ღვინო, როგორც საქართველო

საკუთარი ეროვნული გზავნილი ყველა ქვეყანას აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ღვინო, ვაზი და ვენახი ნამდვილად არის საქართველოს გზავნილი. საქართველოს გარდა უცხო ქვეყნებში აღიარებულ ქართულ ვაზს, დღესდღეობით, ბევრი წარმატება აქვს. საქართველოს არაერთი რეგიონი ღვინოს აქტიურად წურავს და სხვადასხვა მიზნით იყენებს. რაც უფრო ხარისხიანია ვენახი, მით მეტი ინტერესია მის მიმართ.

საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის ძირითადი რეგიონებია: კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი); ქართლი (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი); იმერეთი (ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი); რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი (რაჭა, ლეჩხუმი); შავი ზღვის სანაპირო ზონა (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი) და მესხეთი.
ჩვენს ქვეყანაში ვაზის 525 ჯიშია გავრცელებული. გამოიყოფა „წითელყურძნიანი საღვინე ჯიში“ და „თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში“. „წითელყურძნიანი საღვინე ჯიშებიდან“ გამოირჩევა საფერავი, თავკვერი, საფერავი ბუდეშურისებრი, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური, ალადასტური და სხვ. „თეთრყურძნისებრთა საღვინე ჯიშის“ ძირითადი წარმომადგენლებია რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა და კრახუნა.

როლანდ ბურდილაძე _ კომპანია „შუხმანის ღვინის სპას“ დირექტორი:
_ არის 100%-ით გერმანული ინვესტიცია; წარმოება 250 000 ბოთლი მაღალი ხარისხის ღვინით დავიწყეთ; 2010 წელს წარმოება გავზარდეთ 10%-ით მილიონ-ნახევარ ბოთლამდე; 2012 წელს წარმოება კიდევ 50%-ით გავზარდეთ, 750 000 ბოთლამდე. ღვინოს, ჯამში, ცხრა ჯიშის ყურძისგან ვაწარმოებთ. ძირითადად, ვიყენებთ ქართულ ჯიშებს: საფერავს, რქაწითელს, მწვანესა და ქისს. გვაქვს ხუთი საერთაშორისო ჯიშის ვაზიც. ამ ყურძნისგან, დაახლოებით, ოცამდე დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. წარმოებული ღვინის 90% გადის ექსპორტზე. ათვისებული გვაქვს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, უკრაინა, იტალია, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო. ასევე ძლიერი ბაზრებია აზიის მიმართულებითაც: ჩინეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის მასშტაბით. აქ გვაქვს საკუთარი დისტრიბუცია. დიდ სავაჭრო ობიექტებში თითქმის ყველგან იყიდება ჩვენი წარმოებული ღვინო. ღვინის ხარისხს, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს ნედლეული. მთავარია მაღალი ხარისხის ყურძენი. დღევანდელ ქართულ ბაზარზე კონკურენტად არავის აღვიქვამ. ძირითადად, ყველა ერთმანეთის პარტნიორები ვართ. გვაქვს ერთნაირი მიმართულება, წარმოების ცოტა განსხვავებული ხაზი. გამომდინარე ჩვენი მრავალი წლის არსებობიდან, ყოველდღიურად ზრდა აღინიშნებოდა. რეალიზაციის საფუძველზე ხდებოდა წარმოების ზრდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ყოველ წელიწადს, დაახლოებით, 10%-ით მატულობს გაყიდვების საერთო რაოდენობა.

დემურ გიორხელიძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ თავისთავად, სოფლის მეურნეობაში ღვინის სექტორი ერთ-ერთი კარგი სექტორია. მან შეიძლება ცოტა გაზარდოს წარმოება. ქართული ვენახების რაოდენობა, თუ ისინი ფალსიფიცირებას არ მოეშვება, კიდევ შეზღუდული იქნება. ამიტომ ცნობილია ზღვარი, რომლის იქით ღვინო ვერ იქნება წარმოებული. ეს არის ერთი კარგი სექტორი, რომელსაც შეუძლია გარკვეული შემოსავლების მიღება (განსაკუთრებით ფირმებისთვის), ცოტა ბიუჯეტშიც იქნება შემოსავალი, მაგრამ ქართული ეკონომიკის განვითარებაში მას წვლილი ვერ ექნება. ღვინის სექტორს ამის გაკეთება, უბრალოდ, არ შეუძლია. ეს არის შეზღუდული რესურსი, რომელიც, ჯერჯერობით, არაეფექტიანად გამოიყენება და რომელიც, შეიძლება, გაცილებით უკეთესად იყოს გამოყენებული. მაგრამ მასზე არაფერი არის დამოკიდებული _ არც ქართული ეკონომიკის განვითარება და არც სოფლის მეურნეობის განვითარება. ჩვენ, უბრალოდ, იმ რესურსს, რომელიც გვაქვს, მათ შორის, ვენახების შესაძლო მოცულობას და ა. შ. რაციონალურად არ ვიყენებთ იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა არასწორ გზას ადგას. ამ გზით მას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია.

ალექსი შალოშვილი _ კომპანია „შალოშვილის მარანი“:
_ 1992 წლის შემოდგომაზე დავიწყე მარნის მშენებლობა. 1993 წლის გაზაფხულზე ის უკვე აშენებული მქონდა. დავაარსე კომპანია „შალოშვილის მარანი“. ვაწარმოებთ ნახევრად ტკბილ ღვინოს ქინძმარაულისგან, ასევე მშრალ ღვინო „საფერავს“. გარდა ქართული ჯიშებისა მაქვს ევროპული მწვანე ყურძენი, რქაწითელი როგორც ქართული, ისე _ ევროპული. პლუს, მაქვს რქაწითელი ქვევრში. ჩემ მიერ წარმოებულ ყველა ღვინოს, სხვადასხვა დროს, მიღებული აქვს ოქროს მედალი. სამი წელია, ღვინოს გერმანიაში ვყიდი. რიგაშიც მაქვს ექსპორტი წარმოებული. ვყიდი ასევე რუსეთში. დანარჩენის რეალიზებას საქართველოს ბაზარზე ვახდენ სულ რამდენიმე მაღაზიაში. ბევრი მაღაზიიდან უკან გამოვიტანე ჩემი ღვინის ბოთლები, რადგან ფულს არ იხდიდნენ და ვწვალობდი. მე ყურძნის გარკვეულ ნაწილს ვყიდი. ვაყენებ, საშუალოდ, 50-60 ტონა ღვინოს ყოველწლიურად. ისე არ არის, რომ გაამზადო და გაყიდო. რაღაც ოდენობა რჩება, რაღაც ოდენობა ძველდება, რაღაც ოდენობა კასრებში გვიდგას. ღვინის ხარისხს განსაზღვრავს კეთილშობილი მეღვინე და კეთილშობილი მევენახე. უბედურება ის არის, რომ ამ მიმართულებით მომუშავე ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და გადასულები არიან ისეთი ღვინის წარმოებაზე, რომელიც იაფია და უხარისხო. ვისაც გვინდა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, იმათ გვიჭირს იმიტომ, რომ იმ ფასში არ ვყიდით, რომელშიც ისინი და დიდი ხნის განმავლობაში გვიწევს ლოდინი. იმ შემსყიდველსაც მომხმარებლამდე არ მიაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც მას დააინტერესებს. იაფი ყველას აინტერესებს. გასათვალისწინებელია ლაბორატორიები, რომელიც ღვინოს სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნის. საქართველოს ბაზარზე, ღვინის სფეროში, კონკურენცია ძალიან მაღალია. ძალიან ბევრი კომპანიაა, ბევრი მეღვინეა და ბევრი მუშაობს ხარისხზე. რაც მეტად შორს მიდის ადამიანი, მით მეტ სიძნელეს ხვდება გზად. შესაბამისად, სიკეთეც მეტია. ჩვენ, ამავდროულად, ტურიზმის სფეროში ვართ ჩართულები და სასტუმრო გვაქვს ოცი ნომრით. გარკვეულ ღვინოს აქ ადგილზევე ვუკეთებთ რეალიზებას ტურისტებზე. ვფიქრობ, ეს პოზიტიურია მოვლენაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა უცხოელების ინტერესი ქართული ღვინის მიმართ, რაც ასახულია ექსპორტის მზარდ მონაცემებში: „2017 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტ ღონისძიებაზე, კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენაზე, დეგუსტაციაზე, პრეზენტაციაზე, სემინარსა და შეხვედრაზე. 2017 წელს დაფიქსირდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი _ სულ მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი ღვინო. ქართული ღვინისთვის ადგილობრივი ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღვინო წარმატებით იყიდება შიდა ბაზარზე, შიდა ბაზარზე გაყიდული ღვინის რაოდენობაზე „ღვინის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას“ არ ფლობს, ვინაიდან კანონმდებლობით სააგენტო შიდა ბაზარს ვერ აკონტროლებს. ღვინის ხარისხს, ძირითადად, განსაზღვრავს ვაზის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მოსავლის წელს კლიმატურ-ბუნებრივი პირობები, ვაზის მოვლის პირობები და ყურძნის ხარისხი, გადამუშავებისა და შენახვის პირობები, ცოდნა და ა. შ.
მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგია. ქვეყნის შემოსავლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის წარმოების განვითარება და ექსპორტით მიღებული შემოსავლები“.

რაც შეეხება „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ გასული წლის ანგარიშს, მნიშვნელოვანია ის წარმატებები და მიღწევები, რომლებითაც ღვინის სფერო 2017 წელს გამოირჩეოდა:
„მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების აღიარება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) ნოემბერში გამოქვეყნდა სტატია („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინათ აყენებდნენ;
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო _ ღვინის აკვანი“ თითქმის ოთხი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. გამოფენა 31 ივლისს გაიხსნა და 14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრი დაიდგა „იუნესკოს“ მიერ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეყვანასთან დაკავშირებით;
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტ ღონისძიებაზე (კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენა-დეგუსტაცია-პრეზენტაცია-სემინარსა და
შეხვედრაზე;
2017 წელს დაფიქსირდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინის ექსპორტი _ სულ მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი ღვინო;
წარმატებული რთველი _ გაზრდილი ექსპორტის მოცულობა და დარგში არსებული პოზიტიური მაჩვენებლები იძლეოდა შესაძლებლობას, რომ კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასი დადგინდა ხარისხისა და წარმომავლობის მიხედვით, სახელმწიფოს ჩაურევლად“.
ამავე ანგარიშის მიხედვით 2017 წელს საქართველოს ათეულობით ღვინის პროფესიონალი ეწვია და ადგილზე დააგემოვნა ქართული ღვინო, გაეცნო ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს.
არსებობს „საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“. ამ კანონის ამოცანაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის (30.09.98. #1604 საკანონმდებლო მაცნე #2) განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. ის აქტიურია 1998 წლის 12 ივნისიდან.

მნიშვნელოვანია ის ტენდენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რთველისა და მასთან დაკავშრებული პროცედურებიდან გამომდინარე შეინიშნება.
2015 წელს ჩატარებული რთველიდან შემდეგი მონაცემები მივიღეთ: „სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა“.
2016 წელს შემდეგი სურათი მივიღეთ: „მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია“.
2017 წელს ჩატარებული რთველის თანახმად: „2017 წლის რთველის შედეგად კახეთის რეგიონში 125 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. მევენახეების შემოსავლებმა 144 მლნ ლარს მიაღწია“.
„ღვინის სამშობლო“ 2018 წელსაც აქტიურ მევენახეობას ეწევა. ამ წლის რთველის მოლოდინში წელსაც ქართველი გლეხი, მეღვინე და უცხოელი მომხმარებელი შემოდგომამდე თვეებს ითვლის. დაგემოვნების, ყიდვის, გაყიდვისა და შენარჩუნების მიზანი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა მოლოდინს უქმნის. ცალსახად იმის თქმა, აქვს თუ არა გავლენა ღვინის წარმოებას ქართული ეკონომიკის განვითარებაზე, ქმნის თუ არა მწარმოებელი ღვინოს ნატურალური ყურძნისგან, გაიზრდება თუ შემცირდება ღვინის ექსპორტის რიცხობრივი მაჩვენებელი, შეუძლებელია. ცალსახაა მხოლოდ ის, რომ ქართველისთვის ვაზი და ვენახი ყოველთვის იყო და იქნება მისი ეროვნულობის სიმბოლო.

მარიამ ტიელიძე