ქუთაისის სოციალური საცხოვრებელი _ თავშესაფრის ნაცვლად სიცოცხლისთვის საშიში სივრცე

ქუთაისში აგებული სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ. მ. ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, მაშინ როდესაც ქუთაისის მერიამ მასში 1000 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ქუთაისის მერიამ 2 მილიონი ლარი კომპანიას ზედმეტად აუნაზღაურა, _ ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლევანდელ ანგარიშშია საუბარი.

„სხვაობა მერიის მიერ დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის შეადგენს 83 კვ. მ., ხოლო სხვაობა ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ღირებულებას შორის შეადგენს 2 მლნ. ლარს“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
შენობაში დღეისთვის სოციალურად დაუცველი 86 ოჯახი ცხოვრობს.
მირანდა ნემსიწვერიძე ერთ-ერთი მათგანია. იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად იქ შესახლებიდან დღემდე ბუნებრივი აირისა და წყლის უქონლობა აწუხებთ. გარდა ამისა, კედლები თაბაშირმუყაოთია ნაგები, ერთი უნებლიე, მკვეთრი მოძრაობა და შესაძლოა, მეზობლის ოთახში აღმოჩნდე. მცხოვრებლებს ყველაზე მეტად ქარი აწუხებთ. ქარის დროს ჭერი, კედლები და ფანჯრები ირყევა. ნემსიწვერიძე ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და მცხოვრებლებს პირისპირ დაელაპარაკონ.
ქუთაისში სოციალური საცხოვრებლის მოსაწყობად კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა კომპანია შპს „სანომ“ და გაიმარჯვა კიდეც. კომპანიამ საცხოვრებლის მოსაწყობად მერიას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის შენობა შესთავაზა.
შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები 2016-2017 წლებში მიმდინარეობდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 ათასი ლარით დაფინანსდა (თავი მე-3, მუხლი 33-ე). შპს „სანომ“ მერიას შენობა ოქტომბერში ჩააბარა. საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა. შენობაში 80 უსახლკარო ოჯახი, სულ 350 ადამიანი 5-წლიანი ცხოვრების უფლებით შესახლდა. ბენეფიციარების არჩევისას კომისიამ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველთათვის მინიჭებული ქულები, ოჯახში წევრების, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვებისა და შშმ პირების რაოდენობა.
2018 წლის დასაწყისში შენობაში მცხოვრები მოქალაქეები საცხოვრისში არსებულ პირობებზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, შენობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, მოსახლეები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, წვიმის დროს კი იატაკი სველდებოდა და ფანჯრებიდან წყალი შედიოდა.
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონი არაბიძე, აცხადებდა, რომ ხარვეზების შესახებ შპს „სანო“ ინფორმირებული იყო. იმ დროისთვის კომპანიისთვის გადასარიცხი თანხიდან მერიას 582 00 ლარი სწორედ მსგავსი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჰქონდა დაკავებული.
ბენეფიციარების შესახლებიდან ექვსი თვის შემდეგ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა. ქალაქის ყოფილი მერი, შოთა მურღულია, ჟურნალისტებთან საუბრისას მაშინ აცხადებდა, რომ როდესაც შენობა გაიხსნა, მერიას ექსპერტიზის დასკვნა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც შენობა საცხოვრებელ სტანდარტებს აბსოლუტურად შეესაბამებოდა. მურღულიას განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიამ კომპანიისთვის გადასარიცხი თანხიდან გარკვეული რაოდენობა დააკავა, რომელიც შპს „სანოს“ იმ შემთხვევაში უნდა გადაუხადონ, თუ შენობაში რამე ხარვეზი აღმოჩნდება. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ხარვეზებს გამოასწორებდნენ მას შემდეგ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ შენობას ზიანი მათ მიერ არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების გამო მიადგა.
2018 წლის მარტში შენობაში არსებული ხარვეზების შესწავლა მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დაიწყო. სანამ კომისია პრობლემებს შეისწავლიდა, სოციალურ საცხოვრისში ჭერი სამჯერ ჩამოინგრა. შენობაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მერიის წინ აქცია გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. საცხოვრისში არსებული რთული საცხოვრებელი პირობების გამო ბენეფიციარები ალტერნატიულ ფართში შესვლას ითხოვდნენ.
სოციალურ საცხოვრისში არსებული მდგომარეობის შესწავლა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ განყოფილებას დაევალა. თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი შპს „სანოს“ ხელმძღვანელმაც გააკეთა. ოთარ სამყურაშვილი აღნიშნავდა, რომ თაბაშირმუყაო, რომელიც შენობის კედლებს ფარავდა, მოსახლეების უყურადღებობით დაზიანდა, ხოლო ბუნებრივი აირი, რომლის შეყვანასაც მცხოვრებლები მოითხოვდნენ, შენობაში მერიას უნდა შეეყვანა. სამყურაშვილის თქმით, მერიას მათთვის არ უცნობებია საცხოვრისში არსებული პრობლემების შესახებ და ახალი ამბები მათ ინტერნეტის მეშვეობით შეიტყვეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ქალაქ ქუთაისის მერიას 2019 წლის ივნისის დასაწყისში გადაეცა. მერიამ შპს „სანოს“ ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა, დოკუმენტი კი შესასწავლად საგამოძიებო უწყებას გადასცა. დასკვნის ნაწილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა. „სამხარაულის“ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საცხოვრისის ოთახები ბუნებრივი აირის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შენობა ვერ პასუხობს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს, ასევე ქუთაისის მერიის 2017 წლის ბრძანება #205-ით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არ შეესაბამება 2016 წელს გაფორმებული წინარე ხელშეკრულების პირობებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა.

სოციალური საცხოვრისის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაოები შენობაში დარღვევით შესრულდა. გარდა ამისა, იკვეთება მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.
აუდიტის სამსახურმა საკონკურსო პირობების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შეუძლებელია, 18 დღეში კომპანიას მოეხერხებინა პროექტის შედგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, არის რისკი, რომ კონკურსი ფორმალური იყო და წინასწარ განისაზღვრა, ვინ უნდა გამხდარიყო გამარჯვებული.
ანგარიშის თანახმად, საბოლოოდ კონკურსში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „სანომ“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, თუმცა დისკვალიფიკაციის ნაცვლად კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა. მან დროულად ვერ დაასრულა მშენებლობა, რის გამოც მერიამ ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივა.
ანგარიშის მიხედვით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სამშენებლო კომპანია ახალი დარეგისტრირებული იყო, ის ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან 8 დღეში დარეგისტრირდა.
ანგარიშის მიხედვით, საბოლოოდ, ქუთაისის მერიამ ისე ჩაიბარა სოციალური სახლი და შპს „სანოს“ 4,3 მლნ ლარი ისე აუნაზღაურა, რომ არ შეუმოწმებია სამუშაოს ხარისხი და თავდაპირველ პროექტთან მისი შესაბამისობა.

შორენა ლაღაძე