„ყველა ხელოვანმა უნდა გამოხატოს პროტესტი“

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ს არაერთხელ გამოუქვეყნებია ისტორიები ან ინტერვიუები ადამიანთა შესახებ, რომელთა ცხოვრებაც საინტერესოა და მკითხველამდე მიუტანია მათი ნიჭისა თუ შემოქმედების ამბავი… თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება მუსიკოსს, მომღერალსა და მხატვარ გიორგი პაპკიაურს იცნობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა.

გიორგი პაპკიაურს ტილოზე გადმოაქვს რეალობა, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია; ადამიანები, რომელთაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე აბსოლუტურად გარდაქმნეს, გარდატეხეს ან უბრალოდ თავიანთი პიროვნული მახასიათებლებით დაამახსოვრეს თავი გიორგის.
მისი ნამუშევრები არის მრავლისმეტყველი, ემოციური, მოგონებებით აღსავსე, მისტიკურიც და ამავდროულად მიწიერიც. იგრძნობა სიყვარული, ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემები, ტკივილი, დროის მნიშვნელობა და იმედი. მხატვრის თითოეულ ნამუშევარში, დიდი სევდის მიუხედავად, იმედი დომინირებს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის ნახატებს.
„შემოქმედება მაშინაა ღირებული, როცა მასში ცოცხლობს წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ეს არის კლასიკის უძველესი განმარტება, ნამუშევარი, რომელიც დროსთან არ მარცხდება“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან გიორგი და ჩვენი საუბარიც სწორედ პირველი პერსონალური გამოფენით დავიწყეთ, რომელიც გაიმართა გალერეა „იარტ თბილისში“.

_ გიორგი, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თუ სათქმელი არ მაქვს, ვარ ჩუმად. ამჯერად რა იყო თქვენი სათქმელი, რაც ბოლო გამოფენაში გადმოეცით? ეს იყო გალერეა „იარტში“ და გამოფენას ერქვა „ცისფერი ნოტი“.
_ ხმამაღლა საუბარი გვიჭირს, ზოგიერთი თავს იტყუებს, ზოგიერთი უბრალოდ ჩუმადაა იმის გამო, რომ სხვას არ აწყენინოს. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი პროტესტი. მე არ მიმაჩნია, რომ სამყარო ფერადია, არ მგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და კონკრეტულად ცისფერი ფერი ამას მიანიშნებს, თუმცა ეს არ არის დროებითი. როგორც პიკასოს ჰქონდა პერიოდები, ზოგადად ამ ფერში ვხატავ და ეს არის ფერი, რომელიც ნდობას იწვევს, მიუწვდომელია, ბიბლიური ფერია და ძალიან მარტივია ამ ფერში მუშაობა, ემოციების გადმოტანა.
_ ე. ი. თქვენთვის ცისფერი არის პოზიტივიც, ბედნიერებაც, სიხარულიც და კარგი მომავალიც?
_ ჩემთვის უფრო სიმართლის ფერია, სანდოა, არ არის ყალბი ფერი.
_ ამიტომ გაქვთ ყველა ნახატი ცისფერი?
_ დიახ, სულ ერთ ფერში მაქვს ყველა ნახატი, უბრალოდ, ტონებია სხვადასხვა, ლურჯი ფერი შავში გადადის ან ღია ცისფერში.
_ რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი ამ გამოფენაზე?
_ ჩვენი დღევანდელი რეალობა. ირგვლივ ომია, ჩვენს ქვეყანაშიც დიდი სიდუხჭირეა, ადამიანები, რატომღაც, მივეჩვიეთ ჩუმად ყოფნას, პროტესტის გამოხატვა გვიჭირს, სამწუხაროდ. ახალგაზრდა თაობას, რომელიც არ მოესწრო იმ 90-იან წლებს, ერთგვარად ვაჩვენე ამ ნახატებით, თუ სად ვიყავით და თვითონ გადაწყვეტენ, დღეს ისევ იქ ვართ თუ შორს წავედით.
_ გიორგი, თქვენ 2015 წელს გქონდათ საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. შემდეგ, 2016 წელს, გამოფენა-პერფორმანსი ჩატარდა გეგეშიძის ბაღში. მესიჯი იყო „არა ტერორიზმს“, რომელიც ეხმაურებოდა 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს; ასევე მნიშვნელოვანი იყო 2017 წელს ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“ ჩატარდა, სადაც გადმოგეცათ ჯილდო ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს კონკრეტული თემატიკა მარკეტინგული გათვლა იყო?
_ არა, მე ადრე ვხატავდი სულ სხვა ჟანრში. ფერადი იყო, აბსტრაქცია და ა. შ., თუმცა ადამიანები ვვითარდებით და ხომ არ შეიძლება, რომ ერთ ადგილას გავჩერდეთ და გავიყინოთ? შესაბამისად, ამ ეტაპზე უკვე ვიპოვე საკუთარი თავი და ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ, როგორ და რატომ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ გამოფენებს, რომლებიც ჩამოთვალეთ, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვთქვა ჩემი სათქმელი. ჩემი ყველა პერსონალური გამოფენა იყო რაღაც პროტესტის შემცველი, შემოსული თანხით კი სულ ვეხმარებოდი ადამიანებს. ამ კონკრეტულ ბოლო გამოფენაში უკვე ჩემი თავი ნაპოვნი მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, როგორც არტისტის და ამ კუთხით ვაპირებ სიარულს.
_ თქვენს პროტესტს ნახატებში გადმოსცემთ და არა სიტყვიერად?
_ თქმა არასოდეს მიჭირდა, უბრალოდ, სკანდალისტი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ღმერთმა ისეთი ნიჭით დამაჯილდოვა, რომ ამით შემიძლია გამოვახტო, ვთქვა და არ ვიყვირო ზედმეტად კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. მე ვარ ხელოვანი ადამიანი და ისე ვამბობ ჩემს სათქმელს, როგორც ხელოვანმა უნდა თქვას, თუმცა ყველა ხელოვანმა უნდა თქვას თავისი სათქმელი, უნდა გამოხატოს პროტესტი და თუ საჭირო გახდება, სიტყვითაც ვიტყვი სათქმელს.
_ ცისფერი ბავშობიდან განსაკუთრებულ ფერს წარმოადგენდა თუ კონკრეტულმა ცხოვრებისეულმა ისტორიამ განაპირობა ამ ფერის სიყვარული?
_ ბავშვობიდან ეს ფერი ძალიან მიყვარდა. ახლაც მანქანით სადმე რომ გავდივარ, გავაჩერებ, წამოვწვები, ზეცას ვუყურებ და ვფიქრობ ხოლმე. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები უნდა იყოს ნამდვილი, გულწრფელი და ეს ფერი მეხმარება ამაში. ეს ფერი ნდობასთან ასოცირდება. ზოგადად, ფსიქოლოგიურადაც ასეა, რომ ცისფერი დადებითად განაწყობს ადამიანს, თუმცა ჩემთვის არის ფერი, რომელსაც ვერავინ შელახავს, მიუწვდომელია..
_ ხელოვანი ადამიანისთვის გამოფენის გაკეთება არის ერთგვარი შეჯამება შემოქმედების და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. როდის მიხვდით, რომ თქვენ ამ დღისთვის უკვე მზად იყავით?
_ პანდემიის დროს აქტიურად დავიწყე ხატვა. საკმაოდ ბევრი ნახატი დამიგროვდა. სიმართლე გითხრათ, ახლაც არ ვიყავი გამოფენისთვის მზად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელში იყო ძალიან დიდი აქტიურობა, რათა გამოფენა გამეკეთებინა, თვითონაც მივედი ამ კონდიციამდე. ეს ემოციები გადმოვიტანე ტილოზე და, შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა გაომოფენა.
_ გადაწყვიტეთ და ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა. როგორც ვიცი, ხალხის სიმრავლის გამო ღამეც კი მოგიწიათ გალერეის კარის გაღება. გარდა ამისა, თქვენ ძალიან პოპულარობით სარგებლობთ ახალგაზრდა თაბაში. როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?
_ არ ვიცი, ეს ინტერესი, ალბათ, იმ რამდენიმე სიუჟეტმა გამოიწვია, რომელიც გამოფენამდე ჩემ შესახებ გავიდა ტელევიზიებში. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ 3-4 საათი დამთვალიერებელი დარბაზიდან არ გასულა, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა. არის შემთხვევა, როცა პირველ დღეს მოსული დამთვალიერებელი მეორე, მესამე დღესაც მოსულა და ეს უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვებაა. მოსაყოლი და დასანახი იყო იქ ბევრი და შესაბამისად, ერთი დღე ნამდვილად არ გახლდათ საკმარისი. გარდა ამისა, ყველა დამთვალიერებელს გულდასმით ვესაუბრებოდი, ვუხსნიდი ყველაფერს, კონკრეტული ნამუშევრის ამბავს ვუყვებოდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები იყვნენ აღფრთოვანებულები და რამდენიმე საათით მოდიოდნენ გამოფენაზე.
_ თვითნასწავლი მხატვარი ხართ და აღნიშნეთ, რომ პანდემიის დროს აქტიურად დაიწყეთ ხატვა.
_ პანდემიის დროს იმდენად ერთფეროვანი და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, რომ, ემოციების სადღაც გადატანა და გაყინვა მომინდა. შესაბამისად, ეს იყო პერიოდი, როცა რეალურად არანაირი ფერი გარშემო არ იყო და მაშინ მივედი იქამდე, სადაც ახლა ვარ. ავირჩიე კონკრეტული ფერი, ანუ ცისფერი და მთელი ცოხვრება გადმოვიტანე ტილოზე. აქ არ მაქვს კომერციაზე გათვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო ნახატის ყიდვის მსურველი როგორც ქართველები, ისე უცხოელები, მაგრამ არ გამიყიდია. ახლა საფრანგეთში ვგეგმავ გამოფენის გაკეთებას და ზოგადად ევროპაში. სულ სხვა გზა და სიმაღლეების დაპყრობა მაქვს გეგმაში, ეს ამბიციაა ნამდვილად, ოღონდ ჯანსაღი. რატომაც არა? _ ერთხელ დავიბადე და ყველაფერს გავაკეთებ.
_ გეზი ევროპისკენ გაქვთ აღებული და სამუდამოდ წასვლას გეგმავთ?
_ არა, წასვლა რომ მდომოდა, ბევრჯერ მქონდა ამის შანსი. წასვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პატარა ქვეყანა გავაცნო სხვებს.
_ თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ნახატებში გადმოვცემ იმ პრობლემებს, რომელიც აქამდეც არსებობდა, არსებობს და კვლავ იარსებებსო. რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო, რათა თქვენი ემოციები ტილოზე გადმოიტანოთ?
_ ჩემი მუზა არის მთელი ჩემი განვლილი ცოხვრება, ადამიანთა ცხოვრება, რომლებმაც რაღაც საინტერესო პერსონაჟი შექმნეს, ინდივიდუალიზმი აქვთ დიდი დოზით.
_ ცუდ განწყობაზე თუ დაგიხატავთ რამე?
_ არა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბევრ ტილოში იგრძნობა სევდა, თუ ცუდ განწყობაზე ვარ, არასოდეს ვხატავ და გეტყვით, რატომ: ეს ნამუშევარი თავის დროზე მოხვდება ვინმეს ოჯახში და არ მინდა, რომ მას ჰქონდეს ცუდი ენერგეტიკა. პირიქით, როცა ვხატავ, სულ კარგ ხასიათზე ვარ, ვღიღინებ, შეიძლება თან ვცეკვავდე, პირიქით, ვცდილობ, რომ კარგი ენერგეტიკა გადავიტანო და დავტოვო ნამუშევრებში.
_ მყიდველის სურვილის მიუხედავად, ნახატები არ გამიყიდიაო, რატომ?
_ ამ შემთხვევაში შეგნებულად არ გავყიდე ნახატი, ვინაიდან ვგეგმავ ევროპაში გამოფენებს და პირიქით, ახალი ნამუშევრებიც უნდა დავამატო. თუმცა საქართველოში რომც მინდოდეს გაყიდვა, აქ თუ გამოჩნდა რეალური შემფასებელი იმისა, რასაც მე ვქმნი და იმ თანხას გადაიხდის, რის შემდეგაც მე არ დამენანება ტილო, რა თქმა უნდა, გავასხვისებ, თან გააჩნია, ვინ შეიძენს.
_ გიორგი, მუსიკის კუთხით რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? არის სიახლეები?
_ მუსიკის მხრივ არ გავჩერებულვარ, უბრალოდ, ბენდი დავშალე, დავწერე ბევრი სიმღერა, უმეტესობა უკვე მზად მაქვს, ახლა ორკესტრთან ერთად ვგეგმავ ამ სიმღერებზე მუშაობას და მალე დიდ კონცერტს გავმართავ. ძალიან საინტერესო საღამოს ვპირდები მაყურებელს. მოკლედ, მუშაობაში ვარ. ვფიქრობ, საიდანაც დაიწყე, იქ არ უნდა გაჩერდე, ადამიანი უნდა განვითარდე.