვევით, თუ ცოცხალი იქნა, მან საკუთარი თავი გაწიროს და საკუთარ ნოტარიალურ კანტორას, რასაც წარმოადგენს დღევანდელი ქართული სახელმწიფო, უყურადღებოდ მოექცეს, უპატრონოდ მიატოვოს და ყველა რესურსი არ გამოიყენოს იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. ეს ტაქტიკაა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ აღარ ჩაერევა! რას არ ჩაერევა! ის მილიონებს გაუშვებს არჩევნების მოსასყიდად სოციალურად დაუცველ შაჰ-აბასის შთამომავლებზე (მე ასე ვუწოდებ იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ფულს იღებენ არჩევნებში და ხმას აძლევენ); ფულს გაუშვებს და სახელმწიფო რესურსის ორგანიზებას გააკეთებს, რომ არჩევნები გაყალბდეს. აგერ უკვე მიდის ახალი ცვლილებები ისედაც გაუბედურებულ საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ სრულიად მოახდინონ მთელი საარჩევნო სისტემების უზურპაცია და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან არავინ ჩაიხედოს, რას წერენ და რას კითხულობენ! არ დაიჯეროთ! თუ ის ქმედუუნაროა და ლენინივით უკვე „პრავდას“ უბეჭდავენ სპეციალურად კარგი ამბებით, რომ არ ინერვიულოს და არაფერი დაემართოს, ამ შემთხვევაში, უფრო საშიში ხდება მისი ბანდა, რომელსაც უკვე დღის წესრიგში კოლექტიური გადარჩენის ინსტინქტი უდგება, რადგან პატრონი აღარ ჰყავს იმ ხარისხში, რაც ჰყავდა! ამიტომ თითოეული შეიძლება გახდეს ბიძინა ივანიშვილი, როგორც მტაცებელი! ორივე შემთხვევაში კარგი არაფერი გველოდება, თუ არ დავირაზმეთ ისე, როგორც ეს უნდა გააკეთოს ნორმალურმა საზოგადოებამ, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, შვილების მომავალზე ფიქრობს და სამშობლოს პატივს სცემს, თავი დავანებოთ მაღალი კატეგორიის პატრიოტებს, პატივისცემაზეა საუბარი.

_ თქვენი აზრით, რატომ ცდილობს ხელისუფლება, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს თუნდაც ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 8 წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს?

_ ჯერ ერთი, იმიტომ ცდილობს, რომ უნდა, დრო გაწელოს და ხალხს გული გადააყოლებინოს. იმედი ხომ იცით, რაც არის, ზებუ რომ არის „დათა თუთაშხიაში“, ზარი რომ უნდა დაერეკა, როგორც კი გვირაბს გაჭრიდა ხალხი, სინამდვილეში, გვირაბი სხვაგან მიდიოდა, მაგრამ ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ზებუ ზარს შემოჰკრავდა. ესეც ასეა, ზარის იმედად გვტოვებს, _ ახლა არ ვვარგივართ, ეს ცუდი მოდელია, მაგრამ 2024 წელს უკვე მთლიანად პარტიული სიით არჩეული დეპუტატები მოვლენო… 2024 წლამდე რომელი პარტია დარჩება?! რომელი პარტია შეძლებს დარჩენას 2024 წლამდე ასეთ ტოტალიტარულ პირობეში?! პარტიებს, რომელთაც საერთოდ არავინ აფინანსებს! ბიუჯეტიდან წამოსული თანხით ზოგიერთი პარტია რომ ფინანსდებოდა, დაცვას, დამლაგებელსა და კომუნალურ გადასახადებს არ ჰყოფნის ის ფული.

_ არც ბარიერის დაწევაა პარტიებისთვის შვება?

_ ეს საერთოდ დანგრევაა ისედაც დახლეჩილი და დაქუცმაცებული პარტიებისთვის! 5%-იან ბარიერზე ნაკლები ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში არ გინდა პარტიული სისტემის განვითარება, არ გინდა კონკურენტუნარიანი პარტიები! ბარიერმა კი არ უნდა დაიწიოს, კიდევაც უნდა აიწიოს, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გახდეს თანასწორი და დემოკრატიული, რომ ვინც რა ხმას მიიღებს, იმდენი შედეგი დაეწეროს და არა სხვისი მიღებული ხმებით ივანიშვილმა გაიყვანოს დეპუტატები! ეს არის პარტიული სისტემების გადარჩენის მთავარი გასაღები!

_ წარმოდგენილი სახით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, როგორ ვითარებაში აღმოჩნდება საქართველო? რა საფრთხეები შეიძლება დაემუქროს მას?

_ დღეს რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ეს არის ალიევისა და ლუკაშენკოს დიქტატორული მართვის შეჯერებული მოდელი! პლუს ამას ემატება ყატარის ელემენტები, შეიხური ოლიგარქია! ეს არის ყატარულ-აზერბაიჯანულ-ბელარუსული მოდელის სიმბიოზი საქართველოში, რომელსაც გუშინ მიეცა ვიზალიბერალიზაცია და ევროპა იმედით გვიყურებდა, როგორც ერთადერთ მანათობელ წერტილს რეგიონში! აი, რა გაგვიკეთა! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მოდელების გამო ლუკაშენკო და მისი მთავრობა სანქცირებულია დასავლეთში, ალიევი და მისი მთავრობაც სანქცირებულია, ყატარი დაშლის პირასაა ამ სანქციებით, სწორედ ახლა მიდის ეს პროცესი, მეზობლებმაც კი სანქციები დაადეს, წარმოიდგინეთ, ეს რა შედეგებით შეიძლება გაგრძელდეს და დამთავრდეს პირადად ივანიშვილისთვის და მისი ხროვისთვის! ჩვენ უახლოეს დღეებში ძალიან სერიოზული დემარში გვექნება, რომ ვინც საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ კონსტიტუციას ხმა მისცა, ყველა უნდა მოხვდეს სანქციის ქვეშ, მათი ანგარიშებიც უნდა გაიყინოს, იმ 41 მილიონერი დეპუტატისა და არა მხოლოდ ივანიშვილის, რადგან მონა უფრო საშიშია მონათმფლობელზე და ისინი იმ საშიშ დავალებებს ასრულებენ, ჰგონიათ, რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ამიტომ ჩვენ ფრონტალურად უნდა დავიწყოთ მათი ნეიტრალიზაცია, სანამ ქვეყნის ნეიტრალიზაცია მოხდება!

_ ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწდეთ, განსაკუთრებით თქვენი პარტია ლიდერობდა ამ მოწოდებაში. ეს პოლიტიკური ხრიკი გსურთ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს და ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ პროცესებს დაედოს სათავე? ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებით და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად უარესის მიღებით ფიქრობთ, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის შეთავაზება საუკეთესო ვარიანტია?

_ ბოლო 20 წელია, ყველა საქმეში ჩვენ ვართ ლიდერები! ეს მხოლოდ პოლიტიკური მოწოდება არ იყო მორალური ელემენტებით დატვირთული, კონსტიტუციურ-იურიდიული ფორმიდან გამოვდივართ, რომ თუ ახლა პრეზიდენტი გადადგება, ამას მოჰყვება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ჯერ მთელი მსოფლიო დადგება ფეხზე, რომ გადატრიალებას აწყობს ოლიგარქი, კონსტიტუციას წერს, რომელსაც მხოლოდ მისი პარტია უჭერს მხარს, სხვა არც ერთი პარტია და არც პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად გადადგა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, კიდევ ხუთი წლით ავირჩევთ პრეზიდენტს, ვინ იქნება, ახლა ეს არავინ იცის, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ის იყოს ივანიშვილისგან რეკომენდებული ვინმე ცუნგუშა და მთელი საკონსტიტუციო პროცესი ვარდება. ამ კონსტიტუციას მსოფლიოში ლეგიტიმურად აღარავინ აღიარებს და საკუთარ საბრალდებო დასკვნას მოაწერენ ხელს. აბსოლუტურად ვარდება ყველაფერი. გარდამავალ დებულებებში წერია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ შედის ძალაში, ახლა, ალბათ, 2024 ეწერება, შესაბამისად, უკვე მთელი ცვლილებების ფორმულირებები ემხობა. იურიდიულად ემხობა და პოლიტიკურ შემადგენელზე უკვე გითხარით.

_ კათოლისოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონარქიის აღდგენის ფიქრისკენ მოუწოდა საზოგადოებას. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოწოდებას ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ. ამის შემდეგ საპატრიარქოს მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომ პირიქით იყო, _ პატრიარქი გამოეხმაურა ხელისუფლების წინადადებას. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ იდეას და საერთოდ, რას უნდა უკავშირდებოდეს, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდის ინტერესი?

_ საერთოდ, ივანიშვილს ახასიათებს ბიზნესში მგლური წესებით ნასწავლი მეთოდიკა, _ დღეს რაღაცას აქ რომ იპარავს, ცოტას იქით მოაპარინებს ვიღაცას და ყურადღებას ამაზე გადაატანინებს, სანამ იმ მსხვილ კუშს დაითრევს. ახლა ამას პოლიტიკაში აკეთებს: იპარავს, გვპარავს სახელმწიფო ხელისუფლებასა და სუვერენიტეტს, გვპარავს რამდენიმე მილიონიან ქვეყანას, პრეზიდენტის არჩევის უფლებას, რაღაცაზე ყურადღება ხომ უნდა გადაიტანოს?! აგერ, ახლა პატრიარქმაც განაცხადა! იქიდან უთხრეს, პატრიარქს მოუვიდა თავში აზრადო… ვიცი, ეს პატრიარქის ძველი იდეაა, რომ აი, მონარქია და უცბად იქით გადავიდა ყურადღება, რომ კიდევ მონარქი გვინდა თავისი ნაზირ-ვეზირებით?! საზოგადოების რეაქცია გათვლილი ჰქონდა! შესაბამისად, ამით ცოტა მიანელეს, ხელისუფლების უზურპაციის გამოა ხალხში ატეხილი უკმაყოფილება და უნდოდათ, რომ ხალხისთვის ეფიქრებინათ, სჯობს, გვყავდეს სამასი ხმოსნისა თუ რქოსნის არჩეული პრეზიდენტი, ვიდრე მეფე მოვიდეს ახლა თავისი კამარილიით. ხედავთ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებაზე გვაფიქრებენ და სამწუხაროა, რომ ამისთვის პატრიარქის ეპისტოლე გამოიყენეს. კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა დაუშვებელია, ეს საბოლოოდ დაშლის საქართველოს უკვე შიგნიდან, საზოგადოების ფენები დაუპირისპირდებიან ოფიციალურად, თავადები _ აზნაურებს, აზნაურები _ გლეხობას, ყველა გაიხსენებს თავის კუთვნილ მამულს, რომელიც მართლა ჰქონდათ, მთელი საქართველო სათავადო და სააზნაურო მამულები იყო, ყმები ჰყავდათ, ეს ფაქტია, საპატრიარქომ უკვე დაიბრუნა კუთვნილი თუ არკუთვნილი მიწები, მილიონობით ჰა ზღვიდან აზერბაიჯანამდე და ბიზნესკომპანიებად გადაიქცნენ საეპისკოპოსოები, ვიცით ჩვენ, იგივე ამბავი წავა და საზოგადოებას ერთმანეთი კლასობრივი ნიშნით შეძულდება. ჩვენ კლასობრივი ჰარმონია გვინდა და რაც შეიძლება ნაკლები კლასი გვინდა საზოგადოებაში, საშუალო ფენა გვინდა, რომელიც მთავარი კლასი იქნება! და არა დაყოფილი თავად-აზნაურ-ნაზირ-ვეზირ-ჭყონდიდელ-სეფეკაც- სეფექალად, ეს უბედურება საქართველოს დაშლის! ეს პირდაპირ საქართველოს დაშლის საფუძველია, ამან დაშალა საქართველო ლიპარიტ ბაღვაშის დროს, ყვარყვარე ათაბაგის დროს, შუა საუკუნეების პერიოდში პატარ-პატარა სამეფოებად, ბაგრატიონებს ხომ საამაყო არაფერი აქვთ, სამარცხვინო ისტორია აქვთ, თუ არ ჩავთლით რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის გმირს. სხვა გვარის რომ ყოფილიყვნენ მეფეები, შეიძლება იმათ უფრო მეტი მიეცათ ქვეყნისთვის. საამაყო კიდევ იმიტომ არ აქვთ, რომ საქართველო სამეფოებად დაიყვეს. გაგიგიათ, რომ სტიუარტებს, ან ტიუდორებს დაეყოთ სამეფოებად ინგლისი, გაქცეულიყვნენ და ეთქვათ, რომ ამ საგრაფოში მე ვიქნები მეფე, იმ საგრაფოში შენ იქნებიო, ჩემთან არ შემოუშვა მარბიელი და მე შენთან არ შემოვვარდები, არ ვიყაჩაღებო! დაყვეს საქართველო: ქართლის მეფე, გურიაში ცალკე მეფე იყო, იმერეთში ცალკე იყო ბაგრატიონების შტო, ამათ ქიშპობასა და კონკურენციას გადაყვა საქართველო. ბოლოს, ერეკლე მეორის დროს იყო გაერთიანების შანსი, დედოფალი მარიამი წავიდა კატეგორიული წინააღმდეგი იმერეთის სამეფოსთან გაერთიანების, ჩემს შვილს მეფობაში ხელი შეეშლებაო. აღარ მინდა ძალიან ბევრი ვისაუბრო ამ თემაზე და განსაკუთრებით ახლაგაზრდობას გული გავუტეხო საქართველოს ისტორიის ძალიან შავ ფურცლებზე.

_ საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმაც კი იმსჯელა და როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებას სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა. ჟურნალისტის მეუღლე ფალსიფიცირებულ გამოძიებაზე უკვე საუბრობს. თქვენი აზრით, რა დასასრული ექნება ამ საქმეს?

_ ძალიან მძიმე! თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში ვერ ვიხსენებ მეორე პრეცედენტს, რომ ქვეყანას თავშეფარებული ადამიანი, პოლიტიკურად დევნილი, მდევნელისთვის დასასჯელად გადაეცა. ლიტერატურასაც გადავხედე, ქრონიკებსაც, მაგრამ არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, უფრო არადემოკრატიული რეჟიმებიც კი ამას არ აკეთებენ, მაქსიმუმ, უთხრან, რომ წადი და სხვა ქვეყანაში გააგრძელე შენი პოლიტიკური საქმიანობა, არ გვინდა, ქვეყანასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდესო. ის, რომ სტაცონ ხელი ქალაქის ცენტრში, ჩამოაცვან თავზე ტომარა, გადაუყვანონ და ჩააბარონ თავის მდევნელს, თანაც ეს მოხდეს საქართველოში, სტუმარ-მასპინძლის ქვეყანაში, ეს მოხდეს კავკასიის ცენტრად და დედაქალაქად აღიარებულ თბილისში, კავკასიაში სტუმარ-მასპინძლობა სხვა რანგშია აყვანილი და ნათქვამია, _ ანაბარი მგელმაც კი იცისო, ეს არის პირდაპირ ალიევისა და ივანიშვილის ურთიერთგარიგება იმის გამო, რომ ისინი ერთ მაფიას წარმოადგენენ ნავთობის, გაზის, ენერგომატარებლების ტვირთების ტრანზიტის, პორტების სფეროში საერთო ინტერესები აქვთ, მილიონები დგას ამის უკან და იფიქრეს, რატომ გავაფუჭოთ ჩვენი პირადი კეთილდღეობა და შვილების მომავალი იმისთვის, რომ რაღაც დემოკრატიული ღირებულებები დავიცვათო? და ამას მოჰყვება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები! ივანიშვილისთვის მძიმე შედეგი უკვე დამდგარია, ის უკვე ცოცხალი მკვდარია ხალხისთვის და ხალხის გულში! ქვეყნისთვის მოჰყვება ცუდი შედეგები და არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაციაც შეგვიზღუდონ, ან შეგვიჩერონ, არანაკლებ უარესია, თუ განვითარება არ მოჰყვა ამ ვიზალიბერალიზაციას, არ დაამატეს სამუშაო ვიზები, განათლების მისაღები ვიზები, ინვესტიციების შემოსვლა და ა. შ. ეს ევროკომისიას ელემენტარულად შეუძლია, ნახევარ წამში გააკეთოს.

_ საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის გადახედვას შეუდგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები დააკავეს და რის შედეგედაც ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აქციის გამო არ განხორციელებულა და ამას ისედაც აკეთებდნენ. რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების პოზიცია და თქვენ რას ფიქრობთ, ეშინიათ, რომ საზოგადოების პროტესტმა უფრო ფართო მასშტაბებით გადაინაცვლოს ქუჩაში?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი კარიერა დაიწყო ნარკოტიკების გაყიდვით, ძველი ნარკობარიგაა, 80-იან წლებში ამით ვაჭრობდა, ამიტომ სიმპათიები ექნება ამ სფეროში დაბუდებული ვაჭრების მიმართ. ამის გარდა, მისი შვილის ინტერესებსა და სამეგობროს შეეხო, მერე გაახსენდა, რომ თურმე უდებენ და უკანონოდ იჭერენ ახალგაზრდებს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ არავითარი პატიმრობა ნარკომომხმარებელზე არ შეიძლება, ისევე როგორც ალკოჰოლის მოხმარებაზე არ შეიძლება იყოს პატიმრობა, თუ ძალიან აურია და დათვრა, მაქსიმუმ, იყოს გამოსაფხიზლებელი. ბევრი ყავის დალევაზე რომ პატირობა იყოს, ისეთი ვარიანტია, მაგრამ არც გმირად უნდა გამოაცხადო ნარკოტიკის მომხმარებელი იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება ერის მომავლისა და ოჯახებისთვის. შესაბამისად, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, რომელსაც სჭირდება ახსნაგანმარტებითი, საგანმანათლებლო, სოციალური ღონისძიებების მთელი კომპლექსი და არც ერთ შემთხვევაში მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, იმიტომ, რომ იქ ცუდის მეტს არაფერს სწავლობს. სხვათა შორის, იქ უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გადადის. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარება და დაჩქარება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც „უფლისწულისა“ და მისი სამეგობროს ინტერესები შეილახა. დღესდღეობით ეს მუხლი გამოყენებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, რომელიმე მშობელი არ მოეწონებათ, მაგალითად, ელისო კილაძე არ მოსწონს ამ ხელისუფლებას, რომელიც ერთ-ერთი მამაცი ჟურნალისტია არა მხოლოდ საქართველოში, სტაცეს ხელი მის შვილს და რა პრობლემაა ნარკოტიკის ჩადება?! ჩვენს პოლიციაში და სპეცსამსახურებში თუ რამეა დამხეცებული, ეს არის და მეორეც _ პარლამენტი სავსეა ნარკომანებით. ეს არაერთხელ მითქვამს, ვოლსკიდან დაწყებული, იქ იმდენი იჩხირავს… ასევე მათი ძალიან ბევრი შვილი, ძმისშვილი და ნათესავი არის ნარკომომხმარებელი, მაგრამ ამას არა უშავს… თუ რომელიმე მშობელმა ანტისამთავრობო განცხადებების გაკეთება დაიწყო, მერე გაახსენდებათ, რომ იმისმა შვილმა ოდესღაც რაღაც მოწია და ციხეში უშვებენ. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი მუხლი: ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, _ ანეკდოტის მოყოლაზე დაგიჭერდნენ, თუ ძალიან ბევრს იხტუნავებდი და მტკიცებულებები თუ არ ექნებოდათ. ახლა ეს გადმოტანილია ნარკოტიების მოხმარებაში, რომ ნარკოტიკი ამოუჩნდა. მაგალითად, ერთი ჩემი ყოფილი თანაპარტიელია, მე მლანძღავს და ივანიშვილი კარგად უხდის, რომლის შვილი დაიჭირეს (სახელს არ ვიტყვი, მაინც ახალგაზრდა კაცია) 25 კგ. ნარკოტიკი მოჰქონდა მცხეთაში და 25 წელი ემუქრებოდა ციხე, ნაღდად მოჰქონდა! იმის გამო, რომ მამამისი უშიშროების აგენტი იყო, ეს იმ დონეზე ჩამოუწიეს, რომ პირობითი მისცეს. მცხეთის პოლიციაში ოქმში ყველაფერი გადააკეთეს! მოვა დრო და ამისთვის მამამისი პასუხს აგებს! მამამისი რომ ხელისუფლების აგენტი იყო, შესაბამისად, 25 კგ. კი არა, 250 კგ-ც ეპატიებოდა! სხვას პატარა დოზა არ ეპატიება, რომ ახალგაზრდობით წაიმაიმუნოს. ეს მუხლი გამოყენებულია ახალგაზრდების გენოციდისთვის!

_ კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორ ფორმაში ხვდებიან მას პოლიტიკური პარტიები? თქვენი პარტია როგორ ემზადება არჩევნებისთვის?

_ ხელისუფლება სულ ფორმაშია, რომ არჩევნები გააყალბოს, ისინი გამზადებულები არიან და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე რა გითხრათ, რა ფორმაშიც ვართ, ხედავთ! პარლამენტიდან გაყრილი, პარლამენტში არშეშვებული, ფინანსების გარეშე დატოვებული, რამდენი წელი გავიდა და სადაც ვართ, ამ ქუჩას საერთოდ არ გაჰკარებია ბიზნესმენი, შესაბამისად, გამორიცხულია პოლიტიკური სისტემის განვითარება, თუ კერძო ბიზნესი არ ავითარებს, არ ეხმარება და აფინანსებს პარტიებს. ჩვენ კერძო ყაჩაღები გვყავს და არა კერძო ბიზნესმენები, მათ მკაცრად აკონტროლებს მთავარი ყაჩაღი ივანიშვილის სახით, შესაბამისად, რაც ვართ, ეს ვართ! ერთადერთი, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ვინც ფულს უხდის, იმას კი არ უნდა მისცეს ხმა, ვინც ფულს არ უხდის, მაგრამ მისთვის გულშესავლებ იდეას სთავაზობს და ვისიც სწამს, იმას უნდა მისცეს ხმა. ჩვენ მაქსიმალურად გვეყოლება კანდიდატები, რის საშუალებასაც რესურსი მოგვცემს.

_ დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ გეყოლებათ?

_ ბათუმში მერობის კანდიდატი გვყავს, ბატონი ჯელალ ქიქავა, ისეთი პოლიტიკოსია, ზღვის ტალღა არ არის ისეთი ძლიერი, ის რომ აიწყვეტს, წინ ვერავინ დაუდგება. ბათუმში ის მერობის რეალური კანდიდატია. თბილისში ჯერ კანდიდატურაზე  ვფიქრობთ. მეეჭვება, სხვა კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. ახლა დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ მილიონები გადმოურიცხავს მიშას, გრიშას… ამიტომ ამის ნერვები აღარ გვაქვს… ან ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, ან ვიტყვით, რომ ჩვენი მიზანია ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა და აქ შედის მერებიც და ყველანი…

_ დედაქალაქის მერობის იმ კანდიდატების შანსებს როგორ აფასებთ, რომლებიც უკვე ასპარეზზე გამოჩნდნენ?

_ კალაძეზე ნუ ვისაუბრებთ, ბევრად უფრო ზნეობრივი იქნება, „კანონიერი ქურდი“ ავირჩიოთ! ეს ქურდების გაზრდილია ოფიციალურად და ცუდად გაზრდილი! ქურდმაც ხომ შეიძლება კარგი გაზარდოს, ცუდად გაზრდლია, ეს არის თავზეხელაღებული, საშიში, აღვირახსნილი, ურცხვი ყაჩაღი, კრიმინალის სიმბოლო და მისი სახელმწიფო დაწესებულებებთან მიშვებაც კი დანაშაული და საშიშია! რომელ მერობაზეა საუბარი, თბილისმა თუ კიდევ ის ქნა, რომ ნარმანიას შემდეგ (ნარმანია მასთან ფრთიანი ანგელოზია) კიდევ კალაძე აირჩია, მაშინ ნუღარ ექნებათ პრეტენზია, რომ ქალაქელები ვართ და თბილისელები ვართ, ეს ვართ და ის ვართო!.. ადმინისტრაციული რესურსი „ნაცებსაც“, „ევროპელ დემოკრატებსაც“ მილიარდები არა, მაგრამ მილიონები აქვთ, რესურსის პრობლემა მათ არ ექნებათ, მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერას თუ მიიღებენ. კანდიდატებზე ვერ იტყვი, რომ მათ ვიღაც მოკლეს, გაროზგეს და უშუალოდ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილებას მერე მოჰყვება ხოლმე იმ პარტიის მთელი ისტორიის ამოყრა და გაშლა-გამოშლა. ჩვენ არასოდეს ხელისუფლებაში არ ვყოფილვართ და რას არ გვაბრალებენ, ლამის, მიშას მოყვანას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! _ მიშას დაბადებიდან ვებრძოდი, ბავშვი გაჩენილი არ იყო, რომ ვებრძოდი, ამიტომ რესურსი ტექნიკურად ამას არ წყვეტს. ვნახოთ, როგორ წავა პროცესი, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე კარგი იქნება პარტიების კოორდინაცია ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად, რომ ეს ხელისუფლება ვაიძულოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

_ „პატრიოტთა ალიანსმაც“ გააკეთა ასეთი განცხადება, საპროტესტო აქციები დააანონსეს…

_ „პატრიოტთა ალიანსმა“ იმიტომ გააკეთა ეს განცახდება, რომ ქუჩაში გასვლა არავინ დაასწროს და ქუჩა თვითონ აკონტროლოს! „პატრიოტთა ალიანსმა“ განცხადებები გააკეთა, რომ საყდრისს გადავარჩენთო, ჩავიდა და ხელში ჩაუგდო ივანიშვილს, მთელი აგენტურა იქ ჰყავდა ჩაყვანილი, რომ არავინ მისულიყო სხვა რეალური. „პატრიოტთა ალიანსი“, გიორგი თარგამაძეები, უფრო ადრე ზოგიერთ სხვა პარტიას ვიცნობთ და ვიცით, რისი შემსრულებლებიც არიან, ვინც არიან და რაც არიან! ხალხი თავისით გარეთ არ გამოვა, თორემ აქამდე მილიონჯერ გამოვიყვანდით და შევცვლიდით ივანიშვილს. როგორ გგონიათ, 2003 წელს მიშამ ხალხი თვითონ გამოიყვანა? ჩამოიყვანეს ზუგდიდლები და წალენჯიხელები ფულით და 5000-კაციანი ბირთვი იმით გააკეთეს. 5000-კაციან ბირთვზე კიდევ მთელი თბილისი იქ მოვა. ამ ბირთვის გაკეთებაა პრობლემა, რისი საშუალებაც არ გვაქვს! სახალხო გამოსვლებს ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება! პატარკაციშვილის დროს ერთი თვე ვიყავით ქუაში და რა დავიჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ მას მილიარდები ჰქონდა. იმ პარტიებს დაურიგა მილიონები, იმათ კიდევ საკუთარ ბიზნესსა და ოჯახს მოახმარეს ის ფული. ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით გასულები და ბადრის პირდაპირ ვუთხარი, _ არ შემიძლია, მათთან რაიმე საერთო მქონდეს, ვიქნებით როგორც მიტინგზე მეთვალყურე-მეთქი. ჩვენი ხალხი იდგა, საკვები აქედან ჩვენი რესურსით გაგვქონდა, ეს იყო და ეს… მილიონები გამოუშვა ბადრიმ, ისინი, რომლებიც ახლა ივანიშვილთან სხედან, ბადრისთან იყვნენ მიჩოჩებულნი და ძუძუს წოვდნენ, ახლა წოვენ ივანიშვილს, ეს არის უბედურება…

_ იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური რესურსი არ არსებობს, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩება?

_ რეალურად გეუბნებით, რომ ასეა! ერთადერთი, ეროვნული მოძრაობის წლებში გამოდიოდა ხალხი ქუჩაში, ამას მაშინდელი ლიდერების ქარიზმაც ემატებოდა, მაგრამ რომც არ ყოფილიყვნენ ისინი, სხვა ლიდერებსაც გაჰყვებოდნენ, რადგან ისტორია იცვლებოდა, იმპერია იშლებოდა და 70-წლიანი შესვენების შემდეგ დამოუკიდებლობა მოდიოდა. მერე ვინც გარეთ გამოდიოდა, ეს იყო ფულით, მხოლოდ ფულით, ან ივანიშვილის ფულით 2003 წელს, რომელიც მისცა მიშას „ვარდების რევოლუციისთვის“, ან პატარკაციშვილის ფულით 2007 წელს. მოსმენილს კი არა, რაც უშუალოდ ვიცი, იმას ვამბობ, მერე ნინო ბურჯანაძის ფულით გამოვიდნენ, რომელიც, გარკვეულწილად, სერიოზული არხებიდან მოდიოდა. თქვენს მონა-მორჩილს ფული არ ჰქონია, თორემ დახარჯავდა და ხალხს გარეთ გამოიყვანდა!

 

თამარ ბატიაშვილი