შალვა ნათელაშვილი: „არჩევნების გაყალბება დამოკიდებულია ივანიშვილის დასანქცირებაზე“

გიგა გელხვიიძე

ქართულ პოლიტიკურ ველზე წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური გადაჯგუფებები და კოალიციები იქმნება. თითოეული გაერთიანების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი პლატფორმა გახდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამარჯვების ცენტრი, შესაბამისად, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ეპატიჟებიან.
ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ქართველმა ხალხმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იხილა, როდესაც ლეიბორისტული პარტიის ფანჩატურში განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს და საერთო მოწინააღმდეგის დასამარცხებლად გაერთიანდნენ. თუმცა ერთობამ არცთუ ისე დიდხანს გასტანა და, საბოლოოდ, თითქმის ყველა პარტია, გარდა ლეიბორისტულისა, პარლამენტში აღმოჩნდა.
რა გეგმები აქვს ამ ეტაპზე ლეიბორისტულ პარტიას და მის ლიდერ შალვა ნათელაშვილს? ვიხილავთ თუ არა მას რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან და, ზოგადად, როგორია მისი პროგნოზები ოპოზიციურ ერთობასთან თუ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი:

_ ბატონო შალვა, აქვს თუ არა მომავალი პოლიტიკურ გაერთიანებებს საქართველოში?
_ 30 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საქართველო მიიყვანა სრულ კატასტროფამდე. ყველა უბედურება, რაც თავს დაგვატყდა, მოჰყვა ვაჭარი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ხელოვნურ გაერთიანებებსა და ქმედებებს. როგორც ჩანს, ზოგიერთმა აქედან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა. მათ ჰგონიათ, რომ არაფრის გაერთიანება მოგვცემს რამეს. არაფრის გაერთიანება იძლევა არაფერს. მინიმუმ, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემები. პარტიები თავიანთი პასპორტით, სახელით, გვარით, იდეებით, იდეოლოგიით, პრაქტიკული საქმიანობით უნდა ცდილობდნენ, ამომრჩეველს მოაწონონ თავი და არა ხელოვნური გაერთიანებითა და სკანდალების ატეხით. ასეთ შემთხვევაში იქნება პოლიტიკური გაერთიანება და აყვავება, სხვანაირად ჩვენ გვემუქრება ლათინური ამერიკის ძალიან რთული გზა, რაც გრძელდებოდა საუკუნეები და დიდი ქაოსი და უბედურება მოუტანა ხალხს, თუმცა დღეს იქაც მიხვდნენ, რომ პარტიული სისტემა არის სწორი ფორმატი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის. ბრაზილიის პრეზიდენტი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეა, ჩილესა და არგენტინის პრეზიდენტები არიან მემარცხენე პარტიების წარმომადგენლები, ანუ პარტიისა თავად სუბიექტი პოლიტიკის. ეს მსოფლიო ისტორიის პრაქტიკაა და ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ და თუ შევეცდებით, ველოსიპედი გადავაკეთოთ, ამ შედეგს მივიღებთ.
_ როგორ აფასებთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შანსებს?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთხელ გამარჯვებამ 2003 წელს მოიტანა მრავალპარტიული სისტემის გაუქმება და გაამზადა პირობები, რომ ძალაუფლება ხელში აეღო რუს ოლიგარქს, რომლის მსხვერპლიც გახდა თავად ამ პარტიის ლიდერშიპი და ეს პარტიაც, გარკვეულწილად. ის კრახი რაც მან განიცადა და განაცდევინა ქვეყანას, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მეორედ მან ან მასთან დაკავშირებულმა რომელიმე პოლიტიკოსმა გაიმარჯვოს, ეს არის ერთი ადგილის ტკეპნა. ჯობს, დაკავდნენ რეალური საქმით, დატოვონ მანდატები პარლამენტში და შეეცადონ გამოიწვიონ ღრმა სახელმწიფო კრიზისი, მმართველი სისტემის კრიზისი, რაც ხელს შეუწყობს არჩევნებში მათ საბოლოოდ დამარცხებას.
_ გქონდათ თუ არა შემოთავაზება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ სამომავლო თანამშრომლობაზე?
_ ჩვენ არასოდეს პარტიულ ბლოკებში არ გავწევრიანებულვართ და ამით ვართ გამორჩეული, არა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის პარტია, რომელიც ეროვნული იდეოლოგიის, იდეის, სოციალური სამართლიანობის, დამოუკიდებლობის, ხალხის უმაღლესობის პრინციპებზეა აგებული და არასოდეს ნადირობს იმ გზით მანდატებზე, რომ ვიღაცას აეკიდოს, მერე შევიდეს პარლამენტში და იმ ვიღაცის ზურგიდან გადმოხტეს, მერე სხვას შეახტეს ზურგზე, რასაც აკეთებს სხვადასხვა პარტია.
რა გგონიათ? _ სააკაშვილი იყო შევარდნაძის ზურგზე შემხტარი. სააკაშვილი ზურგზე შეახტა შევარდნაძეს და იმის ზურგით მოვიდა პოლიტიკაში, დანარჩენი ყველა კიდევ უარესი გზის გამვლელი და მოგზაურია. ერთადერთი პარტია ჩვენ ვართ, რომელმაც შექმნა პრეცედენტი პარტიის მშენებლობისა საქართველოში. როგორ გგონიათ, შეიძლება სახელმწიფო მუზეუმის გარეშე, უნივერსიტეტის გარეშე, განათლების სამინისტროს გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე, გერბისა და ემბლემის გარეშე, დროშის გარეშე რამეს გააკეთებ? ხომ არ შეიძლება? ასევე არ შეიძლება სახელმწიფოში არ იყვნენ ძლიერი პარტიები, სხვა შემთხვევაში ის სახელმწიფოდ ვერ შედგება. თვითონ „ნაცმოძრაობა“ იყო სულ ბლოკი, „ვარდების რევოლუციის“ დროს ყველა პარტია იქ შევიდა, ძიძიგურიდან დაწყებული, ბერძენიშვილებამდე… იყო სუფთა დომხალი, შემდგომშიც ისევე სულ ბლოკები იყო ვიღაცებთან და „ძალა ერთობაშია“ იყო ბოლო ბლოკი. ეს სულ ბლოკია, ეს სულ ხალხის მოტყუება და თვალის ახვევაა, არავითარი პარტია ეს არ არის.
_ ანუ ფიქრობთ, რომ გიორგი ვაშაძეც იმავე გზას ადგას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ფონზე სურს გასვლა პარლამენტში?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა არ აქვს ის რეიტინგი, რომ რამენაირად ვაშაძეს გაუყოს, ეგ ბედნიერი პერიოდი დაუმთავრდათ მაგათ, მაგრამ ვაშაძის გააქტიურება გამოწვეულია ჩხარტიშვილის შფოთვით, რომ პოსტბიძინასეულ პერიოდში არ დაემხოს მისი ძალაუფლება, ფინანსური პირამიდა არ ჩამოეშალოს და არ მოსთხოვოს ვინმემ იმ წაღებული ანაბრების უკან მოტანა, რომელიც მან მიითვისა. თავისივე ოჯახის წევრს დაარბენინებს ხან კიევში, ხან „შარლ მიშელში“, ხან „აღმაშენებელში“, ხან მესამე ძალაში… რა ვიცი, ეს წარმოუდგენელია, ყვარყვარეს არ მოსვლია თავში ამდენი სახელის აღება და გამოცვლა ასე სწრაფი ტემპით.
_ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ვიხილოთ?
_ მოსახლეობა სანამ დაელოდება ზეციურ პრინცს და ახალ მესამე ძალას, მანამდე ისტორიის მატარებელი ჩაგვიქროლებს და დავრჩებით ისტორიის სანაგვეზე. მოსახლეობამ უნდა დააფასოს ის ძალა და ის პარტია ლეიბორისტული პარტიის სახით, რომელიც თან გადაჰყვა მას და თავი დაასანქცირებინა იმისთვის, რომ სიტყვისა და იდეის თავისუფლების ერთგული დარჩენილიყო. ამას თუ ვერ დააფასებენ, მიიღებენ ბიძინაზე, სააკაშვილსა და შევარდნაძეზე უარესს.
_ სავარაუდო გაერთიანებაზე საუბრობენ „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლებიც გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად ძიძიგური და არ გამოირიცხება, რომ ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გვერდით ვიხილოთ. აქვთ თუ არა მათ შანსი, გადალახონ სარჩევნო ბარიერი?
_ მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ თქვენ მიერ ჩამოთვლილ ადამიანებს, პოლიტიკურად „ქართული ოცნების“ პერიოდში, მინიმუმ, ლიდერის პოსტზე ნამყოფმა პიროვნებებმა პოლიტიკაში ცხვირი არ უნდა ჩაყონ და ეს იქნება ძალიან დიდი წვლილი საქართველოს ისტორიაში. უსუფაშვილმა როგორ უნდა გამოყოს თავი გარეთ, როდესაც ივანიშვილს ედგა გვერდით ოჯახით და ბავშვებით, თუნდაც სხვებმა, ვინც იქ იყვნენ. მაგათ შეუქმნეს გარსი პუტინის წარმომადგენლებს საქართველოში, გააამერიკელეს, გააევროპელეს და გააკეთილშობილეს, არც უნდათ აღიარონ თავიანთი შეცდომა და ბოდიში მოიხადონ.
_ რა შეიძლება გახდეს პოლიტიკური ველის ცვლილების მიზეზი?
_ ციური მანანა, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ ახლა ჩვენ ვმუშაობთ სანქციების დამაგვირგვინებელ ეტაპზე და უახლოეს მომავალში ივანიშვილს პერსონალურად დაასანქცირებენ. ეს საკითხი რამდენჯერმე მივიყვანეთ წკიპზე, შეიძლება ითქვას, ბოლო ეტაპი განხორციელდა იანვარ-მარტში, როდესაც გადაწყვეტილი იყო ივანიშვილის დასანქცირეაბა, მაგრამ, სამწუხაროდ, 10 მარტს ივანიშვილმა ვაშინგტონში გააგზავნა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, თეთრ სახლში კარს უღებენ. იგი შეხვდა ბატონ სალივანს, რომელიც გახლდათ ქალბატონ ჰილარი კლინტონის აპარატის უფროსი 2012 წელს, როდესაც ბატონი ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. სალიანთან შეხვედრის შემდეგ სანქცირების საკითხი გადაიდო, ის ოთხი მოსამართლე დასანქცირდა, მაგრამ ეს გამოძვრა, ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე საშიში ბოროტება ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფრანგი პენსიონერი ქალბატონია, რომელიც ჩამოიყვანა ლობისტად. არავინ უსმენს დასავლეთში ღარიბაშვილს, თალაკვაძეს, მდინარაძეს, არავინ იცნობს და არ ეკარება მათ. ზურაბიშვილს მიიჩნევენ თავისად. ის არის ივანიშვილის ყველაზე დიდი მფარველი, მისი მილიარდების მცველი და ამას, რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი არ აკეთებს უანგაროდ. არა მარტო შვილებს შეუქმნა შესანიშნავი კარიერა, არამედ ოფშორებში მილიონები ირიცხება მის სახელზე. მოვა დრო და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება და შეიტყობს ხალხი.
_ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რამდენად იქნება გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის საბოლოო სიტყვა? როგორც ვნახეთ, არც ისე მკაფიოა მისი მხარდაჭერა მოქმედი მენეჯმენტის მისამართით და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს ლიდერის თვისებები და შესაძლებლობები, ამის გარდა კი ვიხილეთ ასევე ენმ-ს კიდევ ერთი, ნიკა მელიას ფრთის მკაფიო და მხარდამჭერი განცხადებები მისი მხრიდან, განსხვავებით მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიმართ.
_ ძალიან ძნელია შევაფასო პოლიტიკოსის განცხადებები, რომელიც დილით ამბობს ერთს, შუადღისას მეორეს, საღამოს მესამეს და შუაღამისას მეოთხეს, ამას ამბობს ის პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული ყველაფერზე. ამის ახსნა შემიძლია იმ სტრესული ვითარებიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს, თუმცა პოლიტიკიდან ის საერთოდ უნდა წავიდეს, თუ უნდა შეინარჩუნოს რამე რენომე და დადებითი განცდები, რომელიც შეიძლება მის გარშემო არსებობდეს საზოგადოებაში.
_ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად საუბრობს იმაზე, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს _ რამდენად არის ეს რეალობასთან ახლოს?
_ „ქართულმა ოცნებამ“ რომც იოცნებოს გამარჯვების პერსპექტივაზე, მსოფლიო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს, გარანტირებული სანქცირება ელოდება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ მთელ მათ „შაიკას“ კალაძიან-პაპუაშვილიანად. სანქცირება და ქართველი ხალხის რისხვა დაატყდება, რადგანაც როგორც კი ეცდებიან, რომ ვითომდა არჩევნების გზით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მე სახლში შესულს ვეღარ მნახავთ და ქართველი ხალხი აღარ შევა სახლში, სანამ ამათ არ წავლეკავთ პოლიტიკურად.
_ ეტყობა მმართველ პარტიას ის ისტერია, რაც ენმ-ს ჰქონდა 2012 წელს?
_ „ნაცმოძრაობა“, ასე თუ ისე, მმართველი ძალა იყო და, შესაბამისად, აანალიზებდა კარგსაც და ცუდსაც. უფრო კარგად რომ გაეანალიზებინათ, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც სჯობდა, ყოველ შემთხვევაში, მმართველი ძალა იყო. რაც შეეხება ამათ („ქართული ოცნება“), მმართველი ძალა კი არ არის, პუტინის დაქირავებული ფილიალია, ამიტომ კრემლიდან რა მესიჯიც მოვა და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ. რობოტს მეტი ზნეობა და ინტელექტი აქვს. პუტინის პირველყოფილი რობოტები არიან. რა ემოცია უნდა შეეტყოს პაპუაშვილს, ინტელექტს ვერ ამჟღავნებს, რა ემოცია უნდა შეატყო კალაძეს, თხა და გიგო არ წაუკითხავს კაცს, არის აბსოლუტური სიყალბე, შექმნილი პიჯაკიან-ბოტასებიანად. რა უნდა შეატყო მდინარაძეს, რომელიც იყო სუს-ის აგენტი ადვოკატი და „ნაცების“ დროს ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონების გადაფორმებას ეწეოდა. რა უნდა შეეტყოს თალაკვაძეს, რომელიც არის გურიის სირცხვილი. ერთხელ ვთქვი, ლაშქარს ჩამორჩენილი ყიზილბაშია-მეთქი. ვის რა უნდა შეატყო? მკითხეთ და გეტყვით, _ ისინი უემოციოები არიან!
_ ნიკა გვარამიას ფაქტორზეც მინდა გკითხოთ, _ ფიქრობთ, რომ ის დაბრუნდება პოლიტიკაში დამოუკიდებელ მოთამაშედ?
_ პოლიტიკაში გვარამიას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთიანდება მისი მიუღებლობის ნიშნით, ეს ერთი; მეორე: მან ასევე თავის პარტიას უნდა გასცეს პასუხი მინიმუმ, რატომ უზრუნველყო საკუთარი ტელევიზიით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებულად გამოცხადება და კახი კალაძის ორჯერ გამარჯვებულად გამოცხადება? რა კოორდინაცია ჰქონდა ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ „ქართულ ოცნებასთან“ და მის საარჩევნო შტაბებთან, რომ არჩევნების შედეგი გაეყალბებინათ? ამას ჩვენ გავარკვევთ უახლოეს მომავალში.
_ აქტიურად ხვდებით უცხოელ პარტნიორებს. როდის და ვისთან გქონდათ ბოლოს შეხვედრა და რა გზავნილები ისმის დასავლეთიდან? უნდა ველოდოთ თუ არა კონკრეტული პირების დასანქცირებას მმართველ პარტიაში? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ხშირად მოდის მუქარანარევი, გამაფრთხილებელი გზავნილები, ასევე ვიხილეთ რამდენიმე რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო სანქციებზეც და იმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი _ რა მოლოდინები გაქვთ?
_ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა ჩემი დამაგვირგვინებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რაზე დაყრდნობითაც შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია. შეხვედრები და მოხსენებითი გამოსვლები იყო ატლანტიკურ საბჭოში, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, სენატის საგარეო კომიტეტის წამყვან ხელმძღვანელობასთან, ასევე ამერიკის სახელმწიფო, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯონ ლიპსონთან, უკრაინული წარმოშობის დეპუტატ ვიქტორია სპარკს შევხვდით, ძალიან ბევრი შეხვედრა იყო ოფიციალურიც და ისეთიც, რომელიც მაინცდამაინც არ გაგვიცხადებია. აქედან გამომდინარე, უნდა მენდოთ, რომ ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალი იქნება. მთავარია, ეს დროულად მოხდეს, რადგანაც თითოეული წუთი და წამი შეიძლება საუკუნეს უდრიდეს ამათ გადამკიდე, იმ დონეზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ნებისმიერ წამს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის ქვეყნის ისტორიას უარყოფითი, ტრაგიკული კუთხით.
_ ბატონო შალვა, მინდა გკითხოთ რადიკალურად განწყობილ ჯგუფებზე, რომლებიც თავს ესხმიან სუსტ ჯგუფებს _ ვნახეთ ევროპარლამენტარების რეზოლუციაც, სადაც მოითხოვენ კოკა მორგოშიას დასანქცირებას. 8 ივლისის მოვლენები შეიძლება თუ არა იყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების განმსაზღვრელი?
_ რაც შეეხება ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირს, ისინი ერთ მხარეს იყურებიან, სხვა მხარე არ აინტერესებთ. აინტერესებთ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და მათთან შეზრდილი სეგმენტები. ხმა არ ამოუღიათ დღემდე, ლეიბორისტული პარტია რომ აკრძალა რუსმა ოლიგარქმა, ასევე ივანიშვილს კვლავ უნარჩუნდება საფრანგეთის მოქალაქეობა, ივანიშვილს კვლავ აქვს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ჯილდო, მას კვლავ აქვს უძრავი ქონება და აქციები ევროკავშირის სივრცეში. ასე რომ, ევროკავშირი დროულად უნდა ჩამოყალიბდეს და გახდეს მრავალმხრივი და არა მიკერძოებული. მიკერძოებით ვერც ჩვენ ვიხეირებთ, ვერც ევროპა და საქართველო კიდევ უფრო დასცილება ამ სივრცეს.
რაც შეეხება პრორუსული ძალების დასანქცირებას, ისინი არიან ჩვეულებრივი მკვლელები. თუ გინდათ წარმოიდგინოთ, როგორები იყვნენ ბოლშევიკი მკვლელები 20-იან წლებში, ამათ უნდა შეხედო _ ასეთები იყვნენ მენტალურადაც და შეხედულებითაც. ამიტომაც მათი ნეიტრალიზაცია აუცილებელია საერთაშორისო და საშინაო არენიდან, ეს საშინელი მკვლელების ჯგუფია, ვგულისხმობ ლიდერებს, თორემ ბიჭებს რომ ქირაობენ და რუსეთიდან მილიონობით წამოსული ფულიდან რაღაც მინიმალურს უყრიან და აყენებენ აუგ გზაზე, ეს სხვა რამეა. ყველას დაგვხვრეტენ ისინი, რომ მივუშავათ. ჭიათურის მატარებელში რომ დახვრიტეს თავადაზნაურობა, ესენი იყვნენ, სხვა არავინ.
_ როდის შედის ლეიბორისტული პარტია საარჩევნო კამპანიაში, როგორია თქვენი გეგმები და სტრატეგია?
_ ჩვენ 30 წელია, წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ. ასე რომ, საზეიმო გახსნას არ ვაპირებთ. საარჩევნო კამპანიაში ვართ 24 საათიდან 25 საათი (იცინის).
_ ჩვენ გვახსოვს ლეიბორისტული პარტიის მიერ ნათქვამი უარი საპარლამენტო მანდატზე და ა. შ., რას უნდა ველოდეთ ამ შემთხვევაში? ისევ წავა რამე კონკრეტულ მომენტში დათმობაზე შალვა ნათელაშვილი?
_ უკვე ანეკდოტს დაემსგავსება: ჯერ ერთხელ „გრეჩიხა“-გამყრელიძის მოთხოვნით მანდატზე უარი ვთქვით და დღემდე ეგ სალაპარაკოა. არ შევედით შევასრულეთ ჩვენი სიტყვა, თუმცა მაშინაც შევიდნენ ეს პარტიები პარლამენტში და ჩვენ დავრჩით გარეთ. ახლაც იგივე განმეორდა _ ოპოზიცია იჯდა აგერ ფანჩატურში, რეჟიმს ვშლიდით უკვე, ახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ადგნენ და შევარდნენ პარლამენტში, დაგვტოვეს მარტო, მესამედ ამას უკვე არ ვიზამთ. ჯერ ერთი, არ მივცემთ საშუალებას, რომ არჩევნები გააყალბოს ვინმემ და მერე პარლამენტში არშესვლა გამორიცხულია.
_ ვინაიდან არჩევნების საკითხს შევეხეთ, მინდა აუცილებლად გკითხოთ ცესკო-ს დაკომპლექტების შესახებ. ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ჩამოერთვა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საშუალება და მართვის სადავეები სრულად გადავიდა მმართველი პარტიის ხელში. მიუხედავად შეცვლილი ხმის მიცემის სისტემისა, რომელიც, გარკვეულწილად, უზრუნველყოფს გაყალბების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანას, არჩევნების დღეს მოძებნის თუ არა „ქართული ოცნება“ მისთვის სასარგებლო გამოსავალს და მოირგებს თუ არა 2024 წლის არჩევნებსაც სათავისოდ?
_ არცერთი ცვლილება არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, სანამ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ სპეციალურად შეტანილ მუხლებს საარჩევნო კოდექსში არ გააუქმებენ. მიზანმიმართულად შეიტანეს მუხლები, რომ ლეიბორისტული პარტია აეკრძალათ. ვგულისხმობ იმას, რომ საბიუჯეტო, მცირე დაფინანსება შეწყვიტეს და საარჩევნო კომისიაში წაგვართვეს წევრების ყოლის უფლება, ასევე უფასო სარეკლამო დრო. მსოფლიოში არ მომხდარა ასე, რომ კონკრეტულად ერთი პარტიისთვის მიეღოთ მსგავსი მუხლები. ჰიტლერმა ყველა პარტია გააუქმა, მაგრამ კონკრეტულად ერთი პარტიისთვის მიეღოთ ასეთი აკრძალვა, არ ყოფილა. სხვათა შორის, ამ აკრძალვას ხმა მისცა ვაშაძემ (გიორგი ვაშაძე), ელისაშვილმა და „გირჩებმა“. არაფერი გამიგია ასეთი, რომ ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ აძლევდეს ხმას. მოდი ახლა ამის შემდეგ, ამათ ენდე და გაიკარე. მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, ქუჩაში ვინ გამატარებდა?
ახლა უკვე არჩევნების გაყალბება-არგაყალბება დამოკიდებულია არა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, ზურაბიშვილიც მაგათ კაცს დანიშნავდა თავმჯდომარედ, არავითარი განსხვავება არ იქნებოდა, თუ რაღაც ორ მილიონს გადაურიცხავდნენ ვირჯინიის კუნძულებზე ან სხვაგან და ისიც გააკეთებდა იმას, რასაც ეტყოდნენ. დღეს არჩევნების გაყალბება დამოკიდებულია იმაზე, ივანიშვილი დასანქცირდება თუ არა არჩევნებამდე. სანქცირებული ივანიშვილი ნულზე წააგებს არჩევნებს.